ახალი ომი აფხაზეთში იგივე შედეგით დასრულდება!

ახალი ომი აფხაზეთში იგივე შედეგით დასრულდება!

ქართველ პოლიტიკოსთა გულუბრყვილობა (უფრო ზუსტად - სისულელე) და პროვინციალიზმი უეჭველად უნდა იქნას შეტანილი როგორც ანეკდოტური შემთხვევა მსოფლიოს პოლიტიკური გამოცდილების ამსახველ ენციკლოპედიაში.
    უკვე რამდენიმე დღეა, «დაინტერესებულ» წრეებში გრძელდება ვნებიანი ჩურჩული: არიქა, რუსმა დასტური მოგვცა, არიქა ხვალ შევდივართ გალში, ზეგ შევდივართ სოხუმში. . . გემები მოგვცეს, იარაღი მოგვცეს, არძინბა გასაქცევად ემზადება და ა.შ.
    ამ ცოდვის ტრიალისა და უმეცრების ზეიმის შემხედვარე, მიუხედავად თვით საკითხის ქვეყნისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობისა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სტრიქონების ავტორს შესაძლოა ზოგიერთ რეგვენ პოლიტიკანზე ნაკლებად არ უნდოდეს აფხაზეთის დაბრუნება, მაინც გინდა შესძახო ერთდროულად წყენით და სინანულით: «ვაი თქვენს პატრონს - უბედურს!!!» ანუ ვაი საქართველოს, რომელსაც ასეთი უტვინო, უმეცარი და ამავე დროს უპასუხისმგებლო პოლიტიკური ელიტა არგუნა ბედმა.

    რა თქმა უნდა უბედურია ქვეყანა, რომლის მმართველი კლანი, მიუხედავად არაერთგზის დამარცხებისა, მიუხედავად საზარელი ომის და სისხლისღვრისა, მიუხედავად ათეულობით ათასი ადამიანის დაღუპვისა, ვერა და ვერ მიხვდა, რა სურს ძლიერ მეზობელს სინამდვილეში, ანუ რა არის რეალურად შესაძლებელი - და ელემენტარულად შეუძლებელი, მიუხედავად მთელი ჩვენი აღტკინების და ძირძველი ტერიტორიის დაბრუნების გულმხურვალე სურვილისა.
    რა თქმა უნდა, არ იყო სმენითი ჰალუცინაცია ჩერნომირდინის (ისევე, როგორც პრეზიდენტ ელცინის) განცხადებანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ. ზუსტად ასევე «აღიარებს» რუსეთი მოლდოვას, აზერბაიჯანის, ბოსნიის ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ ამ ქვეყნებისათვის რეალურად არაფერი იცვლება - სეპარატისტები კვლავინდებურად მძლავრობენ, ინარჩუნებენ პოზიციებს, ხოლო რუსეთი მკაცრად აფრთხილებს «ორივე მხარეს» - ყველა პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ «მშვიდობიანი ხერხებით გადაწყვიტონ». ანუ ხელისუფლება შეურიგდეს სეპარატისტთა არსებობას და მათთან უსასრულო მოლაპარაკება აწარმოოს «კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის თაობაზე».
    იგივე სქემა ვითარდებოდა საქართველოში, მაგრამ ქართულმა პოლიტიკურმა აზრმა ბოლოს და ბოლოს მიაღწია «მწვერვალს» და მიაგნო პრობლემის გასაღებს: დავუთმოთ ბაზები რუსეთს და ისიც დაგვიბრუნებს აფხაზეთს! არადა, მხოლოდ ძალზე პრიმიტიულ ტვინში შეიძლება გაჩნდეს აზრი, თითქოს დიდ პოლიტიკაში «დეზერტირის ბაზრის» კანონები მოქმედებს, როცა გლეხს ევაჭრები და ინტერესთა ბალანსი» 200-300 რუბლის დაკლება-არდაკლებით დგინდება.
    როცა ამგვარი «საბაზრო» პოლიტიკის ავტორებს ეუბნები, რომ დიდ პოლიტიკაში ასე არ ხდება, რომ იქ განსაკუთრებული («დეზერტირის ბაზრისგან» განსხვავებული) კანონები მოქმედებენ, რომ ყველაფერი ელცინის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული, არამედ დამოკიდებულია მრავალ შიდა თუ გარე ფაქტორზე; რომ (რაც მთავარია) პოლიტიკა არის პროცესი და არა ბაზარში პომიდორის ყიდვისმაგვარი ერთჯერადი აქტი - ისინი ღიზიანდებიან და აგდებით გპასუხობენ: «არძინბა ვინ ჩემი ფეხებია, არძინბა არის პაიკი, ელცინს როცა უნდა მაშინ მოაძრობს და სხვას დასვამს მის ნაცვლად!»
    არ არის ბატონებო ასე. არძინბა ფიგურაა და თანაც, საკმაოდ ძლიერი ფიგურა - იგი გაცილებით უფრო ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსია, ვიდრე ზოგიერთი მისი ქართველი კოლეგა. მას მართლაც ძალიან ბევრი რამ შეუძლია: თუ ელცინი იმდენად სულელი აღმოჩნდა, რომ დაიწყო მოქმედება პოლიტიკაში «ბაზრის კანონებით», არძინბას შეუძლია მისი პოზიციები მნიშვნელოვნად შეარყიოს და თქვენ წარმოიდგინეთ - სამოქალაქო ომამდეც კი მიიყვანოს საქმე რუსეთში. როგორ? როგორ და შემდეგნაირად: ვთქვათ რუსეთმა მართლაც გადაწყვიტა საქართველოსთან ერთად განახორციელოს სამხედრო ოპერაცია აფხაზეთში - არძინბა უმალვე აამოქმედებს თავისი გავლენის ბერკეტებს ჩრდილოეთ კავკასიის იმ ნაწილში, სადაც აფხაზთა მონათესავე ტომები ცხოვრობენ: ყაბარდოს, ადიღეს, ჩერქეზეთის უმაღლესი საბჭოები გააკეთებენ მკაცრ განცხადებებს და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას «წინ აღუდგეს ახალ აგრესიას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს მცირერიცხოვანი აფხაზი ხალხის მოსასპობად». (ფორმულირება არ შეეშლებათ). ამას უეჭველად მოჰყვება აღშფოთება თვით რუსეთის მმართველ ელიტაში: ზიუგანოვსა და ბაბურინზე, ან იმავე ზატულინზე არ არის საუბარი - «ჩვენი მეგობარი რუსი დემოკრატებიც», ანუ გაიდარი, იავლინსკი, იაკოვლევი «აღშფოთებას ვერ დამალავენ» იმის გამო, რომ რუსეთი, რომელსაც ჯერ ჩეჩნეთის პრობლემებისთვის ვერ მოუვლია, იწყებს «ახალ ომს კავკასიაში». თანაც, რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ასოცირებული ამ ომთან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი უბრალოდ განზე გადგება და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს თავისუფლად მოქმედების საშუალებას მისცემს.
    აფხაზური პროპაგანდა იმდენად ეშმაკურად მოქმედებს, რომ იგი ამ შემთხვევაშიც დააკისრებს პასუხისმგებლობას ელცინს - იმავე შედეგებით.
    ამასთან დაკავშირებით, გავიხსენოთ ბოლოდროინდელი პროპაგანდისტული დივერსია, რომელიც «ოსტანკინოს» კორესპონდენტმა, რუსლან ხაშიგმა განახორციელა აფხაზეთის სპეცსამსახურთა ინფორმაციაზე დაყრდნობით და რამაც უდიდესი რეზონანსი გამოიწვია რუსეთში. დავაკვირდეთ, რა ოსტატურად «დააწყვილა» მან რუსეთი და საქართველო «აფხაზეთის» წინააღმდეგ მომავალ აგრესიასთან» დაკავშირებით.

    ახლა კი პრობლემას შევხედოთ სხვა კუთხით, სხვა განზომილებით: მაინც რატომ უნდა აძლევდეს რუსეთს ხელს საქართველოსათვის აფხაზეთის დაბრუნება? იმისთვის, რომ ბაზები მიიღოს? მაგრამ მან ხომ ისედაც მიიღო - დოკუმენტზე ხელმოწერა უკვე მოხდა, რითაც ფაქტობრივად დაირღვა ცნობილი პირობა: «რუსეთი მიიღებს ბაზებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღდგება საქართველოს იურისდიქცია მთელს მის ტერიტორიაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით».
    შევარდნაძემ ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა არა იმიტომ, რომ ჩერნომირდინისაგან მიიღო მყარი გარანტიები აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, არამედ სულ სხვა მიზეზით: პოლიტიკური თვალსაზრისით ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო (ანუ, გადაწყვეტილი იყო საქართველოს რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში დარჩენა), ამიტომ დღეს მოეწერებოდა ხელი თუ ხვალ - პრინციპული მნიშვნელობა ქვეყნისათვის არ ჰქონდა. სამაგიეროდ, ამას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში საარჩევნო კამპანიისათვის!
    სინამდვილეში კი, რუსეთი არაფრის დიდებით არ დაუშვებს აფხაზური პრობლემის ძალისმიერ გადაწყვეტას. თუ ვინმეს ჰგონია, საქართველოს არმია შევა ჯერ გალის რაიონის ტერიტორიაზე, შემდეგ ძლევამოსილად გაივლის ოჩამჩირეს, გულრიფშს, სოხუმს, გუდაუთას, გაგრას და მივა ფსოუმდე - ელემენტარულად სულელია ან გიჟი.
    როგორ განვითარდება მოვლენები სინამდვილეში - აქ ამის დეტალიზაციას არ მოვყვები, რომ დემაგოგებს არ მივცე საშუალება «კაპიტულანტობა» და «მტრის წისქვილზე წყლის დასხმა» დამდონ ბრალად. ამ საცოდავებს, თავად რომ ჭკუამოკლენი არიან და ახალშობილი ბოჩოლასავით პირდაღებულები შესცქერიან რუსეთს - სხვაც სურთ «თავის ჭკუაზე» მოაქციონ. კიდევ უარესი: ქვეყანაც უნდათ ახალ სისხლიან ავანტიურაში ჩაითრიონ (რათა შედეგი მორიგ «ლოთი ქობალიას» დააბრალონ) და ამით საქართველოს წაგლიჯონ სტაბილურობის და ეკონომიკური აღმავლობის ის მცირედი პერსპექტივაც, რომელიც ამჟამად გაჩნდა - თუნდაც ნავთობსადენთან და «ევრაზიულ დერეფანთან» დაკავშირებით.
    რეალურად, რუსეთის მეშვეობით აფხაზეთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ერთი გზით, ერთი საშუალებით: თუ საქართველო განაცხადებს პრინციპულ თანხმობას, მონაწილეობა მიიღოს ყოფილი საბჭოთა კავშირის (დღეს СНГ-ს) ტერიტორიაზე ერთიანი, ფედერაციული სახელმწიფოს აღმშენებლობაში.
    თუმცა, ამ შემთხვევაშიც ეს ძალზე მძიმე და ხანგრძლივი პროცესი იქნება. რუსეთი თანდათანობით აამოქმედებს აფხაზებზე ზემოქმედების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფსიქოლოგიურ და სპეციალურ ბერკეტებს - მათი მოქმედება რამდენიმე წლის შემდეგ გამოიღებს შედეგს.

    შესაძლოა ზოგიერთ მკითხველს გაუჩნდეს კითხვა, თუ სად არის გამოსავალი. გამოსავალი კი «ხელისგულზე» დევს და მას ვერ ვამჩნევთ მხოლოდ ჩვენივე ფსიქოლოგიური კომპლექსების გამო: გამოსავალია პირდაპირი მოლაპარაკება აფხაზებთან, ჩვენივე ცნობიერი დოგმებისაგან გათავისუფლება და შერიგება იმ აზრთან (რაოდენ საშინლად და აღმაშფოთებლადაც არ უნდა მოეჩვენოს ვინმეს), რომ ეს ტერიტორია (ყოველ შემთხვევაში ფსოუდან - ღალიძგამდე) საქართველომ სამუდამოდ დაკარგა.
    ამ აღიარების ალტერნატივაა დამოუკიდებლობის დათმობა - ტერიტორიის მოჩვენებით დასაბრუნებლად.

«მსგეფსი», 24 სექტემბერი, 1995 წელი.