ცვლილებელი ჟვანიას მინისტრთა კაბინეტში

ცვლილებელი ჟვანიას მინისტრთა კაბინეტში

     
       

        ჯერ კიდევ ზუსტად არავინ იცის, რამდენად შეიცვლება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა, უფრო ზუსტად კი, მისი კონფიგურაცია იმ პერიოდისთვის (სავარაუდოდ, 7 ივნისისთვის), როცა პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე აღმასრულებელი ხელისუფლების ნდობის საკითხს დასვამს. მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო, «გადახალისებული» შემადგენლობა უკვე ცნობილია. პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას განცხადებით, თავდაცვის მინისტრის პოსტს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე დაიკავებს. გელა ბეჟუაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე გადაინაცვლებს. უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი უშიშროების სამინისტროს ჩაუდგება სათავეში, უშიშროების მინისტრ ზურაბ ადეიშვილს გენერალურ პროკურატურას ჩააბარებენ, გენერალურ პროკურორს ირაკლი ოქრუაშვულს კი შინაგან საქმეთა მინისტრის პორტფელს მიანდობენ...
        მიუხედავად პრემიერ-მინისტრის განმარტებისა _ მინისტრთა კაბინეტში ამგვარი გადანაცვლებები იმისთვის დაიგეგმა, რომ თანამდებობას თითოეული უკვე თავისი ხასიათისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე უკეთ მორგებოდა _ პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილისათვის ეს პერეტრუბაციები მაინც დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. უფრო მეტად იმ თვალსაზრისით, თუ რატომ დარჩნენ ძველი სახეები განახლებულ მინისტრთა კაბინტში და კონკრეტულად ვისთვის ჩაითვლება ეს დაწინაურებად ან, პირიქით, ჩამოქვეითებად.
        «თავდაცვის სამინისტროში გიორგი ბარამიძის გადაყვანა რომც იგეგმებოდეს, მე ამას დაწინაურებას დავარქმევდი და არა მის თავიდან მოცილებას. მით უფრო ახლა, როცა თავდაცვის სფერო სახელმწიფოს მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტად არის გამოცხადებული», _ მიხეილ სააკაშვილმა ეს სულ ცოტა ხნის წინ, თავის ერთ-ერთ ბრიფინგზე განაცხადა, როცა ხმებმა მოსალოდნელი გადანაცვლების თაობაზე ჟურნალისტებამდეც მიაღწია. ამასთან, პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ საგზაო პოლიციელებისადმი მისი საქვეყნოდ ცნობილი უკმაყოფილების მიუხედავად, პირადად შს მინისტრ გიორგი ბარამიძისადმი პრეტენზიები არა აქვს. პირიქით, «ბარამიძე თავის თანამდებობაზე მუხლჩაუხრელად მუშაობს». ბარამიძის გარდა, სააკაშვილს არც სხვების ამაგის დაფასება ავიწყდებოდა, უშიშროების საბჭოს მდივნის ვანო მერაბიშვილის, გენერალური პროკურორის ირაკლი ოქრუაშვილის, უშიშროების მინისტრის ზურაბ ადეიშვილის...
        საპარლამენტო უმრავლესობიდან გვერდზე გამდგარი კობა დავითაშვილი კი აცხადებს, რომ მას მინისტრთა კაბინეტის და, კონკრეტულად, ძალოვან მინისტრთა ცვლილებებზე «საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვები აქვს.» თუ კონკრეტულად რას ემყარება მისი ეჭვები, დავითაშვილი არ აკონკრეტებს. როგორც აცხადებს, განმარტების მიცემა მას პოსტ-ფაქტუმ, კაბინეტის წევრთა წარმოდგენის შემდეგ მიაჩნია საჭიროდ. თითქმის იგივე პოზიცია აქვს «რესპუბლიკელ» ივლიანე ხაინდრავასაც, რომელიც უკვე გამოცხდებულ სიაში ცვლილებებს არ გამორიცხავს, მაგრამ საუბარს მაინც პოსტ-ფაქტუმ ამჯობინებს.
