შეაყარე ბერლინს ცერცვი

        როგორც მოსალოდნელი იყო, ეუთოს საპრალმენტო ასამბლეის ბერლინის სესიაზე საქართველოს დელეგაციამ ძალზე მწვავედ შეაფასა რუსეთის აგრესიული გადაწყვეტილება აფხაზეთსა და «სამხრეთ ოსეთში» ფედერაციის მოქალაქეობის გავრცელების თაობაზე.
        ზოგიერთი ცნობით, აფხაზეთში სრულწლოვანი მოსახლეობის (ვგულისხმობ მოსახლოების მობილურ ნაწილს) 80 პროცენტი უკვე რუსეთის მოქალაქეა. გაიძვერა პასტუხოვი თბილისში ყოფნისას «გვირჩევდა», სიტყვა «ანექსიის» შინაარსი ისწავლეთო. იგი გულისხმობდა, რომ რუსეთის გადაწყვეტილების ამგვრაი შეფასება (პრეზიდენტის მხრიდან), როგორც «ანექსიისა», თვით ცნების დეფინიციას ეწინააღმდეგება, რაკი უშუალო ინკორპორაციას გულისხმობს. მაგრამ ედუარდ შევარდნაძემ თქვა არა უბრალოდ «ანექსია», არამედ «ფარული ანექსია» - რაც ზუსტად შეესაბამება რუსეთის მოქმედებას აფხაზეთში, ვინაიდან მოქალაქეების ხელოვნური «მიომრავლება», ამა თუ იმ ტერიტორიაზე უდავოდ გულისხმობს შესაბამისი სახელმწიფოებრივი სტრუქტურების გავრცელებასაც.
        რასაკვირველია, რეალობის გათვალისწინებით საქართველოს ისღა შეუძლია, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაამწვავოს ვითარება, მოაწყოს დემარშები და ამით გავლენა იქონიოს რუსეთზე. ნინო ბურჯანაძემ ბერლინში გააკეთა შესაძლებლის მაქსიმუმი, მაგრამ შედეგი იმაზე მეტი ვერაფრით იქნებოდა, რაც რეალურად მივიღეთ.
        ევროპელებმა მოისმინეს, მდუმარედ «მიიღეს ცნობად», მაგრამ არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღიათ – დასკვნით რეზოლუციაში ეს საკითხი ერთი წინადადებითაც არ აღინიშნა. მიზეზი არა მხოლოდ ის არის, რომ «რუსეთის განაწყენებას ყველა ერიდება», სინამდვილეში საქმე ბევრად უფრო ტრივიალურადა: ეუთოში მოქმედებს კონსენსუსის პრინციპი (ეს დიდწილად ეხება საპარლამენტო ასამბლეასაც), ანუ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ უკლებლივ ყველა სახელმწიფოს პასიური ან აქტიური თანხმობით. ეს გაცილებით უარესია, ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრის «ვეტოს» უფლება. მაშასადამე, საქართველოს დემარშს მხოლოდ ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ევროპული გაერთიანება კიდევ ერთხელ დარწმუნდა ამ ქვეყნის პოტენციურ აგრესიულობაში. დღეს იგი მოქმედებს ასე საქართველოს წინააღმდეგ, ხვალ შეიძლება იმოქმედოს ანალოგიურად სხვა სახელმწიფოთა წინააღმდეგ.
        რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა გენადი სელეზნიოვმა უმანკო კრავივით გაიკვირვა, აქაოდა, საიდან მოიტანეთ «ანექსია», - ეს ხომ «ადამიანის უფლებათა დაცვისთვის» კეთდებაო. რუსეთის დელეგაციამ გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია თვით საკითხის მოსმენას. ეს ვერ მოახერხა, ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს, ნინო ბურჯანაძეს სიტყვით გამოსვლას ხომ ვერავინ აუკრძალავდა, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას რუსეთი, რა თქმა უნდა,M არ დაუშვებდა.
        თვით რუსეთის დელეგაციას კი საკმოად გულგრილი რეაქცია აქვს: ილაპარაკეთ, რამდენიც გინდათ, ჩვენ მაინც გავაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ.
        არაფერი გამოვა ამ დემარშებით, მით უმეტეს, ტრადიციულად ბიურგერულ და გულგრილ, კეთილმოწოყბილ ევროპაში. ნიშანდობლივია, რომ ერთადერთმა, მხოლოდ ამერიკის დელეგაციამ დაუჭირა მხარი ქართველებს. როგორც ჩანს, არავითარი მექანიზმი, რომელიც შეზღუდავდა რუსული პასპორტების გაცემას აფხაზეთში, ამჟამად არ არსებობს.
        ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება მიუხედავად ჩვენი პროტესტებისა. რეალურად ეს ნიშნავს აფხაზეთის «ბლოკადის» საბოლოო დარღვევას, თუმცა, საეჭვოა, ამ რეგიონის გაჩანაგებულ ეკონომიკას რაიმე ეშველოს. უფრო სავარაუდოა, რომ «რუსული პასპორტებით» რუსეთში მიგრაცია და აფხაზეთის დაცლა გაგრძელდება.

დილის გაზეთი, 11 ივლისი, 2002 წელი

მთელ გვერდზე