ფუჭი და საშიში ილუზია ნეიტრალიტეტზე        

ფუჭი და საშიში ილუზია ნეიტრალიტეტზე        

   აგვისტოს ომის შემდეგ, ოპოზიციურ წრეებში კვლავ გააქტიურდა საუბრები საქართველოს ნეიტრალიტეტზე. ეს თემა ახალი არ არის. ჯერ კიდევ 1989 წელს, როდესაც ბევრისთვის ნათელი გახდა, რომ მოსკოვი საქართველოს და სამხრეთ კავკასიას ასე იოლად არ დათმობდა, დაიწყო ლაპარაკი «ნეიტრალიტეტზე» დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
        მომდევნო წლებშიც, მრავალი დამარცხების პარალელურად, პოლიტიკოსები მოსახლეობას დროდადრო გაანდობდნენ ხოლმე თავის «გენიალურ მიგნებას», რომ თურმე საკმარისია ქვეყანამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს, ნატოს წევრობაზე უარი თქვას და ყველა პრობლემა გადაწყდება: აფხაზეთსაც დავიბრუნებთ, სამაჩაბლოსაც, რუსეთთან ურთიერთობასაც მოვაგვარებთ და დასავლეთთანაც მეგობრობას შევინარჩუნებთ.
        ხედავთ თურმე რა ადვილი ყოფილა ეს ყოველივე? – საკმარისია პარლამენტმა მიიღოს დეკლარაცია, კანონი, ან კონსტიტუციაში შევიტანოთ შესწორება (ვინ მამაძაღლი მისცემს ხმას წინააღმდეგ, როდესაც ეს ქვეყნის გამთლიანება-დამშვიდებას ნიშნავს?!) და პრობლემებიც გადაწყდება.
        არ არის შემთხვევითი, თუ ამ ბრიყვულ «იდეას» სწორედ ის პოლიტიკური თუ მოპოლიტიკანო ძალები ავრცელებენ, რომელთა მხარდამჭერებს ყველაზე მეტად ახასიათებთ რთული პრობლემების იოლად გადაწყვეტის ილუზია. მაგალითად, ბულგაკოვისეულ «ძაღლის გულში» გაადამიანებული «დვარნიაჟკა» რომ ამბობს: «რა უნდა სოციალური პრობლემების გადაწყვეტას? – გავყოთ ყველაფერი ყველაზე თანაბრად, მორჩა და გათავდა!» ჰოდა ამ «დვარნიაჟკებმა», ანუ ეზოს ძაღლებმა ვერც სოციალიზმი დაამყარეს და ასეულობით მილიონი ადამიანიც შეიწირეს. მათ შორის საკუთარი ხალხიც.
        ასეთივე კატასტროფული შედეგები (სხვა მასშტაბებით ბუნებრივია) მოჰყვება ამ სულელურ წინადადებას საქართველოსთვისაც. თუმცა, დავიწყოთ თავიდან.

