სახელისუფლებო პერტურბაციები წინასაარჩევნო ფონზე

    გუშინდელმა «საინფორმაციო ნაკადმა» დაადასტურა, რომ ვითარება სახელისუფლებო ბლოკში შესამჩნევად დაიძაბა. ამის უმთავრესი მიზეზი გახდა ნამდვილად სენსაციური ინფორმაცია ვაჟა ლორთქიფანიძისა და მისი «ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის» გაწევრების შესახებ სახელისფლებო ბლოკში.

    რატომღაც არავინ მიაქცია ყურადღება, რომ ვაჟა ლორთქიფანიძე მხოლოდ პიროვნულად კი არ შევიდა «ახალ საქართველოში», არამედ კოალიციას კიდევ ერთი სუბიექტი შეემატა -» ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის» სახით. ამ გარემოებას თავად ლორთქიფანიძე განსაკუთრებით აღნიშნავს, რითაც დასტურდება ერთ-ერთი (არა ძირითადი) მოტივაცია ვაჟა ლორთქიფანიძე ვერ უნდა გააიგივონ «პრორუსულ დაჯგუფებასთან». მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდი ხნის განმალვობაში იყო საქართველოს ელჩი რუსეთის ფედერაციაში, ამჟამად «ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის» ხელმძღვანელობა მიანც პროდასავლურ მოტივაციას წარმოადგენს.
    ყოველ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ ვაჟა ლორთქიფანიძე ამას განსაკუთრებით ამტკიცებს, თავისთავად ნიშანდობლივია. მაშასადამე, პროდასავლური ორიენტაცია კვლავინდებურად დომინანტურად რჩება, ხოლო რუსული ორიენტაციის ქადაგებით პოლიტიკოსი ქულებს ვერ დაიწერს ან, ყოველ შემთხვევაში, ისტებლიშმენტის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
    ამიტომ, ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელიც სამართლიანად მიიჩნევა რუსეთთან დაახლოების ერთ-ერთ ყველაზე თანმიმდევრულ მომხრედ და რუსული ელიტის სერიოზული ნაწილისთვისაც სავსებით მისაღები (თანაც არამარგინალურN) ფიგურაა – მიუხედავად ამისა, მაინც ცდილობს, «ქრისტიანულ-დემოკრატიული» იდეოლოგიის არგუმენტით და ევროპული ინტეგრაციის ნიშნით, დაბრუნდეს დიდ პოლიტიკაში.
    ამით მან პრეზიდენტსაც გაუადვილა გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, ედუარდ შევარდნაძის მოტივაცია უკვე სულ სხვა ხასიათის იყო – მას სჭირდებოდა ისეთი ფიგურა, ვინც შეძლებდა მმართველი პარტიის ამჟამინდელი შემადგენლობის «შეკრება-მორიგებას». მცირე «ფრონდის» მიუხედავად, ვაჟა ლორთქიფანიძეს, ამ თვალსაზრისით, საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვს. გარდა ამისა, მისი მოწვევა «პირველ ნომრად» სახელისუფლებო კოალიციაში იმასაც ნიშნავს, რომ ამჟამინდელი სახელმწიფო მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე, ინარჩუნებს (ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტს ასე სურს) თავის პოსტს.
    სხვა შემთხვევაში, ვაჟა ლორთქიფანიძის მოწვევა მეტისმეტად მწვავე დაპირისპირებისა და განხეთქილების მაჩვენებელი იქნებოდა, რაც პრეზიდენტის სტილი არ არის. ლორთქიფანიძეს ხომ იგი სწორედ «გამაწონასწორებელ» ფიგურად აღიქვამს. ხოლო, რაკი ლორთქიფანიძე საარჩევნო სიას სათავეში ჩაუდგა, ესე იგი, ავთანდილ ჯორბენაძე სიაში არ იქნება – იგი რჩება სახელმწიფო მინისტრად და ეს, უპირველესად, თვით პრეზიდენტის სურვილი იყო.
    ედუარდ შევარდნაძე ჯორბენაძეს შეუცვლელ ფიგურად აღიქვამს ამ პოსტზე. თუმც,ა ესეც შეფარდებითი ცნებაა: 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ შეიცვლება.
    თუ საკონსტიტუციო ცვლილება (მინისტრთა კაბინეტის შემოღება) რთულ საპარლამენტო კომპრომისებს მოითხოვს მომავალ უმრავლესობას და მომავალ ოპოზიციას შორის, მნიშვნელოვანი იქნება, რაზე შეჯერდებიან გარდაუვალი კონსტიტუციური რეფორმის პერიოდში: ფრანგულ თუ გერმანულ ვარიანტზე. უკვე არც ერთი ვარიანტი გამორიცხული არ არის: რეფერენდუმით პარლამენტის რიცხოვნების შემცირებით ორპალატიანი პარლამენტის სპეციფიკური კონფიგურაცია იკვეთება, რომელშიც სენატის თავმჯდომარის პოსტს, დიდი ალბათობით, ამჟამინდელი პრეზიდენტი დაიკავებს, ისევ და ისევ, კონსტიტუციური ნორმის შესაბამისად. სხვათა შორის, ამგვარი ნორმა ბევრ ქვეყანაში მოქმედებს – როდესაც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტი იკავებს მაღალ პოსტს სენატში. მთელი ამ პერტურბაციის მაჩვენებელი და გამოვლინება კი სწორედ ვაჟა ლორთქიფანიძის დანიშვნა იყო. მაგრამ მოსაზრება, თითქოს, ვაჟა ლორთქიფანიძის «გაპირველკაცება» არჩევნების შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მის დაბრუნებას ნიშნავს, სამართლიანი არ უნდა იყოს.
    ხელისუფლების ნგაწილობრივი ცვლის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები სწორედ პარლამენტში განვითარდება, რადგან იქ უნდა გადაწყდეს, რა პირობებსა და როგორი თანდაყოლილი თვისებებით დაიბადება ახალი საქართველო.

დილის გაზეთი, 8 სექტემბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე