რუსი მშვიდობისმყოფელები «მუდმივ სტატუსს» მოელიან

        უკვე რამდენიმე დღეა, რუსეთის დედაქალაქში მიმდინარეობს «ზესაიდუმლო» მოლაპარაკებები გალის რაიონისა და აფხაზეთის მომავალი ბედის თაობაზე. ქართული მხრიდან ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე. ბოლო დროს მოლაპარაკებებში ჩაერთო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე, ასევე, აქტიურობს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ვლადიმირ რუშაილო.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ყურადღების აქცენტირება გალის რაიონზე სავსებით გამართლებულია, ვინაიდან, სამურზაყანო აფხაზეთის «გასაღებია» და ამ რაიონის «მოგება» ძალიან სერიოზული პლაცდარმის მოპოვებას ნიშნავს, ოღონდ, აქვე უნდა გავითვალისწინოთ: ეს თუ ჩვენ ვიცით და ამას ჩვენ თუ ვხვდებით, - ეს იციან აფხაზებმაც.
        ვერ ვიტყვით, თითქოს, მოსკოვი ამ მოლაპარაკებებს უყურადღებოდ მოეკიდა. პირიქით, ყველანაირად ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ პრიორიტეტი ამ კონფლიქტის გადაწყვეტაში სწორედ მათ ეკუთვნით. სასწრაფოდ მიიწვიეს სეპარატისტთა ლიდერები (ჯერგენია და შამბა) და ერთგვარი «ჯვარედინი მოლაპარაკებაც» გამართეს, ანუ რუსი დიპლომატები ცალ-ცალკე ხვდებოდნენ თბილისის (ჯაფარიძე, ანთაძე) და სოხუმის წარმომადგენლებს.
        სხვადასხვა წყაროს ცნობით, ქართულმა მხარემ (ეროვნული უშიშროების საბჭოს ერთი თვის წინანდელი გადაწყვეტილების საფუძველზე) მოსკოვს (ჯერ მოსკოვს - რაც, აგრეთვე, სწორია) შესთავაზა გალის რაიონში სამშვიდობო ოპერაციის შინაარსის თვისებრივი შეცვლა. გალში იქმნება, ფაქტობრივად, კოალიციური ადმინისტრაცია გაეროს ეგიდით. სამშვიდობო ჯარებს ენიჭებათ მოსახლეობის დაცვის ფუნქცია (მოვალეობა), გალის ძველ საზღვრებში ბრუნდებიან ქართველი დევნილები, რაც ბუნებრივად (აფხაზური ადმინისტრაციისა და პოლიციის არარსებობის პირობებში) გამოიწვევს საქართველოს იურისდიქციის აღდგენას ამ რეგიონში - ისევე, როგორც კოდორის ხეობაში.
        რუსი დიპლომატები და სახელმწიფო მოღვაწეები (რუშაილოს ჩათვლით) იფიცებიან, რომ «ყველაფერს იღონებენ, რათა აფხაზური მხარე დაარწმუნონ, მიიღოს თბილისის გეგმა». ანრი ჯერგენიამ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა: «საქართველო ცდილობს, ძირფესვიანად შეცვალოს სამშვიდობო ოპერაციის არსი აფხაზეთში». მისი განცხადება უეჭველად მეტყველებს, რომ ჯერგენიას ყოფნისას რუსეთის უშიშროების საბჭოში ეს საკითხები ნამდვილად განიხილებოდა. შესაძლოა, რუსი დიპლომატები მართლაც «არწმუნებდნენ» მას, მიეღო გეგმა. მით უმეტეს, თუ სიმართლეს შეესაბამება ინფორმაცია, საქართველო მზად არის, ფაქტობრივად, «მუდმივი სტატუსი» მიანიჭოს აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალებს, - ღალიძგაზე მათ გადაწევის შემთხვევაში.
        მაგრამ მთავარი ის გახლავთ, თუ რის ფასადაა მზად რუსეთი ამ პრივილეგიის (აფხაზეთში მუდმივი ყოფნის) მისაღებად. თუ ამისთვის საკმარისი იქნება ჯერგენიასადმი თხოვნა - რატომაც არა. მაგრამ თუ ჯერგენია არ დათანხმდა (არადა, არ დათანხმდება ნებით, ცხადია), რუსეთი არც ეკონომიკურ სანქციებს განახორციელებს, არც ფსოუზე საზღვარს ჩაკეტავს და არც (მით უმეტეს) რაიმე სამხედრო აქციას ჩაატარებს სეპარატისტული აფხაზეთის წინააღმდეგ.
        ასეთ შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ უნდა დათანხმდეს წინადადებებს აფხაზური მხარე? მისთვის ხომ გალის რაიონში საქართველოს იურისდიქციის აღდგენაც და იქ (უმალვე) «ნადარეიშვილის მთავრობის» გადასვლა კატეგორიულად მიუღებელია.
        რა ბერკეტი გვაქვს, რათა ისინი ვაიძულოთ, დაეთანხმონ სამშვიდობო ოპერაციის შინაარსის შეცვლას? ერთადერთი სამშვიდობო ძალების გაყვანის მუქარაა.
        მაგრამ ძალზე საეჭვოა, სეპარატისტებს ამის შეეშინდეთ. ჯერ ერთი, ისინი ომისთვის ყოველთვის მზად არიან და რუსეთის (ჩრდილოეთ კავკასიის მონათესავე ხალხების) მხარდაჭერის იმედიც აქვთ.
        გარდა ამისა, უბრალოდ, წარმოუდგენელია, დღეს საქართველომ ფართომაშსტაბიანი ომი დაიწყოს, ყოველ შემთხვევაში, მანამ, ვიდრე «წვრთნისა და აღჭურვის» პროგრამა დასრულდება და ქვეყანას რამდენიმე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფი ეყოლება.

დილის გაზეთი, 7 ივნისი, 2002 წელი

მთელ გვერდზე