ნეიტრალიტეტი - ძლიერთა ხვედრი

        «ნეიტრალიტეტი» ლათინური ძირის  ტერმინია და სიტყვა-სიტყვით ნიშნავს «არც ეს და არც ის». შეიძლება ითარგმნოს სხვაგვარადაც: «არც ამათკენ და არც იმათკენ», «არც აქეთ და არც იქით».
        დღეს ნეიტრალიტეტს სამი შემადგენელ და აუცილებელი პირობა აქვს:
        1) სხვათა ომში ჩაურევლობა
        2) მეომარი მხარეებისთვის საკუთარი ტერიტორიის გამოყენებაზე უარის თქმა
        3) იარაღის ან სამხედრო დანიშნულების ტვირთების არმიწოდება ან ორივე მხარისთვის თანაბრად მიწოდება.
        ბუნებრივია, ნეიტრალიტეტი გულისხმობს, რომ ეს სახელმწიფო არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წევრი. ამ დებულებას ჩვენში განსაკუთრებით აქტიურად შალვა ნათელაშვილი და მისი «მუშურ-გლეხური პარტია» აწვება: «დსთ» - ში როგორღა დავბრუნდებით, მაგრამ ნატოზეც უარი ვთქვათო».
        რეალურად კი, ბლოკებში შესვლაზე უარი ნეიტრალობის მხოლოდ სურვილის დეკლარირებაა და მეტი არაფერი. ნამდვილი ნეიტრალიტეტი აქედან სულაც არ გამომდინარეობს, რადგან ქვეყნის ნეიტრალობისთვის ამ ქვეყნის სურვილი კი არ არის საკმარისი, არამედ დიდი სახელმწიფოების შეთანხმება მის ნეიტრალიტეტზე. თუმცა, ამაზე ქვემოთ
        ისტორიაში ცნობილი პირველი ნეიტრალიტეტი ბერძნულ ქალაქთა დამოკიდებულება იყო მაკედონიის მეფე ფილიპის მიმართ. მაგრამ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 340 წელს ისინი მიხვდნენ, რომ ნეიტრალიტეტის შენარჩუნების შემთხვევაში, ალექსანდრე მაკედონელის მამა ცალ-ცალკე ყველას შესანსლავდა და ნეიტრალობაც დაარღვიეს: ერთად გამოვიდნენ მაკედონიის წინააღმდეგ. ამან მაინც არ უშველათ, თუმცა ეს სხვა საკითხია.
        1779-1783 წლებში, - ჩრდილო ამერიკაში ომის დროს, - რუსეთმა, დანიამ და შვედეთმა «შეიარაღებული ნეიტრალიტეტი» გამოაცხადეს, ანუ ინგლის-ამერიკის ომში არ ერეოდნენ, ოღონდ შეიარაღებული ძალით იცავდნენ სხვა ნეიტრალურ სახელმწიფოთა საზღვაო ქარავნებს. ესეც ნეიტრალიტეტის მეორე პირობა: მას ძალა სჭირდება და არა მხოლოდ პარლამენტის დეკლარაცია ან ხელმწიფის თუ პრეზიდენტის ბრძანებულება.
        სხვათა შორის, შვეიცარიას, რომელზე თავდასხმა ჰიტლერმაც კი ვერ გაბედა, ევროპაში თურქეთისა და გერმანიის შემდეგ ყველაზე ძლიერი და მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს, ხოლო ყოველი შვეიცარიელი მამაკაცი წელიწადში ერთი თვე აუცილებლად მსახურობს ჯარში და შაშხანასაც სახლში ინახავს, ანუ მუდამ მზად არის ბრძოლაში ჩასაბმელად.
        ეს იმათ საყურადღებოდ, «ნეიტრალიტეტი» რომ მხოლოდ ტკბილი, მშვიდი, უზრუნველი ცხოვრება და რბილ ლოგინში «მურაბა ძილი» ჰგონიათ. სინამდვილეში, რაოდენ უცნაურიც არ უნდა მოეჩვენოს ვინმეს, სწორედ ნეიტრალიტეტი მოითხოვს ძალების დაძაბვას ერისგან უფრო მეტადაც კი, ვიდრე ნატოს წევრობა: ესტონელები, ფრანგები, ლიტველები, ინგლისელები, პოლონელები ნატოს წევრები არიან, თუმცა წელიწადში ერთხელ, ერთი თვე ჯარში არ მსახურობენ და მ-16 შაშხანასაც საწოლთან კარადაში არ ინახავენ. მაგრამ ჩვენს ბრიყვ «შარიკოვებს» ამას ვერ აუხსნი. მათ ჰგონიათ, ნეიტრალიტეტი ბაირამობა და აუტკივარი თავია. ამიტომაც ითხოვენ «ნეიტრალიტეტის» თუ «არაბლოკური სტატუსის» გამოცხადებას ჩლუნგი სიჯიუტით.
        1955 წელს ავსტრიამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, რასაც, ცივი ომის დროს, კომუნისტური ბლოკიც დაეთანხმა და ნატოც, რადგან პირველმა იცოდა, რომ ამ ქვეყნის «გაწითლებას» მაინც ვერ შეძლებდა, ხოლო მეორეს ეჭვი არ ეპარებოდა (მართალიც იყო), რომ ავსტრია, ნებისმიერ შემთხვევაში, დასავლური, თავისუფალი სამყაროს ნაწილად დარჩებოდა.
        1792 წელს ჯორჯ ვაშინგტონმა, რომელსაც იმ დროს უკვე 2 მილიონიანი არმია ჰყავდა და ათეულობით მილიონი ადამიანი უჭერდა მხარს, განაცხადა, რომ ამერიკა ნეიტრალური იქნება ნაპოლეონის ომებში. ბუნებრივია, ეს ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა კიდეც. ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ, 1815 წელს, ვენაში ჩატარდა ისტორიული კონგრესი, რომელზეც ევროპული სახელმწიფოები შეთანხმდნენ შვეიცარიის მუდმივ ნეიტრალიტეტზე.
        მიაქციეთ ყურადღება: თვით შვეიცარიის სურვილი და მისი განცხადება კი არ იყო საკმარისი, არამედ ყველა დიდი ევროპული სახელმწიფოს შეთანხმება ამ ქვეყნის ნეიტრალობაზე. ესე იგი, პატარა ქვეყანა ნეიტრალური მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს, თუ მის ნეიტრალიტეტზე სხვა დიდი სახელმწიფოები თანხმდებიან.
        ანუ, შვეიცარია იმიტომ კი არ გახდა ნეიტრალური, რომ თვითონ მოინდომა, არამედ იმის შედეგად, რომ ევროპულმა «სუპერსახელმწიფოებმა» ამაზე მოილაპარაკეს და ერთმანეთში შეთანხმდნენ, რომ შვეიცარიის საკითხში თამაშის ასეთი წესები დაამკვიდრონ სამუდამოდ.
       

