პუტინი `დერჟავას აღორძინების` პროცესში

პუტინი `დერჟავას აღორძინების` პროცესში

უკრაინის ომი საზარელი ტრაგედიაა. უდიდესი დანაშაულიც კაცობრიობის წინაშე.

მაგრამ რა ვქნათ, ვერ გავექცევით მასზე, როგორც ისტორიზმის შემცველ ფენომენზე მსჯელობას და ვერ დავიბრმავებთ თვალს, ``არ შევნიშნოთ`` ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი წახნაგები სწორედაც ისტორიულ დისკურსში.

``ამის დრო არ არისო``..........სინამდვილეში, ამის დრო მუდამ არის!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინი, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოეჩვენოს ვინმეს, იქცა იმპერიული ნარატივის მსხვერპლად! ეს `დერჟავული ნარატივი` ამ ომში არათუ ეხმარება, არამედ სასტიკად უშლის ხელს ნამდვილი მიზნის მიღწევაში.

ილუსტრაცია: პუტინი აშკარად ელოდა, ხარკოვის, ზაპაროჟიეს, დნეპრის, თუნდაც მარიუპოლის მოსახლეობა (რუსული მოსახლეობაა იქ რ უ ს უ ლ ი! - 70-80% ეთნიკური რუსია) ყვავილებით და `პოლიუშკა-პოლეს` სიმღერით დახვდებოდა და Z ლიტერიან ტანკებს მხურვალე ცრემლს აპკურებდა კოცნით.

სინამდვილეში ასე არ მოხდა: ყველანაირად ეწინააღმდეგებიან, უიარაღონი ტანკებს უწვებიან, ეთნიკური რუსები(ც) ყოველნაირად ადასტურებენ, რომ უკრაინის სახელმწიფოს და მისი დამოუკიდებლობის მხარეს არიან.

კარგით, დავუშვათ, ასე იქცევა ეთნიკურ რუსთა პასსიონარული უმცირესობა, ხოლო ეთნიკურ რუსთა უმრავლესობა `დაყურსულია`, გულგრილად ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს ხარკოვში, ზაპოროჟიეში, მარიუპოლში და თუ პუტინი გაიმარჯვებს, მას მშვიდად დაემორჩილება.

დავუშვათ ასეა.

მაშინ ისმის აბსოლუტურად ლოგიკური, თანაც დროული კითხვა: რატომ არ არსებობს და რატომ არ სჩანს იმავე ქალაქებში ეთნიკური რუსების მეორე პასსიონარული უმცირესობა, ვინც ყვავილებით და ცეკვით დახვდებოდა `განმათავისუფლებელ არმიას?`

არ არის ხომ? რომ იყოს აჩვენებდა გარეწარი უკრაინოფობი სოლოვიოვი, ახლახანს რომ ვილლა წაართვეს კომოს ტბაზე, აჩვენებდა სკაბეევა.

მაგრამ არ აჩვენებენ........

იმიტომ, რომ არ არის ასეთი რამ: არსებობს ეთნიკური რუსების პასსიონარული უმცირესობა, ვინც ეთნიკურ მალოროსებთან ერთად თავის ქვეყანას აგრესორებისგან იცავს ყველანაირად, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრაციებით, არსებობს ეთნიკურ რუსთა `ობივატელური` უმრავლესობა, ვინც, კი ბატონო, დაემორჩილება თუ გაიმარჯვა პუტინმა და გააგრძელებს მშვიდ ცხოვრებას, მაგრამ არ არსებობს რუსთა მეორე პასსიონარული ნაწილი (არა აქვს მნიშვნელობა უმცირესობა თუ უმრავლესობა), ვინც დემონსტრაციული სიხარულით შეეგებებოდა რუსულ არმიას.

და ამის მიზეზი შიში არ არის - ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას უკრაინულ სახელმწიფოს.

აქედან წყალგაუვალი დასკვნა: უკრაინელ რუსთა აბსოლუტური უმრავლესობა როგორც მინიმუმ (როგორც მინიმუმ!) სრულიად გულგრილია პუტინის იმპლიციტური თუ ექსპლიციტური ნარატივისადმი, რომ მას სურს `დერჟავას` აღდგენა 1945 წლის საზღვრებში მინუს ბალტია.

არადა მისი საბოლოო მიზანი ნამდვილად ესაა და არა უკრაინის ნაწილის დაპყრობა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა, მსჯელობის გასაგრძელებლად და საკვანძო თემასთან მისაახლოებლად შევადაროთ, როგორ ხვდებოდნენ გერმანელები `განმათავისუფლებლებს` (ბრჭყალებში!) სუდეთის ოლქში (ჩეხეთი), როგორ ხვდებოდნენ გერმანელები (ყვავილებით და ეროვნული სიმღერებით) გერმანულ არმიას დანციგში (პოლონეთი).

მერედა რატომ? რა იწვევს ამ სხვაობას?

არ დაიჯეროთ დემაგოგიური და პრიმიტიული ახსნა, რომ თურმე ნუ იტყვით, ``გერმანელები ჩეხეთში და პოლონეთში იჩაგრებოდნენ, ხოლო უკრაინული სახელმწიფო რუსებს ეთნიკური ნიშნით არ ჩაგრავს``.

რა თქმა უნდა არ ჩაგრავს, რა თქმა უნდა! ოღონდ ასევე არ იჩაგრებოდნენ გერმანელები პოლონეთში და ჩეხეთში! მიუხედავად დამპალი გებელსური, ნაცისტური პროპაგანდისა.

აბა რაშია საქმე? რა განაპირობებს ამ სხვაობას?

ის განაპირობებს, რომ პუტინი `დერჟავის აღორძინების` პროცესში, რასაც მისდევს 20 წელია და რისი კულმინაციაც გახდა უსასტიკესი ომი უკრაინის წინააღმდეგ, ვერ(!) იყენებს ნაცისტურ ნარატივს, რასაც ჰიტლერი იყენებდა, ვერ აპელირებს `სისხლზე` რაზეც ჰიტლერი და გებელსი აპელირებდნენ, ვერ პროპაგანდირებს `სისხლისმიერი კავშირის აღდგენას` და ვერ აჟღერებს იმ ნაცისტურ რიტორიკულ `ფიგურებს`, იმ ნაცისტურ საზრისებს, რაც ჟღერდა ჰიტლერის აგრესიისას `სისხლისმიერად განუყოფელი გერმანელი ერის გამთლიანების` შესახებ.

პუტინი ვერ ამბობს, რომ მისი მიზანია `რუსთა სისხლისმიერი ერთობის აღდგენა`

აი კლასიკური ნიმუში ნაცისტური ნარატივისა:

ჰიტლერი `მაინ კამფში` წერს, დააკვირდით:

``ავსტრიელები და გერმანელები ერთნი არიან. ეს სისხლისმიერად ერთიანი და განუყოფელი ერია, ისინი გერმანელები არიან და....... ეკონომიკურად მავნეც რომ იყოს ავსტრიის შემოერთება, ეს მაინც უნდა მოხდეს``,

და/ანუ/რადგან................სისხლის, დედა-სამშობლოს, მშობელი დედის, `სად მისროლია ისრის`, `წინაპართა სისხლის`, `და მოდიოდა და მოდიოდა და მოდიოდა`....გამოიარა ზიგფრიდის გულში....გამოიარა ფრიდრიხის გულში.... გამოიარა ვაგნერის გულში``......

თუ სხვა ეთნონაცისტური მონაჩმახი.........აი ამ ნარატივს ვერ იყენებს პუტინი სამობილიზაციო რესურსად.

ვწერ `ვერ იყენებს` და არა `არ იყენებს`.

რომ იყენებდეს, რომ შეეძლოს გამოყენება, გარწმუნებთ, ხარკოვში ისევე დახვდებოდნენ, როგორც სუდეტის ოლქში დახვდნენ ჰიტლერს

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა, კიდევ უფრო თუ გავართულებთ დისკურსს, დავსვათ მთავარზე მთავარი კითხვა: რატომ ვერ (ვერ!!!) იყენებს?

იმიტომ, რომ ეთნონაცისტური ნარატივი მისი ქვეყნის (რუსეთის) ისტორიულ, ტრადიციულ, თვისებრივ `იმპერიულ/დერჟავულ დისკურსს` ეწინააღმდეგება და მასთან შეუთავსებელია!

რუსეთი იმპერია იყო მთელი მისი ისტორიის მანძილზე, ხოლო იმპერია ნაციისაგან იმით განსხვავდება, რომ აღიარებს ეთნონაციონალურ სხვაობებს, ურიგდება ეთნიკურ იდენტობებს მაშინ როდესაც ნაციის არსებობის თუ მისი კონსტრუირების უმთავრესი პირობა ერთიანი და განუყოფელი ნაციონალურ-სახელმწიფოებრივი იდენტობაა.

მაგალითად: რუსეთის იმპერიაში არსებობდა წმინდა გიორგის ორდენი (უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო ბრძოლის ველზე გამოჩენილი გმირობისთვის) მაგრამ რაკი ამ ორდენს მუსლიმები არ მიიღებდნენ, ჯერ კიდევ ალექსანდრე პირველის დროიდან დააწესეს მისი ტოლფასი ორდენი, რომელზეც იმპერიული არწივი იყო გამოსახული და არა წმინდა გიორგი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა კი დასკვნა. ძალიან პარადოქსული დასკვნა ერთი შეხედვით, თუმცა ისტორიას უყვარს ამგვარი პარადოქსები:

პუტინი იმპერიის აღდგენას კი ლამობს, მაგრამ ამაში სწორედაც ტრადიციული იმპერიული ნარატივი უშლის ხელს, რაკი დღეს იმპერატორ პეტრე დიდის ეპოქა არ არის და უკვე დაშლილი იმპერიის აღსადგენად იმპერიული ნარატივი ვეღარ გამოდგება სამობილიზაციო რესურსად (!), როგორც `გამოადგა` ჰიტლერს ეთნონაციონალისტური ნარატივი გერმანელთა სისხლისმიერი ერთობის მისაღწევად `გერმანულ მიწებზე`, ამის შემდეგ კი მსოფლიო ომში გადაიზარდა უპირველესად ევროპულ იმპერიათა (დიდი ბრიტანეთი, სსრკ) კეთილშობილი წინააღმდეგობის გამო.

ანუ, პუტინი იმ ნარატივს (სისხლისმიერი ერთობისა) ვერ იყენებს, რაკი ძალიან მყარ რუსულ დერჟავულ ტრადიციას და დერჟავულ ნარატივს ეწინააღმდეგება.

თანაც ვერ იყენებს არა მხოლოდ და არა იმდენად იმიტომ (ვიცი ამ კონტრარგუმენტს მოიყვანენ ოპონენტები), რომ ``მსოფლიოს აღშფოთებას `ზღვარი არ ექნებოდა ამ შემთხვევაში``

ჰიტლერს, საბედნიეროდ, ატომური ბომბები არ ჰქონდა. ამას აქვს.

გარწმუნებთ, თუ მთლად ებრაელთა ეთნიკური ნიშნით ჟლეტას არ დაიწყებდა იმ ნაცრისფერი, ცოფიანი ვირთხასავით, ეს აღშფოთება დღევანდელ ზღვარს მაინც არ გასცდებოდა.

მაგრამ პუტინი ამ სამობილიზაციო რესურსს ვერ იყენებს სწორედაც ტრადიციული დერჟავული კულტურის მხრიდან ნაცისტური ნარატივის მიუღებლობის გამო!

აქვე: რუსეთის იმპერიის ეს ნარატივი საბჭოთა კავშირმა განაგრძო და გააღრმავა კიდეც.

მტკნარი სისულელეა, თითქოს სსრკ `რუსულ-შოვინისტური სახელმწიფო` იყო. თუმცა ეს ცალკე დიდი თემაა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მართლაც რომ პარადოქსია: ყველაზე დიდი იმპერიალისტი (პუტინი) უკრაინაში სწორედაც იმპერიულ ტრადიციასთან მარცხდება. და სწორედ ამ ტრადიციის წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებს უკრაინაში პოტენციურ მოკავშირეთა (ეთნიკურ რუსთა) იმგვარ მობილიზაციას, რაც მიზნის მიღწევაში ანუ უკრაინული სახელმწიფოს მთლიან ან ნაწილობრივ განადგურებაში დაეხმარებოდა.

და რომც აიღოს კიევი, რომც დაიპყროს ძალით უკრაინა, საბოლოოდ მაინც დამარცხდება, რაკი ისტორიის ბორბლის უკან შეტრიალება განიზრახა.

ისტორიას კი არანაირი ატომური ბომბების არ ეშინია!