რისი მომასწავებელია რუსული მედიის ისტერიკა?

რისი მომასწავებელია რუსული მედიის ისტერიკა?

             ორშაბათს რუსეთის ტელეკომპანია «ორტ»-ს ერთ-ერთმა სიუჟეტმა ცხადყო, რომ «არა არს ბოროტი სიკეთის გარეშე» - რუსეთის მესაზღვრეებმა საქართველოს სამხედრო ბაზაზე, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დააკავეს «იკარუსის» მარკის ავტობუსი, რომელიც მოსკოვი-თბილისის რეისს ასრულებდა.
        მესაზღვრეებმა ავტობუსში საგულდაგულოდ დამალული მინირადიოსადგურების მთელი კომპლექტი აღმოაჩინეს და უმალვე გამოაცხადეს, რომ (მათი აზრით) რადიოსადგურები ქართველებს შედმგომ, ჩეჩნეთში უნდა გადაეგზავნათ, ამიტომ რუსეთის საბაჟომ ტვირთის კონფისკაცია მოახდინა.
        «იკარუსში» ტვირთის პატრონი არ აღმოჩნდა, ხოლო მძღოლები, რაღა თქმა უნდა, მხრებს იჩეჩდნენ - აბა ჩვენ რა შუაში ვართ, გვთხოვეს რადიოსადგურები თბილისში ჩაგვეტანა და პატრონისთვის ჩაგვებარებინაო.
        სინამდვილეში, რასაკვირველია, რადიოსადგურები «ჩვეულებრივი» კონტრაბანდა იყო: რომელიღაც ფირმამ დიდი პარტია შეიძინა მოსკოვში და მის შემოტანას საბაჟო გადასახადისაგან თავის ასარიდებლად სამგზარვო ავტობუსით აპირებდა.
        ამრიგად, ქართველი კონტრაბანდისტები ჩეჩნეთის კრიზისს შეეწირნენ და გვარიანადაც იზარალეს. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე კონტროლის გამკაცრებამ «ძალაუნებურად» კონტრაბანდის არხებიც გადაკეტა, თუმცა, საქმე მხოლოდ კონტრაბანდაში როდია - «ქვემო ზარამაგის» საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან (როკის გვირაბიდან) ოს სეპარატისტებს უკვე ძალიან გაუჭირდებათ საქართველოში იარაღის შემოტანა, ვინაიდან რუს მესაზღვრეებს მიღებული აქვთ მკაცრი ბრძანება, არ გაატარონ საქართველოში არავითარი «საეჭვო» ტვირთი, მით უმეტეს იარაღი, რომელიც შემდეგ შეიძლება ჩეჩნეთში მოხვდეს.
        კვლავინდებურად უშედეგოდ დასრულდა მორიგი შეხვედრა ვლადიკავკაზში საქართველოსა და რუსეთის სასაზღვრო უწყებათა წარმომადგენლებს შორის. რუსეთის დაჟინებულ მოთხოვნას რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე რუსი მესაზღვრეების «ჩაყენების» თაობაზე ქართულმა მხარემ კომპრომისული წინადადება შეაგება: «მზად ვართ დავუშვათ საზღვარზე რუსი დამკვირვებლები, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ ქართველი დამკვირვებლებიც დადგებიან საზღვრის აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» მონაკვეთებზე - რუსეთის მხრიდან».
        ეს წინადადება მოსკოვში არ ეპიტნავათ - მიღებული პასუხის მიხედვით, თურმე, ნუ იტყვით, «რუსული საზოგადოება რუსეთის სუვერენიტეტის შელახვად და შეურაცხყოფად აღიქვამს ქართველი დამკვირვებლების დაშვებას რუსეთის ტერიტორიაზე».
        მაშასადამე, მათი აზრით, საქართველო ვალდებულია მოითმინოს და აიტანოს ის, რასაც რუსული საზოგადოება არ მოითმენს და ვერ აიტანს!
        იმავდროულად, რუსული მასმედია კვლავინდებურად უმალავს თავის საზოგადოებას იმ ფაქტს, რომ რუსი მესაზღვრეები რუსეთ-საქართველოს საზღვრის სწორედ იმ მონაკვეთზე, რომელიც ამჟამად ყურადღების ცენტრში მოექცა, იდგნენ 1994-იდან 1998 წლამდე.
        თანაც, საზღვრის ამ მონაკვეთს აკონტროლებდნენ არა «მეთვალყურეები», არამედ სწორედ მესაზღვრეები - სრული შეიარაღებითა და უფლებამოსილებით.
        საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ მას შემდეგ მოითხოვა მათი გაყვანა საზღვრიდან, რაც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სანაცვლოდ რუსეთი სულაც არ აპირებდა აფხაზ და ოს სეპარატისტთა თუნდაც ოდნავ «შევიწროებას».
        აფხაზეთთან და «სამხრეთ ოსეთთან» დამაკავშირებელი გზები «ჩვეულებრივ» ფუნქციონირებდა მთელ ამ წლების განმალვობაში, ხოლო ფსოუს საკონტროლი გამშვებ პუნქტზე დაწესებული «შეზღუდვები» მხოლოდ დეკორაცია იყო.
        რაკი მიხვდნენ, რომ საქართველო ამ საკითხში დათმობას არ აპირებდა, მოსკოვში ჩვეულ ხერხს მიმართეს და გადაწყვიტეს, «ფსიქოლოგიური ზეწოლით» მიეღწიათ მიზნისათვის.
        საბედნიეროდ, რუსეთის «საინფორმცაიო იარაღი» საქართველოში ძველებურად ყოვლისშემძლე და ძლევამოსილი აღარ არის, თუმცა, მიანც არსებობდა საშიშროება, რომ ამგვარი «ზეწოლით» შეშინებული ხელისუფლება ცალმხრივ დათმობებზე წავიდოდა.
        ჯერჯერობით ასე არ ხდება და არც უნდა მოხდეს - მით უმეტეს ჩეჩნეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით. რუსეთი ვეღარ იყენებს (ამინდის გაუარესებების გამო) ავიაციას, რუსეთის არმიამ ვერ მოახერხა ბამუტისა და ურუსმარტანის აღება, ბრძოლები გროზნოსთვის რამდენიმე თვეს მაინც გაგრძელდება;
        მთიან რაიონებში, დიდთოვლობაში, რუსეთს კიდევ უფრო გაუჭირდება გამარჯვება. მორალურად რუსეთი უკვე დამარცხდა, ვინაიდან დადასტურდა, რომ იგი დაპყრობილი ტერიტორიის შესანარჩუნებლად ბარბაროსულ მეთოდს იყენებს: რუსული სამხედრო შენაერთი, მასზე პარტიზანთა თავდასხმის შემთხვევაში, «დასახულ ოპერაციას» ატარებს თავდასხმის ადგილიდან უახლოეს ჩეჩნურ დასახლებულ პუნქტში - ბომბავს მას არტილერიით და ავიაციით.
        ეს ხდება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აშკარაა, რომ ამ ჩეჩნურ დასახლებულ პუნქტს თავდამსხმელებთან არავითარი კავშირი არა აქვს.

დრონი, 30 ნოემბერი, 1999 წელი