დავიწყებული ომი
       

        გუშინ «სამხრეთ ოსეთში», რომელსაც ასე მოიხსენიებს ყველა (გაეროსა და ეუთოს ჩათვლით), ქართველი პოლიტიკოსების გარდა, მეორედ გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები.
        ოფიციალური თბილისი ამ არჩევნებს საკმაოდ მშვიდად ხვდება. «სიმშვიდის» გამოვლინებაა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს «მორიგი» (აზრით კი - «რიგითი») განცხადება. ასევე, «რიგითად» რეაგირებს ეუთო. რასაკვირველია არჩევნებს «უკანონოდ» მიიჩნევს ყველა (თვით ახლად არჩეული პრეზიდენტისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის გარდა) და ასევე უკლებლივ ყველა მშვიდად ითანამშრომლებს სწორედ იმ «უკანონოდ არჩეულ» პრეზიდენტთან - საქართველოს ხელისუფლების ჩათვლით.
        კაცმა რომ თქვას, სხვა გზა არც არის - რეალურად სწორედ ცხინვალის ადმინისტრაცია აკონტროლებს ვითარებას ქალაქში, ცხინვალის რაიონის უმეტეს ნაწილში, ყორნისსა და ჯავაში.
        თუ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას ვემხრობით, მაშინ საქმე სწორედ იმ ხელისუფლებასთან უნდა გქონდეს, რომელიც პროცესებს რეალურად აკონტროლებს. თუ ომი გვინდა, «ამაზე ადვილი რა არის», მაგრამ საქმე მაინც იმავე ხელისუფლებასთან გვექნება - თუნდაც «ტყვეთა» და დაღუპულთა ცხედრების გაცვლის თვალსაზრისით. ეს ტექნოლოგია სეპარატისტებს შესანიშნავად აქვთ დამუშავებული: აფხაზეთიდან - ჩეჩნეთამდე.
        რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ, «ქართულ-ოსურ კონფლიქტს», იგი პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა უდიდესი სისხლისღვრისა და უბედურების გარეშე ვერ ჩაივლიდა, ვინაიდან მოსკოვი აქტიურად გამოიყენებდა ეთნიკურ უმცირესობათა მისწრაფებებს, რომლებიც, თავის მხრივ, კრემლის პოლიტიკას «საერთაშორისო ლეგიტიმაციას» შესძენდნენ: «მცირერიცხოვანი ხალხის დაცვა» დასავლეთშიც კეთილშობილ საქციელად მიიჩნეოდა.
        დღევანდელი მდგომარეობით, «სამხრეთ ოსეთში» ვითარება თითქოს უფრო სტაბილურია ვიდრე აფხაზეთში, მაგრამ შინაარსობრივად (როგორც უნდა გაუკვირდეს ვინმეს) «სამხრეთ ოსეთის» მმართველ ელიტას საქართველოს მიმართ კიდევ უფრო შეურიგებელი პოზიცია აქვს, ვიდრე აფხაზეთის ხელისუფლებას.
        ეს უკანასკნელნი საქართველოსთან «სახელმწიფოთაშორისო, კონფედერაციული ხელშეკრულების» გაფორმებას მიანც ეთანხმებიან, ხოლო «სამხრეთ ოსეთს» რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანება (ჩრდილოეთ ოსეთში შესვლა და ერთიანი «ოსეთის» დაფუძნება) აქვს განზრახული.
        მთელი ამ წლების განმავლობაში, ცხინვალის ხელისუფლებას არ გაუფორმებია თბილისთან არც ერთი შეთანხმება, რაც შესაძლებლობას შექმნიდა ამ ტერიტორიის ასოცირებისა საქართველოსთან.
        უკლებლივ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან შეხვედრისას «სამხრეთ ოსეთის» ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი არიან სუვერენული სახელმწიფოს ლიდერები და მიისწრაფვიან «ჩრდილო ოსეთთან შეერთებისკენ».
        ეკონომიკური თვალსაზრისით კი, «სამხრეთ ოსეთი» გაცილებით უფრო დამანგრეველი ფაქტორია (საქართველოსთვის) ვიდრე აფხაზეთი, ვინაიდან სწორედ ცხინვალის რეგიონის გავლით შემოდის ქვეყანაში კონტრაბანდა.
        რუსეთის გოსდუმის დეპუტატმა სამხრეთ ოსეთის კომპარტიის საოლქო კომიტეტის ყოფილმა პირველმა მდივანმა, ანატოლი ჩეხოევმა ერთ-ერთ რუსულ ჟურნალთან ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა: «სამხრეთ ოსეთი» ხელს უშლის რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ქართული სახელმწიფოს განმტკიცებას - ის, რომ ქართული სახელმწიფო ეკონომიკურად და სტრუქტურულად ვერ შედგა - ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ოსი ხალხის ბრძოლამ საკუთარი და რუსეთის ინტერესებისთვის».
        ამაზე სრულად ვერ იტყვი: «სამხრეთ ოსეთი» არის შენელებული მოქმედების ნაღმი, რომელსაც რუსეთი, თუ დასჭირდა, კიდევ აგვიფეთქებს.

დილის გაზეთი, 19 ნოემბერი, 2001 წ.

მთელ გვერდზე