ედუარდ მანე და მისი ეპოქალური ტილო.

ედუარდ მანე და მისი ეპოქალური ტილო.

წარმოიდგინეთ მეგობრებო, რომ მიხვედით ფილარმონიაში `სუხიშვილების` კონცერტზე.

სავსეა დარბაზი.

გამოაცხადეს "ცეკვა ქართული"....ანუ სუუუუულ, სულ მთავარი ქართული ცეკვა.

გადმოხტა ვაჟკაცურად მამაკაცი მოცეკვავე ჩოხაში.....გამონარნარდა ქალი და....და......არის სრულიად შიშველი!

ცეკვავენ ვითომც არაფერი.....

წარმოიდგინეთ შოკი ხომ?

ახლა ეს შოკი გაამრავლეთ ათზე და მიიღებთ პარიზის `ელიტური საზოგადოების` რეაქციას 1866 წლის სამხატვრო სალონზე, სადაც პირველად გამოფინეს (უფრო ზუსტად, სცადეს გამოეფინათ) ედუარდ მანეს ეს იდუმალი შედევრი: `საუზმე მდელოზე`. Le déjeuner sur l'herbe (1863წ)

სხვა ვერსიით, გამოფენა ვერც მოასწრეს, - მაშინვე მოიხსნა იმ ``სვეცკების`` და განსაკუთრებით პარიზელი ქალბატონების გულყრა- წივილ/კივილის გამო.

იმპერატორმა ნაპოლეონ მესამემ ბრძანა: ახალ `დიდ რევოლუციას` ნუ გამიჩალიჩებთ (ისიც გვეყო თავის დროზე) და ეს სკანდალური ნახატი სადმე დამალეთო. თუმცა ჭკუა არ აკლდა, ამიტომ სხვა იმპრესიონისტებთან ერთად "უარყოფილ ტილოებთან" ცალკე მიუჩინა ადგილი.

. . . . . . . . . . . . . . . .

და მაინც, რატომ ითვლება ეს ქმნილება ასე მნიშვნელოვნად?

შეიძლება ითქვას, არა მხოლოდ იმპრესიონიზმი, როგორც მხატვრული ჟანრი, არამედ თვით თანამედროვე ევროპაც კი, ცივილიზაციური თვალსაზრისით მათ შორის მანეს ამ ქმნილებით დაიწყო!

აქ არ არის არავითარი გადაჭარბება.

ამ ტილომ იქუხა და იგრიალა იმ სოციუმში, რომელიც სტილს, გემოვნებას, ხელოვნებასა და ცხოვრების წესს ერთმანეთისგან არ ანსხვავებდა და უდიდესი პოლიტიკური გავლენაც ჰქონდა.

. . . . . . . . . . . . . . . .

ახლა კი შევხდოთ ამ ქალს, რომელიც პირველწყაროდ იქცა. პირველი უცნაურობა ისაა, რომ იგი თითქოს შიშველია, მაგრამ....... არც არის შიშველი. ასეა ხომ?

აბა შეხედეთ: განა შიშველია? არა.

ანუ ედუარდ მანემ არც ერთი კლასიკური (!) წითელი ხაზი არც ერთი სანტიმეტრით არ გადალახა და მაინც რევოლუციური შედევრი შექმნა.

ესაა მისი უპირველესი გენია.

არადა, შიშველი ქალების მეტს რას ხატავდნენ მაშინ ფრანგები?

კი, ხატავდნენ ოღონდ.....ოღონდ...... ქალღმერთებს და მითოსის პერსონაჟებს. ყოველ შემთხვევაში სალონურ დონეზე - ნამდვილად!

თორემ მულენ რუჟის ადგილზე რა დაწესებულებაც იყო იმ წისქვილის დატრიალებამდე იქ - კი ბატონო.

რეალურად, პარიზში გრანდიოზული სკანდალი გამოიწვია არა ქალის სიშიშვლემ, თავისთავად, არამედ სოციალურმა კონტექსტმა: ქალი - არისტოკრატიულად ჩაცმულ მამაკაცთა შორის, რომლებიც მას თითქოს ვერც ამჩნევენ.

ნახეთ რა უცნაურია თითქოს: ქალი იქ არის, მაგრამ.....არც არის....თან რა თამამად იყურება აქეთ - მომავალში, როდესაც უკანა პლანზე მეორე ქალი მუშტში სათუთად იკრებს ქალურობასა და კდემამოსილებას.

ახლა გეკითხებით: ეს სცენა ნორმალურია?

არ არის ნორმალური!

არ არსებობს დედამიწაზე გეოგრაფიული წერტილი და არ არსებობს კაცობრიობის ისტორიაში ქრონოლოგიური წერტილი, როდესაც ეს სცენა ნორმალურად და ბუნებრივად მოეჩვენება ვინმეს: ორი `დენდივით` ჩაცმული მამაკაცი და იქვე `შიშველი` ქალი, რომელსაც მამაკაცები ყურადღებას არ აქცევენ, თითქოს იქ არის კიდეც და არც არის.

მაგრამ....ნახეთ:

საქმეც ისაა, რომ თვით ეს ქალი იმდენად ბუნებრივია, იმდენად უშუალოა, იმდენად თავისუფალი და თავისთავადია, რომ არაბუნებრივ სცენას ბუნებრივად აქცევს, არანორმალურ მიზანსცენას - ნორმალურად.

ეს არის ნორმალურობა - არანორმალურობაში და ბუნებრიობა არაბუნებრივში.

და ესაა ედუარდ მანეს მეორე გენია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

წინ იყო უსასტიკესი მარცხი ბისმარკის გერმანიასთან, წინ იყო საზარელი "პარიზის კომუნა", თუმცა ამ ისტორიულ ქარცეცხლში ეპოქათა ცვალებადობის წინასწარმეტყველად ელავს ქალის იდუმალი ღიმილი, ასე ძალიან რომ ჰგავს ჯოკონდას ღიმილს.

დათო