ედუარდ შევარდნაძე: 1998 წლის ბიუჯეტის გასატანად პარლამენტში ხელჩართული ჩხუბი დაგვჭირდება

ედუარდ შევარდნაძე: 1998 წლის ბიუჯეტის გასატანად პარლამენტში ხელჩართული ჩხუბი დაგვჭირდება

    19 სექტემბერს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განიხილეს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი, რომელიც 1 ოქტომბრამდე წარედგინება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტის სპეციალურ განმარტებით ბარათთან ერთად.
    ფინანსთა მინისტრ მიხეილ ჭკუასელის განმარტებით, ბიუჯეტი არის «ზედმეტად რეალისტური», სოციალური და ინვესტიციური. «რეალისტურში» იგულისხმებოდა ყოფილი ფინანსთა მინისტრის მეტისმეტი სითამამე - დავით იაკობიძის და ზოგიერთი სხვა (ამჟამადაც მოქმედი) მოღვაწის მიერ «ოპტიმისტურად» დაგეგმილი 1997 წლის ბიუჯეტი ფაქტობრივად «ჩავარდა» და საქართველოც უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა უცხოელ ინვესტორთა წინაშე.
    ამჟამად ბიუჯეტი იმდენად «რეალისტურია», რომ უეჭველად შესრულდება გადაჭარბებით. 1998 წელს მოსალოდნელია ხელფასების, პენსიების, შემწეობებისა და სხვა სახის დახმარებების გაზრდა 20 პროცენტით, რის შედეგადაც სექტემბრისათვის, მაგალითად, პენსია 17-19 ლარს მიაღწევს. საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდაა, თუმცა პრეზიდენტმა «საინვესტიციო საბჭოს» სხდომაზე განაცხადა, რომ თუ მხოლოდ სოციალურ პოლიტიკას გადავყევით, ხელფასები და პენსიები ვზარდეთ, ხოლო ეკონომიკის განვითარებისათვის ინვესტიციები არ გამოვყავით - სამუდამოდ დავრჩებით მოჯადოებულ წრეში: ვერც ეკონომიკას ავაღორძინებთ და პენსიონერიც უკმაყოფილო იქნება.
    არ არის საჭირო ცალკე იმის აღნიშვნა, რომ ოცი ან თუნდაც ოცდაათი ლარი საარსებო მინიმუმის ნახევარსაც არ შეადგენს. სოციალური ხარჯების გაზრდა კი არა მხოლოდ შიდა ინვესტიციების (ეკონომიკის განვითარებისთვის გრძელვადიანი მიზნობრივი კრედიტების), არამედ ძალისმიერი სტრუქტურების დაფინანსების შემცირებით გახდა შესაძლებელი - კახა თარგამაძე დღენიადაგ უკმაყოფილოდ ბუზღუნებს (არცთუ უსაფუძვლოდ): ასეთი დაფინანსებით სამინისტრო პარალიზებული იქნება, რაკი ბენზინსაც ვერ შევიძენთო. ვარდიკო ნადიბაიძე კი, როგორც ამბობენ, ბოლო დროს საერთოდ აღარ ესწრება მთავრობის სხდომებს.
    იმერეთის გუბერნატორმა, თემურ შაშიაშვილმა ქუთაისის უნივერსიტეტის დასაფინანსებლად თანხა ვერ მიიღო. რაკი ხვეწნა-მუდარამ არ გაჭრა, უკანასკნელ ხერხს მიმართა: «მეგობრებო, ეს ხომ ის უნივერსიტეტია, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ დაამთავრა?! მე სირცხვილად მიმაჩნია, სახელმწიფო არ აფინანსებდეს იმ უნივერსიტეტს, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა დაამთავრა». თუმცა, შევარდნაძეს სიტყვა გაუწყვეტინებია და უმალვე უთქვამს: «ეს არგუმენტი არ არისო».
    ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთა თქმით, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, მწვავე დაპირისპირება (სიტყვიერი შეხლა-შემოხლაც კი) მომხდარა ფინანსთა მინისტრსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შორის. ბაკურ გულუამ მიხეილ ჭკუასელს ბრალი დასდო, რომ ფინანსთა სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილ მიზნობრივ კრედიტებს სხვა უწყებებს უნაწილებდა. მაგალითად, შარშან გამოყოფილი თანხებიდან 40 პროცენტი ჯანდაცვას და განათლებას მოხმარდა. ბაკურ გულუამ საკმაოდ მკვახედ მოსთხოვა მიხეილ ჭკუასელს ამგვარ პრაქტიკაზე ხელი აეღო. თუმცა, არანაკლებ მკაცრი პასუხიც მიიღო: ახალგაზრდა ფინანსთა მინისტრმა ხანმოთელილ კოლეგას მოუწოდა, სიტყვები შეერჩია და მეორედ აღარ წაეყენებინა აბსურდული ბრალდებები. ჭკუასელს მხარი დაუჭირა ეკონომიკის მინისტრმა ლადო პაპავამ, რომლის თქმით, გულუას უწყებამ არ წარმოადგინა დარგის განვითარების პროგრამა და ახლა კი პრეტენზიები გაუჩნდა. თვითმხილველთა აზრით, მიხეილ ჭკუასელი, მიუხედავად ახალგაზრდობისა, სულ უფრო ხმამაღალი ტონით ლაპარაკობს და ფინანსთა მინისტრის პორტფელს «იფერებს» - თანამდებობა მართლაც მნიშვნელოვანია (ფინანსთა მინისტრი აღმასრულებელ სტრუქტურაში მესამე კაცია), მაგრამ დისკუსიათა გამწვავებამ კაბინეტის სხდომებზე შეიძლება ამჟამად მთავრობაში არსებული მყიფე ბალანსიც დაარღვიოს.
    პრეზიდენტის განცხადებით, 1998 წლის ნაერთი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 961 მილიონი ლარი იქნება, ხარჯვითი კი მილიარდს ოდნავ გადააჭარბებს. საკუთარი შემოსავლები 80 პროცენტს მიაღწევს (საქართველოსთვის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია); რა თქმა უნდა, არანაირი ემისია განსაზღვრული არ არის - ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მიუხედავად ამისა, პარლამენტში დეპუტატები უკვე «კბილებს ილესავენ» და საკომიტეტო მოსმენები ცხარე პლენარულ ბატალიებში გადაიზრდება. თუ ფინანსთა მინისტრი ვერ შეძლებს დაიცვას ბიუჯეტი იმ პარლამენტში, რომელშიც უმრავლესობას მისი პარტია შეადგენს, ეს მისი პირველი სერიოზული მარცხი იქნება.

საბერძნეთში შევარდნაძემ ოქროს საწმისის მოტაცება გაიხსენა

    ათენში, ონასისის სახელობის პრემიის მიღებისას, ედუარდ შევარდნაძემ წარმოთქვა სიტყვა, რომელიც თამამად შეიძლება მივიჩნიოთ არა მხოლოდ «ბელეტრისტიკის ნიმუშად», არამედ იმის მაგალითადაც, თუ როგორ უნდა დაიცვა დიპლომატიური ეტიკეტი თვით ყველაზე მწვავე თემების განხილვის დროსაც.
    «ოქროს საწმისის» შეხსენება და ის ტონალობა, რომლითაც ყოველივე ეს ითქვა, მხოლოდ მადლიერების გასაფორმებლად არ მოხმობილა - საბერძნეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ნამდვილად არ იყო ჩვეულებრივი, რიგითი მოვლენა ჩვენი ქვეყნისათვის. მასში უამრავი შიდა და გარე პოლიტიკური ქარაგმა აღმოჩნდა «ჩაწნული».
    ჯერ ერთი, ათონის მთაზე ედუარდ შევარდნაძის პატივსაცემად წირვა-ლოცვის აღვლენა, იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც ამჟამად იქმნება ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში, - ძალზე საყურადღებო ფაქტია. ათონის მთა ურყევი ავტორიტეტით სარგებლობს მართლმადიდებელ სამყაროში. რამდენიმე თვის წინ ხუთი მონასტრის მამებმა სპეციალური წერილით მიმართეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და სრული მხარდაჭერა განუცხადეს. ნურვინ იტყვის, თითქოს ეკლესიაში პოლიტიკურ პროცესებს ყურადღებას არ აქცევენ - ეს დემაგოგია იქნებოდა. ამქვეყნიურ ცხოვრებაში პოლიტიკოსები ყველაფრის პოლიტიზებას აღწევენ. ედუარდ შევარდნაძე სისხლხორცეულად დაინტერესებულია, შეინარჩუნოს ქართული ეკლესიის მთლიანობა, ხოლო საბერძნეთს, რომელსაც სრულიადაც არ დავიწყებია თავისი «მისია» (როგორც «მეორე რომისა») ნამდვილად არ სურს ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის დაშლით საშიში პრეცედენტის შექმნა. ამდენად, ათონის მთაზე წარმოთქმული თითოეული სიტყვა პოლიტიკური არგუმენტის ძალასაც იძენს.
    მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ ფონს, რომელზეც ვიზიტი მიმდინარეობდა: თურქეთმა ფაქტობრივად დაარღვია მონტრიოს კონვენცია, რომლითაც ბოსფორი გამოცხადებულია «თავისუფალ სრუტედ» და ჩხრეკს შავი ზღვიდან მომავალ უცხოურ გემებს, რათა არ დაუშვას რუსული «C-300» ტიპის რაკეტების შეტანა ბერძნულ კვიპროსზე.
    1972 წლიდან (ანუ მას შემდეგ, რაც თურქეთმა ისარგებლა ათენში სამხედრო გადატრიალებით და კვიპროსის თურქული ნაწილი დაიპყრო) ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის ასე არ გამწვავებულა. ბუნებრივია, ანკარაში ყურადღებით ადევნებდნენ თვალს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს საბერძნეთში. ამჟამად კავკასიის გეოპოლიტიკურ სივრცეში თურქეთიც და საბერძნეთიც აქტიურად ეძებენ მოკავშირეებს. ერთი წლის წინ გაფორმდა გეოპოლიტიკური ალიანსი თეირანს, ერევანსა და ათენს შორის. ამ ბლოკის პოტენციური მოკავშირეა რუსეთი, ხოლო პოტენციური მოწინააღმდეგე - თურქეთი.
    საქართველოს პოზიცია გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან მეორე ბლოკი (თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანი) ჩვენი ქვეყნის აქტიური მონაწილეობის გარეშე ვერ იფუნქციონირებს. ბერძნები და სომხები ცდილობენ, საქართველო პირველ ბლოკშიც ჩართონ (მეორედან მის გამოსვლას არ ითხოვენ, რაკი ხვდებიან, რომ ეს არარეალურია), მაგრამ ქართულმა დიპლომატიამ ურყევი პირობა წამოაყენა: საქართველო გაერთიანდება ალიანსში მხოლოდ აზერბაიჯანთან ერთად, რაც მიუღებელი აღმოჩნდა სომხეთისა და ირანისათვის. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის წყალობით, საბერძნეთი ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაზეც თანხმდება, რომლის გამოხატულებაც გახდა «ჩარჩო-ხელშეკრულება» ელინურ რესპუბლიკასთან.

ჯაბა იოსელიანი კვლავ მხედრიონელთა ღმერთია

    უზენაეს სასამართლოში «დარჩელის» პროცესის მიმდინარეობისას «მხედრიონის» ყოფილი ლიდერის დაკითხვამ ნამდვილი ფურორი გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა, «ბებერი მოჯაჰედინი», რომელიც ორი წელიწადია თვალით არავის უნახავს, ცოტა კი გამხდარა, მაგრამ მაინც მხნედ გამოიყურება და, რაც მთავარია, უკან დახევას (მით უმეტეს, მონანიებას) სრულიადაც არ აპირებს.
    მოწმედ დაკითხვის შემდეგ ჯაბა იოსელიანის «მხედრიონელებთან» გამომშვიდობების სცენა ვინც ნახა, დაგვეთანხმება, რომ «ჯაბას ბიჭები» ოდნავ დარცხვენილი გამოიყურებოდნენ - ბევრმა მათგანმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალდატანება ვერ აიტანა და ჯაბას საწინააღმდეგო ჩვენებები «დაფქვა» წინასწარი გამოძიებისას. იოსელიანმა, ეს ყოველივე, რასაკვირველია, იცის, მაგრამ დიდსულოვნად «აპატია» თანამებრძოლებს - «მეხუთე და მეექვსე იზოლატორებში ვიცი, ჩვენებებს როგორც იღებენო».
    სამომავლო მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ეს საკმაოდ ჭკვიანური პოზიციაა: «მხედრიონის» ლიდერს ხელს არ აძლევს ურთიერთობის დაძაბვა იმ ხალხთან, რომელთაგან ალბათ უკლებლივ ყველა მოწმედ იქნება გამოძახებული მომავალ «საუკუნის პროცესზე». ამ პროცესის მოახლოებას კი ყველა გრძნობს.
    «დარჩელის საქმეზე» მოწმედ გამოსვლა ჯაბა იოსელიანისათვის წარმატებული «მოთელვა» იყო. ჯაბა არცთუ უჭკუო კაცია და კარგად იცის: მისი ძირითადი კოზირი მომავალ სასამართლოზე ისევ და ისევ «დეკემბერ-იანვრის» მოვლენებსა და სამოქალაქო ომზე აპელირება იქნება. ამიტომაც აქტიურად ცდილობს შეინარჩუნოს ძველი რენომე - ილაპარაკოს იმავე ენით, რომელზეც ადრე საუბრობდა, რათა ნელ-ნელა აღიდგინოს «იმიჯი» იმ სოციალურ წრეში, რომელიც თავადავიწყებით უჭერდა მხარს 1991-1994 წლებში.
    ამ მხრივ «მხედრიონელთა მდგომარეობა უფრო მომგებიანია, ვიდრე ეგრეთ წოდებული «ზვიადისტებისა»: მიუხედავად იმისა, რომ ახლა ორივენი ციხეში სხედან, «ზვიადისტები» მაინც დამარცხებული არიან, ხოლო «მხედრიონელები» - გამარჯვებულნი (ვგულისხმობ გამარჯვებასა და დამარცხებას სამოქალაქო ომში). ამიტომ «ზვიადისტების» სასამართლოზე არ იმართებოდა და ვერც გაიმართებოდა ისეთი სპექტაკლები, როგორიც უზენაეს სასამართლოში - «მხედრიონელთა» პროცესზე. დარბაზში ბევრი «დემოკრატი» პოლიტიკოსიც იჯდა, რაც სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან ეს პოლიტიკოსები თავის დროზე სწორედ «მხედრიონის» წყალობით დარჩნენ პოლიტიკაში.