საქართველო – იოლი ლუკმა?

        საქართველოს მაგალითზე ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ იმ პირობით გახდება ნეიტრალური სახელმწიფო, თუ ამაზე კავკასიის რეგიონში მოქმედი ყველა დიდი ძალა შეთანხმდება. პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი. მაგრამ საქმეც სწორედ ისაა, რომ რუსეთს ეს სულ არ ეპიტნავება: მისთვის არასაკმარისია საქართველო ნეიტრალური იყოს და მხოლოდ ნატოს წევრობაზე თქვას უარი: ჩრდილო კავკასიაში კრემლის ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთისთვის აუცილებელია, საქართველო რუსული სამხედრო-პოლიტიკური სისტემის ნაწილი იყოს და არა ნეიტრალური სახელმწიფო.
        ამიტომაც, ნატოში წევრობის სურვილის უარყოფა მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ რუსეთი ჩვენს ქვეყანას უფრო იოლად გადასანსლავს ეკონომიკური, პოლიტიკური და, თუ დასჭირდა, სამხედრო მეთოდებით. ამის მაგალითია ის, რაც დაემართა უკრაინას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ნატოში წევრობაზე უარი თქვა და «არაბლოკური სტატუსი» გამოაცხადა, ანუ პირველი ნაბიჯი გადადგა ნეიტრალიტეტისკენ.
        ამის შემდეგ, რუსეთის პოლიტიკა მის მიმართ ნაკლებ აგრესიული არ გახდა. მოსკოვი, ისევ და ისევ, მოითხოვს უკრაინის შესვლას მის სივრცეში, მაგრამ კიევის თხოვნაზე, პოლიტიკურად დახმარებოდა, ნატომ «მხრები აიჩეჩა»; «დალოცვილებო, აკი თვითონ თქვით, რომ ბლოკებში არ შედიხართ? ჰოდა ახლა თქვენი ურთიერთობა მეზობელ რუსეთთან თავად გაარკვიეთ – აბა ჩვენ რაღა შუაში ვართო».
        მით უმეტეს სრული იდიოტიზმია «ნეიტრალიტეტის» გამოცხადება იმ ქვეყნის მიერ, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია მტრული სახელმწიფოს ჯარებით.
        როგორც მინიმუმ, ეს ამ ტერიტორიათა დამოუკიდებლობის აღიარება იქნება.
        1995 წელს, თურქმენბაში ნიაზოვის ინიციატივით, თურქმენეთმა ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ «უკვდავი თურქმენის» ეს გადაწყვეტილება ცნობად მიიღო. მაგრამ საპპარმურად ნიაზოვს მალე გულმა უმტყუნა, გარდაიცვალა, ხოლო მისმა მემკვიდრე ბერდიმუხამედოვმა კასპიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის გაყვანა გადაწყვიტა, რის შემდეგაც რუსეთმა კასპიის ზღვაში სარაკეტო სროლები დაიწყო: ლამის ყოველ თვე ატარებს მანევრებს, რათა «გაზპრომის» კონკურენტი ევროპის ბაზრებზე არ შეუშვას და თან გაიძახის: «თურქმენეთი ხომ ნეიტრალური სახელმწიფოა, ამიტომ დასავლეთსა და ნატოს აქ არაფერი ესაქმება - ჩვენს საქმეებში არ ჩაერიოთო».
        აქედან გამომდინარე, წინადადება «საქართველოს ნეირტრალიტეტის» შესახებ და ამ გზით ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის ილუზია არა მხოლოდ ბრიყვული და ფუჭია, არამედ აშკარად რუსი პოლიტტექნოლოგების, ან მათ «ხელზე მიჩვეული» ქართველი «სასარგებლო იდიოტების» მიერაა შემოგდებული. ამდენაად, უბრალოდ საშიშიცაა ქვეყნის მომავლისთვის.
        ნატოში კიდევ 100 წელიწადსაც რომ არ მიგვიღონ, ამ თემაზე მუდმივი საუბარი საქართველოს მაინც უფრო მეტ გარანტიას უქმნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა, ვიდრე ე.წ. «ნეიტრალიტეტი», რაც სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის მიმართ დასავლეთის «ნეიტრალიტეტსა» და რუსეთს კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას ნიშნავს. მეტს არაფერს.
       
       2011