განა პირველად დამარცხდა საქართველო?

განა პირველად დამარცხდა საქართველო?

ბრმათა ომი

    საქართველო თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დამარცხებულა. დამარცხებულა მწარედ და სასტიკად. ეს გარემოება დღეს ხელისუფლების «რუპორთა» მიერ გამოიყენება, როგორც ერთგვარი შერბილება აფხაზეთში განცდილი კრახის და მისი მნიშვნელობისა. იგულისხმება: რა გაგიკვირდათ, რას გაწიწმატებულხართ, განა პირველად დამარცხდა საქართველო?
    არა, პირველად ნამდვილად არ დამარცხებულა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ არასდროს საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ომი, რომელშიც ქვეყანას, ქართველ ხალხს არ სცოდნოდა, ვინ ებრძვის. ანუ ვის ებრძოდა თავად, რატომ ებრძოდა და რა მიზანს ისახავდა მტერი.
    გამოდის, ეს არ იყო ისეთი ომი, როგორიც არაერთგზის გადაუტანია საქართველოს და, ამიტომ, ეს დამარცხებაც არ არის ჩვეულებრივი დამარცხება.
    ერი ქვეცნობიერად გრძნობს, რომ აფხაზეთის დაკარგვით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქიზი ძაფი «გაწყდა» მის სულში, ხოლო საზოგადოება ვერ აცნობიერებს გადატანილი კატაკლიზმის დამანგრეველ შედეგებს  ეროვნული ცნობიერებისათვის.

    საბედისწერო ომის დაწყებისთანავე, რუსეთმა გააკეთა ყველაფერი, რათა საქართველო და ქართველი ერი თანდათანობით, «მონუსხვით შეემზადებინა» დამანგრეველი დარტყმისათვის, რომელიც 1993 წლის სექტემბერში განხორციელდა.
    ანუ, მთელი წინა პერიოდი იყო ამ კატასტროფის შემზადება, რათა სოხუმის დაცემა და ენგურთან გამართული «ტანკებით ცეკვა» რაც შეიძლება დამანგრეველი ზეგავლენის მომხდენი ყოფილიყო ქართულ ეთნოფსიქოლოგიაზე.
    არაერთგზის თქმულა, რომ რუსეთი აფხაზეთის ომს განიხილავდა, უპირველეს ყოვლისა, როგორც ბერკეტს საქართველოში მიმდინარე ეთნოფსიქოლოგიურ პროცესებზე ზემოქმედებისათვის.
    მისთვის იმდენად აფხაზეთი არ იყო მნიშვნელოვანი, რამდენადაც საქართველო და მისი მომავალი. სოხუმის დაცემაც უმჭიდროესად უკავშირდებოდა საქართველოში გაჩაღებულ სამკვდრო-სასიცოცხლო სამოქალაქო ომს და ამ ომის კატალიზატორადაც სწორედ აფხაზეთის პრობლემა იქცა.
    რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ წაგლეჯდა საქართველოს აფხაზეთს, არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა სეპარატისტებს სოხუმის აღების საშუალებას, იგი დარწმუნებული რომ ყოფილიყო: ეს გამოიწვევს საქართველოში სრულ ეროვნულ კონსოლიდაციას და ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანებას - საერთო მტრის წინააღმდეგ.
    მაგრამ კრემლის ანალიტიკურ ლაბორატორიაში ძალიან ზუსტად გათვალეს, რა შედეგს გამოიღებდა (სამოქალაქო ომის პირობებში) აფხაზეთის დაკარგვა: ამიერიდან, ერთი ქართველი აღიზრდება იმ აზრით, იმ სულისკვეთებით, იმ შეგნებით, რომ აფხაზეთი საქართველოს ზვიად გამსახურდიამ და მისი მომხრეების ღალატმა დააკარგვინა, ხოლო მეორე ქართველი იმ რწმენით, რომ აფხაზეთი დაიკარგა დეკემბერ-იანვრის გადატრიალების, ედუარდ შევარდნაძის მიერ ხელმოწერილი 27 ივლისის ხელშეკრულებისა და არასწორი პოლიტიკური კურსის გამო.
    ეს ორი შეხედულება უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც იდეური სტერეოტიპი (ან გნებავთ - ისტორიული სტერეოტიპი) და ფაქტობრივად მარადიული ანტაგონიზმის მიზეზად იქცა. ამ დაპირისპირებას უკვე ვეღარაფერი შეანელებს და მით უმეტეს - ვეღარ შეარიგებს, ვინაიდან ქართველი ხალხის მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება დანგრეული სოხუმი, გადამწვარი ოდა-სახლები და კოდორის ხეობაში დაუმარხავად დარჩენილი, გაყინული ჩვილი ბავშვები.
    ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით, ეს ტრაგედია არა მარტო ერის მეხსიერებას შერჩება, არამედ დოკუმენტურ მასალად იქცევა და ყოველთვის შეახსენებს თავს საზოგადოებას.
    ამრიგად, რუსეთმა მომავალი ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის საძირკველში იმდენად მძლავრი ნაღმი ჩადო, რომ ფაქტობრივად ამ სახელმწიფოებრიობის სიმტკიცე ეჭვქვეშ დადგება და შთამომავლობას არაერთგზის მოუწევს «სისხლით ზღოს» წინაპართა შეცდომებისათვის მანამ, სანამ თვით ეს სახელმწიფო რუსეთისთვის გეოპოლიტიკური საშიშროების შემქმნელი იქნება.
    ეს ყოველივე არ მოხდებოდა, რუსეთი ამ ფსიქოლოგიური დივერსიის განხორციელებას ვერ შეძლებდა, ომის დაწყებისთანავე ყველაფერს რომ თავისი სახელი დარქმეოდა და ერის ცნობიერებაში მტკიცედ დამკვიდრებულიყო (შექმნილიყო) მტრის ხატი. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ეს არ და ვერ გააკეთა - მან არ შექმნა მტრის სახე, არ უთხრა ერს სიმართლე რუსეთის აგრესიის შესახებ და ამით მისცა იმპერიას საშუალება, ერი კიდევ უფრო გაეხლიჩა ცნობიერად.

    რომ გავაანალიზოთ ხელისუფლების წარმომადგენელთა გამონათქვამები 1992 წლის 14 აგვისტოდან - დღემდე, დავრწმუნდებით: ხელისუფლების წარმომადგენლებს და თვით სახელმწიფოს მეთაურს იოტისოდენად ეჭვი არ ეპარებოდათ რუსეთის ჭეშმარიტ როლში. მაგრამ საქმეც ის არის, რომ რუსეთმა ძალზე ოსტატურად ითამაშა თავისი პარტია - მისთვის მთავარი სწორედ ის იყო, საქართველოში არ შექმნილიყო მტრის სახე. ამ დროს კი, რუსეთის უძლეველ სამხედრო მანქანას აფხაზეთში თავისი საქმე ეკეთებინა.
    მეორე ამოცანა (თუმცა უკვე არა სტრატეგიული, არამედ ტაქტიკური) მდგომარეობდა ერთი შეხედვით მიუღწევადი მიზნის განხორციელებაში: რუსეთს სურდა არა მარტო აფხაზეთი მოეგლიჯა საქართველოსაგან, არამედ, ამავე დროს, თვით საქართველოც შეენარჩუნებინა.
    ვიმეორებ: ძალზე რთული ამოცანა იყო, მაგრამ რუსმა პოლიტიკოსებმა ესეც შეძლეს და პოლიტოლოგიურ მეცნიერებას თითქმის უპრეცედენტო მაგალითი დაუტოვეს იმისა, თუ როგორ შეიძლება ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ურთიერთდაპირისპირებულ ინტერესთა «წკიპზე» ბალანსირებისას ორი, ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი მიზნის მიღწევა.
    რუსებმა აფხაზ სეპარატისტთა გული სამუდამოდ მოიგეს; ამ ტერიტორიაზე სამხედრო პლაცდარმი შეიქმნა; ენგურზე ჯარი ჩადგა და, ამავე დროს, ლტოლვილთა თუნდაც ნაწილის «აფხაზურ სახელმწიფოში» დაბრუნების შედეგად რუსეთი იტოვებს საშუალებას, საქართველოც სავსებით დააკმაყოფილოს.
    ბუნებრივია, სულ არარაობას «ცოტა» სჯობს. სიცარიელეს - სიმცირე. გატეხილი, განადგურებული, შეურაცხყოფილი საქართველო იმ მათხოვარივით «აკოცებს ხეhლზე» თავის «კეთილისმყოფელს», რომელიც «ნაჩუქარი ლუკმით» შიმშილით სიკვდილს გადარჩა.
    ვიმეორებ: ეს უმთავრესად არის შედეგი იმისა, რომ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რათა ერს მტერი დაენახა; რათა მტრის სახე მის ცნობიერებაში გასაგნებულიყოდაკონკრეტებულიყო, ფერ-ხორცი შეეძინა; რათა იგი მიმხვდარიყო, რომ ებრძვის არა აფხაზი, ჩეჩენი, სომეხი, კაზაკი ან თუნდაც რუსი «ბოევიკი», არამედ ებრძვის რუსეთი, როგორც სახელმწიფო, როგორც იმპერია, რომელსაც კავკასიაში თავისი ინტერესები გააჩნია და არ აპირებს ამ ინტერესთა ნებით დათმობას.
    ერი, რომელიც მტერს დაინახავს, ერი რომლის ცნობიერებაშიც მტერი დაკონკრეტდება და მკაფიო სახეს შეიძენს, ფაქტობრივად უძლეველია.
    უძლეველია იმ აზრით, რომ იგი შეიძლება კიდეც დამარცხდეს სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ ეს დამარცხება მას კიდევ უფრო შეკრავს სულიერად, გააერთიანებს, დაკარგულის დაბრუნების, «შეურაცხყოფის მოწმენდის» ჟინით აღავსებს და ცხოვრების, არსებობის საზრისს გაუჩენს.
    სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ არ დაუტოვა ერს ეს უკანასკნელი შანსი და საქართველოს ისტორიაში ალბათ უკანასკნელი სამკვდრო-სასიცოცხლო, გადამწყვეტი და საბედისწერო ომი «ბრმათა ომად» იქცა.
    «დაბრმავებული» ერი დამარცხდა. დამარცხდა სასტიკად და, ვაითუ, სამარადჟამოდ.

«მსგეფსი», 20-28 აგვისტო, 1994 წელი.