წინა თავში, მკითხველის ყურადღება მივაქციე უცნაურ გარემოებას: საქართველოში «ეროვნული მოძრაობა» წარმოიშვა იმ პირობებში, როდესაც ამის ღრმა საფუძველი (ერის შინაგან, სიღრმისეულ მისწრაფებათა სახით) თითქოს არ არსებობდა. მართლაც, მაშ როგორღა შეძლეს «ლიდერებმა» მასობრივი ფსიქოლოგიური დომინანტის შექმნა?
    ამ კონტექსტში უპირველეს ყოვლისა უნდა გავიხსენოთ და განვიხილოთ 9 აპრილის მოვლენა!
    9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის საკვანძო თარიღია. 9 აპრილია საწყისი და წყარო ყველა იმ პროცესისა, რომელიც შემდგომ განვითარდა ქვეყანაში. სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: რომ არა 9 აპრილი, საქართველოს ისტორია შესაძლოა სხვაგვარად წარმართულიყო. თუ ის, რაც მოხდა 1988-1993 წლებში, დიდი ეროვნული ტრაგედიაა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ სწორედ 9 აპრილია ყველა ჩვენი უბედურების პირველწყარო.
    9 აპრილს მომხდარი ტრაგედია, ერთი შეხედვით, რაციონალურ ახსნას თითქოს არ ექვემდებარება: მაინც რა მიზანს ისახავდა მიტინგი, რომელიც მთავრობის სასახლესთან გაიმართა?
    ნებისმიერ პოლიტიკურ აქციას კონკრეტული მოთხოვნა უნდა ჰქონდეს - თუნდაც ეს მოთხოვნა აბსურდული იყოს. მაგალითად, 9 აპრილის მიტინგის ორგანიზატორებს რომ მოეთხოვათ: «საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადოს დამოუკიდებლობა», - ეს მოთხოვნა (იმ პირობებში) არარეალური იქნებოდა. გარდა ამისა, «ლიდერები» ასე საკითხს არც დააყენებდნენ.
    მაგრამ მიუხედავად მოთხოვნისა არარეალურობისა, თვით აქცია რაღაც აზრს მაინც შეიძენდა.
    ასევე არარეალური იქნებოდა მოთხოვნა, საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს (ან სკკპ ცენტრალურ კომიტეტს) ეღიარებინა საქართველოს დამოუკიდებლობა, გაეყვანა საბჭოთა ჯარები და ა.შ.
    აგრეთვე არარეალური იქნებოდა მოთხოვნა: «ამერიკამ სცნოს საქართველოს დამოუკიდებლობა» და სხვა.
    მაგრამ მიუხედავად არარეალურობისა, თუნდაც აბსურდულობისა, - ასეთი მოთხოვნები 9 აპრილის მიტინგს მაინც შესძენდნენ გააზრებული პოლიტიკური აქციისათვის დამახასიათებელ ნიშნებს.
    საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ თუ კარგად გავიხსენებთ, არავითარი კონკრეტული მოთხოვნა იმ მიტინგს არ წამოუყენებია. «დამოუკიდებლობის მოთხოვნა», თუ მას კონკრეტული ადრესატი არა ჰყავს, სრულებით არაფერს ნიშნავს. ისევე როგორც «რუსო ოკუპანტებო გაეთრიეთ საქრთველოდან» ან «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია» - ეს ლოზუნგებია და არა პოლიტიკური მოთხოვნები.
    მახსოვს, 6 აპრილს მიტინგზე ირინა სარიშვილი გამოვიდა და დაახლოებით ასეთი რამ თქვა: «ესტონელებს დავუკავშირდი, დაწვრილებით გამომკითხეს ჩვენი აქციის შესახებ და გაკვირვებას ვერ მალავენო.» სარიშვილს, როგორც ჩანს ეგონა, რომ ესტონელებს ქართველების «ვაჟკაცობა» უკვირდათ. სინამდვილეში მათ ჩვენი სიბრიყვე უკვირდათ და არა ვაჟკაცობა, თორემ ასეთი (ხაზს ვუსვამ: ასეთი) აქციის მოწყობა მიზანშეწონილი რომ ყოფილიყო, - ესტონელებს ამას ვერავინ დაასწრებდა.
    მაშ თუ ასეა, რა მიზანს ისახავდა 9 აპრილი? პასუხი საზარელი და შემაძრწუნებელია: 9 აპრილის სასაკლაო იმ მიზანს ისახავდა, რომ შეექმნა საზოგადოებაში შეუვალი, ეჭვმიუტანელი ფსიქოლოგიური დომინანტი, რომლის ზემოქმედების შედეგად ეს საზოგადოება მთლიანად გაიჟღინთებოდა იმავე განწყობით, რომლითაც ლიდერები იყვნენ «ატაცებულნი» და თვით ამ «ლიდერებსაც» აღიარებდა უალტერნატივო «ეროვნულ ძალად».
