ჯაბა იოსელიანს ამ სახელმწიფოს პრემიაც არ უნდა

ჯაბა იოსელიანს ამ სახელმწიფოს პრემიაც არ უნდა

 

    როგორც ცნობილია, «მხედრიონის» ყოფილი ლიდერი, მკვლელობაში, ტერორიზმსა და ბანდიტიზმში ეჭვმიტანილი ჯაბა იოსელიანი სახელმწიფო პრემიაზე წარადგინეს რომანისათვის «ლიმონათის ქვეყანა». ჯაბა იოსელიანის «ანდერგრაუნდი» ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში იპყრობდა გარკვეულ ყურადღებას. ყოველ შემთხვევაში, ინტელიგენციას მისი არც ერთი ნაწარმოები თვალთახედვიდან არ გამოპარვია; მაგრამ დღეს, როდესაც «საუკუნის პროცესამდე» («მხედრიონის სასამართლომდე») სულ ერთი თვე დარჩა, ქართველი მწერლების თავგამოდება აშკარად ატარებს პოლიტიკურ ქვეტექსტს; იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვით ამ მწერლებს აზრადაც არ მოსვლიათ პოლიტიკური ქარაგმის ჩადება თავიანთ წინადადებაში - ჯაბა იოსელიანს მიენიჭოს სახელმწიფო პრემია - საზოგადოება ამ წინადადებას მაინც იოსელიანის პიროვნების კონტექსტში აღიქვამს.
    რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ამა თუ იმ მწერალმა, რომ «უნდა გავარჩიოთ მწერლის შემოქმედება მისი პიროვნებისაგან», ამ ფორმულირებას ხალხი არ მიიღებს; რომანი «ლიმონათის ქვეყანა» კონგენიალურიც რომ იყოს, თუ ჯაბა იოსელიანს სახელმწიფო პრემია მიენიჭებოდა, «უბრალო ქართველი» (არადა, საბოლოოდ მაინც ამ «უბრალო ქართველზეა» დამოკიდებული ხელისუფლების ბედი) უეჭველად იტყოდა: სახელმწიფო პრემია ქართულმა ინტელიგენციამ მიანიჭა იმას, ვინც «მოაწყო ოთხი ტერორისტული აქტი, მათ შორის, თავდასხმა სახელმწიფოს მეთაურზე» არა აქვს მნიშვნელობა, მართლა დამნაშავეა თუ არა ჯაბა იოსელიანი: სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. მაგრამ საზოგადოება ადვილად იჯერებს იმას, რაც სურს დაიჯეროს. ამდენად, ეს სტერეოტიპი ურყევი იქნება.
    ქართველ ინტელიგენციას ყოველთვის ახასიათებდა ერთგვარი ინფანტილიზმი (როგორც ზნეობრივი, ასევე პოლიტიკური): ის ქართველი მწერლები, რომლებმაც ჯაბა იოსელიანი «სახელმწიფო პრემიაზე» წარადგინეს, ამით ადასტურებენ, რომ პირადად მათ «მხედრიონის» ლიდერი ზნეობრივ დამნაშავედ არ მიაჩნიათ: ჩვენში ხომ «ზნეობრივი» დანაშაული ყოველთვის გამიჯნული იყო «სახელმწიფოს წინაშე დანაშაულისაგან», თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა.
    წარმოვიდგინოთ ასეთი რამ: რომ მოხდეს სასწაული და ლოთი ქობალიამ გამოაქვეყნოს «კონგენიალური» ლექსების კრებული, წარადგენს მას ქართველი «ელიტარული ინტელიგენცია» სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად? არავითარ შემთხვევაში! იგივე კითხვა შეიძლება სხვაგვარადაც დავსვათ: არა მგონია, ხელოვნებათმცოდნეობაში ჯაბა იოსელიანი მეტად განსწავლული იყო, ვიდრე, ვთქვათ, მერაბ კოსტავა. მაგრამ ჯაბა იოსელიანი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გახდა იგივე ინტელიგენციის ძალისხმევით. როგორ ფიქრობთ, მერაბ კოსტავას რომ დისერტაციის დაცვა მოენდომებინა, დაუჭერდა მხარს ეს ინტელიგენცია? რა თქმა უნდა, არა!
    კიდევ კარგი, თვით ჯაბა იოსელიანი აღმოჩნდა ერთგული საკუთარი პრინციპებისა: ქურდული წესების მიმდევარმა სახელმწიფოსაგან არაფერი არ უნდა მიიღოს «სროკის» გარდა. «მხედრიონის» ლიდერმა პრემიაზე თავად თქვა უარი და ამით სიტუაცია განმუხტა. თუმცა, ედუარდ შევარდნაძე მაინც არ დაივიწყებს «წარდგინების» ავტორებს. ერთმა გამჭრიახმა მიმომხილველმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ გამოთქვა აზრი, რომ შევარდნაძეს სინამდვილეში ამ ჩვენი «ინტელიგენციის» მიმართ ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორიც ჰქონდა ზვიად გამსახურდიას. უბრალოდ, საქართველოს პირველი პრეზიდენტი იმას ამბობდა, რასაც ფიქრობდა; მეორე პრეზიდენტი კი ჭკვიანი პოლიტიკოსია და იცის, რომ «პოლიტიკა რეალობის ხელოვნებაა».
    ჯაბა იოსელიანის მეუღლე კი მიესალმა თავისი მეუღლის გადაწყვეტილებას - ჯაბას მიერ სახაზინო პრემიის აღებაზე უარის თქმას; თავად ლიტერატორი პატიმრის თქმით კი, პრემიის აღებას არავითარი მადლი არ ექნებოდა მკითხველთა თვალში, ეს იქნებოდა «ბოზობა», რომელიც არ ეკადრება ჯაბას.

«მერიდიანი», 15 ნოემბერი, 1996 წელი.