პატრუშევი ივანოვებზე ჭკვიანია

        თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა რუსული სპეცსამსახურის ხელმძღვანელი, ნიკოლაი პატრუშევი. სარწმუნო წყაროთა ცნობით, მისი ვიზიტის თაობაზე რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა უშუალოდ მოილაპარაკეს, ანუ ვლადიმირ პუტინმა დაურეკა ედუარდ შევარდნაძეს და სთხოვა, მიეღო პატრუშევი «მნიშვნელოვან საკითხებზე მოსალაპარაკებლად».
        ბუნებრივია, ეს არ არის «რიგითი» ვიზიტი. პატრუშევი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა რუსეთის ძალისმიერ სტრუქტურებში. პრეზიდენტი პუტინი (როგორც ყოფილი «ჩეკისტი») სწორედ მისი მეშვეობით ახორციელებს «კულისებსმიღმა პოლიტიკას». მათ შორის, ყოფილ საბოთა კავშირის სივრცეში.
        პატრუშევის ვიზიტი, რასაკვირველია, პანკისის «პრობლემას» უკავშირდება, მაგრამ ფართო გაგებით, როგორც ორმხრივი ურთიერთობის საკვანძო ფაქტორსა და კატალიზატორს. არადა, ეს პატარა ხეობა ლამის გლობალური პოლიტიკის ფაქტორიც გახდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა სენსაციური განცხადებები გააკეთეს პანკისში ბინ ლადენის ყოფნის შესახებ. განსაკუთრებით იგორ ივანოვის ბრიყვულმა განცხადებამ გამოიწვია «მსოფლიო ფურორი».
        იგორ ივანოვს აშკარად საქართველოს დისკრედიტაცია ჰქონდა დავალებული. «დავალება» შეასრულა საკმაოდ უნიჭოდ და უხიაგად. პასუხიც შესაბამისი მიიღო: ედუარდ შევარდნაძემ სმოლენსკის მოედანზე თავის ყოფილ ხელქვეითს, როგორც ჩვენში იტყვიან, «კულტურულად დედა შეაგინა» და ეს რეაქცია კრემლში სავსებით ადეკვატურად აღიქვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პეტრუშევი თბილისში არ ჩამოვიდოდა _ ეს ხომ იმთავითვე შემრიგებლური ნაბიჯია, მაგრამ არა მხოლოდ.
        საქმე ის არის, რომ კრემლში შენიშნეს ორივე ივანოვის უმთავრესი შეცდომა: განცხადებებმა, ბინ ლადენის პანკისში ყოფნის შესახებ არათუ თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობათა გაუარესება გამოიწვია (როგორც ჩაფიქრებული იყო), არამედ, პირიქით, კიდევ უფრო დააახლოვა საქართველოსა და ამერიკის პოზიციები. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა რუსულ ინტერნეტ-საიტებზე ინფორმაცია, ვითომდაც ამერიკამ შეიმუშავა რუსეთთან ერთად პანკისში ერთობლივი სამხედო ოპერაციის განხორციელების გეგმა. ინფორმაცია იმდენად სერიოზულად ანგაჟირებული იყო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის «სპოუკსმენმა» _ რიჩარდ ბაურერმა ერთობ საინტერესო კომენტარი გააკეთა: «რუსეთთან ერთობლივი ოპერაცია არა, მაგრამ საქართველოსთან კი უფრო აქტრიურად უნდა ვითანამშრომლოთ, რათა ამ ქვეყანას საკუთარი ძალებით შეეძლოს წინ აღუდგეს ტერორისტებსო».
        მართლაც, ამერიკა სულ მალე სერიოზულ დახმარებას გამოუყოფს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და სპეცსამსახურებს «ტერორისტებთან ბრძოლის საფარლქვეშ». ამავე საბაბით, შეიძლება შეიცვალოს საქართველოში ამერიკის სამხედრო ყოფნის ხარისხი. მოსკოვში შეცდომას მიხვდნენ და სწორედ ამის შედეგია პატრუშევის ვიზიტი თბილისში: ამერიკელებმა შესანიშნავად იციან, რომ საქართველო «ალ-ყაიდას» არ შეიფარებს და მათ მოქმედებას ხელს არ შეუწყობს, ხოლო ჩეჩენ მებრძოლებს ამერიკელები სულაც არ თვლიან ტერორისტებად _ რამდენსაც არ უნდა ეცადოს მოსკოვი.
        პატრუშევი შეეცდება შეცდომა გამოასწოროს და ედუარდ შევარდნაძეს პანკისში «ერთობლივ ღონისძიებებს» შესთავაზებს, მაგრამ საპასუხოდ, აფხაზეთში რუსეთს არაფრის შეცვლა არ სურს, ამიტომ კომპრომისი არარეალურია.

დილის გაზეთი, 22 თებერვალი, 2002 წელი

მთელ გვერდზე