2000: დემოკრატია ქართულად

2000: დემოკრატია ქართულად

        გუშინ «მართლმადიდებელმა მანიფესტანტებმა» საპროტესტო აქცია მოაწყვეს ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ის ოფისთან, - მარტინ სკორსეზეს სკანდალური ფილმის «ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების» ჩვენების საწინააღმდეგოდ.
        დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ ფილმი «ანტიქრისტიანულია» და ამდენად «რყვნის და შეურაცხყოფს ქრისტიანის» გრძნობებს. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას: სკორსეზეს ამ ფილმმა გაცილებით უფრო მძვინვარე რეაქცია გამოიწვია ევროპაში, ვატიკანმა გააფთრებული პროტესტი გამოთქვა, კათოლიკეებმა კინოთეატრები დაარბიეს.
        მიუხედავად ამისა, ფილმს არნახული წარმატება ჰქონდა, - კინოთეატრები ხალხს ვერ იტევდა, ვიდეოასლებით შემოსავლებმა ზღაპრულ თანხებს მიაღწია. ერთი სიტყვით, მარტინ სკორსეზემ ამ (მხატვრული თვალსაზრისით მდარე) ფილმით გვარიანად მოითბო ხელი.
        ბევრი კრიტიკოსი წერდა, რომ სკორსეზეს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და სპეციალურად «შექმნა» სკანდალი, რათა ისეთი ფინანსური მოგება მიეღო, რაც ვისკონტისა და ფელინის თავიანთი უბრწყინვალესი, მაღალმხატვრული ფილმებისთვისაც კი «არ დაესიზმრებოდათ».
        იმ დროს ერთმა ირანელმა აიათოლამ დამცინავად ჩაიქირქილა «კორიერა დე ლა სერასათვის» მიცემულ ინტერვიუში: «აი, კიდევ ერთი ნიშანი დასავლური ცივილიზაციის მომაკვდავი სიდამპლისა, - ინგლისში მცხოვრები ინდუსი მწერალი სალმან რუშდი ხომ დღემდე იმალება მას შემდეგ, რაც მუჰამედის შეურაცხმყოფელი ლექსებისათვის მრისხანე იმამმა ჰომეინიმ «დაუსწრებლად» სიკვდილი მიუსაჯა.»
        მართლაც, სალმან რუშდი დღემდე იმალება ინგლისური სპეცსამსახურის რომელიღაც კონსპირაციულ ბინაზე და გარეთ გამოსვლას ვერ ბედავს იმის შიშით, რომ ისლამისტმა ფუნდამენტალისტებმა სიცოცხლეს არ გამოასალმონ  (იმამის დაპირებულ სამოთხეზე ტკბილი ოცნებით) ჰომეინის განცხადებით ხომ რუშდის მკვლელს სამოთხე გარანტირებული აქვს!
        მთელი ეს ისტორია ჩვენთვის მხოლოდ იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც ქართულ საზოგადოებაში მიმდინარე ძალზე მტკივნეულ პროცესებს ასახავს. გრძელდება ამ საზოგადოების ტრანსფორმაცია შინაგანი მხსვრევით – ამ მომენტს განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი. არა ძალდატანებით (გარედან), არამედ სწორედ შინაგანი მსხვრევით, ობიექტურად მიმდინარე პროცესების ზეგავლენით.
        ჯაბა იოსელიანის დაუვიწყარი «ფრთოსანი მაქსიმა»: «დემოკრატია ლობიოობა არ გეგონთ» - ბევრმა საქართველოში «ბებერი მოჯაჰედინისათვის» დამახასიათებელ «შავ იუმორად» აღიქვა.
        არადა მხოლოდ დღეს, როდესაც დემოკრატიულმა სისტემამ როგორც იქნა დაიწყო თავისი ჭეშმარიტი არსის, ჭეშმარიტი პრობლემატიკისა და სირთულეების გამოვლინება – ახლაღა მიხვდა საზოგადოება, რომ ძალიან მძიმე განსაცდელი ელის.
        დავაკვირდეთ: ტოტალიტარული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი კლიშეები დღეს უკვე ვეღარ მუშაობს, ვეღარ ხერხდება პრობლემის «გასაგნება» - მათ შორის ხელისუფლებასთან მისი გაიგივება და, რაც მთავარია, პერსონიფიცირება.
        აბა რომელი იდიოტი დაიჯერებს, რომ ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ს მიხეილ სააკაშვილმა «დაუკვეთა» სკორსეზეს ფილმის ჩვენება «ახალგაზრდობის გასარყვნელად», ხოლო თვით ეს ტელეკომპანია «შავი მაგიის ბუდე და მსოფლიო მასონობის აგენტია»?!
        რამდენიმე ასეთი იდიოტი მოიძებნება, მაგრამ უმრავლესობა ამას არ დაიჯერებს. ამიტომ ის ხალხი, ვინც სინამდვილეში ტოტალიტარული მენტალიტეტის მატარებელია (განურჩევვლად იმისა, საბჭოთა ეპოქაში რაიკომის მდივანი იყო თუ «ეროვნული დისიდენტი») – ახლა ფრთამოტეხილი ყვავით ფართხალებს – მას არ შეუძლია შეურიგდეს იმ აზრს, რომ დემოკრატია ნიშნავს უპირველეს ყოვლისა სხვისი თავისუფლების პატივისცემას – იმ შემთხვევაშიც, თუ ამ თავისუფლების გამოვლინება შენი მრავალმხრივობისა და თვით ზნეობრივი კოდექსისთვისაც კი მიუღებელია.
        სხვაგვარი დემოკრატია ბუნებაში არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს – ტოტალიტარიზმი იწყება იქ, სადაც იწყება «იდეოლოგიური აკრძალვა» გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თვით თავისუფლებაა (ასე ვთქვათ) «იდეოლოგია» (რა თქმა უნდა, პირობითად).
        «შენი თავისუფლება უნდა დამთავრდეს იქ, სადაც იწყება ჩემი თავისუფლება» - ეს არის დასავლური, დემოკრატიული ცივილიზაციის საფუძველთა საფუძველი და არავითარ შემთხვევაში: «შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება ჩემი მსოფლმხედველობა და ზნეობრივი კოდექსი». ხოლო თუ ადამიანი სხვა ადამიანს «აიძულებს» რამეს – ამით იგი მის თავისუფლებას ხელყოფს, ამიტომ აქ არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს.
        დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს შორის განსხვავება ზემოთ მოყვანილ მაგალითშიც ვლინდება: მარტინ სკორსეზეს ფილმი საბოლოოდ მაინც ვერ აკრძალეს, დებოშირებმა ათი ათასობით კინოთეატრიდან ორიოდე თუ დაარბიეს, მილიონობით ვიდე-ასლიდან რამდენიმე ასეული დაწვეს, სკორსეზეს სახლს დამპალი კვერცხები დაუშინეს, მაგრამ ხელისუფლებას მათთვის «სიკვდილი» არ მიუსჯია და როგორც ჩვენში იტყვიან «ყურებზე ხახვიც ვერ დააჭრეს» მაშინ, როდესაც ირანის ხელისუფლების (დიახ, ხელისუფლების) განაჩენით, სალმან რუშდის სიკვდილი მიესაჯა;
        სხვათა შორის, განსხვავება აქ საზოგადოების (ან, უხეშად თუ ვიტყვით, «უმრავლესობის») დამოკიდებულება როდია – ირანის მოსახლეობის 99 პროცენტი სალმან რუშდისათვის სიკვდილს მოითხოვდა. ასევე, შესაძლოა, გულის სიღრმეში სიკვდილს უსურვებდა მარტინ სკორსეზეს (ვთქვათ) ესპანეთის «კეთილ კათოლიკეთა» 99 პროცენტი, რომელიც, თავის მხრივ, ამ ქვეყნის (ისევე, როგორც იტალიის) მოსახლეობის დიდ უმრავლესობას შეადგენს, მაგრამ დემოკრატიული სისტემა სწორედ იმით განსხვავდება ტოტალიტარულისაგან, რომ იგი იცავს უმცირესობას იმ შემთხვევაშიც კი, თუ უმცირესობა – აბსოლუტურ უმრავლესობას აღიზიანებს და არისხებს.