    სხვათა შორის, ირაკლი წერეთელს ეს არც დაუმალავს არასდროს. მისთვის ჩვეული (ასე ვთაქვათ) გულახდილობით, რამდენიმე წლის შემდეგ მან სიტყვა-სიტყვით თქვა: «9 აპრილამდე თვით ისეთი ეროვნული მოღვაწეებიც კი, როგორიც ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იყვნენ, ლაპარაკობდნენ არა საქართველოს სრულ და უპირობო დამოუკიდებლობაზე, არამედ კონფედერაციაზე, ამიტომ საჭირო იყო იმგვარი აქცია, რომელიც საყოველთაოდ აქცევდა უკომპრომისო დამოუკიდებლობის იდეას».
    აი, ამისთვის სჭირდებოდათ 9 აპრილი!
    გარდა ამისა, არც თავიანთ «პოლიტიკურ პერსპექტივას» ივიწყებდნენ რასაკვირველია.
    არ დაიჯეროთ «მოძრაობის» ყოფილი ე.წ. «კონგრესისტული ფრთის» ბოლოდროინდელი ეშმაკური განცხადებები, აქაოდა, 9 აპრილით ჩვენ არ გვისარგებლია - მხოლოდ გამსახურდიამ ისარგებლა, ვინაიდან ის მოვიდაო ხელისუფლებაში. სინამდვილეში, მათთვის ფორმალური ხელისუფლების დაუფლება კი არ იყო მთავარი, არამედ საზოგადოებრივი პროცესების სათავეში მოქცევა, მათი იდეოლოგიის საბოლოო გაბატონება ქვეყანაში და შედეგად, არაფორმალური გავლენისა და ძალაუფლების მოპოვება.
    განა ასე არ მოხდა? განა 9 აპრილის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი გორგოძე სახლში არ ურეკავდათ და ლიქნით არ ეკითხებოდათ, ამა თუ იმ თანამდებობაზე მავანს ვნიშნავთ და თქვენ როგორი აზრი გექნებათო? განა არ ბჭობდნენ «ელიტარულ ინტელიგენციასთან», კანონიერ ქურდებთან, «ცკ»-ს მდივნებთან და «აგროპრომის» ხელმძღვანელობასთან ერთად - ვინ აერჩიათ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად?
    გამსახურდიას «ღალატმა» და უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობამ სწორედ იმიტომ გააცოფათ, რომ ეს «არაფორმალური ძალაუფლება» რეალური ხელისუფლებისათვის უნდა გაეყოთ მაშინ, როდესაც 9 აპრილიდან - 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ქვეყანაში, ფაქტობრივად ხელისუფლება საერთოდ არ არსებობდა. უფრო ზუსტად, არ არსებობდა რეალური და ფორმალური ხელისუფლება, თორემ არაფორმალურ ხელისუფლებას (იმდენად და იმ ნაწილში, რამდენადაც სჭირდებოდათ) - 9 აპრილის სისხლიანი პროვოკაციის ორგანიზატორები და იდეოლოგები ფლობდნენ. მათ შორის გამსახურდიაც, რასაკვირველია, მაგრამ 9 აპრილის მთავარი ავტორი იგი მაინც არ ყოფილა.
    სწორედ ეს გახლდათ 9 აპრილის ორგანიზატორთა ჭეშმარიტი მოტივი.
    სხვა ახსნა იმ აქციას უბრალოდ არ გააჩნია. ვიმეორებ: პოლიტიკური აქცია (მით უმეტეს მასობრივი - ათასობით ადამიანის მონაწილეობით) ყოველთვის მიზანმიმართული უნდა იყოს, მას კონკრეტული ადრესატი უნდა ჰყავდეს და კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდეს. არაფერი მსგავსი 9 აპრილის აქციისათვის არ ყოფილა დამახასიათებელი. წმინდა ფორმალური თვალსაზრისით, ათი ათასობით ადამიანი შეკრიბეს მთავრობის სასახლის წინ ერთადერთი მოთხოვნით (მტრისადმი): მოდით, დაგვხოცეთ!
    ჰოდა მოვიდა და დაგხოცა!!!
    სხვაგან კი ამის საშუალება მტერს არ მისცეს. ვითომ იმიტომ, რომ ლიტველები და ესტონელები ჩვენზე ნაკლები ვაჟკაცები არიან? რაღაც არა მგონია. მით უმეტეს, დღევანდელი გადასახედიდან.
    1991 წელს ლიტვაში სულ სხვა რამ მოხდა: იქ საბჭოთა არმია თავს დაესხა ეროვნულ ტელეცენტრს და თავისუფლად არჩეულ უმაღლეს საბჭოს, რომელსაც ხალხი იცავდა - კარდინალურ განსხვავებას მკითხველი ადვილად მიხვდება.

    რაკი ასეთი ჩანაფიქრი (9 აპრილს) ნამდვილად არსებობდა, უნდა ვაღიაროთ, მან «ბრწყინვალე» შედეგი გამოიღო: 9 აპრილის შემდეგ შეიქმნა ისეთი ყოვლისმძლე ფსიქოლოგიური დომინანტი, რომელსაც ვერანაირი რაციონალური არგუმენტი (მით უმეტეს განსხვავებული განწყობა) ვეღარ დაუპირისპირდებოდა.
    დაღვრილმა უმანკო სისხლმა ქართული საზოგადოება იმ ბრბოდ აქცია, რომელიც «მეფის სიშიშვლეში» (თვალნათელში) საკუთარ თავს ვერ უტყდება, ვინაიდან ამის ხმამაღლა თქმა წმინდა სისხლის შეურაცხყოფად, დაღუპული გმირებისათვის საფლავში ჩაფურთხებად აღიქმებოდა.

    თუ ისევ და ისევ, «ეროვნულ მოძრაობათა» ფსიქოლოგიური არსის თემას დავუბრუნდებით: აფსუანური ნაციონალიზმი (იგივე სეპარატიზმი) ინდივიდუალისტური იყო, ინდივიდუალურ მისწრაფებათა ერთობას გამოხატავდა, იგი არ შექმნილა და არ წარმოშობილა ხელოვნურად, რაიმე საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიყრი დომინანტების მეშვეობით - ამიტომაც გაიმარჯვა. ხოლო ქართული «ეროვნული მოძრაობა» ტოტალიტარული იყო, ხელოვნურად შექმნილ ფსიქოლოგიურ დომინანტებს (და არა პიროვნულ მისწრაფებებს) ეფუძნებოდა - ამიტომაც დამარცხდა.
    აქვე, ძალიან ფრთხილად («ფრთხილად», ვინაიდან არა მგონია მკითხველმა სწორად გამიგოს) შევეხები კიდევ ერთ თემას: როდესაც თავს არ თვლი მონად და სხვა ჩაგჩიჩინებს, «როგორ არა გრცხვენია, მონა ხარო» - ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებს, რათა სხვისი ბოღმისა და ამბიციის დაკმაყოფილების ბრმა იარაღად, მის სათამაშოდ არ იქცე.
    სხვა საქმეა, როდესაც გრძნობ, მონა ხარ და მონობას ურიგდები - ამ შემთხვევას არ ვგულისხმობ.
    მაგრამ თუ თავს არ გრძნობ მონად, მაშასადამე მონა არა ხარ, მორჩა და გათავდა!!!
    და რასაც არ უნდა ჩაგჩიჩინებდეს სხვა, ყურადღება არ უნდა მიაქციო, თორემ (ვიმეორებ) უბადრუკ სათამაშოდ იქცევი სხვისი ვნებების დასაკმაყოფილებლად.
    დიდი დოსტოევსკის გენიალურ რომანში «ეშმაკეულნი» ყველაზე ნიშანდობლივია რევოლუციონერთა დაუფარავი სიძულვილი «ობივატელისადმი».
    სწორედ ობივატელისადმი (ანუ ნორმალური ადამიანისადმი!) ეს სიძულვილი ანათესავებს დოსტოევსკის ეპოქის БЕС-ებს XX საუკუნის მიწურულის საქართველოს «ეროვნული რევოლუციის» ლიდერებთან: ადამიანი მათთვის მხოლოდ უბადრუკი მასალაა «სამართლიანი იდეის» განსახორციელებლად.
    ჩვენ კი დღემდე ვერ მივმხვდარვართ, რომ მათ ყველანი ერთნაირად ვძულდით და ვეზიზღებოდით, რაკი უმრავლეს შემთხვევაში მშვიდად და ბედნიერად («ობივატელურად») ვცხოვრობდით, როდესაც ისინი «ეროვნული იდეისათვის» ციხეებსა და «ლაგერებში» იტანჯებოდნენ.

მთელ გვერდზე

 

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა