დავბომბოთ თუ არა ერაყი?

დავბომბოთ თუ არა ერაყი?

        ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, თბილისში არ წყდება სხვადასხვა ვარაუდისა და ჰიპოთეტური მოსაზრების გამოთქმა. მათგან ყველაზე საინტერესოა ვერსია, რომლის თანახმად, ამერიკის «შემოსვლა» საქართველოში დაკავშირებულია მომავალ საჰაერო დარტყმებთან ერაყზე.
        აქვე უნდა ითქვას, რომ თვის ეს ვერსია (განურჩევლად იმისა, რამდენად განხორციელდება იგი, ან რამდენად ადეკვატურია ქართული საზოგადოების რეაქცია) არც თუ უსაფუძვლოა.
        მართლაც, თუ ამერიკა გეგმავს ერაყის წინააღმდეგ საომარი ოპერაციების განხორციელებას (არადა, პრეზიდენტმა ბუშმა ერაყი და ჩრდილოეთ კორეა ავღანეთთან ერთად დაასახელა, როგორც დარტყმის შემდეგი შესაძლო ობიექტი, ანუ «ბოროტების ღერძის» შემადგენელი ნაწილი). ასეთ შემთხვევაში საქართველოს საჰაერო სივრცე და თვით ინფრასტრუქტურაც კი, მათ შორის «მიხტომის აეროდრომები» (რუს. «აეროდრომი პადსკოკა») _ ამერიკის ძალებს აუცილებლად დასჭირდებათ. ავღანეთის შემთხვევაში არ სჭირდებოდათ, ვინაიდან ცენტრალური აზიის (უზბეკეთისა და ყირგიზეთის) აეროდრომები სავსებით საკმარისი იყო.
        მაგრამ ერაყს ამერიკა ცენტრალური აზიიდან ისევე ვერ მიწვდება, როგორც ავღანეთს ვერ მიწვდებოდა საქართველოდან.
        აქ საუბარი არ არის სტრატეგიულ ავიაციაზე: «სტელსისა» და «ბ-52» ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები ბრიტანეთის კუნძულებიდან ან თვით ამერიკის ტერიტორიიდანაც მიწვდებიან, მაგრამ ფართომაშსტაბიანი საჰაერო ოპერაციის განსახორციელებლად (ერაყი კი ავღანეთი ნამდვილად არ გახლავთ) ამერიკას აუცილებლად სჭირდება ხსენებული «მიხტომის» აეროდრომები – საჰაერო დაზვერვის, რადიოელექტრონული ბრძოლის და სხვა უამრავი თანამდევი სამხედრო ოპერაციის განსახორციელებლად.
        რასაკვირველია, ბოროტების ღერძის» თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს (ერაყთან მიმართებაში) ძალიან სერიოზული მიზეზები ჰქონდა: საქმე ის არის, რომ ერაყის ბაასისტური რეჟიმი მხარს უჭერს არაბ ტერორისტებს, მაგრამ სადამ ჰუსეინი აქტიურად აძლიერებს თავის რეჟიმს, მუშაობს ბაქტერიოლოგიური, ქიმიური და თვით ბირთვული იარაღის შესაქმენლად, რაც რეგიონში ამერიკის ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირის, საუდის არაბეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების, აგრეთვე ისრაელის მზარდ შეშფოთებას იწვევს.
        ბუნებრივად ისმის კითხვა: ამერიკას ხომ შეუძლია გამოიყენოს აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე «ინჯირლიკის» შესანიშნავი სამხედრო ბაზა, რომელიც ბევრად უფრო ახლოს არის ერაყთან, ვიდრე ვაზიანის ან მარნეულის აეროდრომი? მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ თურქეთს (როგორც ოტომანთა იმპერიის მემკვიდრეს) არაბულ ქვეყნებთან არაერთგვაროვანი და ძალიან რთული ურთიერთობა აქვს. ერთია, როდესაც თურქეთი თავად ბომბავს ერაყს _ ამ ქვეყნიდან ქურთთა სეპარატისტული ფორმირებების მოქმედების გამო და მეორეა, როდესაც მისი ტერიტორიიდან ამერიკა განახორციელებს საჰაერო დარტყმებს _ არა კუვეიტის გათავისუფლების, არამედ არაბული ქვეყნის (ერაყის) დასჯის მოტივით.