    რაც შეეხება თვით «დარჩელის საქმეს» - ეს ეპიზოდი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო, შავბნელი ფურცელი: კრიმინალურმა ბანდამ, რომელსაც არაფერი ამოძრავებდა გამორჩენის სურვილის გარდა, უმოწყალოდ დაარბია მეგრული სოფელი დარჩელი; დაწვეს და დალეწეს ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, მოსახლეობა კი ღია ცის ქვეშ დატოვეს. ეს იყო სამეგრელოში განხორციელებული «დამსჯელი ექსპედიციის» ერთ-ერთი უსაზარლესი აქტი. ოპერაციას ქალი ხელმძღვანელობდა. დოდო გუგეშაშვილი აცხადებს, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის. ბევრმა მოწმემ უარყო წინასწარ მიცემული ჩვენება. პრესის წარმომადგენელთა თქმით, «ბრალდება იშლება და პროცესი მხედრიონელთა გამარჯვებით მთავრდება». მაგრამ «მხედრიონის» თბილისური აურის შემოქმედთ ავიწყდებათ, რომ «დარჩელის პროცესს» უდიდესი ყურადღებით ადევნებენ თვალს სამეგრელოში, ვინაიდან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც «მხედრიონელები» უშუალოდ სამეგრელოში ჩადენილი დანაშაულისთვის წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.
    სამეგრელოს ყურადღება ამ პროცესისადმი გამომჟღავნდა პარლამენტის სხდომაზე, როდესაც დეპუტატმა ტყებუჩავამ (ჩხოროწყუდან) განაცხადა, რომ «დარჩელის პროცესზე ბინძური გარიგება მზადდება». გარდა ამისა, მისი თქმით, აუცილებელია სამეგრელოში დამსჯელი ექსპედიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ დავით თევზაძის «მოღვაწეობის მოკვლევაც», ვინაიდან მისი ხალხი ჩხოროწყუში ჭაღებს ხსნიდა ჭერიდან. დავით თევზაძე იმ ეპოქის კიდევ ერთი აქტიური სამხედრო ფიგურა იყო. ზოგიერთების აზრით, იგი თავდაცვის მინისტრობისთვისაც კი ემზადება.
    სამეგრელოს ფაქტორი დიდხანს იმუშავებს კიდევ ქართულ პოლიტიკაში და მრავალგზის განაპირობებს მოვლენათა განვითარებას. ასე რომ, რაც 1992-93 წლებში მოხდა, შემთხვევითი ან უსაფუძვლო ნამდვილად არ ყოფილა.
    ჯაბა იოსელიანის «ჰეროიკულ იმიჯს» ქართული ელიტის მომავალი სასამართლო პროცესი ნამდვილად ვერ შელახავს. უცნაური რამ ხდება: ზვიად გამსახურდიას ტერორისტული აქტების ორგანიზებაში ვერც ერთი ოპოზიციონერი ვერ დასდებდა ბრალს. ჯაბა იოსელიანი კი გია ჭანტურიას, სოლიკო ხაბეიშვილის, გია გულუას და სხვა მკვლელობებს აბრალებენ. მიუხედავად ამისა, ჩვენს «ელიტარულ ინტელიგენციაში» მის მიმართ სრულიადაც არ არის ისეთი «შეურიგებელი ატმოსფერო», როგორიც პრეზიდენტის მიმართ იყო. ეს ძალზე საინტერესო მომენტია, რომელიც უეჭველად მეტყველებს მთლიანად მთელი საზოგადოების ღირებულებით რეალობაზე.
    მიუხედავად ზემოთქმულისა, ჯაბა იოსელიანის სასამართლო პროცესი იქნება სამოქალაქო ომის ბოლო აკორდი საქართველოში. ამით დამთავრდება საბოლოოდ 1988 წლის ნოემბერში დაწყებული ეპოქა; «მხედრიონის» ლიდერი უეჭველად შეეცდება, გააჭიანუროს სასამართლო, გამოიყენოს ინფორმაციის დიდძალი მასივი, რომელსაც ფლობს, - ხელისუფლებაზე ზემოქმედებისათვის.
    ეს «ბებერი მოჯაჰედინის» უკანასკნელი შანსია, რის შემდეგაც მხოლოდ შეწყალების იმედი თუ ექნება. თუმცა, არც ამის გამორიცხვა შეიძლება: სიკვდილმისჯილთა შეწყალებით, ედუარდ შევარდნაძემ მხოლოდ პირველი ნაბიჯი გადადგა «შერიგების გზაზე». მომავალი პრეზიდენტის არჩევნების მოახლოების კვალობაზე იგი სხვა ნაბიჯსაც გადადგამს უეჭველად: შესაძლებელია 2-3 წლის შემდეგ ლოთი ქობალია და ჯაბა იოსელიანი ერთდროულად გამოუშვან ციხიდან; «ბებერი მოჯაჰედინი» თავის «ზვიადისტ» კოლეგაზე ეშმაკია, ამიტომ იგი ამჟამად ტაქტიკას ირჩევს: აშკარად დაუპირისპირდეს შევარდნაძეს, წამოატივტივოს უსიამოვნო ფაქტები და მოგონებები (რომელთა შემოწმება შეიძლება), თუ ოდნავ შეარბილოს წნეხი და ამით სცადოს საკუთარი ხვედრის შემსუბუქება.
    პროკურატურის ცნობით, ჯაბა იოსელიანის სასამართლო ალბათ, ოქტომბრის ბოლოს გაიმართება და პირველსავე სხდომაზე გახდება ნათელი, რა გზა აირჩია «ბებერმა მოჯაჰედინმა».
   

რკინის ალიევის რკინისებური განცხადების თაობაზე

    გასულ კვირას «რკინის ჰეიდარმა» (როგორც სამშობლოში უწოდებენ ალიევს) პირველად გამოამჟღავნა «რკინის ხასიათი» საქართველოს მიმართ. აზერბაიჯანში საქართველოს ელჩ გია ჭანტურიასთან შეხვედრისას მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გავლით სომხეთს კვლავ მიეწოდება რუსული იარაღი. კერძოდ, სომხეთის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო ტექნიკას აწვდიან საქართველოში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზებიდან.
    როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის დიპლომატიამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა რუსეთი, როდესაც ამხილა იგი სომხეთისათვის არათუ მხოლოდ მძიმე ტექნიკის, არამედ საშუალო სიხშირის რაკეტების მიწოდებაში. ამ იარაღის გამოყენებით სომხებს შეუძლიათ ორი საათის განმავლობაში გაანადგურონ ბაქო. ზოგიერთი ცნობით კი, სომხეთმა რუსეთისაგან ტაქტიკური ატომური იარაღიც კი მიიღო.
    აზერბაიჯანი, რასაკვირველია, ცდილობს, საქართველო გამოიყენოს სომხეთის იზოლაციისთვის. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ამას საკმაოდ სერიოზულად ეკიდება, რისი ნიშანიცაა ის გარემოება, რომ საქართველოს ტელევიზიამ მოსახლეობას არ დაუმალა ალიევის ეს განცხადება. თუმცა, მეორეს მხრივ, დღეს უკვე სხვა მდგომარეობაა, ვიდრე 1996 წელს, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ლამის მუხლმოდრეკით ემუდარებოდა ჰეიდარ ალიევს, გაეტარებინა თუნდაც «მცირე ნავთობი» საქართველოს ტერიტორიაზე; მაგრამ თურქეთის ფაქტორის, აგრეთვე ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენების გამო, საქართველოს შანსები, - გაატაროს არა თუ მცირე, არამედ დიდი ნავთობიც, - ობიექტურად გაიზარდა. გარდა ამისა, თბილისს ნამდვილად არ აძლევს ხელს უკანმოუხედავი დაპირისპირება სომხებთან. ამდენად, სავარაუდოა, რომ მიუხედავად ალიევის მრისხანე განცხადებისა, შევარდნაძე კვლავინდებურად გააგრძელებს «ბალანსირების» პოლიტიკას მეზობელი, მეომარი ქვეყნების მიმართ. რაც, რასაკვირველია, არ გამორიცხავს მცირე ინციდენტებს საქართველო-სომხეთის საზღვარზე - რუსული სამხედრო კოლონების შემოწმებისას.

დილის გაზეთი, 22 სექტემბერი, 1997 წ.