ირაკლი წერეთლის «მზის ჩასვენება» საქართველოში

ირაკლი წერეთლის «მზის ჩასვენება» საქართველოში

 

    საქართველოს «ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის» თავმჯდომარე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ამაყად ამბობდა «ახლა რომ პრეზიდენტი გავხდე ოცი წლის შემდეგ რაღა უნდა გავაკეთოო», დღეს პოლიტიკური სიბერის ხანაში იმყოფება.
    ირაკლი წერეთელი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა 1988-1995 წლებში. თითქმის ყოველთვის იგი ამა თუ იმ მნიშვნელოვანი პროცესის უმთავრესი გარანტი და მამოძრავებელი იყო. 1988-1989 წლებში სწორედ მისმა ფაქტორმა უზრუნველყო კომუნისტური ხელისუფლების დისკრედიტაცია და ეროვნული მოძრაობის   ლიდერთა ფაქტრობრივი გაბატონება. 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალების დროსაც, ირაკლი წერეთელს მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრებოდა - მას უნდა მოეხდინა გადატრიალების ლეგიტიმაცია «ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის იდეალებთან შესაბამისობის თვალსაზრისით».
    სწორედ ამიტომ მოხდა ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის რამდენიმე წევრის «კოოპტირება» 1992 წლის 11 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტში, ვინაიდან «გარეთ დარჩენილი» წერეთელი (სწორედ ამ ფუნქციის გამო) მეტად საშიში იქნებოდა ახალი მმართველობისათვის.
    დღეს სიტუაცია ქვეყანაში კარდინალურად შეიცვალა. ხელისუფლებამ მდგრადობა მოიპოვა ყველა თვალსაზრისით, - როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური ძალმოსილების მხრივ. შესაბამისად, ირაკლი წერეთელმა ფუნქცია დაკარგა და თანდათანობით «პოლიტიკურ დინოზავრად» იქცა, რაც პოლიტიკური აღსასრულის მოახლოებას ნიშნავს.
    ერთადერთი საშუალება «მკვდრეთით აღსადგენად» ისევ და ისევ «ქუჩის აქციებია», მაგრამ დღეს 1996 წელია და არა 1988, - საქართველოში ბევრი რამ შეიცვლა, კომუნისტური სისტემა მოიშალა, ჩამოყალიბდა პოლიტიკური პლიურალიზმი; რაც მთავარია, ირაკლი წერეთელს სოციალური ბაზა აღარ გააჩნია ფართომასშტაბიანი აქციების «ასაგორებლად», ხოლო მისი პარტია კარგა ხანია ჩამოყალიბდა პოლიტიკურ სექტად და რაიმე ქმედითი ზომების მიღების შემთხვევაში (ვთქვათ, ქუჩაში ბარიკადების აღმართვის პასუხად) ხელისუფლებას არ გაუჭირდება ამ სექტის განადგურება ისევე, როგორც გაანადგურა ზოგიერთი სხვა, სექტანტური დაჯგუფება პოლიტიკურ არენაზე.
    «მერიდიანი», 23 აპრილი, 1996 წელი