        ჩვენს შემთხვევაში ყველას, ვისთვისაც მარტინ სკორსეზეს ფილმი «შეურაცხმყოფელი» იყო, სულ ადვილად შეეძლო ამ პრობლემის გადაჭრა. უბრალოდ, გადაერთო ტელემიმღები სხვა არხზე. ტელევიზორს ხომ აქვს ეს ძვირფასი თვისება – თუ რამე არ მოგწონს, შეგიძლია გამორთო ან გადართო; უკიდურეს შემთხვევაში, ფანჯრიდან – ქუჩაში გადააგდო (ოღონდ, წინასწარ შეამოწმო, ვინმეს არ დაეცეს), მაგრამ საქმეც სწორედ ის არის, რომ ტოტალიტარული მენტალიტეტის ადამიანებს ეს არ აკმაყოფილებთ. მათ სურთ მხოლოდ მათი განწყობა, მათი კრედო, მათი შეხედულებები იყოს არა მხოლოდ დომინირებადი, არამედ (რაც მთავარია) აბსოლუტური, ყოვლის და ყველას მომცველი.
        სკორსეზეს ფილმის საწინააღმდეგოდ გამართული დემონსტრაციის ერთ-ერთი მონაწილე გაგულისებით აცხადებდა: «მე თქვენი უბედურება მაღელვებს, - თქვენ რომ დაიღუპებით, თორემ მე მაინც არ ვუყურებო».
        ჰოდა თუ არ უყურებ – მე რას მერჩი, რა შენი საქმეა მე დავიღუპავ თავს თუ არა? – აქედან ერთი ნაბიჯია ინკვიზიციის კოცონამდე, რომელიც ინთებოდა ზუსტად ასეთივე პრინციპით: «სჯობს ცოცხლად დავწვათ, რათა არ დაიღუპოს». ახლა იმ დამწვარისთვის გეკითხათ, თავად რა უფრო მიაჩნდა «დაღუპვად» - როგორია, კოცონზე რომ შეგწვავენ «შენსავე გადასარჩენად»?
        ჭეშმარიტმა დემოკრატიამ ასეთი პრობლემების გადასაწყვეტად დიდი ხნის წინ შეიმუშავა უებარი საშუალება: მაგალითად, არც ერთმა სახელმწიფო არხმა (საფრანგეთსა და იტალიაში), რომლებიც საერთონაციონალურ ფასეულობებს გამოხატავენ, სკორსეზეს ფილმი არ უჩვენა. სამაგიეროდ, იმავე არხზე ქვეყნდებოდა განცხადებები, თუ მსურველებს სად, რომელ კინოთეატრში და როდის, რომელ კერძო არხზე შეეძლო ენახა ეს ფილმი, რომელიც (იქვე აღნიშანვდნენ) «ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ტრადიციას». ის, ვისაც არ სურდა საკუთარი რწმენა შეურაცხეყო, უბრალოდ, არ ნახავდა ამ ფილმს – მორჩა და გათავდა! ასევე საქართველოშიც.
        მაგრამ ჩვენში ასეთი მიდგომა ბევრს აღიზიანებს, თუმცა სულერთია, მათ მაინც მოუწევთ შეურიგდნენ თავისუფლების უმთავრეს პრინციპს – საბედნიეროდ, ბევრი პროცესი შეუქცევადია, ხოლო ისტორიის ბორბალს უკუღმა ვეღარავინ შეატრიალებს.
        ისევე, როგორც საქართველოში ვერავინ აღადგენს ტოტალიტარულ საზოგადოებას.

7 დღე, 19 მაისი, 2000 წელი