ძირითადი სხვაობა

    მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი «ეროვნული მოძრაობა» სხვა რესპუბლიკებში მიმდინარე პროცესებს აინუშშიც არ აგდებდა (ალბათ გახსოვთ, ლიტვასაც კი აგდებით ვეკიდებოდით, რაკი «ბევრად გავუსწარით დამოუკიდებლობისაკენ სავალ გზაზე») დღეს აუცილებლად გვმართებს შევადაროთ ის პროცესები საქართველოში მომხდარს.
    ყველა «რესპუბლიკა» ერთნაირ საწყის პირობებში არ იმყოფებოდა, - ისინი მრავალმხრივ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან პოტენციალით და ბევრს საყურადღებო თავისებურებებიც გააჩნდა. მაგრამ ერთის მხრივ პოლიტიკის უნივერსალური ტექნოლოგიიდან, მეორე მხრივ კი საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის ბუნებიდან გამომდინარე, მათ მიერ არჩეულ ტაქტიკას (ცენტრთან ურთიერთობაში), ბევრი რამ საერთო მაინც ჰქონდა.
    ამავე დროს, შეუძლებელია ობიექტურმა დამკვირვებელმა ვერ შენიშნოს, რომ თითქმის არსად, არც ერთ რესპუბლიკაში არ მომხდარა ის, რაც მოხდა 1988 წლიდან საქართველოში. ამდენი ნგრევა, უბედურება, სისხლისღვრა, ქაოსი, კრიმინალური ანარქია, არაკომპეტენტურ პოლიტიკანთა მოსვლა ხელისუფლებაში, სამოქალაქო ომი, ორი ეთნიკური კონფლიქტი და ა.შ. და ა.შ.
    ასეთი რამ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე თითქმის არსად მომხდარა (თუ არ ჩავთვლით ტაჯიკეთს, მაგრამ იმ ქვეყანაში სისხლიანი კონფლიქტის უმთავრესი თავისებურების შესახებ ზემოთ მოგახსენეთ) - საქართველო ერთეულ გამონაკლისთა შორისაა.
    მაშასადამე, რათა გავარკვიოთ მოვლენის არსი, მიზეზ–შედეგობრივი კავშირი, აუცილებლად უნდა დავადგინოთ: სისტემური სისუსტის გარდა, კიდევ რით განსხვავდებოდა, თვისებრივად, საქართველოში 1987–88 წლებიდან განვითარებული საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროცესი ანალოგიური პროცესებისაგან სხვა რესპუბლიკებში (ანუ სხვა ქვეყნებში).
    თუ ამ კუთხით განვიხილავთ საკითხს, განსხვავებას სულ მალე აღმოვაჩენთ: არც ერთ სხვა ყოფილ «მოკავშირე რესპუბლიკაში», საქართველოს გარდა, ელიტას (ისტებლიშმენტს) საზოგადოებრივ–პოლიტიკურ პროცესთა მართვის სადავე ხელიდან არ გაუშვია. ეს, ფაქტობრივად, მხოლოდ საქართველოში მოხდა - მხოლოდ ქართულმა ელიტამ ვერ შეძლო პროცესების მართვა, ვერ მოახერხა მათ სათავეში ჩადგომოდა, ამიტომ პროცესებს იმთავითვე მართავდნენ და შესაბამის ფსიქოლოგიურ დომინანტებს (აგრეთვე პოლიტიკურ პრიორიტეტებს) ქმნიდნენ ასოციალური ელემენტები (ე.წ. «დისიდენტები»), რომელთაც არც ერთი თვალსაზრისით არ გააჩნდათ უნარი პროცესთა რაციონალური და კომპეტენტური წარმართვისა.

    «ელიტაში», რა თქმა უნდა, «პარტიულ აქტივს» არ ვგულისხმობ. ელიტა ნებისმიერ საზოგადოებას აქვს. კაცობრიობის იტორიამ დაადასტურა, რომ ელიტის გარეშე საზოგადოებას ფუნქციონირება და განვითარება საერთოდ არ ძალუძს (ყველაფერთან ერთად, ეს ყოვლად აუცილებელ «სოციალურ მოტივაციათა» საკითხიცაა).
    ყველა რევოლუცია, ოდითგანვე, ელიტის წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ გამარჯვებული ძალა შემდეგ იძულებული ხდებოდა თავად შეექმნა ელიტა, ვინაიდან ხვდებოდა, რომ მის გარეშე სრულიად უმწეოა:
    საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ, ნაპოლეონ ბონაპარტე იძულებული გახდა ახალი ფრანგული არისტოკრატია შეექმნა (გილიოტინაზე განადგურებულის ნაცვლად).
    თქვენ წარმოიდგინეთ, ბოლშევიკებიც კი, რომელთა უმთავრესი «საზრუნავი» თითქოს საყოველთაო გათანაბრებისაკენ სწრაფვა იყო, სულ მალე იძულებულნი გახდნენ გარკვეული პრივილეგიები დაეწესებინათ და, ფაქტობრივად, ახალი ელიტა, ანუ, ე.წ. «ნომენკლატურა» ჩამოეყალიბებინათ, რომლის ნაწილს, პირობითად, «ინტელიგენციას» ვუწოდებდით.
    თუმცა, ელიტა (ისტებლიშმენტი), გაცილებით ფართო ცნებაა. ინტელიგენცია ამ სოციალური ფენის მხოლოდ ნაწილია, მაგრამ პოტენციურად ყველაზე გავლენიანი ნაწილი, ვინაიდან სწორედ მას ხელეწიფება «ცნობიერი სტერეოტიპებისა» და «ფსიქოლოგიური დომინანტების» (საზოგადოებრივ–პოლიტიკური პრიორიტეტების) შექმნა და მათი გამოხატვა.
    ელიტის (ისტებლიშმენტის) ცნებაში კი იგულისხმება არა მხოლოდ ინტელიგენცია (შემოქმედებითი თუ სამეცნიერო), არამედ მთლიანად, ის სოციალური წრე, რომელიც უმნიშვნელოვანეს პროცესებზე ზემოქმედების ბერკეტებს ფლობს, - ასე ვთქვათ, «ამინდს ქმნის».
    ელიტა მართლაც ყველა საზოგადოებაში არსებობს, ოღონდ განსხავებულ პირობებში მას შესაძლოა სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს: მაგალითად, ამერიკული ელიტა არა მხოლოდ ფინანსური გიგანტებისაგან შედგება - მისი ნაწილია ყველა ის ფიგურა თუ მოღვაწე (დაწყებული გუბერნატორებიდან, დამთავრებული ცნობილი ჟურნალისტებით), რომელსაც შეუძლია პროცესებზე ზემოქმედება მოახდინოს.
    ასევე, საბჭოთა ისტებლიშმენტი შედგებოდა არა მხოლოდ პარტიულ ფუნქციონერთაგან, არა მხოლოდ ცნობილი მწერლებისა და მსახიობებისაგან, არამედ თუნდაც წარმოების ხელმძღვანელთაგან, მეცნიერთაგან, სპეციალისტებისგან, იმავე «საბჭოთა მასმედიის» მესვეურთაგან. ანუ, კვლავ და კვლავ, ყველა იმ ფიგურისა თუ მოღვაწისაგან («ცენტრსა» თუ რეგიონებში), რომელსაც საკუთარი სოციალური ცენზითა და მის ხელთ არსებული შესაძლებლობებით ძალუძდა პროცესებზე ზეგავლენა.
    ასეთი ელიტა ჰყავდა უკლებლივ ყველა ერს საბჭოთა კავშირში. მაგრამ (ვიმეორებ) განსხვავებით საქართველოსაგან, არც ერთ რესპუბლიკაში ელიტა საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროცესების მართვისაგან არ ჩამოუშორებიათ. უფრო ზუსტად - ვერ ჩამოაშორეს.

    ზემოთ უკვე მოგახსენეთ, რომ ისტორიულ პროცესთა ანალიზისას, მოვლენის მოდელირებით და პროეცირებით შეგვიძლია ამ პროცესის არსზე ზუსტი წარმოდგენა შევქმნათ. მაგალითად, ვინ მართავდა საზოგადოებრივ–პოლიტიკურ პროცესებს ლიტვაში 1988 წლიდან? ვინ წამოიწყო და განავითარა ამ ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა? რა თქმა უნდა, ლიტვის «საბჭოთა» ისტებლიშმენტი, ანუ იგივე ელიტა! თუ გავაანალიზებთ იქ განვითარებულ მოვლენებს, უეჭველად დავრწმუნდებით, რომ ყველა პროცესი ისევ და ისევ ელიტის ხელმძღვანელობით, მისი უმკაცრესი მეთვალყურეობით ვითარდებოდა.
    ამიტომაც წარიმართა ეროვნული მოძრაობა ლიტვაში ცივილიზებულად, პოლიტიკის კანონთა და ტექნოლოგიის სრული დაცვით; ამიტომ არ მომხდარა იქ არაფერი, 9 აპრილის მსგავსი; ამიტომ შეძლეს თავიდან აეცილებინათ ფართომასშტაბიანი კატაკლიზმები, სამოქალაქო დაპირისპირება, ნგრევა და ქაოსი.
    ლიტვის ეროვნული მოძრაობის ხელმძღვანელი ორგანიზაცია (სოიუდისი) სწორედ ელიტამ შექმნა და თავადვე ჩაუდგა სათავეში.
    ახლა კი წარმოვიდგინოთ ასეთი ვითარება:
    ლიტვაშიც ხომ იყვნენ დისიდენტები? რა თქმა უნდა! «ხომ იყვნენ» რა სათქმელია - იქ იყვნენ თუ იყვნენ! ლიტველებს ისეთი დისიდენტები ჰყავდათ, რომლებთან შედარებით ჩვენი (ქართველი) დისიდენტები კომკავშირელ აქტივისტებად მოგეჩვენებოდათ. მათ არათუ სამი–ოთხი, ან თუნდაც ათი, არამედ ოცდახუთი, ოცდაათი წელი ჰქონდათ ციხეებსა და «ლაგერებში» გატარებული. ზოგს თვალები დათხარეს, ზოგი სხვა საშინელი წამებით დაასახიჩრეს, მაგრამ მაინც ვერაფრით მოანანიებინეს სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლა.
    ლიტვას ათჯერ მეტი დისიდენტი ჰყავდა ვიდრე საქართველოს და თვითოეული მათგანი ასჯერ უფრო დამსახურებული პიროვნება იყო, ვიდრე მისი ნებისმიერი ქართველი «კოლეგა».
    მიუხედავად ამისა, მოდით წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა ლიტვაში, ამ დამაშვრალ, სამშობლოსათვის წამებულ, მაგრამ პოლიტიკაში (დისიდენტობა და პოლიტიკოსობა ერთი და იგივე არ არის!–ავტ.) სრულიად არაკომპეტენტურ, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით გამოუცდელ ადამიანებს რომ მოენდომებინათ, 1988 წლიდან («პერესტროიკის» დაწყებიდან), ესარგებლათ ლიბერალიზაციით, გამოეცხადებინათ ლიტვის ელიტა «კორუმპირებულად», «წითელ ინტელიგანციად» და თავად ეცადათ სათავეში ჩადგომოდნენ პროცესებს.
    ბუნებრივია, თუ წარმატებას მიაღწევდნენ, ლიტვაშიც (მეტ–ნაკლებად) იგივე მოხდებოდა, რაც საქართველოში: «დისიდენტთა» არაკომპეტენტური ძალისხმევა (აქ მხოლოდ ოფიციალურ ხელისუფლებაში მოსვლას არ ვგულისხმობ, საუბარია პროცესების მართვაზე თუნდაც ქუჩიდან როგორც ამას ჩვენი მოძრაობის «კონგრესისტული ფრთა» აკეთებდა–ავტ), მათი გულწრფელობისა და ალალმართლობის მიუხედავად, აგრეთვე საზარელ შედეგს გამოიწვევდა და ძირითადი ეროვნული ინტერესიც მიუღწეველი იქნებოდა.
    მაგრამ ლიტვაში მოვლენები ასე ვერ განვითარდებოდა, ვინაიდან ლიტვის ელიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ამას არ დაუშვებდა.
    როგორც კი ლიტველი დისიდენტები (პირობითად თუ ვიტყვით) «ნოემბრის აქციას» მოაწყობდნენ, - ქალაქის ცენტრში მიტინგებს გამართავდნენ რადიკალური ლოზუნგებით (ხაზს ვუსვამ: არა მხოლოდ და არა იმდენად მოთხოვნებით, არამედ ლოზუნგებით), «წითელი ინტელიგენციის» ლანძღვას დაიწყებდნენ, ანუ შეეცდებოდნენ პროცესებს თავად ჩადგომოდნენ სათავეში და ელიტა ამ საქმისაგან ჩამოეშორებინათ, - ლიტვის ისტებლიშმენტი, რომელსაც ძირითადი ეროვნული ინტერესის განხორციელების რეალისტური პროგრამა ჰქონდა, უმალვე მიიღებდა უმკაცრეს ზომებს. იგი არავის და არაფერს მოერიდებოდა: კომუნისტურ ხელისუფლებასაც კი აიძულებდა ამ «დამაშვრალი», «დამსახურებული» დისიდენტებისათვის ცხვირ–პირი დაემტვრია; შეიძლება (თუ მეტის – მეტად გაჯიუტდებოდნენ და თავისას არ მოიშლიდნენ) მათთვის ციხეებშიც კი ეკრათ თავი, მაგრამ იგი არაფრის დიდებით არ დაუშვებდა, რომ პროცესებს სათავეში ჩადგომოდნენ ასოციალური, არაკომპეტენტური პიროვნებები, რომლებიც თავისი «გულწრფელი სიბრიყვით» ლიტვას დამარცხებამდე და დაღუპვამდე მიიყვანდნენ.
    როგორი პატრიოტებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ის დისიდენტები, როგორც არ უნდა ჰყვარებოდათ სამშობლო, - შედეგი უმძიმესი იქნებოდა.
    პოლიტიკა «სიყვარულსა» და «გულწრფელობას» არ იცნობს და არც სცნობს. პოლიტიკა სცნობს მხოლოდ ცივ, პრაგმატულ, ცინიკურ, რაციონალურ გათვლას და მიზანშეწონილობას.
    გარწმუნებთ, ლიტველ დისიდენტებს თავიანთი ელიტა არანაკლებ სძულდათ და ეზიზღებოდათ, ვიდრე ქართველ დისიდენტებს - ქართული «კორუმპირებული», «წითელი» ინტელიგენცია (იგივე «ელიტა»). მაგრამ მათ შესანიშნავად უწყოდნენ, რომ არ დაინდობდნენ და არ მოერიდებოდნენ, ამიტომ იძულებულნი გახდნენ ელიტასთან ეთანამშრომლათ, თავადაც გაწევრიანებულიყვნენ «სოიუდისში» (ამ ორგანიზაციის თვისებრივ ანალოგად საქართველოში შეიძლება «რუსთაველის საზოგადოება» განვიხილოთ). ანუ, მიუხედავად «კორუმპირებული ელიტისადმი» სიძულვილისა, მაინც თანამშრომლობდნენ (სხვა გზა არ ჰქონდათ) მასთან და არ (ვერ) დაუპირისპირდნენ.
    ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში, სხვა რესპუბლიკებში ელიტა მტკიცედ მართავდა პროცესებს. იგი არ დაუშვებდა თვითნებობას, არაკომპეტენტურ რადიკალიზმს და ამგვარი ექსცესების აღსაკვეთად იმოქმედებდა უმოწყალოდ, მტკიცედ, მკაცრად, - არაფერს მოერიდებოდა პროცესთა მართვის ყველა ბერკეტის შესანარჩუნებლად, რათა კომპეტენტური, გააზრებული, მიზანშეწონილობაზე აგებული, ეტაპობრივი პოლიტიკით განეხორციელებინა ძირითადი ეროვნული ინტერესი.
    იგივე ითქმის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალ ყველა სხვა ერზე. სხვადახხვა პირობებში მოვლენები სხვადახვაგვარად განვითარდა, ხშირად განსხვავებული ტაქტიკა თუ სტრატეგია იქნა არჩეული, ყველგან არ შეუქმნიათ «სოიუდისის» ან «ესტონეთის სახალხო ფრონტის» მსგავსი ორგანიზაციები, მაგრამ საერთო ნიშანი ის გახლდათ, რომ ელიტა ყველგან მტკიცედ მართავდა პროცესებსა და მოვლენებს.
    დაარქვით მას გნებავთ «კომუნისტური ელიტა», გნებავთ «კომუნისტური ისტებლიშმენტი» თუ «წითელი ინტელიგენცია» და ა.შ.
    ლიტვის ელიტასთან შედარებამ შეიძლება შემდეგი საპირისპირო აზრი (კონტრარგუმენტი) წარმოშვას: «ავტორს ავიწყდება, რომ ლიტვის ელიტა გაცილებით ნაკლებ კორუმპირებული, ნაკლებად გახრწნილი იყო, ვიდრე ქართული ელიტა–ისტებლიშმენტი».
    მტკნარი სისულელეა! ჯერ ერთი, თუ ზნეობაზეა საუბარი, «მეტ–ნაკლები ზნეობა» რას ნიშნავს, გაუგებარია. მაგრამ სინამდვილეში, ლიტვის, ესტონეთის, ყირგიზეთის თუ უკრაინის «საბჭოთა ელიტა» ქართულზე არანაკლებ გახრწნილი და კორუმპირებული იყო - ათწლეულების განმავლობაში (სანამ სხვა გზა არ ჩანდა), ისინიც პირნათლად ემსახურებოდნენ რეჟიმს, უმღეროდნენ ოდებს ლენინსა და ბრეჟნევს, ემლიქვნელებოდნენ მოსკოვს, იფერებდნენ პრივილეგიებსა და სოციალურ სტატუსს, გვარიანად იღებდნენ ქრთამს, აგრეთვე სხვადასხვა სიკეთეს - ბინებს, ავეჯს, მანქანებს, აგარაკებს და ა.შ.
    მიუხედავად ამისა, უკლებლივ ყველა ერს საბჭოთა კავშირში, ქართველი ერის გარდა, ეყო სახელმწიფოებრივი კულტურა, რათა მიმხვდარიყო: როგორი უზნეო, როგორი კორუმპირებული, როგორი გათახსირებულიც არ უნდა იყოს ელიტა, - იგი მაინც ერის ყველაზე კომპეტენტური ნაწილია! მის გარეშე ქვეყნის, საზოგადოებრივი პროცესების მართვა შეუძლებელია. ელიტის გარეშე ერი ყრუ, მუნჯი და ბრმაა. მის გარეშე იგი დასაღუპავადაა განწირული.
    გასოვთ ალბათ პროსპერ მერიმეს შესანიშნავი ნოველა «ტამანგო». ზანგები შუაგულ ოკეანეში გემზე აჯანყებას მოაწყობენ, თეთრკანიანებს დახოცავენ, მაგრამ იღუპებიან, ვინაიდან ხომალდის მართვა არ იციან. ტამანგო ერთს მკვეთრად დაატრიალებს შტურვალს და გემიც შუაზე გადატყდება. ყველა, ვინც მას იმედითა და სიხარულით შესცქეროდა, ოკეანეში ჩაიხრჩობა.