        ამდენად, არ არის გამორიცხული, თურქეთს ამერიკის წინადადებაზე უარი ეთქვა და ამერიკელები ალტერნატივის ძიებაში შემოსულიყვნენ საქართველოში.
        სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო: ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც 1988 წლიდან საქართველოში ამერიკის სტრატეგიულ შემოსვლას ქადაგებდა, როგორც კი საქმე საქმეზე მიდგა, უმალვე დაფრთხა და იწყო წუწუნი: ამერიკა შორსაა, ერაყი კი «ყურის ძირში» გვყავსო.
        კი, მაგრამ, აბა, როგორ გინდათ? ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა და მისი მოკავშირეობა, რა თქმა უნდა, გულისხმობს «წილი» პასუხისმგებლობის და რისკების თავზე აღებასაც. აბა, თუ ამერიკას არანაირი სტრატეგიული სარგებელი არ ექნება, ჩვენთვის თავი რატომ უნდა შეიწუხოს? მხოლოდ იმიტომ, რომ «ქართველები ვართ» და და ვალდებულია ჩვენი დამოუკიდებლობა დაიცვას რუსეთის ხელყოფისაგან?
        არავითარი ასეთი ვალდებულება ამერიკას არ უკისრია. ისრაელისგან განსხვავებით, ჩვენი არსებობა მან 1992 წელს შეიტყო.
        ამიტომ სტრატეგიული თვალსაზრისით, ამერიკა ჩვენთან ითანამშრომლებს მხოლოდ იმ პირობით, თუ ეს თანამშრომლობა მისთვისაც სტრატეგიულად ხელსაყრელი და სასარგებლო იქნება.
        სხვა შემთხვევაში საქართველო-ამერიკის თანამშრომლობა ჰუმანიტარული დახმარებისა და სავალუტო ფონდის მიერ ჩვენს ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის ფორმირებას (დასავლური პროდუქციის გასასაღებლად) არ გასცდება.
        მხოლოდ ამ პირობით დაგვეხმარება ამერიკა სტრატეგიული პრობლემების გადაწყვეტაში. მათ შორის, რუსეთის იძულებაში, გაიყვანოს ჯარი საქართველოდან _ რის გაკეთებასაც ეს უკანასკნელიო სულაც არ აპირებს და «ნებით» არც დააპირებს.
        ჩვენ კი, როგორც ჩანს, ამერიკასთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ერთობ უცნაური, თუ შეიძლება ასე ითქვას, «მომხმარებლური» წარმოდგენა გვქონდა: ამერიკამ უნდა გადაგვიწყვიტოს პრობლემები, ყველანაირად უნდა დაგვეხმაროს, ჩვენ კი თავი არაფერზე შევიწუხოთ.
        ასე არ გამოვა.
        საქართველოს რეალური დამოუკიდებლობა სწორედაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა პატარა ქვეყანამ თანამედროვე მსოფლიოსა და ამ ურთულესი რეგიონის «აფურთვნილ ცეცხლის ზღვაში» უნდა შესცუროს, სადაც უამრავი წყალქვეშა რიფი და მორევია.
        ეს თუ არ გვინდოდა, მაშინ 200 წლის განმავლობაში ხომ ვთვლემდით მშვიდად რუსეთის მყუდრო «ყურეში», სადაც არც ქარი იცოდა და არც ღელვა? თავად არ ვგოდებდით: «როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება». ჰოდა, რაკი გავიღვიძეთ, ახლა რთულსა და მძიმე (რისკებითა და ბრძოლის აუცილებლობით აღსავსე) რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. თუ არა და იმავე მშვიდ, ნაზად «დგაფუნა» ლაჟვარზღვიან ყურეში დაბრუნება სულაც არ არის გვიან.
        აგერ დგაფუნობს საამოდ ბათუმის «ოქროსფერ ლაჟვარდში».

დილის გაზეთი 11 მარტი, 2002 წელი