რეპლიკა სასამართლოს დამოუკიდებლობის თაობაზე

რეპლიკა სასამართლოს დამოუკიდებლობის თაობაზე

    ბოლოდროინდელი პოლიტიკური დისკურსის ერთ-ერთი მთავარი თემა სასამართლოს დამოუკიდებლობა ხდება.
    ეს არც არის გასაკვირი და ნამდვილად დამაჯერებელია არგუმენტი, რომ სასამართლოს ავტორიტეტულობა დემოკრატიული სახელმწიფოებრივი მექანიზმის ქმედითობის აუცილებელი პირობაა.
    მაგრამ საქართველოს პირობებში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მისი ავტორიტეტულობა სულაც არ არის იდენტური ცნებები, როგორც ზოგიერთები ცდილობენ დაგვარწმუნონ ჩვეული გაიძვერობით.
    სინამდვილეში, ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია ადასტურებს, რომ უმრავლეს შემთხვევაში მათი ჭეშმარიტი მისწრაფება სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა კი არა არის, არამედ მისი დამოკიდებულობის სუბიექტის შეცვლაა.
    კაცობრიობის ისტორია უეჭველად გვასწავლის: სასამართლო (მოყოლებული რომაული ეპოქიდან) ასამართლებდა სუვერენის სახელით, ანუ მოქმედებდა პრინციპი: ძალა არის სამართალი. კაცობრიობას ათასწლეულები დასჭირდა იმ ვითარების მისაღწევად, როდესაც სამართალი იქცა – ძალად ანუ სასამართლო გაიმიჯნა სუვერენისაგან.
    ამას მიაღწიეს (ეს მოახერხეს) მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელმა, ყველაზე განვითარებულმა დემოკრატიებმა. საქართველოს პირობებში კი, სამართლებრივი კულტურის არსებული დონის გათვალისწინებით, სასამართლოს «დესუვერენიზაცია» გამოიწვევს არა მის დამოუკიდებლობას (მით უმეტეს ავტორიტეტის ამაღლებას) არამედ დამოკიდებულების სუბიექტის შეცვლას.
    ამ ხალხს მართლაც რომ ვერაფრის დიდებით ვერ შეაგნებინებ, რომ «სასამართლოს დამოუკიდებლობაში» არ იგულისხმება მისი დამოუკიდებლობა მხოლოდ ხელისუფლებისაგან.
    არანაკლებ და, ზოგიერთ შემთხვევაში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იგი დამოუკიდებელი იყოს ქუჩის, ბრბოს, დაინტერესებული პოლიტიკური, სოციალური თუ საზოგადოებრივი ჯგუფების ზეწოლისაგან.
    აი, კლასიკური მაგალითი: ყველას გვახსოვს «გამარჯვებული ხალხის ტელევიზია» 2002 წელს წინასწარ, ღია ეთერში, როგორ ემუქრებოდა ერთ სასირცხვო საქმეზე მოსამართლეს: დედიშენის შვილი ხარ და ისეთი გადაწყვეტილება მიგიღია, ჩვენ რომ არ მოგვეწონებაო.
    მოსამართლემაც (ქალი გახლდათ) აუტკივარი თავი არ აიტკივა და იმ მკვლელობის საქმეში მოტივის (ანუ საკვანძო საკითხის!) გაურკვევლობა გადაწყვიტა არა განსასჯელის სასარგებლოდ (როგორც ამას მოითხოვდა ურყევი საკაცობრიო პრეზუმპცია, ტრადიცია და ნორმა) არამედ განსასჯელის საწინააღმდეგოდ – როგორც ეს ხსენებულ «ტელევიზიასა» და მასში მოკალათებულ აგრესიულ დაჯგუფებას აძლევდა ხელს.
    აქედან გამომდინარე, სანამ საქართველოში იარსებებს იმის ალბათობა, რომ სასამართლოს დესუვერენიზაცია გამოიწვევს არა მის დამოუკიდებლობას, არამედ დამოკიდებულების სუბიექტის შეცვლას, - სასამართლოს ავტორიტეტსა და «დამოუკიდებლობაზე» საუბარი რეალურად უსაგნო და ფუჭი დემაგოგია იქნება.