თურქეთი, როგორც რუსული ბაზრის ალტერნატივა

თურქეთი, როგორც რუსული ბაზრის ალტერნატივა

        თურქეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს საქართველო-თურქეთის ბიზნეს-საბჭოს სხდომაზე საოცარი ციფრები დასახელდა. როგორც აღმოჩნდა, თურქული ბაზარი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უდიდესი მომხმარებელია.
        თურქეთში აქტიურად გადის საქართველოდან (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოდან) ყველაფერი – დაწყებული თხილით, დამთავრებული საქონლის ხორცით. თურქ ემისრებს დასავლეთ საქართველოში ნამდვილი «ნადირობა» აქვთ გამოცხადებული ქართველ მწარმოებელსა და მიმწოდებელზე. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია (ბაღჩეულის ჩათვლით) ეკოლოგიურად სუფთად, მაშასადამე, გაცილებით უფრო ხარისხიანად ითვლება თურქულ ბაზარზე - უპირველესად, აღმოსავლეთ თურქეთის რეგიონებში.
        თუმცა, ჩვენს პროდუქციას სტამბოლშიც კი შეხვდებით. ეს გარემოება მთლიანად აბათილებს მათ მოსაზრებას, ვინც დღენიადაგ ამტკიცებს, რომ «რუსული ბაზრის გარეშე საქართველო დაიღუპება». არადა, ექსპორტის მოცულობით, თურქეთი უკვე რუსეთს კიდეც აღემატება. გარდა ამისა, რუსეთი აღარ არის «დახურული ბაზარი» როგორც საბჭოთა პერიოდში, როდესაც რუსულ – საბჭოთა ბაზარზე ქართულ ჩაის და ქართულ ღვინოს, ისევე, როგორც ციტრუსებს, კონკურენტი არ ჰყავდა! დღეს საქართველოში წარმოებული ნებისმიერი პროდუქცია რუსეთის ბაზარზე ისეთივე კონკურენციას აწყდება, როგორც თურქეთში.
        ტრანსპორტირების თვალსაზრისით კი, თურქეთი ბევრად უფრო მოხერხებულია და მისაწვდომი, რომ აღარაფერი ვთქვათ მეტად განვითარებულ ინფრასტრუქტურასა და მოსახლეობის გადახდისუნარიანობის შეუდარებლად მაღალ დონეზე.
        გარდა ამისა, თურქეთში მიუღებელია ის ფენომენი, რაც დამახასიათებელი იყო და არის რუსეთისათვის – თურქეთში ვაჭრობა არასდროს ითვლებოდა «სპეკულაციად», ანუ საძრახის საქციელად (დაზგასთან მდგომი მუშის შრომასთან შედარებით).
        შესაბამისად, ქართველ «სპეკულიანტს» თურქეთში ის ფსიქოლოგიური დისკომფორტი არა აქვს, როგორსაც რუსეთში აწყდებოდა და აწყდება.
        საკუთრივ თურქეთის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი საბაჟოა, ხოლო რუსეთში ფედერაციის ყველა სუბიექტს საკუთარი საბაჟო აქვს მოწყობილი, სადაც მოქალაქეებს უმოწყალოდ ატყავებენ «კანონიერი» და «უკანონო» ყაჩაღები.
        მართლწესრიგის დონითაც, დღევანდელი რუსეთი შეუდარებლად ველური ქვეყანაა, ვიდრე თანამედროვე თურქეთი. თურქეთში კონკურენტი ბიზნესმენის ერთი «შეკვეთილი მკვლელობაც» არ მომხდარა 1987 წლის შემდეგ. რუსეთში კი ქილერები ლამის ყოველდღე «დასტობით» ხოცავენ საქმიან ადამიანებს სულ სამი-ოთხი ათას დოლარად.
        აქედან გამომდინარე, ეგება გუშინდელი ქიმერების დევნას, უპირველესად, ჩვენს კარის მეზობელ, სტაბილურად დემოკრატიულ თურქეთის რესპუბლიკასთან განვავითაროთ ეკონომიკური ურთიერთობა – საქართველოც და თურქეთიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები არიან, ანუ ოღონდ რამე აწარმოე და 60-მილიონიანი თურქეთის ბაზარი ვითომ ნაკლებ ყოვლისშთანმთქმელია, ვიდრე რუსეთის?
        ედუარდ შევარდნაძის ანკარაში ყოფნისას, მასპნინძლებმა პრობლემებზეც გულწრფელად ისაუბრეს, ვინაიდან, ეს პრობლემები ხელს უშლის თანამშრომლობის განვითარებას.
        ჯერ ერთი, საშველი უნდა დაადგეს საქართველოს საავტომობილო გზებზე მძღოლთა ძარცვას. თურქი მძღოლები ჩივიან, რომ ამ თვალსაზრისით, საქართველო რუსეთს ბევრად არ ჩამოუვარდება. გარდა ამისა, გადასაწყვეტია «თურქეთში ეარვეიზის» პრობლემა. იგი ითხოვს მხოლოდ თანასწორუფლებიანობას საქართველოს ავიაკომპანიასთან. ამჟამად მუშავდება რამდენიმე პერსპექტიული პროექტი, მათ შორის, ფარავანის ტბაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელმაც, შესაძლოა, მთლიანად გადაწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა სამხრეთ საქართველოში და ექსპორტიც კი განახორციელოს.
