აფხაზეთის ომი არ დამთავრებულა

აფხაზეთის ომი არ დამთავრებულა

  

    გასული კვირის უმთავრეს თემად აფხაზეთი რჩებოდა. ამის მიზეზი არა მხოლოდ ის არის, რომ შესრულდა ზუსტად ექვსი წელი ერთ-ერთი ყველაზე საბედისწერო დღიდან საქართველოს უახლოეს ისტორიაში:
    1992 წლის 14 აგვისტოს, «გვარდიად» წოდებულმა კიტოვანის ლაშქარმა გადალახა ენგური და შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, რითაც სეპარატისტებს მისცა შესანიშნავი საბაბი, დაეფიქსირებინათ: «ომი აფხაზეთში საქართველოს სამხედრო აგრესიით დაიწყო»;
    თუმცა, ომი ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა. ანტიქართული ამბოხებისათვის არძინბას ხროვა წლების განმავლობაში ემზადებოდა. მას მხოლოდ სურდა მსოფლიო საზოგადოებაშიც და საკუთრივ საქართველოშიც ყალბი შთაბეჭდილება შეექმნა - რაც ნამდვილად მოახერხა ჩვენი პოლიტიკური ელიტის უპასუხისმგებლობის დიდოსტატური გამოყენებით.
        1993 წლის 30 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგ, სეპარატისტთა ხროვამ ენგურის სანაპიროს მიაღწია. თითოეულ ქართველს საუკუნეობით უნდა ჩაებეჭდოს მეხსიერებაში საზეიმო ფეიერვერკი, რომელიც გამარჯვებულმა სეპარატისტებმა მოაწყვეს ენგურის მარჯვენა ნაპირზე.
    ოღონდ საომარი მოქმედები 30 სექტემბრის შემდეგ არ შეწყვეტილა. 5 წლის განმავლობაში სოხუმის რეჟიმმა «ბოევიკთა» არანაკლები რაოდენობა დაკარგა, ვიდრე ფართომაშსტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დროს. სამწუხაროდ, პარტიზანულმა, დივერსიულმა (ამ სიტყვაში სალანძღავი არაფერი იგულისხმება, პირიქით - ავტ.) მოქმედებამ ვერ მიიღო ბოლომდე ორგანიზებული ხასიათი, ვერ შეიქმნა მრავალრიცხოვანი, კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი პარტიზანული ფორმირება, რომელიც ანგარიშგასაწევ სამხედრო ძალად იქცეოდა.
    მიუხედავად ამისა, ქართველმა პარტიზანებმა მაინც უდავოდ დიდი, მამულიშვილური საქმე გააკეთეს - მათ მოსვენება არ მისცეს სეპარატისტებს და მნიშვნელოვანი ზარალიც მიაყენეს არძინბას რეჟიმს როგორც ეკონომიკური (საკურორტო სეზონი აფხაზეთში პერმანენტულად ჩაშლილია), ასევე ფსიქოლოგიური და ფიზიკური თვალსაზრისითაც.
    სეპარატისტები თავად აღიარებენ, რომ მხოლოდ მაისის მოვლენათა შემდეგ, ივნის-ივლისის განმავლობაში, სამურზაყანოში «ქართველმა დივერსანტებმა» ათეულობით ტერაქტი მოაწყვეს, რის შედეგადაც 13 «მილიციელი» (იგივე აფსუა ბოევიკი) დაიღუპა და 12 მძიმედ დაიჭრა.
    როგორც ჩანს, ქართველ პარტიზანთა მოქმედებამ არძინბა იმდენად შეაწუხა, ერთდროულად ორი მიმართულებით დაიწყო მუშაობა. უპირველეს ყოვლისა, მისი ბრძანებით, გალის ეგრეთ წოდებულმა «ადმინისტრაციამ» გააუქმა ყოველგვარი ბარიერი მაისის მოვლენათა შედეგად ლტოლვილთა დაბრუნების თვალსაზრისით.
    სამურზაყანოს ქართველობა არძინბას ესაჭიროება არა მხოლოდ მოსავლის მოსაკრეფად, არამედ მძევლადაც. თუმცა, მთლიანობაში, გალში ქართველთა მომრავლება, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სეპარატისტთა «სტრატეგიულ მიზნებს». მაგრამ მაინც იძულებულნი იყვნენ, ეს ნაბიჯი გადაედგათ, - პარტიზანული მოძრაობა მაისში მათ ვერ მოსპეს.
    გარდა ამისა, იმავე არძინბას ბრძანებით, შეიძლება ითქვას, ახალი ეტაპი დაიწყო სამხედრო დაპირისპირებაში: პირველად, ომის შემდეგ, სეპარატისტთა დივერსიულმა ჯგუფებმა ენგურის მარცხენა ნაპირზე, ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონებში დაიწყეს ოპერაციები. ზოგიერთი ინფორმაციით, შეიქმნა სპეციალური რაზმიც, მათ ნაღმსატყორცნებიდან და ავტომატური იარაღიდან დაცხრილეს რუხისა და აბასთუმნის მცხოვრებთა სახლები, რის შედეგადაც რამდენიმე მშვიდობიანი მცხოვრები დაიჭრა. საქართველოს შინაგანი ჯარებისა და რუსეთის სამშვიდობო ძალთა ქვედანაყოფები (სხვადასხვა მოტივითა და მიზეზით) მხოლოდ სროლის დამთავრებიდან ნახევარი საათის შემდეგ მივიდნენ სოფელში, რომელიც ზუგდიდიდან ათი წუთის (არც კი) სავალზე მდებარეობს.
    ეს თავდასხმა მხოლოდ პირველი ნიშანია. რაკი იგი განხორციელდა, უახლოეს მომავალში ანალოგიურ პროვოკაციებს ხშირად უნდა ველოდოთ. სხვათა შორის, არძინბასათვის არც ეს არის სასურველი. მიუხედავად იმისა, რომ «აფსუა დივერსანტთა» ქმედება მან «საპასუხო ზომად» გამოაცხადა, სულ ერთია, ქართულ მხარეს მაინც მიეცა შესაძლებლობა, დააფიქსიროს: დივერსიულ ქმედებებს მიმართავს ორივე მხარე, ტერორისტული აქტები ხორციელდება არა მხოლოდ გალის რაიონში, არამედ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეც. დივერსანტთა ვინაობა კი არც ერთ შემთხვევაში დამტკიცებული არ არის. მაგრამ არძინბას სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა, ამიტომ დივერსიული ქმედებები ენგურის მარცხენა ნაპირზე უეჭველად გაგრძელდება.
    კვლავაც აღმაშფოთებელია ადგილობრივი მოსახლეობის უგერგილობა და სისუსტე - ისევ უქნარობა, ისევ «მოლოდინის» პოზიცია, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაგიცვას, შენ კი თავი არ უნდა შეიწუხო. ჩვენს მოწინააღმდეგეებს კი სულ სხვა ფსიქოლოგია აქვთ და სწორედ ამიტომ გაიმარჯვეს 1993 წელს.
    აფხაზურ მხარეს რიგი მიზეზების გამო ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონებში ტერაქტების განხორციელება უფრო მეტად გაუჭირდებათ, ვიდრე ქართულ დივერსიულ ჯგუფებს - აფხაზეთში.
    შესაძლოა, შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებამ განიხილოს და გადაწყვიტოს ენგურისპირა ქართულ სოფლებში თავდაცვითი რაზმების შექმნის საკითხი და მათ იარაღი დაურიგოს. ჩვენი უპირატესობა სეპარატისტთა მიმართ სწორედ ის არის, რომ ისინი ანალოგიურ ნაბიჯს ენგურის მარჯვენა სანაპიროზე ვერ გადადგამენ, - ქართული მოსახლეობის მათდამი «არალოიალურობის» გამო.
   

ახალქალაქის ინციდენტი შორსგამიზნული პროვოკაციაა
   

    საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უკანასკნელ სხდომაზე, ჯავახეთის ინციდენტი, სარწმუნო წყაროს ცნობით, არანაკლები სიმწვავით განიხილეს, ვიდრე აფხაზეთში არსებული ვითარება.
    მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებმა ამ ინციდენტს გარკვეული ყურადღება მიაქციეს, ვინაიდან იგი სამხრეთ კავკასიაში კიდევ ერთი, ახალი «სისხლიანი კონფლიქტის» სიმპტომად მიიჩნიეს. საბედნიეროდ, სისხლისღვრის თავიდან აცილება მოხერხდა, საქართველოს პოლიციამ კი დააკავა რამდენიმე სომეხი ბოევიკი, რომლებიც ცდილობდნენ ხელი შეეშალათ საარტილერიო ბრიგადის გადაადგილებისათვის ახალქალაქის პოლიგონისკენ, სადაც, რუსეთის 82-ე მოტომსროლელი დივიზიის ხელმძღვანელებთან წინასწარი შეთანხმებით, ერთობლივი წვრთნა უნდა ჩატარებულიყო.
    როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაციების დიდი ძალისხმევით, რასაც ახალმა თავდაცვის მინისტრმა აუბა მხარი, დავით - გარეჯის პოლიგონი, ფაქტობრივად, გაუქმდა. დარჩა მხოლოდ ჯავახეთის პოლიგონი, რომელიც საქართველოში დისლოცირებულ რუსეთის ჯართა დაჯგუფებას ეკუთვნის.
    უაღრესად შემაშფოთებელია ორი გარემოება: უპირველეს ყოვლისა, ახალქალაქის გამგებლის, ვანო მურადიანის თავხედური განცხადება: აქაოდა, ახალქალაქის გამგეობამ წინასწარ რატომ არაფერი იცოდაო ქართული საჯარისო ნაწილების გადაადგილების შესახებ.
    ჯერ ერთი, საქართველოს ტელევიზიამ ერთი თვის წინათ გამოაცხადა, რომ ამგვარი სწავლება (საარტილერიო სროლები) იგეგმებოდა და მეორეც, - ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს არავინ ეკითხება სად, როგორ და რა რაოდენობით გადაადგილდება ეროვნული არმიის ესა თუ ის ქვედანაყოფი ქვეყნის ტერიტორიაზე.
    გარდა ამისა, ძალზე საეჭვოდ და პროვოკაციულად მოქმედებდა ინციდენტის დროს რუსული დივიზიის სარდლობა. სხვათა შორის, ამ დივიზიის პირადი შემადგენლობა 70 პროცენტით ადგილობრივი სომხური მოსახლეობითაა დაკომპლექტებული.
    სწორედ მათ განაპირობეს (მაღალი სამხედრო კვალიფიკაციისა და შეიარაღების წყალობით) სომხური არმიის «საოცარი და ფანტასტიკური» გამარჯვებები ყარაბაღის ფრონტებზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წინასწარ შეათანხმა დივიზიის ხელმძღვანელობასთან ყოველი დეტალი, მაგრამ როდესაც საარტილერიო ბრიგადა ახალქალაქს მიადგა, ადგილზე ვერც ერთი რუსი ოფიცერი «ვერ აღმოაჩინეს»; თუმცა მათი უმრავლესობაც ეროვნებით სომეხია.
    იმავდროულად, უცნობი პირები თავს დაესხნენ დივიზიის ერთ-ერთ საწყობს, რომელიც რატომღაც (!) დაუცველი აღმოჩნდა, დაიტაცეს დიდი რაოდენობით ავტომატური იარაღი. ეს ძველი ხრიკია, - ზუსტად ასეთივე ხერხით გადასცეს რუსმა სამხედროებმა იარაღი აფხაზ სეპარატისტებს 1992 წლის აგვისტოში - როდესაც აფხაზეთში ომი იწყებოდა.
    ამჯერად სისხლისღვრის თავიდან აცილება მოხერხდა მხოლოდ იმის წყალობით, რომ თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მოეტრიალებინა კოლონა და უარი ეთქვა სწავლებათა ჩატარებაზე, რაც თავისთავად ერთობ სამარცხვინოა.
    სხვა გამოსავალი ალბათ მართლა არ იყო. ინციდენტის ორგანიზებაში ლომის წილი მიუძღვის ექსტრემისტულ ორგანიზაცია «ჯავახკს», რომელიც ამჯერად სომხეთის მოქალაქეებით იყო «გაძლიერებული» და ყოველივე ხდებოდა იმ დროს, როცა თბილისში ედუარდ შევარდნაძე რწმუნებათა სიგელებს იღებდა და «ურყევი მეგობრობის» თაობაზე ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ისმენდა სომხეთის ახალ ელჩ გიორგი ხოსროევისაგან.
    მომხდარისათვის პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, ეკისრება რუსეთის სამხედრო სარდლობას, ვინც აშკარად პროვოკაციული მიზნით საქმე ლამის სისხლისღვრამდე მიიყვანა, - შეითანხმა ქართველი სამხედროები წვრთნების «ერთობლივ ჩატარებაზე» (ჩვენებიც უეჭველად სწორედ იმიტომ დათანხმდნენ ამას, რათა ჯავახეთში გადაადგილებისას გართულება თავიდან აეცილებინათ), ხოლო გადამწყვეტ მომენტში «ხელები დაიბანა».
    არაფერი გასაკვირი ამაში არ არის. რაც უფრო მოახლოვდება «ნავთობსადენის» საკითხის გადაწყვეტა, ახალქალაქ-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, მით უფრო გახშირდება ამგვარი პროვოკაციები და უფრო სერიოზულ ხასიათსაც მიიღებს, ვინაიდან რუსეთს, ისევე როგორც მის სტრატეგიულ მოკავშირეს სამხრეთ კავკასიაში, კატეგორიულად არ აძლევს ხელს «ევრაზიული დერეფნის» ამოქმედება, რაც აშკარად ეწინააღმდეგება მათ სასიცოცხლო ინტერესებს.
    ეს ინტერესები კი სულ უფრო შორდება საქართველოს ასევე სასიცოცხლო ინტერესებს.
   

მიხეილ ჭკუასელი წყალს ნაყავს
   

    საინფორმაციო საშუალებათა ცნობით, ფინანსთა სამინისტრო აგრძელებს «ინტენსიურ კონსულტაციებს» ყველა დაინტერესებულ სუბიექტთან საგადასახადო პოლიტიკის შესაძლო კორექტირების თაობაზე. კონსულტაციებმა დიდი ინტერესი გამოიწვია ქართველ მეწარმეებში, რაც სავსებით ბუნებრივია - ნებისმიერი «კონსულტაციები საგადასახადოს თაობაზე» აღიქმება, როგორც გადასახადების გარდაუვალი შემცირება. ეს კი, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა მეწარმისათვის სასიამოვნო და სასიხარულოა.
    თუმცა, მიხეილ ჭკუასელს ნამდვილად არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს იმის ილუზია, რომ იგი ოდესმე შეძლებს ყველასათვის მოსაწონი საგადასახადო კოდექსის ან საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება-გატარებას.
    ეს შეუძლებელია. მით უმეტეს, შეუძლებელია საქართველოში. ამდენად, გამართული კონსულტაციები ჭკუასელის პიროვნული იმიჯის გაუმჯობესებას ან რეიტინგის ამაღლებას არ ისახავს მიზნად.
    ფინანსთა მინისტრი, ახალგაზრდობის მიუხედავად, უჭკუო კაცი არ ჩანს და კარგა ხნის წინ მიხვდებოდა, რომ საქართველოში ფინანსთა მინისტრობა დაახლოებით იგივეა, რაც «შავი მაგიის» მაგისტრობა XVI საუკუნის ესპანეთში - ვგულისხმობ განწყობასა და დამოკიდებულებას. ამდენად, კონსულტაციები, რომლებზეც უამრავი ქაღალდი დაიხარჯა, მრავალი კომპიუტერული ფაილი შეიქმნა, სქემები დაიხაზა და ასე შემდეგ - ნამდვილად იმას ისახავდა მიზნად, როგორმე ერთობლივი ძალისხმევით გამოემუშავებინათ საგადასახადო სისტემის ოპტიმალური მოდელი არა მეწარმეთა გულის მოსაგებად (ეს ჯანდაბას), არამედ ბიუჯეტში მოზიდული გადასახადების ოდენობის გასაზრდელად.
    არავისთვის არის უკვე საიდუმლო, რომ საქმე ამ თვალსაზრისით ცუდად მიდის. 1998 წელი წინა წელზე ბევრად უკეთესი ვერ იქნება - მიშა ჭკუასელს, ისევე, როგორც ბევრ სხვას, ამ ურთულეს პრობლემასთან დაკავშირებით კონცეპტუალურ შეცდომა მოსდის.
    მას, როგორც ჩანს, გულწრფელად ჰგონია, რომ პრობლემა სისტემური, ინსტიტუციური ხასიათისაა, ამიტომ, უბრალოდ საჭიროა ქმედითი საგადასახადო მოდელის შემუშავება და სწორი პოლიტიკის გატარება ამ დარგში:
    რაღაც სეგმენტში გადასახადის შემცირება, სადღაც სხვა პრივილეგიების შემოღება, გადასახადების სახეობებს შორის ურთიერთიმართების შეცვლა და ასე შემდეგ; შედეგად გადასახადები გაიზრდება, ბიუჯეტი შეივსება, პენსიები დროულად გაიცემა, სოციალური პრობლემები მოგვარდება, საინვესტიციო რესურსები დაგროვდება; ერთი სიტყვით, ქვეყანა ამოისუნთქებს.
    სინამდვილეში, არაფერი ამ საქმიდან არ გამოვა. სულ ტყუილად დაშვრებით, ბატონებო! როგორი იდეალური საგადასახადო მოდელიც არ უნდა შეიმუშაოთ, რა «ჭკვიანურად მიზანშეწონილი პოლიტიკაც» უნდა გაატაროთ, გადასახადები არ გაიზრდება. იმიტომ, რომ პრობლემის არსი საგადასახადო მოდელი, გადასახადების ოდენობა ან თუნდაც «საგადასახადო პოლიტიკა» არ არის. სინამდვილეში ეს გაცილებით რთული პრობლემაა, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ «მოსახლეობის საგადასახადო უკულტურობა», რაც თავის მხრივ სახელმწიფოებრივი მენტალიტეტისა და ცნობიერების სისუსტეს უკავშირდება.
    ცივილიზებულმა ქვეყნებმა საუკუნეების განმავლობაში ცეცხლითა და მახვილით (დიახ, ცეცხლითა და მახვილით!) მიაჩვიეს მოქალაქეები აზრს: გადასახადების გადახდა აუცილებელია!!! თანამედროვე ამერიკელისთვის (ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტისთვის) გაუგებარია, როგორ შეიძლება დაუმალო სახელმწიფოს გადასახადი. მან იცის: თუ ამაზე დაიჭირეს, ძალიან სასტიკად დაისჯება. აღარ უშველის არც ხვეწნა-მუდარა, არც მოთქმა-გოდება, არც (მით უმეტეს) ქრთამი.
    სწორედ ასეთი უსასტიკესი მეთოდებით მიაღწიეს იმას, რომ გადასახადს, კანონის შესაბამისად, ფაქტობრივად, ყველა იხდის. გადასახადების ამოღება ნამდვილად იძულებითი პროცესია. რეპრესიული აპარატი, რეპრესიული მეთოდები უბრალოდ აუცილებელია.
    სხვაგვარად არაფერი გამოვა.
    ვიდრე საქართველოში ყველას, ვინც ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი, არ ეცოდინება, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სასტიკად დაისაჯოს, ვიდრე არ ექნება სასჯელის შიში (ოღონდ ისე არა, - რაკი დამიჭირე, გადავიხდიო. გადაიხდი კიდეც და ციხეშიც წახვალ! - ოღონდ შედარებით ნაკლები ვადით), მანამ არაფერი გამოსწორდება.
    სულ ფუჭი იქნება ყველანაირი «კონცეფცია» და «მოდელი». საჭიროა ჯერ მოსახლეობის საგადამხდელო კულტურა ამაღლდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შემუშავდეს «კონცეფციები».
    ჩვენში, დიდწილად, გადასახადებს არ იხდიან არა იმიტომ, რომ ებევრებათ (ცოტასაც არ გადაიხდიან), არამედ იმის გამო, რომ საერთოდ დიდ უსამართლობად მიაჩნიათ სახელმწიფოსათვის რაიმეს გადახდა «საკუთარი ფულიდან».
    გადასახადების ამოღება (ყოველგვარი «სქემების» გარეშეც) უმალვე გაუმჯობესდება, როგორც კი რამდენიმე გაიძვერა ბიზნესმენი გადასახადების დამალვისთვის ხანგრძლივი ვადით ციხეში ამოყოფს თავს. ჯერჯერობით ამის ერთი პრეცედენტიც კი არ არსებობს. სწორედ ამიტომ მიდის ცუდად საქმე და არა «კონცეფციათა» ნაკლებობის ან არსებული საგადასახადო სისტემის უვარგისობის გამო.
   

«მოქალაქეთა» რიგებში ცვლილებაა
   

    მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი გიორგი ბარამიძე სწავლის გასაგრძელებლად (სტაჟირებისთვის) გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, - კერძოდ, ვაშინგტონის ჯორჯ-ტაუნის უნივერსიტეტში.
    ფრაქციის ხელმძღვანელის პოსტზე იგი მიხეილ სააკაშვილმა შეცვალა. სხვათა შორის, ამ პოლიტიკოსის რეიტინგი, უკლებლივ ყველა სოციოლოგიური სამსახურის მონაცემთა შესაბამისად, დღითი დღე იზრდება. ამდენად «მოქალაქეთა» გადაწყვეტილება შორსგამიზნულად შეიძლება მივიჩნიოთ.
    არ არის გამორიცხული «პოლიტიკური როქის» ამგვარი ინტერპრეტაციაც: მმართველმა პარტიამ გიორგი ბარამიძე, უბრალოდ, «გაარიდა» თბილისურ პოლიტიკურ ოლიმპს ზოგიერთი ისეთი მომენტის გათვალისწინებით (მაგალითად, ასლან აბაშიძესთან არცთუ კარგი ურთიერთობის), რომელთა აფიშირება არ ხდება.
    სამაგიეროდ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს ნინო ბურჯანაძე, - აგრეთვე მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული გუნდის წევრი.
    მთელს ამ პერტურბაციებში ყველაზე საინტერესო იყო ინფორმაცია, რომელმაც გამოჟონა «მოქალაქეთა ფრაქციიდან». როგორც აღმოჩნდა, უფროსი თაობის «მოქალაქეები» გაღიზიანებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ «მათ ყურს არ უგდებენ»; ყველაფერი «ახალგაზრდებმა მოიგდეს ხელთ» და ასე შემდეგ. თუ ეს ტენდენცია გაძლიერდა, «მოქალაქეთა კავშირის» რეიტინგი, მთლიანობაში, ძლიერ შეირყევა, რაც სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს ნოემბრისთვის დანიშნული «ადგილობრივი არჩევნების» შედეგებზე.
    ამ არჩევნებით კი ურთიერთ მჭიდროდ დაკავშირებული საარჩევნო ციკლი იწყება. «უფროსი თაობის» მოქალაქეები თუ არ შეურიგდებიან იმ აზრს, რომ მოქალაქეთა კავშირის რეიტინგს სწორედ ახალგაზრდული ჯგუფი ქმნის - ეს პარტია განწირულია დასამარცხებლად, პრეზიდენტის «დასაყრდენობისთვის» კი არაერთი პოლიტიკური ძალა იბრძვის გულმოდგინედ.

დილის გაზეთი, 17 აგვისტო, 1998 წ.