        «თუნდაც ერთი მათგანი რომ გაეშვათ თანამდებობიდან, მაშინ შეიძლენოდა იმის დასკვნა, რომ ვიღაც თანამდებობას ვერ გაუმკლავდა. ახლა ძნელია იმაზე ლაპარაკი და განსაზღვრა, თუ რა ხდება. ერთადერთი იმის ვარაუდი შემიძლია, რომ ვანო მერაბიშვილი, თავისი ფუნქციით, რამდენიმე უწყების კურატორი იყო ახლა კი მას მხოლოდ ერთი უწყების ხელმძღვანელობა მოუწევს», _ ასეთი ვარაუდი აქვს «მემარჯვენე ოპოზიცია - მრეწველები, ახლების» წევრს ფიქრია ჩიხრაძეს, რომელიც მთელი თავისი ფრაქციის ფანწყობას გადმოგვცემს. «მრეწველ-ახლების» ინფორმაციით, მერაბიშვილის ახალ თანამდებობაზე გადანაცვლების შესახებ საუბრები გიორგი კენჭაძესთან დაკავშირებული ხმაურიანი საქმის შემდეგ დაიწყო.
        ფიქრია ჩიხრაძემ სამთავრობო მოსალოდნელი გადანაცვლების თაობაზე საინფორმაციო საშუალებებით შეიტყო. იმის გათვალისწინებით, რომ იგი «მემარჯვენე ოპოზიციის» წარმომადგენელია და არა მმართველი პარტიის, უცნაური ამაში არც არაფერია. თუმცა, დაახლოებით იგივე მდგომარეობაში «ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების» ფრაქციის თავმჯდომარე მაია ნადირაძეც.
        «ზუსტად ვერ გეტყვით, თუ რა მოტივით არიან ისინი ამ თანამდებობებზე გადანაცვლებულები. მაგრამ, ნებისმიერი ადამიანი თავის შესაძლებლობებს, ალბათ, სხვადასხვა თანამდებობებზე სხვადასხვანაირად ამჟღავნებს. პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ჩათვალეს, რომ ამ ხალხის უნარ-ჩვევევბი ამა თუ იმ თანამდებობებზე უფრო გამოსადეგი იქნებოდა.» საკითხს, თუ რატომ არ აღმოჩნდა მეტ-ნაკლებად საქმის კურსში მოსალოდნელ გადანაცვლებებთან დაკავშირებით ფრაქციის თავმჯდომარე, ან კიდევ რა სიურპრიზს უნდა ველოდოთ აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან ამ კუთხით, ნადირაძე ასე განმარტავს: «ახალი კონსტიტუციით, მომავალი ცვლილებები მთავრობაში პარლამენტს ნაკლებად ეხება, თანაც პარლამენტში, ძალზე ბევრი სამქეა იმისათვის, რომ ამ ცვლილებებით დავინტერესდე. არასოდეს ვინტერესდები იმ საკითხებით, რის შესახებაც თავად არ მეუბნებიან, რადგან ჩემი ინტერესი არაჯანსაღად შეიძლება იქნეს აღქმული.
        ალბათ, ყველაფერი გასაგები იქნება, როცა პრეზიდენტი მთავრობის ნდობის საკითხით წარდგება პარლამენტის წინაშე და კონკრეტულ არგუმენტებს მოვისმენთ. არ ვაპირებ გამოვიცნო, თუ რა სიურპრიზს გვიმზადებენ პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტი. ისე, არა მგონია, რომ ამ შემადგენლობით მთავრობის დამტკიცემა პრობლემა გახდეს.»
        იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიგა მოკერიას აზრით კი:
        «საერთოდ, როტაცია გარკვეულწილად დადებითი პროცესია, რადგან მუდმივ ფორმაში ამყოფებს იმ პიროვნებებს, რომლებზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ჩათვალეს, რომ კონფიგურაცია ამ სახით: უფრო კარგად იმუშავებს იმ საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც დღეისათვის დადგა სახელმწიფოს წინაშე.»
        ეს პარლამენტის წევრთა ოფიციალური განცხადებებია, სხვათა არაოფიციალური საუბრებიდან გამომდინარე კი, ვითარება ასეთია: თავდაცვისა და უშიშროების საპარლამეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გია ბარამიძე თავს უფრო კომფორტულად თავდაცვის მინისტრის «კანში» იგრძნობს. ირაკლი ოქრუაშვილმა გენერალური პროკურორის პოსტზე თავისი შეუდარებლობა კი დაამტკიცა, მაგრამ სწორედ ამიტომ სერიოზული რეფორმების ჩასატარებლად იგი შედარებით «ჩამორჩენილ უბანზე» გადაისროლეს. სამართლებრივი რეფორმების გატარება კი მართლაც საკმაო გამოცდილების მქონე ზურაბ ადეიშვილისთვის ჩაითვალა უპრიანად. გელა ბეჟუაშვილის უფრო შესაფერისი უშიშროების საბჭოს მდივნის «ანალიტიკური პროფილის» თანამდებობაზე იქნება. ერთგული კაცი კი, ვანო მერაბიშვილის სახით, უშიშროების სამინისტროშიც გამოდგება.

7 ინისი, ორშაბათი, 2004 წელი
        24 საათი