სავიზო რეჟიმი საბჭოთა კავშირის ჰიმნის თანხლებით

სავიზო რეჟიმი საბჭოთა კავშირის ჰიმნის თანხლებით

     

        უცნაური დამთხვევით, სწორედ 5 დეკემბერს, როდესაც პირველად ისტორიაში ამოქმედდა სავიზო რეჟიმი რუსეთსა და საქართველოს შორის, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო გადაწყვეტილება, პარასკევს კენჭისყრაზე დააყენოს კანონი რუსეთის სახელმწიფო ჰიმნად გლინკას «სლავსია»-ს სანაცვლოდ ალექსანდროვის ჰიმნის (ყოფილი საბჭოთა კავშირის ჰიმნის) დამტკიცების შესახებ.
        მაშასადამე, უახლოეს მომავალში რუსეთის მოქალაქეები იმავე ჰანგებით გაიღვიძებენ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ფარავდა «არქიპელაგ გულაგს».
        კიდევ უფრო უცნაური დამთხვევით, სავიზო რეჟიმი მაინცდამაინც იმ დღეს აამოქმედეს, როდესაც ზუსტად 52 წელი შესრულდა სტალინის ბრძანებით, მოსკოვში ქრისტე მხსნელის ტაძრის აფეთქებიდან.
        თუ ეს რაიმე ქარაგმაა, მაშინ პარადოქსული ვითარება იქმნება. კიდევ ერთხელ სურთ შეგვახსენონ ჩვენი დიდი თანამემამულე ნეგატიურ კონტექსტში და იმავდროულად, სწორედ იმ მელოდიას აცხადებენ სახელმწიფო ჰიმნად, რომელიც სტალინის ტირანულ რეჟიმს განასახიერებს.
        ამ ჰიმნის მელოდია დაებედა სავიზო რეჟიმის პირველ დღეს რუსეთსა და საქართველოს შორის.
        ჭეშმარიტად, «დიდი და წმინდა რუსეთი» მრისხანე პარადოქსების ქვეყანაა. თვით ალექსანდროვის მელოდიის საწინააღმდეგო არაფერი შეიძლება გვქონდეს, მით უმეტეს, რომ მუსიკალური, ანუ მხატვრული თვალსაზრისით, ეს გენიალური ქმნილებაა – ნამდვილი შედევრია და მის მხატვრულ ღირსებას სრულებითაც არ აკნინებს ის გარემოება, რომ საბჭოთა ეპოქას განასახიერებს.
        ისევე, როგორც თუ ამჟამინდელი საქართველოს ჰიმნი «დამოუკიდებელ საქართველოს» განასახიერებს, ეს იოტისოდენს არაფერს მატებს მას მხატვრული და მუსიკალური თვალსაზრისით.
        უნდა ვაღიაროთ, რომ ალექსანდროვის შედევრთან შედარებით, იგი უბადრუკად გამოიყურება. რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს ამის აღიარება.
        გუშინდელმა დღემ რუსულ მედიაში საქართველოს ნიშნით ჩაიარა. ყველა ტელეკომპანიამ არნახული დრო დაუთმო საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებას და სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ რუსი ჟურნალისტები საკმაოდ კეთილგანწყობილნი იყვნენ, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალრიცხოვან გაიძვერა წარმომადგენლებზე, რომლებიც ჩლუნგი დაჟინებით (და საკმაოდ უნიჭოდ) ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, თითქოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღების ერთადერთი მიზეზი ჩეჩნეთის პრობლემაა და სხვა არაფერი.
        თუმცა, ევგენი კისილიოვის პროგრამა «იტოგი»-ში გამოსვლისას მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა მისთვის ჩვეული გულუბრყვილობით აღიარა, რომ რუსეთს საქართველოსთან სავიო რეჟიმი შემოაქვს, ვინაიდან «საქართველოს სურს გაიყვანოს რუსული ჯარები თავისი ტერიტორიიდან».
        პრეზიდენტ პუტინის მიერ აღორძინებულმა ცენზურამ «ნტვ»-ს ჯერ ვერ დაატყო თავისი მსახვრალი ხელი ახლად შემუშავებული «საინფორმაციო უშიშროების დოქტრინიდან» გამომდინარე, ანუ ვერ აუკრძალა კისილიოვს პირდაპირი ეთერის მოწყობა, რომლის კორექტირება შემდგომში შეუძლებელია.
        ოღონდ ეს შესაძლებლობაც ნელ-ნელა იწურება, რადგან იმავე «გაზპრომმა», რომელმაც იმპერიალისტური გაფრთხილების სახით საქართველოს ბუნებრივი აირის მოწოდება შეუწყვიტა, უკვე «დაადო თათი» ნტვ-ს საკონტროლო პაკეტს, ხოლო ამ შესანიშნავი ტელკომპანიის დამფუძნებელი, ვლადიმირ გუსინსკი ძებნაშია.
        საქართველოს ამჟამინდელი უბედურება ის არის, რომ ჩვენ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ალექსანდროვის ჰიმნის ფონზე მოვითხოვეთ რუსეთის ჯარების გაყვანა. ანუ მაშინ, როდესაც პუტინმა ძველი რუსეთის აღორძინება დაიწყო.
        სხვა რესპუბლიკებმა კი რუსული არმადა თავიანთი ტერიტორიიდან ჯერ კიდევ მაშინ გაიყვანეს, როცა საბჭოთა კავშირის ჰიმნის აღდგენა «დემოკრატიულ რუსეთს» აზრადაც არ მოუვიდოდა. იმ დროს ჩვენ (ქართველები) ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტით ვიყავით დაკავებულნი და რუსის ჯარის ქვეყნიდან გასაყვანად არ გვეცალა.
        თბილისის ბობოქარი პროტესტების მიუხედავად, ცხინვალისა და აფხაზეთის მონაკვეთებზე საზღვარი კვლავ ღიად რჩება, მაგრამ აქაც შეიქმნა გარკვეული პრობლემები. მაგალითად, რუსეთის ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გუშინ გადმოსცა სიუჟეტი საკონტროლო გამშვებ პუნქტ «ქვემო ზარამაგიდან», ანუ როკის გვირაბიდან. ორივე მხრიდან როკის გვირაბს ასეულობით სატვირთო ავტომანქანა მიაწვა, მაგრამ რუსი მესაზღვრეები მათ ჯერჯერობით არ ატარებენ ან, ყოველ შემთხვევაში, სერიოზულად აფერხებენ მოძრაობას იმ ავტომაგისტრალზე, რომლითაც საქართველოში კონტრაბანდული საქონლის 70-80 პროცენტი შემოდის.
        სავიზო რეჟიმი მხოლოდ პირველი ნაბიჯია. თუ საქართველო არ გატყდა და ბაზებთან დაკავშირებით კაპიტულაციას ხელი არ მოაწერა, რუსები ახალ წელს უკუნეთს მოგვიწყობენ.
        ისღა დაგვრჩენია, გავარკვიოთ, «რა გვინდა ან რა გვინდოდა საერთოდ». და თუ გვინდა (გვინდოდა) დამოუკიდებლობა, მაშინ სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაზე უნდა ვიზრუნოთ.
        უპრიანი იქნებოდა, ეს პროცესი დაგვეწყო თუნდაც სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლით. მაგალითად, ახალი ჰიმნის მიღებით (რომელიც ჩვენი უნიკალური მუსიკალური კულტურის საკადრისი იქნეობდა), რათა დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნი სწორედ მუსიკალური და მხატვრული თვალსაზრისით ტოლს არ უდებდეს «მოდერნიზებული რუსეთის იმპერიის» განმასახიერებელ პატარა შედევრს.

დილის გაზეთი, 6 დეკემბერი, 2000 წელი