მოდი, ვილაპარაკოთ! ანუ, რისი ეშინიათ აფხაზებს

მოდი, ვილაპარაკოთ! ანუ, რისი ეშინიათ აფხაზებს

          როგორც ცნობილია, ვლადისლავ არძინბას «მიწვევით» საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ვაჟა ლორთქიფანიძე სოხუმს გაემგზავრა სეპარატისტთა ლიდერთან მოლაპარაკების გასამართავად.
          მოლაპარაკების ძირითადი თემა სამურზაყანოში (გალის რაიონში) მიმდინარე პროცესებია, სადაც ქართველმა პარტიზანებმა აფხაზ სეპარატისტებს სიმყუდროვე დაურღვიეს და შეახსენეს, რომ მშვიდი ცხოვრება ნამდვილად არ ექნებათ - ყოველ შემთხვევაში, გალში, სადაც აფხაზები, საერთოდ, არ ცხოვრობენ და მხოლოდ ადგილობრივი ქართული მოსახლეობის დასაწიოკებლად შემოდიან გაგრიდან და გუდაუთიდან.
          არაერთ დამკვირვებელს აღუნიშნავს, რომ ერთადერთი პრობლემა, რაც «მართლა» აწუხებს არძინბას რეჟიმსა და მის მხარდამჭერ აფსუობას, არის სწორედ ქართველ პარტიზანთა მოქმედება სამურზაყანოსა და ზოგიერთ სხვა რაიონში.
          ქართულმა საზოგადოებამ ღირსეული პატივი უნდა მიაგოს იმ ხალხს, ვინც 1993 წლიდან დღემდე სამურზაყანოში ლამის იმაზე მეტი მომხდური სეპარატისტი მოძალადე გამოასალმა სიცოცხლეს, ვიდრე ომის დროს.
          პარტიზანული მოძრაობის ბოლომდე გატეხვა 1998 წლის მაისის გალის ტრაგედიამაც ვერ შეძლო, რასაც ბოლოდროინდელი მოვლენებიც ადასტურებს.
          სხვა საქმეა, რომ თამაზ ნადარეიშვილის მთავრობას გასული 6 წლის განმავლობაში გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო ბრძოლისუნარიანი დივერსიული რაზმის შესაქმნელად (ბოლოს და ბოლოს, დასაქირავებლად), შესაიარაღებლად და გასაწვრთნელად.
          ამ მთავრობას სხვა საქმე არც უნდა ჰქონდეს გარდა იმისა, რომ სისხლი გაუშროს სეპარატისტებს, რომელთათვისაც, სხვათა შორის, სამურზაყანო სტრატეგიული «აქილევსის ქუსლია».
          ერთის მხრივ, მათ არა აქვთ საშუალება მთლიანად გააკონტროლონ ეს რაიონი (საამისოდ, უბრალოდ, რესურსები არ ჰყოფნით და არც ეყოფათ) მეორე მხრივ კი, გალის მთლიანად დათმობა, იქ შეიარაღებულ ფორმირებათა შეყვანაზე უარის თქმა (მიუხედავად იმისა, რომ ისინი პარტიზანთა მსხვერპლნი ხდებიან) არ შეუძლიათ.
          გარწმუნებთ, თითოეული «ბოევიკი» უდიდესი დანაკარგია არძინბას რეჟიმისათვის. არ იმჩნევენ, თორემ პარტიზანთა თითოეული ასეთი აქცია ზრდის დაძაბულობას სეპარატისტულ საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, გალს საქართველოსთვისაც და სეპარატისტული აფხაზეთისთვისაც, მართლაც, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და შემთხვევითი არ არის, თუ არძინბას პერმანენტული მოლაპარაკების ჭია ღრღნის.
          მისი უმთავრესი კოზირი ამჯერადაც სამურზაყანოს ქართული მოსახლეობაა, რომელიც, ფაქტობრივად, მძევლად ჰყავს აყვანილი. ეს მოსახლეობა სეპარატისტებს სწორედ იმისათვის «სჭირდებათ», რომ საჭიროების შემთხვევაში, თბილისის შანტაჟირების საშუალება ჰქონდეთ, ხოლო თუ ვითარება გართულდა, მაისის მოვლენათა განმეორება გამორიცხული ნამდვილად არ არის.
          არძინბამ შესანიშნავად იცის, რომ 9 აპრილის არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე საქართველოს ხელისუფლებას სამეგრელოსა და აფხაზეთში ვითარების დესტაბილიზაცია ხელს არ აძლევს. ამიტომ სწორედ ახლა ცდილობს მოლაპარაკებათა გამართვას «თავის მოედანზე», რათა, იქნებ, კვლავ მიაღწიოს გაგრის შეთანხმების მსგავს დიპლომატიურ წარმატებას.
          მაგრამ ამჟამად სულ სხვა ვითარებაა, - არა მხოლოდ ჩეჩნეთის ომის გამო. თუმცა ჩეჩნეთის კონფლიქტით, თავისთავად, მნიშვნელოვანი ფაქტორია.
          არძინბას ცეცხლივით ეშინია რუსეთსა და საქართველოს შორის «სეპარატული გარიგებისა» მისი რეჟიმის ხარჯზე. ის, რომ პუტინი ასეთ გარიგებაზე «წამოვა», სავსებით შესაძლებელია. სამაგიეროდ, საქართველომ შეიძლება რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვიტოს სამხედრო ბაზების საკითხი, რისთვისაც საკმარისი იქნება ცნობილი ხელშეკრულებების ზოგიერთი დებულებების «შესაბამისი ინტერპრეტირება».
          «სეპარატული გარიგების» არსი კი შეიძლება ეს იყოს: რუსი «მშვიდობისმყოფელები» რჩებიან კონფლიქტის ზონაში, მაგრამ ქართველ პარტიზანებს მოქმედების მეტ თავისუფლებას აძლევენ. შესაბამისად, რუსეთის ხელისუფლებაც (ვთქვათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო) არ რეაგირებს დივერსიულ აქტებზე, ან, თუ მაინცდამაინც, «ორივე მხარეს საყვედურობს», რაც ამ შემთხვევაში სეპარატისტთა წისქვილზე არ დაასხამს წყალს.
          არძინბა ვაჟა ლორთქიფანიძეს სოხუმში სწორედ იმისათვის ეპატიჟება, რათა ამ პოლიტიკური ალგორითმის განვითარება არ დაუშვას.
          იმავდროულად, ოფიციალური სოხუმი აქტიურად მიმართავს დასავლეთის ქვეყნებს, - მოუწოდებს მათ, არ დაუშვან რუსეთისა და საქართველოს გარიგება პატარა აფხაზეთის ხარჯზე.
          ნუ გაიკვირვებთ, თუ მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში არძინბა დასავლეთსაც მიმართავს;
          ამიტომაც, დასავლეთის სახელმწიფოთა ჩართვა ე.წ. «ძირითად აფხაზურ სამშვიდობო პროცესში», მაშინ, როდესაც თვით ამ პროცესის კონფიგურაცია არ იცვლებოდა, იყო ქართული დიპლომატიის უდიდესი შეცდომა, რომლის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება.
          ახლა ბევრი რამ დამოკიდებულია ვაჟა ლორთქიფანიძის ეშმაკობასა და დიპლომატიურ ნიჭზე. სოხუმში მოლაპარაკებისას მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა არძინბას მოაჩვენოს, თითქოს, საერთოდ, ვერ ხვდება სეპარატისტთა მოტივაციას. იმავდროულად, ქართველი პარტიზანები უნდა ემზადონ 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებამდეც (ნაწილობრივ) და განსაკუთრებით, არჩევნების შემდეგ არა ფართომასშტაბიანი, ეფექტიანი დივერსიული აქტებისათვის სამურზაყანოში სეპარატისტთა «ცოცხალი ძალის» წინააღმდეგ.
          რუსეთის სამშვიდობო ძალთა გაყვანაზე საუბარი დროებით უნდა შეწყდეს. დაახლოებით ოქტომბრისათვის გადაიდოს აგრეთვე მოლაპარაკება ვაზიანიდან და გუდაუთიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ.
          სტამბულში ხელმოწერილი დოკუმენტის შესაბამისი დებულება ტოვებს ორმაგი ინტერპრეტირებისა და «მანევრის» საშუალებას, - თუ, რა თქმა უნდა, კომპრომისი, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებლად და მიზანშეწონილად ჩაითვლება.
          აპრილიდან - ოქტომბრამდე, ქართველმა დივერსიულმა ჯგუფებმა (აქ გამოჩნდება, რისი შანსი აქვს «ნადარეიშვილის მთავრობას») სამურზაყანოში «წერტილოვანი დარტყმებით» და პროფესიულად განხორციელებული დივერსიებით უნდა შექმნან სეპარატისტთათვის აუტანელი ვითარება.
          რუსეთს ამ დროს საშუალება მიეცემა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, მზადაა იგი საქართველოსთან «სტრატეგიული კომპრომისისათვის» თუ არა.
          შეიძლება ითქვას, ეს კრემლის უკანასკნელი შანსია, ვინაიდან ამის შემდეგ მისი «წასვლა» საქართველოდან შეუქცევადი გახდება.
          ერთადერთი, რითაც არძინბამ შეიძლება დაარღვიოს ეს ალგორითმი, არის დივერსიულ ჯგუფთა მოქმედების საპასუხოდ ქართული მოსახლეობის კვლავ გამოდევნა სამურზაყანოდან. მაგრამ ეს უკვე «გამოყენებული» კოზირია, - გალის რაიონში ამჯერად 30 ათასი ქართველი თუ ცხოვრობს ომამდელი ასი ათასიდან.
          ისინი ისედაც მუდმივად მოძრაობენ გალიდან - ზუგდიდში. გარდა ამისა, თუ კრემლი ალგორითმს აჰყვება, სამშვიდობო ძალები სეპარატისტთა ხროვას გალის რაიონის «ქვედა ზონაში» არც შემოუშვებენ.

მერიდიანი, 4 თებერვალი, 2000 წელი