        ორი თურქული კომპანია მზადაა, შეისყიდოს გამომუშავებული ელექტროენერგია, თუმცა, მშენებელი ფირმა ელექტროსადგურის აგებას დაიწყებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც წინასწარ გააფორმებს ხელშეკრულებას ელექტროენერგიის შესყიდვაზე.
        გრძელდება მოლაპარაკება ბათუმის აეროპორტისათვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. სულ მალე გაიხსნება რიგით მესამე (ჩილდირ-კარწახის) საბაჟო-საკონტროლო გამშვები პუნქტი საქართველო-თურქეთის საზღვარზე.
        ახალქალაქის რაიონში კი ორივე მიმართულებით დაიწყება რკინიგზის მშენებლობა, რომელიც საქართველოს დააკავშირებს თურქეთისა და ევროპის რკინიგზასთან. თურქული მხარის განცხადებით, აუცილებლად მოიძებნება დასავლური ფირმა (ბანკი), რომელიც საქართველოს მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს ან დააზღვევს.
        ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტიც, საკუთრივ ნავთობსადენის გარდა, სხვა მრავალი თვალსაზრისითაც ქმნის თანამშრომლობის პერსპექტივას, ვინაიდან, თანამდევი ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს.
        არ არის გამორიცხული, თურქეთის შემდგომ ეკონომიკური აღმავლობასთან ერთად (დღეს სტამბოლსა და ანკარაში ჩასული ქართველები, თუ ისინი 1990-92 წლებშიც ყოფილან თურქეთში, გაოცებით აღნიშნავენ, რომ ფასები ორჯერ-სამჯერ არის გაზრდილი და ეს ქვეყანა საოცარი სისწრაფით იცვლება), საქართველო დასავლელი ინვესტორებისთვის იმ თვალსაზრისითაც გახდეს საინტერესო, რომ მათ შეეძლებათ ჩვენს ქვეყანაში (შედარებით იაფი მუშახელის პირობებში) დააფუძნონ საწარმო და პროდუქცია შეუფერხებლად გაიტანონ თურქეთის ბაზარზე ყოველგვარი ბარიერის გარეშე - ისევ და ისევ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდების შესაბამისად.
        თურქეთში სწრაფად ვითარდება ახალი ტექნოლოგიებიც. ამ თვალსაზრისით, მან რუსეთი უკვე შორს მოიტოვა, ანუ რუსეთმა ვერ გამოიყენა ის ერთადერთი რეალური კოზირი, რაც შემორჩა საბჭოთა პერიოდიდან - უაღრესად მაღალკვალიფიციური ტექნიკური ინტელიგენცია.
        ვისაც კი რაიმეს უნარი ჰქონდა, დიდი ხანია ევროპასა და ამერიკაში გადასახლდა. თურქეთი ამზადებს ყველაფერს ჭანჭიკიდან ავტომანქანამდე. არ არსებობს არც ერთი სახეობის საქონელი, რომლის შემოთავაზებისა და მოწოდების თვალსაზრისით, თურქეთმა რუსეთი ვერ «ჩაანაცვლოს», თანაც არანაკლებ ხარისხიანი და იაფი პროდუქციით.
        როგორც ჩანს, ყველა ამ შესაძლებლობის გათვალისწინებით, ედუარდ შევარდნაძე თურქეთის რესპუბლიკასთან განსაკუთრებული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების დამყარებას ცდილობს, რაც დღევანდელ ვითარებაში სავსებით გამართლებულია – რუსეთი უახლოეს მომავალში ვერ მოახერხებს საკუთარი პრობლემების გადაწყვეტას, ხოლო თურქეთი შეიძლება იქცეს ხიდად საქართველოსა და დასავლეთს შორის.
        2004-2005 წლისათვის ევროპულ დღის წესრიგში აქტიურად დაისმება ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების საკითხი. ასეთ ვითარებაში ორიენტაციაზე «დისკუსია» უბრალოდ, უაზრობაა - ყოველგვარი ჩრდილოური ორიენტაცია უსაგნო ხდება, ვინაიდან თვით «ჩრდილოეთი» აღარ არსებობს, როგორც გეოეკონომიკური ფენომენი. რუსეთის ერთადერთი უპირატესობა იყო ნაცნობი ენობრივი სივრცე, მაგრამ ეს პრობლემა თურქეთშიც გადაწყდება. რაც შეეხება ენერგეტიკას, 2003 წლისთვის საქართველო აზერბაიჯანისაგან (თურქეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად) მიიღებს საკმარის საწვავს.

დილის გაზეთი, 31 იანვარი, 2001 წელი