    და მეორე: უკლებლივ ყველა ერს, ყოფილ საბჭოთა კავშირში (ჩვენს გარდა), ეყო სახელმწიფოებრივი კულტურა მიმხვდარიყო, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, თვალისჩინივით უნდა გაფრთხილებოდა ხელისუფლებას, როგორც ასეთს, ვინაიდან მის გარეშე სრულიად უმწეო იქნებოდა და დამანგრეველ პროცესებს ვერ აიცილებდა თავიდან. ყველა მიხვდა (ისევ და ისევ ჩვენს გარდა), რომ ნებისმიერი ხელისუფლება სჯობს უხელისუფლებობას.
    9 აპრილით ჩვენ მოვსპეთ, დავადამბლავეთ და გავანადგურეთ არა კონკრეტული ხელისუფლება, არამედ ხელისუფლება, როგორც ასეთი! შემდგომ კი (1990 წლის 28 ოქტომბერს) ხელისუფლების ახლიდან შექმნის მცდელობა უკვე გვიან იყო და კრახით დასრულდა, ვინაიდან უხელისუფლებობის პირობებში ჩამოყალიბებული სისტემები ამას ადვილად აღარ დაუშვებდნენ, რაც სამოქალაქო ომის ერთ–ერთი მიზეზი გახდა.

    გავიხსენოთ ამ თვალსაზრისით, 1988 წელს და უფრო ადრეც საქართველოში არსებული განწყობა. სხვათა შორის აქ მხოლოდ კომუნისტურ რეჟიმსა და კომუნისტურ წყობაში არ არის საქმე. გავბედავ და კვლავაც სრული დარწმუნებით ვიტყვი: გადაჭარბებული იჭვნეულობა და უნდობლობა საკუთარი ელიტის მიმართ ერის სახელმწიფოებრივი უკულტურობის მაჩვენებელია.
    მაგრამ აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თვით ქართული ელიტაც, ამ მხრივ, მოხარშული წიწილასავით იმპოტენტი გამოდგა. მას არ აღმოაჩნდა ელემენტარული ნება, რათა არ დაეშვა პროცესთა განვითარება სრულიად უპერსპექტივო მიმართულებით, არ დაეშვა არაკომპეტენტურ პოლიტიკანთა, «გუწრგელ რეგვენთა» მოქცევა საზოგადოებრივ–პოლიტიკურ პროცესთა სათავეში.
    რა უნდა ექნა? - ყველაფერი უნდა ეღონა, ყველაფერზე უნდა წასულიყო! ოღონდ არ მიეყვანა საქმე ჩვენს დამღუპველ და დამაქცეველ 9 აპრილამდე, რის შემდეგაც უკვე ყველაფერი გარდაუვალი გახდა.
    რეალურად კი, საკმარისი იყო უნივერსიტეტში რომელიღაც უწიგნურ სტუდენტს ღვაწლმოსილი პროფესორისათვის დაეცაცხანებინა: «უჰ შე კრემლის აგენტო, რა ზომიერებისაკენ მოგვიწოდებო» და ეს უკანასკნელი უმალვე მაგიდის ქვეშ მიძვრებოდა შიშით.
   
   
   

    მოძრაობის კიდევ ერთი სიყალბე ის გახლავთ, რომ თითქოს ქართულ ელიტას არ სურდა ის, რაც სურდა ერს. ესეც უდიდესი სიცრუე და დემაგოგიაა! სინამდვილეში ელიტა ყოველთვის ყველაზე უკეთ აცნობიერებს ძირითად ეროვნულ ინტერესს, მაგრამ საქმეც სწორედ ესაა, რომ საქართველოს ძირითადი ეროვნული ინტერესი ის არ იყო, რასაც «მოძრაობის» ლიდერები მოითხოვდნენ. ამიტომაც ცდილობდნენ თავიდანვე ელიტის დისკრედიტაციას და მიაღწიეს კიდეც თავისას - ისევ და ისევ ამ ელიტის უნიათობისა და უმწეობის «წყალობით». ეს უმწეობა კი, თავის მხრივ, საერთო სახელმწიფოებრივი უკულტურობიდან გამომდინარეობდა.
    ერს არ შეიძლება საკუთარი ელიტა სძულდეს, მის მიმართ გაუთავებელი ეჭვითა და უნდობლობით იყოს განსმჭვალული. ელიტა ყოველთვის მოქმედებს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.
    აფსუებს, მაგალითად, იოტისოდენი ეჭვი არასდროს შეპარვიათ, რომ მათი ელიტა საბოლოოდ ძირითადი ეროვნული ინტერესის განსახორციელებლად აკეთებდა ყველაფერს, ამ მიზნით დგამდა ყველა ნაბიჯს. რაკი იგი გარკვეულ ტაქტიკურ კომპრომისებზე მიდიოდა, მაშასადამე ასე იყო საჭირო, მაშასადამე სხვა გზა არ ჩანდა. ამგვარ დამოკიდებულებაში (საკუთარი ელიტისადმი სტრატეგიულ ნდობაში) მჟღავნდება სწორედ ერის სახელმწიფოებრივი კულტურა. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ელიტის მიმართ თითქმის ყველა ერს ყოფილ საბჭოთა იმპერიაში - ლიტველებს, ყალმუხებს, უზბეკებს, ყაბარდოელებს, სომხებს, თათრებს, ესტონელებს და ასე შემდეგ.
    საქართველოში კი სულ სხვა ვითარება იყო, ამიტომ შედეგიც «სულ სხვაგვარი» გვაქვს.

    ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი ილუსტრაცია:
    1997 წელს რუსეთის პრეზიდენტი ყირგიზეთს ეწვია ოფიციალური ვიზიტით. მოლაპარაკების შემდეგ, ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე, კარგად შეზარხოშებულმა ბორის ელცინმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ რუსეთისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ყირგიზეთთან მეგობრობას და რომ იგი ყირგიზეთის ინტერესებს რეგიონში ყოველთვის გაითვალისწინებს. ეს მნიშვნელოვანი განცხადება ელცინმა მისთვის ჩვეული მკაფიო და მჭახე ტონით გამოთქვა.
    ამ დროს ყირგიზეთის პრეზიდენტი, ასკარ აკაევი (ცნობილი მეცნიერი, აკადემიკოსი, ყირგიზი «ბეგებისა» და შემდგომ «ცკ»–ს მდივნების პირდაპირი შთამომავალი) ელცინისაგან მარჯვნივ იდგა. როდესაც ელცინმა ზემოთმოყვანილი სიტყვები წარმოთქვა, აკაევმა ტკბილი სიყვარულით გაუღიმა, მარცხენა ხელი იდაყვში გამოსდო, ფეხისწვერებზე აიწია (ბორის ელცინი მასზე მთელი თავით მაღალი გახლდათ), თავი მხარზე ნაზად დაადო, შემდეგ ნიკაპი ასწია და ლოყაზე აკოცა!!!
    ეს ყოველივე ათეულობით ტელეკამერის წინ მოხდა. არავის ყირგიზეთში აზრადაც არ მოსვლია თავისი ლიდერი ამისათვის დაეტუქსა.
    წარმოიდგინეთ, რა გნიასი ატყდებოდა, მსგავსი რამ საქართველოში რომ მომხდარიყო!
    «ყირგიზები ჩვენთან ვინ აგდიანო» - იმიტომაც ვერ განალაგეს (როცა საჭიროდ ჩათვალეს) თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზები.

მთელ გვერდზე  

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა