როგორ შევქმნათ სასამართლო

როგორ შევქმნათ სასამართლო

Pereat mundus et fiat justicia – „ქვეყანა რომ დაიქცეს, მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს“!

საქართველოს სახელმწიფოებრივი „არშემდგარობის“ ყველაზე არსებითი ნიშანი, ტერიტორიულ გაურკვევლობასთან ერთად, სასამართლოს „აშენების“ უუნარობაა.

„სასამართლოს“ არ სჭირდება მსაზღვრელი: „სამართლიანი სასამართლო“ იგივეა, რაც „სველი წყალი“ ან „ლითონის რკინა“. ისევე, როგორც „უსამართლო სასამართლო“ ისეთივე ოქსიუმორონია, როგორც „ხის რკინა“.

სასამართლო ან არის ან არ არის.

ის, რომ სასამართლო საქართველოში არა გვაქვს, ერთდროულად რამდენიმე ფაქტორის ზემოქმედების შედეგია, რომელთაგან ყველაზე მთავარი ქართული საზოგადოების შინაგანი, სტრუქტურული სისუსტე და სახელმწიფოებრივი, იგივე მოქალაქეობრივი შეგნების სიმყიფეა; თუმცა ამის თაობაზე ქვემოთ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჯერ ის ვთქვათ, საიდან სჩანს და რით დასტურდება, რომ არა გვაქვს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომელიც ღირსი იქნება, ერქვას ცივილიზაციური ტერმინი „სასამართლო“.

ბევრი ცრუპენტელა დემაგოგი ათეულობით წელია გვიმტკიცებს, თითქოს ამის მიზეზია ყველა ხელისუფლების სწრაფვა, გააკონტროლოს სასამართლო. რა თქმა, უნდა არსებობს ამგვარი სწრაფვა, არსებობს სახელისუფლებო ზეწოლა მოსამართლეებზე...... იყო, არის და თუ არაფერი შეიცვლება, მუდამ იარსებებს.

ოღონდ ხსენებულ ცრუპენტელებს, ოპოზიციონერები იქნებიან ისინი თუ „ენჯეოშნიკები“, არ აწყობთ ღიად თქვან ის, რაც ამ დისკურსში ყველაზე სიმპტომატურია:  ძალიან ბევრ და ყველაზე ნიშანდობლივ შემთხვევაში, ხელისუფლებ(ები) სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებენ არა მხოლოდ იმ მიზნით, რათა დათრგუნონ პოლიტიკური ოპონენტები, არამედ, არანაკლები სიხშირით, იმიტომ, რომ პოლიტიკურად არ აწყობთ სასამართლომ მიიღოს სხვაგვარი გადაწყვეტილება გახმაურებულ და გაPRებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, რაც საყოველთაო მღელვარებას იწვევს, რადგან ამ „სხვაგვარ გადაწყვეტილებას“ ოპოზიცია გამოიყენებს ე.წ. „საზოგადოებრივი აზრის“ და „მასათა მძვინვარების“ მიმართვით - ხელისუფლების წინააღმდეგ.

ბუნებრივია, ამის ხშირად ეშინიათ თვით მოსამართლეებსაც. ნაგულისხმევი ცრუპენტელები კი დღემდე  გვიმალავენ: „სასამართლო“ გულისხმობს დამოუკიდებლობას არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ ე.წ. „საზოგადოებრივი აზრისგანაც“ ანუ „მასათა მძვინვარებისგან“. შესაბამისად, ვიღებთ „ხის რკინას“: „კონიუნქტურულ სასამართლოს“!

ზუსტად ამ „ბანძი“ ფენომენის მკაფიო ილუსტრაციად იქცა ის ყოვლად  კონიუნქტურული გადაწყვეტილება, რაც „ქართულმა მართლმსაჯულებამ“ საბოლოოდ მიიღო ე.წ.  „ხორავას ქუჩის“ საქმეზე.

სულაც არ მოვერიდები გავიმეორო: გადაწყვეტილება, რაც საბოლოოდ (!) მიიღო ე.წ. „ქართულმა მართლმსაჯულებამ“ „ხორავას ქუჩის“ საქმეზე, ნამდვილად იყო კონიუნქტურული (მათ შორის კონიუნქტურული - საზოგადოებრივი აზრის მიმართ), რასაც არაფერი ჰქონდა  საერთო არათუ სამართლიანობასთან, არამედ ელემენტარულ  იურისპრუდენციასთან.

ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილებაც (ისევე, როგორც მრავალი სხვა) სასამართლომ მიიღო ხელისუფლების  ზეწოლით, ოღონდ ამ შემთხვევაში ზეწოლის განმაპირობებელი იყო ხელისუფლების  პოლიტიკური ინტერესი - არ მიეცათ „სათქმელი“ ოპოზიციისათვის და არ დაეშვათ „ქუჩის აქციები“

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დაახლოებით იგივე სინდრომი ვლინდება 17 ახალგაზრდასათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეში. როგორ შეიძლება ჩვიდმეტიდან არც ერთს არ შეფარდებოდა გირაო? სად ხდება ასეთი რამ? რა საგიჟეთია საერთოდ? მით უმეტეს, თუკი ადამიანის  სიკვდილის მიზეზიც კი არ არის დადგენილი? „აბა თუ ყველა არ დავიჭირეთ, ექსპერტიზის ცნობის დადებამდე ყველა გაიქცევაო.....“ უკაცრავად, ეს მართლმსაჯულება კი არა მარაზმია! მართლმსაჯულებას, თუ ეს მართლმსაჯულებაა, „მძევლად აყვანის“ ლოგიკა არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს.

კიდევ ვიმეორებ: ჩვიდმეტიდან ათს, კარგით, ვთქვათ სამ მეოთხედს, ცხრა მეათედს, მაგრამ ყველას - ჩვიდმეტივეს?! არც ერთისთვის არ შეიძლებოდა გირაო? ჩვიდმეტიდან არც ერთისათვის?!!!  ანუ არც ერთი არ აკმაყოფილებდა იმ პარამეტრებსა და სტანდარტებს, რისთვისაც არსებობს ზოგადად „გირაო“-ს ინსტიტუტი? თანაც მაშინ, როდესაც საქმე არა მკვლელობის არამედ მხოლოდ ძალადობის მუხლით იყო  აღძრული?

 თუმცა მიზეზი აქაც ანალოგიურია: „მასათა მძვინვარების“ და პოლიტიკური პრობლემების, ესე იგი  ოპოზიციისათვის „სათქმელის მიცემის“ სახელისუფლებო შიში.

სწორედ ეს „შიში“ და მისგან გამომდინარე კონფორმიზმი (!)  ქმნის ამ და  ასეთ შემთხვევებში ხსენებულ მარაზმს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ცალკე საკითხია (თუმცა ძალზე არსებითი) რა განაპირობებს მოსამართლეთა ამგვარ, უკვე ტრადიციულ.......მთხლეობას (იგივე კონფორმიზმს)  ხელისუფლებ(ებ)ის მიმართ. რასაკვირველია განაპირობებს „მამაპაპური“ (ესე იგი საბჭოთა დროიდან წამოყოლილი) კონფორმიზმი! ანუ „რა იცი რა ხდება“ და „რატომ ავიტკივო აუტკივარი თავი“-ს სინდრომი.

არადა...... რა კანონები არ მივიღეთ, რა გარანტიები არ „ჩავდეთ“......უკვე სამუდამოდ ირჩევენ მოსამართლეებს, ესე იგი ცხოვრების ბოლომდე.......მაგრამ მაინც ვერაფერი ჭრის.

და იცით რატომ არ ჭრის (ვერც გაჭრის)? იმიტომ, რომ როდესაც მოსამართლესთან მიდის ხელისუფლების მიერ „პოლიტიზებული“ ან მედიის მიერ  „საზოგადოებრივად ანგაჟირებული და აჟიტირებული“  საქმე, რომელშიც არის ხელისუფლების ესა თუ ის პოლიტიკური ინტერესი, იმ მოსამართლემ იცის: მას ხელისუფლება ნამდვილად ვერ „მოხსნის“ თანამდებობიდან, ანუ პირადად მას ვერც რაიმეს გაუბედავს, რადგან სამუდამოდ არის არჩეული, მაგრამ........მის ბიზნესმენ ძმას, ქმარს, ცოლს, შვილს, მამას, ბიძას, დეიდაშვილს, მამიდაშვილს, დღეს, ხვალ, ზეგ ხომ შეიძლება „საგადასახადო“ მიუგზავნოს გაბრაზებულმა?  აბა კანონში ხომ ვერ ჩაიწერება: „მოსამართლის ქმარს, თუ ის ბიზნესმენია, „საგადასახადო“ არ უნდა ამოწმებდესო?“

ვერ ჩაიწერება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„საგადასახადოს“ შემმოწმებელი კი აუცილებლად (აუცილებლად!!!) იპოვის დარღვევას, თუ მოინდომა. ეს ქართველებმა კარგად იციან - გენებში აქვთ „ძია სოსო“-ს დროიდან: „ადამიანი იყოს და სს კოდექსის მუხლი მოიძებნებაო“

აქვე „ფრთხილად“ შევნიშნავ: ინგლისელ მოსამართლე ქალს ვერავინ შეაშინებს იმით, რომ თუ „სხვანაირ“ გადაწყვეტილებას მიიღებს, ინგლისის ხელისუფლება მის ბიზნესმენ ქმარს „საგადასახადოს“ მიუგზავნის. ოღონდ მარტო იმიტომ კი არა, რომ „იქ“ ამგვარი რამ უბრალოდ თეორიულადაც შეუძლებელია და ვერც ერთი ხელისუფლება „საგადასახადოს“ პოლიტიზებას ვერ გაბედავს, არამედ იმიტომ(აც), რომ........იმ საზოგადოებაში მოქალაქეობრივი ღირებულებები ოჯახურ ღირებულებებზე აღმატებულია!

„ინგლისური ოჯახი“ სხვა სოციალური ფენომენია, ხოლო „ქართული ოჯახი“ (თანაც ფართო გაგებით) სულ სხვა.

ამ თემის გაშლაც შეიძლება აქვე, მაგრამ ბევრ დროს და ადგილს მოითხოვს. მოკლედ ვიტყვი მთავარს: საქართველოში „ჩაშვების“ სტიგმატიზაციის (ანუ „არჩაშვების“) ინსტიტუტზე არანაკლებ დამანგრეველია მეორე ინსტიტუტი: „თავისი უაზრო პრინციპულობით ქმარი დაღუპა, ძმა დაღუპა, შვილს მომავალი წაართვა და......“

ინგლისელს ამით ვერ შეაშინებ - ქალი იქნება თუ კაცი. გამორიცხულია! იმიტომ, რომ მას სხვა სოციალური და მოქალაქეობრივი შეგნება აქვს, გამომდინარე „იმ“ საზოგადოების ღირებულებებიდან. და რაც უფრო მაღალია პირადად მისი საზოგადოებრივი მდომარეობა, მით მეტია ამ ღირებულებათა ერთგულება -  არა პირიქით.

„ინგლისამდე“ ათწლეულები კი არა,  საუკუნეები გვაქვს კიდევ გასავლელი.......

 ამ თემაზე მოვრჩეთ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ვაგრძელებ ძირითად თემას:  დღევანდელი მოცემულობით, დღევანდელი მიდგომით, ასეთი კანონებით და ასეთ (!) საზოგადოებაში, სასამართლოს შექმნა-აშენება არის აბსოლუტურად გამორიცხული, დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის რა გარანტიებიც არ უნდა შეუქმნა მოსამართლეს........

აბა რა ვქნათ? ის უნდა ვქნათ, რომ ინსტიტუტებს დავურისპირდეთ ინსტიტუტებით! უსაშველო არაფერია.

ერთადერთი (ყოველ შემთხვევაში ამჟამინდელზე უკეთესი) გამოსავალია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. ოღონდ ქართული სპეციფიკის (და ძალიან ძლიერი სპეციფიკის) გათვალისწინებით. ამის თაობაზეც ქვემოთ.

ოღონდ ვერც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი იმუშავებს და ვერ შექმნის არაკონიუნქტურულ (!) სასამართლოს, რაც დღეს გვაქვს, თუ არ განხორციელდება მთელი მართლმსაჯულების ძირეული რეფორმა ყველა მისი ინსტიტუტით.

მათ შორის

  1. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ერთადერთ ლეგიტიმურ საფუძვლად კანონით ცხადდება მიმალვის რისკი. ორი სხვა საფუძველი (მოწმეებზე ზემოქმედება და მტკიცებულებათა განადგურება) არის პირწავარდნილი დემაგოგია, რასაც რეპრესიულ მანქანად ქცეული კონიუნქტურული (!) სისტემა იყენებს მექანიკური სისტემური ინსტიქტით. არადა, თუ მოწმეებზე ზემოქმედების ან მტკიცებულებათა განადგურების, ან „ერთმანეთში მოლაპარაკების“ საფრთხე რეალურად არსებობს, ამას საქართველოში (!) ბრალდებულის ახლობლები, ოჯახის წევრები, ნათესავები, მასთან დაახლოებული სხვა პირები და ადვოკატებიც იოლად მოახერხებენ. მანამდე კი დუმილის ულებით ისარგებლებენ.

მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამ გაიძვერულ ფორმულირებაში  („მოწმეებზე ზემოქმედება“) უმრავლეს შემთხვევაში იგულისხმება მათთან მოლაპარაკება.

    1. პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, ესეც „როგორც წესი“, უპირობოდ შეიძლება იყოს გამოყენებული მხოლოდ უმძიმესი კატეგორიის დანაშაულზე: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, სამშობლოს ღალატი და ა.შ. ყველა სხვა შემთხვევაში კანონით დგინდება, რომ სასამართლო იყენებს გირაოს. ოღონდ ე.წ. „პოსტსაპატიმრო გირაოს“, ანუ ბრალდებულის გათავისუფლება ხდება გირაოს შეტანის შემდეგ.
    2. გირაოს ოდენობა განისაზღვრება დანაშაულის სიმძიმის, ასევე ბრალდებულის, მისი ოჯახის წევრთა და თავმბდებთა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით ისე, რომ გირაოს პირობების დარღვევა (მიმალვა) იწვევდეს ცხოვრებისეულად არსებით (!) მატერიალურ და სოციალურ ზარალს. ზუსტად ასე გამოიყენება ეს ინსტიტუტი მართლმსაჯულების მქონე ქვეყნებში.
    3. გირაოს შეტანა შესაძლებელია უძრავი ქონების სახით. განაჩენის შემდეგ ქონება უბრუნდება მფლობელს.
    4. კანონით იკრძალება გირაოში ჩადებული ქონების კონფისკაცია განაჩენით გათვალსიწინებული ჯარიმის ან სხვა სახის სანქციის ანგარიშში. ეს აუცილებელია, რათა რეპრესიულ მანქანას მისი პროკურატურიან-სასამართლოიანა არ გაუჩნდეს ცდუნება ხელისუფლებას „თავი მოუქონოს“ ბიუჯეტის შევსებით და ამით დააზიანოს გირაოს ინსტიტუტის სანდოობა, რომლის უმთავრესი დანიშნულებაა შეამციროს ბრალდებულის მიმავლის რისკი.
    5. თუ ბრალდებული მაინც დაარღვევს გირაოს პირობებს (არა მხოლოდ მიმალვა იგულისხმება, არამედ ბევრი სხვა რამ), გირაოში ჩადებული ქონება მიიმართება ბიუჯეტში და ნაწილობრივ ხმარდება დაზარალებულისათვის ზარალის ანაზღაურებას. ბრალდებული კი ცხადება საერთაშორისო ძებნაში. კაცმა რომ თქვას, საქართველოში დამალვა ან საქართველოდან მიმალვაც უკვე არც ისე ადვილია.
  1.   აუცილებელია გაიზარდოს მოსამართლის უფლებები პროკურატურის და პოლიციის მიმართ. ზურაბ ადეიშვილის ეშმაკური რეფორმის (2004 წლიდან კანონში შეტანილი ცვლილებების) მიხედვით, მოსამართლე ჩააყენეს ისეთ მდგომარეობაში, რომ მას პროკურატურის ინვექტივებზე უნდა ეთქვა ან „ჰო“ ან „არა“. იგულისხმებოდა, რომ კონიუნქტურას დამორჩილებული და „ქარის მიმართულების მყნოსავი“ ე.წ. „მოსამართლეები“ ასეთი ხისტი არჩევანის დროს უეჭველად „ჰო“-ს ეტყოდნენ პროკურატურას, რაკი ვერ გაბედავდნენ რადიკალურ და ერთმნიშვნელოვან  „არას“. ახალი სისტემით კი, მოსამართლეს, ისევე როგორც ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაშია, მაგალითად, უნდა მიენიჭოს უფლება არა მხოლოდ შეცვალოს ბრალდების კვალიფიკაცია, არამედ საერთოდ შეწყვიტოს სისხლის სამართლის წარმოება პირველივე სტადიაზე. ეს ინსტიტუტი შეასრულებს „შეკავება-გაწონასწორება-დაბალანსების“ მექანიზმის ფუნქციას, რაც ძალიან სჭირდება მართლმსაჯულებას,  რათა არ ხდებოდეს მისი დეფორმაცია მხოლოდ ერთი ინსტიტუტის - პროკურატურის, მთლიანობაში ბრალდების სასარგებლოდ.
  2. ძალიან მნიშვნელოვანი: სხდომების დახურვა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ სამივე მხარის (პროკურორის, ადვოკატისა და მოსამართლის) ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. ან უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის დაგენილებით. ესეც  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას. ყველა სხვა შემთხვევაში, სხდომები უნდა იყოს ღია! მიმდინარეობდეს მათი ტრანსლირება პირდაპირ ეთერში რამდენიმე პლატფორმის გამოყენებით: იქმნება სპეციალური ციფრული ტელეარხები, რომელთა რაოდენობა ტექნიკურად შეუზღუდავია; ასევე შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი პროცესის სრული ჩანაწერის ჩამოტვირთვა საიტიდან და ა.შ.  საჯაროობა ძალიან პრინციპული საკითხია, რადგან სხვადასხვა დემაგოგიურის საბაბით სხდომების დახურვა „კონიუნქტირის მყნოსავ“ მოსამართლეს ეხმარება მისი რეალური მოტივის და საქმის ნამდვილ გარემოებათა, ჩადენილი დანაშაულის სისტემურ წინაპირობათა (მაგალითად „ბულინგის“) და ხელშემწყობ ფაქტორთა  დამალვაში, რაკი მათი გამომზეურება არ აწყობს. ამის კლასიკური მაგალითი იყო იგივე „ხორავას ქუჩის“ საქმე, რომელიც „დაიხურა“ ბრალდების და არა დაცვის მოთხოვნით.  ნორმალური მართლმსაჯულების ქვეყნებში თითქმის ყოველთვის პირიქით ხდება. თუ საერთოდ იხურება სხდომები. „არასრულწლოვანთა კოდექსის“ მოხმობა სხდომის დახურვის საბაბად, უმრავლეს შემთხევაში არის გაიძვერული დემაგოგია! დაცვის მხარე „ხორავას ქუჩის“ პროცესზე „დახურვის“ წინააღმდეგი იყო. ვიცით რატომაც. საქართველოში რეზონანსულ საქმეებზე სხდომათა „დახურვის“ სიხშირე  სწორედაც მართლმსაჯულების არანორმალურ მდგომარეობაზე და სისტემის მანკიერ „კონიუნქტურულობაზე“ მიუთითებს, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება სახელისუფლებო ინტერესებისა და მოტივაციის გათვალისწინებით, ხოლო ამ მოტივაციას (ვიმეორებ) ხშირად ქმნის ის გარემოება, რომ ხელისუფლებას არ აწყობს „სხვაგვარი“ (ესე იგი არაკონიუნქტურული) გადაწყვეტილება, რაკი ამას ოპოზიცია და ოპოზიციური მედია გამოიყენებენ „მასათა მძვინვარების“ სამობილიზაციო რესურსად.
  3. უმთავრესი: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, როგორც მართლმსაჯულების „ღერძი“ აბსოლუტურად ყველა საქმეზე. ოღონდ.......საქართველოს საზოგადოებრივი  სპეციფიკისა და სოციალური რეალიების გათვალისწინებით, „ნაფიცნი“ გადაწყვეტილებას იღებენ არა ერთხმად, ღია კენჭისყრით, არამედ ფარული კენჭისყრით, ხმათა ორი მესამედით (ან სამი მეოთხედით).

 

(აქ აუცილებელია განმარტება: ნაფიც მსაჯულთა ის სისტემა, რაც მოქმედებს ანგლოსაქსური ან რომანული მართლსაჯულების ქვეყნებში, საქართველოში არ იმუშავებს! შევეცდები ავხსნა რატომ. ცოტა შორიდან დავიწყებ:

ყველას გვაქვს ნანახი სიდნი ლიუმეტის უჭკნობი შედევრი „12 განრისხებული მამაკაცი“. იქ ერთმა „ნაფიცმა“, ღვთისნიერმა ადამიანმა, შეძლო 11 სხვა „ნაფიცის“ დარწმუნება, რათა უდანაშაულო ადამიანი არ დაესაჯათ სიკვდილით. გადაწყვეტილება, ანგლოსაქსური სამართლის ქვეყნებში, მიიღება ერთხმად, ღია კენჭისყრით. ოღონდ ეს სისტემა მოქმედებს (ხშირი შეცდომებით, თუმცა მაინც მოქმედებს) ჯანსაღ საზოგადოებაში - მაღალი საზოგადოებრივი და სამართლებრივი შეგნებით!

ახლა რომ ვცადოთ იმ ფილმში აღწერილი ვითარების ექსტრაპოლირება საქართველოზე, ანუ დავუშვათ, იმ სისხლის სამართლის საქმეზე ყოფილიყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში ღია და ერთსულოვანი ვერდიქტით, რა მოხდებოდა? კონიუნქტურის მყნოსავი მოსამართლე, ხელისუფლების შეკვეთით და „მასათა მძვინვარების“ გათვალისწინებით, იმ ბიჭს უეჭველად სცნობდა დამნაშავედ. რაც შეხება ნაფიც მსაჯულებს: თუ კენჭისყრა ღია და ერთსულოვანი იქნებოდა, მაშინ..... სწორედ ქართული საზოგადოების შინაგანი, სისტემური სისუსტის და ძალისადმი მოშიშობა-მიდრეკილების გამო, ის ორი გაჯიუტებული, კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი ჯეელი, ვისაც ლიუმეტის ფილმში მარტინ ბოლსამი და ლი კობი განასახიერებენ, უეჭველად აიძულებდნენ თავისი ჩლუნგი ძალითა და თავხედობით დანარჩენებს, ღია კენჭისყრისას მიეღოთ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება, სურდათ ეს თუ არა. ჩვენს  ისტორიული ტრავმებით დაავადმყოფებულ, ძალიან სუსტ, კონფორმისტულ საზოგადოებაში, - ძალის კულტითა და სუსტის დაჩაგვრის მუდმივი ინტენციით,   - ჰენრი ფონდას გმირი გამოჩნდებოდა „ჩმორად“. დააკვირდით ფილმს: რეჟისორმა ტყუილად კი არ აირჩია ასეთი „ხატი“ იმისათვის, ვინც სიმართლეს ამბობს და ამ სიმართლით არწმუნებს სხვებს, მიუხედავად გაჯიქურებულთა თავხედი ძალისა. ქართულ საზოგადოებაში, სამწუხაროდ, ეს გამორიცხულია. პირიქით მოხდებოდა. ოღონდ......მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ნაფიცთა“ კენჭისყრა ღია იქნება. აი თუ ფარული იქნება, ნაფიცთა უმრავლესობა (2|3 ან 3|4) მსჯელობის შემდეგ უეჭველად დაუჯერებს ქართველ „ჰენრი ფონდას“ და არა თავხედებს, კუნთმაგრებსა და გაჯიქებულებს.

    1. ნაფიცი მსაჯულების შერჩევა ხდება ზუსტად ისე, როგორც ანგლოსაქსური სამართლის ქვეყნებში: დახურულ სხდომაზე, ადვოკატისა და პროკურორის მიერ გამოკითხვით. ორივე მხარეს ენიჭება უფლება უპირობოდ უარყონ 10 კანდიდატურა. ყოველი შემდგომი კანდიდატურის უარყოფას უკვე სჭირდება დასაბუთება და მოსამართლის თანხმობა
    2. ნაფიც მსაჯულებს ენიშნებათ მაღალი საათობრივი ანაზღაურება, უნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი.
    3. კანონით მკაცრად ისჯება (დიდი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით) ნებისმიერი, პირდაპირი ან ირიბი, თუნდაც მცირე ზეწოლა ნაფიც მსაჯულებზე ამა თუ იმ ფორმით; ნაფიცი მსაჯულები წინასწარ, ხელწერილით თანხმდებიან ფარულ მიყურადებას მათი ან მათი ოჯახის ან ნებისმიერი დაკავშირებული პირის მიმართ, თუ სამართალდამცავი ორგანოები რაიმე საეჭვოს შეამჩნევენ. აკრძალულია ნაფიცი მსაჯულების დასახელება, მათი სახეების ჩვენება (ეს დღესაც მოქმედებს საქართველოში) და ა.შ და ა.შ
    4. ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტილებას იღებენ დახურულ კარს მიღმა. ნებისმიერ მათგანს ეძლევა უფლება, არ გამოთქვას აზრი და განაცხადოს: „ჩემს პოზიციას გამოვხატავ კენჭისყრისას“
  1. მოსამართლესთან შეთანხმებით, ნაფიც მსაჯულებს ეძლევათ ბიულეტენი, რომელშიც მოცემულია 3 პოზიცია. პირველი პოზიცია არის პროკურატურისა ფორმულირებით: „დამნაშავეა“ ან „ნაწილობრივ დამნაშავეა“, რასაც მოსდევს მცირე, თუმცა შინაარსიანი განმარტება პასუხად კითხვაზე „რატომ“. მეორე პოზიცია არის ადვოკატისა: „უდანაშაულოა წარდგენილ ბრალდებაში“ ან „ნაწილობრივ დამანშავეა“, რასაც აგრეთვე მოსდევს დასაბუთება. ხოლო მესამე პოზიცია არის „გადაწყვიტოს მოსამართლემ“. „გაფუჭებული ბიულეტენები“ ითვლება პასუხად მესამე პოზიციის სასარგებლოდ.
    1. ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტილებას იღებენ საკუთარი სინდისის და ცხოვრებისეული გამოცდილების შესაბამისად - მარტოდმარტონი ღვთის წინაშე. ისინი გადაწყვეტილებას იღებენ არა როგორც ამ ავადმყოფი საზოგადოების წევრნი, არამედ როგორც ინდივიდნი! სწორედ ამას უზრუნველჰყოფს „ფარული კენჭისყრის“ ინსტიტუტი.   მსაჯულთა გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ პირველი ან მეორე  პოზიციის სასარგებლოდ, ფარული კენჭისყრით, ხმას მისცემს ნაფიც მსაჯულთა ორი მესამედი (ან სამი მეოთხედი - ეს მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ არა არსებითი). ყველა სხვა შემთხვევაში, თუ არც ერთ პოზიციას არ ეყო ხმები, ან ხმები თანაბრად გაიყო, ძალაში შედის მესამე პოზიცია: გადაწყვიტოს მოსამართლემ.
    2. ნაფიცი მსაჯულები არ ესწრებიან ხმების დათვლას. ხმებს ითვლის მოსამართლე, სასამართლოს რამდენიმე (2 ან 3) წარმომადგენლის თანდასწრებით. მათ მკაცრად, დიდი სასჯელის მუქარით, ეკრძალებათ ხმათა თანაფარდობის გამჟღავნება
    3.  ბოლო სხდომაზე მოსამართლე აცხადებს მხოლოდ ვერდიქტს. ნაფიცი მსაჯულები არ ესწრებიან განაჩენის გამოცხადებას

 

მესმის, რომ ეს მოდელი უნაკლო არ არის, მაგრამ ჩემი აზრით ბევრად უკეთესია იმაზე, რაც ახლა გვაქვს. უამრავ ნაკლს იპოვით, მაგრამ დღევანდელ ქართულ სასამართლოს ნაკლი კი არა უკურნებელი მანკი სჭირს: კონიუნქტურულობა! თუ არაფერი შეიცვალა, დავრჩებით იმავე მარაზმში, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით, როდესაც გვეუბნებიან: „ექვსიდან რომელიღაც ხომ არის მკვლელი, ამიტომ ყველას მკვლელობისთვის უნდა მიესაჯოს და მერე არკვიონ ერთმანეთში, რომელია მკვლელიო“.

ბოდიში, მაგრამ ეს მართლმსაჯულება არ არის!

როდესაც ბრძენი და გრძნეული ლათინები ამბობდნენ: Pereat mundus et fiat justicia. ისინი მხოლოდ იმას კი არ გულისხმობდნენ, - ქვეყანა რომ დაიქცეს, დამნაშავე უნდა დაისაჯოსო, არამედ საპირისპიროსაც: სულაც ქვეყანა რომ დაიქცეს, უდანაშაულო არ უნდა დაისაჯოს!

ხოლო ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, სანამ დანაშაულს არ დაუმტკიცებ.

 

12 ივლისი 2020 წელი.