ქართულ-რუსული «ტკეპნა» ადგილზე
           

            ხანგრძლივი პაუზის შემდეგ განახლდა ქართულ-რუსული მოლაპარაკების პროცესი, რომლის უმთავრესი მიზანია საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისა და სამხრეთელ ოსთა ლიდერ ლუდვიგ ჩიბიროვს შორის შეხვედრის მომზადებაა.
            ამ შეხვედრას ოსური მხარისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან უახლოეს მომავალში «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში» დაგეგმილია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ჩიბიროვსა და მის პარტიას კი (არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სოციალური და კლანური გაგებით) საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები ჰყავთ, ანუ სამრხეთოსური «ისტებლიშმენტი» არ არის კონსოლიდირებული ლუდვიგ ჩიბიროვის გარშემო.
            ქართულ მხარეს შეუძლია ეს მომენტი ოსტატურად გამოიყენოს, ვინაიდან «სამხრეთ ოსეთში» სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი. ცხინვალის რეჟიმისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია იმის დაფიქსირება, რომ იგი აგრძელებს მოლაპარაკებას თბილისთან. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. უპირველეს ყოვლისა, ოს სეპარატისტებს ეს სჭირდებათ ევროპული გაერთიანების შეცდომაში შესაყვანად, რათა გაგრძელდეს დახმარება, რასაც ევროპა (სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით) უწევს «სამხრეთ ოსეთს». გარდა ამისა, მოლაპარაკებათა განახლება საშუალებას მისცემს რუსეთს, კვლავ წამოჭრას საკითხი «სამხრეთ ოსეთის ეკონომიკის ერთობლივი აღდგენის» შესახებ.
            როგორც ცნობილია, 1992 წელს, დაგომისში მიღწეული სტრატეგიული კომპრომისის შესაბამისად, რუსეთმა და საქართველომ იკისრეს ვალდებულება, ერთობლივად დაეფინანსებინათ აღდგენითი სამუშაოები «სამხრეთ ოსეთში». ოსური მხარე დღემდე აცხადებს, რომ საქართველომ თავისი ვალდებულება მხოლოდ 0,7 პროცენტით შეასრულა. აღსანიშნავია, რომ რუსეთმაც, შესაბამისად, ნაკისრ ვალდებულებათა მხოლოდ მცირე ნაწილი განახორციელა.
            ეს საკითხი მჭიდროდ უკავშირდება პოლიტიკური სტატუსის პრობლემას, მაგრამ ამ მიმართულებით, ჯერჯერობით, არავითარი პროგრესი არ არის მიღწეული. სხვათა შორის, ეს არ ნიშნავს, რომ ვითარება, ზოგადად, ცხინვალის რეგიონში არ გაუმჯობესებულა: როგორც ქართველი, ასევე ოსი ლტოლვილები თანდათან ბრუნდებიან მშობლიურ სახლებში, აღდგა ადამიანური ურთიერთობები, რაც ნამდვილად სჯობს ომს, სისხლისღვრას და უბედურებას.
            მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით, ოსური მხარე (ისევე როგორც აფხაზი სეპარატისტები) მხოლოდ ილუზიას ქმნის, თითქოს რაღაც მოლაპარაკებას აწარმოებს და ვითომდაც მზად არის კომპრომისისათვის. ეს ჩვეულებრივი სეპარატისტული ტექნოლოგიაა, ოღონდ გარკვეული სხვაობაც არსებობს.
            მკითხველს, შესაძლოა, გაუკვირდეს, მაგრამ ოსებს საქართველოსთან დამოკიდებულებაში კიდევ უფრო ხისტი და შეურიგებელი პოზიცია აქვთ, ვიდრე აფხაზ სეპარატისტებს. მაგალითად, არძინბას არაერთგზის უთქვამს, რომ აფხაზეთი მზად არის გააფორმოს «სამოკავშირეო ხელშეკრულება» და საქართველოსთან ეგრეთ წოდებული «საერთო სახელმწიფო» შექმნას.
            რასაკვირველია, არძინბას მხრივ, ეს ტაქტიკური ნაბიჯია, მაგრამ მოტივს არა აქვს მნიშვნელობა - მთავარია, რომ (მიაქციეთ ყურადღება) ოსთა ლიდერებს ესეც კი არასდროს უთქვამთ, ანუ, არასდროს გამოუთქვამთ მზადყოფნა, შექმნან «საერთო სახელმწიფო» საქართველოსთან.
            მათი პოზიცია უცვლელია 1992 წლიდან: «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა» დამოუკიდებელი სახელმწიფოა (რეფერენდუმი ჩაატარეს ეგრეთ წოდებული «თბილისის ომის» დროს), რომელიც, თუ ოდესმე ვინმესთან გაერთიანდება, მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთთან და რუსეთთან.
            ამ განსხვავების მიზეზი ის არის, რომ არძინბას აფხაზეთს სრული დამოუკიდებლობის პრეტენზია აქვს, მაშინ, როდესაც ოსები რუსეთის შემადგენლობაში «დიდი ალანიის» შექმნაზე ოცნებობენ. რამდენად რეალურია ან ერთი, ან მეორე, სხვა საკითხია, მაგრამ მთავარი სწორედ ეს განსხვავებაა.
            თუმცა, ორ სეპარატისტულ რეგიონს შორის სხვაობა ამით არ ამოიწურება: ოსმა სეპარატისტებმა სამხედრო გამარჯვება ვერ მოიპოვეს. მართალია 1992 წლის ზაფხულში ცხივნალში და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო ძალები შემოვიდნენ, მაგრამ იქ შეიქმნა კოალიციური სამშვიდობო ძალები, რაც უდავოდ ქართული პოლიტიკის ერთგვარი გამარჯვება იყო, ანუ შეიქმნა რუსული, ქართული და ოსური სამშვიდობო ფორმირება.
            მაშასადამე, თბილისმა შეინარჩუნა ქართველებით დასახლებულ რაიონებზე კონტროლის საშუალება. სამაგიეროდ, სამშვიდობო ძალების რეგიონში ყოფნის ვადა განუსაზღვრელია.
            არაფერი მსგავსი აფხაზეთში არ მომხდარა, ვინაიდან, აფხაზმა სეპარატისტებმა, ჩვენში იმ დროს მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო, სრული სამხედრო გამარჯვება მოიპოვეს.
            შესაბამისად, არძინბა და მისი გარემოცვა კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს წინადადებებს - თუნდაც გალის რაიონში ერთობლივი რუსულ-ქართულ-აფხაზური სამშვიდობო ძალების შეყვანის შესახებ.
            ამგვარი დისპოზიცია ყოფილი «სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის» ტერიტორიაზე ძალიან მცირე შანსს ტოვებს უახლოეს მომავალში რაიმე კომპრომისისათვის. ოსური ფენომენი რუსეთის სტრატეგიული ბერკეტია სამხრეთ კავკასიაში. იგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური არგუმენტია, ვიდრე ყარაბაღი. ამდენად, რუსეთი, ოს სეპარატისტებთან ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე, ყველაფერს გააკეთებს, რათა სტატუს-კვო შეინარჩუნოს, მაგრამ არსებული წონასწორობის დარღვევა არც საქართველოს აძლევს ხელს.

დილის გაზეთი, 15 სექტემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე