ასლან აბაშიძის პრეცედენტი ანგრევს საქართველოს

ასლან აბაშიძის პრეცედენტი ანგრევს საქართველოს

გასულ კვირას, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა დიდი ზარ-ზეიმითა და პომპეზურობით გვამცნეს, რომ «აჭარის ლომს» - ასლან აბაშიძეს, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით მიენიჭა «ხალხთა მეგობრობის» ორდენი - ბათუმში სპეციალურად ჩავიდა ელცინის საგანგებო წარმომადგენელი, რომელმაც აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს საზეიმო ვითარებაში გადასცა ეს «მაღალი ჯილდო».
    ასლან აბაშიძემ «ხალხთა მეგობრობის» ორდენი, რა თქმა უნდა შეიფერა და გულმხურვალე სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც საგანგებოდ გაუსვა ხაზი საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების დამკვიდრების აუცილებლობას.
    ზოგიერთმა ეს მოვლენა შეიძლება არც მიიჩნიოს განსაკუთრებული ყურადღების ღირსად. «აჭარის ლომთან» დაახლოებული «ელიტარული ინტელიგენცია», ახლადშობილი ხბოსავით პირდაღებული რომ შესცქერის აბაშიძის მიერ წარმოებულ ურთულეს თამაშს - ქვემოთ მოყვანილ ანალიზს უეჭველად ჩამითვლის «პროვინციული ფაშიზმისა» და ამ «ფაშიზმით» გამოწვეული «ავადმყოფური აზროვნების» ნაყოფად.
    მათი აზრით, ელცინის ეს ჟესტი სავსებით გულწრფელია, - უბრალოდ, მეზობელი სახელმწიფოს ლიდერმა დააჯილდოვა «მეგობარი სახელმწიფოს» შემადგენლობაში მყოფი ავტონომიის ხელმძღვანელი, რომელმაც «ამდენი გააკეთა მშვიდობის, სტაბილურობისა და ხალხთა მეგობრობის» შესანარჩუნებლად.
    არადა, ჩემი აზრით, ამ ფორმულირებაში უკვე იმთავითვე ჩადებულია პროვოკაციული ორაზროვნება: თუ ლაპარაკია აჭარაზე და ამ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებაზე, რა შუაშია «ხალხთა მეგობრობა»? განა აჭარლები ქართველები არ არიან?
    მაგრამ ამას თავი დავანებოთ. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ელცინმა აბაშიძე სწორედ არჩევნების შემდეგ დააჯილდოვა. ანუ მას შემდეგ, რაც აშკარად გამოიკვეთა 5 ნოემბრის არჩევნებში «აბაშიძის პარტიის» სრულიად უსამართლო გამარჯვება.
    ამიერიდან, საქართველოში ყველაზე გავლენიანი და მრავლისშემძლე ფიგურა სწორედ ასლან აბაშიძეა. ბორის ელცინი ამ პროვოკაციით (აბაშიძის დაჯილდოებით) უეჭველად ცდილობს, კიდევ უფრო გაამწვავოს ისედაც საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა თბილისსა და ბათუმს შორის, ხაზი გაუსვას თავის პრიორიტეტს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე (აფხაზეთი და სამაჩაბლო ხომ უკვე წაგვგვლიჯა) და ნათელყოს, რომ ეს პრიორიტეტი სწორედ აბაშიძის მხარდაჭერაში გამოიხატება.
    სხვაგვარი ახსნა უბრალოდ არ არსებობს - ავტონომიის ხელმძღვანელის დაჯილდოებით რუსეთი უეჭველად ხელს უწყობს პარტიკულარისტული ტენდენციების განვითარებას. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, კრემლი საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, მაგრამ ჩვენ რატომ ვეხმარებით?

    უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ ასლან აბაშიძის მიერ არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე ჩამოყალიბებულ პარტიას არ ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო არჩევნებში, რადგან სინამდვილეში იგი რეგიონული ორგანიზაცია იყო და არა საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პარტია. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საარჩევნო კანონის შემქმნელებს დაავიწყდათ იმის გათვალისწინება, რომ რეგიონულ კლანებს შეიძლება გამოეყენებინათ პროპორციული არჩევნები საკანონმდებლო ორგანოში გავლენის მოსაპოვებლად.
    საქმე ის გახლავთ, რომ პროპორციული არჩევნების არსი სწორედ საერთო-ნაციონალური ინტერესების გამოხატვაში მდგომარეობს. ანუ, პროპორციულ არჩევნებში უნდა მონაწილეობდნენ მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც საერთო-სახელმწიფოებრივ (და არა რეგიონულ) ინტერესებს გამოხატავენ. რეგიონთა ინტერესებს კი პარლამენტში მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატები იცავენ.
    სწორედ ამიტომაა გათვალისწინებული ორპალატიანი პარლამენტი ახალი კონსტიტუციით - არ შეიძლება პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობდეს პარტია, რომელიც რეგიონულ ინტერესებს გამოხატავს.
    ასლან აბაშიძემ ეს ყოველივე ძალიან კარგად უწყის. ამიტომ იგი ეშმაკურად მოიქცა და თავის პარტიას «სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი» უწოდა. ამ «კავშირმა» ხმების აბსოლუტური უმრავლესობა აჭარაში მიიღო, მაგრამ რაკი ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა, მოქმედი წესის თანახმად, მას დეპუტატები დაემატა ისეთივე შეფარდებით, როგორც «მოქალაქეთა კავშირს» და «ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას», ანუ იმ პარტიებს, რომლებიც ნამდვილად საერთო-სახელმწიფოებრივ ინტერესებს გამოხატავენ და არა მხოლოდ რეგიონულს.
    ამაზე დიდი უსამართლობის წარმოდგენა შეუძლებელია! ასლან აბაშიძის ეშმაკობამ გაჭრა და მან საწადელს მიაღწია. სინამდვილეში, აღორძინების კავშირი, მიუხედავად სახელწოდებისა, სწორედ აჭარის ინტერესებს გამოხატავს! ამით დაირღვა პროპორციული არჩევნების (ანუ საერთონაციონალური სიის) უმთავრესი პრინციპი და ახლადშობილი ქართული სახელმწიფოს საძირკველშივე ჩაიდო მძლავრი ნაღმი, რაც უმალვე შენიშნა ჩვენმა «დაუძინებელმა მეგობარმა» ბორის ელცინმა და აღნიშნა კიდეც ჯილდოთი.
    ნორმალურ პირობებში აჭარის, როგორც, რეგიონის ინტერესების დაცვა სწორედ იმ ექვსი მაჟორიტარი დეპუტატის ფუნქცია უნდა ყოფილიყო, რომელიც რაიონებმა აირჩიეს. ხოლო პროპორციულ არჩევნებში, თუ მაინცდამაინც, აჭარის მოსახლეობას შეეძლო მხარი დაეჭირა იმ საერთო-ნაციონალური პარტიისათვის, რომელიც უფრო მეტად გაითვალისწინებდა რეგიონის ინტერესებს. ეს არის დემოკრატიული წეს-წყობილების ანა-ბანა, მაგრამ აბაშიძეს თავისი მიზნები აქვს, რომელსაც ზუსტი და ეშმაკური ხერხებით ახორციელებს.
    გაუგებარია, «რესპუბლიკელებს» მაინც როგორ გამორჩათ მხედველობიდან საარჩევნო კანონის ეს ნაკლი? როგორ შეიძლებოდა იმის დაშვება, რომ რეგიონულ კლანს პროპორციულ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა? არადა ამის თავიდანა აცილება სულ ადვილად მოხერხდებოდა: საკმარისი იყო საარჩევნო კანონში ჩაგვეწერა, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება (პროპორციული სიით) აქვთ მხოლოდ იმ პარტიებს, რომელთა ხელმძღვანელი ორგანო დედაქალაქში (თბილისში) მდებარეობს.
    სხვა დამცავი მექანიზმის მოფიქრებაც შესაძლებელი იყო. მაგალითად, შეიძლებოდა კანონში ჩაწერილიყო, რომ პარტიის წევრთა მესამედზე მეტს არ შეიძლება შეადგენდნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს ერთ რომელიმე მხარეში ცხოვრობენ, - გარდა დედაქალაქისა. თბილისი ამ შემთხვევაში გამონაკლისია, რადგან იგი «კრებს» საქართველოს ყველა მხარეს. რა თქმა უნდა, ასლან აბაშიძე ყველაფერს იკადრებდა, - მაგალითად თბილისში მცხოვრებ ეთნიკურ აჭარლებს შეიყვანდა სიაში, მაგრამ ეს აჭარლები მაინც საერთო-სახელმწიფოებრივი ცნობიერების მატარებელნი არიან და აბაშიძეს ბათუმიდან ძალიან გაუჭირდებოდა მათი მართვა - საკუთარი პარტიკულარისტული ზრახვების აღსასრულებლად.
    სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ ელიტას, რომელიც ერთმანეთთან ჯიბრითა და ქიშპით იყო დაკავებული, ეს ყოველივე დროულად არ შეუმჩნევია. შედეგად კი, მივიღეთ საზარელი პრეცედენტი, რომელმაც შეიძლება საბოლოოდ დაანგრიოს საქართველო - აბა წარმოიდგინეთ რა მოხდება, თუ ყოველი არჩევნების წინ, ყველა მხარის გუბერნატორი შექმნის ვითომდაც საერთო- ეროვნული ინტერესების გამომხატველ პარტიას, დაარქმევს მას «საქართველოს აყვავების კავშირს» და პროპორციულ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას?!
    ამრიგად, იმერეთში პროპორციულ არჩევნებში გაიმარჯვებს იმერელი გუბერნატორის მიერ შექმნილი პარტია, სამეგრელოში - მეგრელის, კახეთში - კახელის და ა.შ. თანაც, ყველა რა თქმა უნდა თვალთმაქცურად განაცხადებს «საქართველოს ინტერესებისთვის ვიბრძვიო».
    ზოგიერთი შეიძლება შემომედავოს: ასეთ გუბერნატორს ხომ პრეზიდენტი უმალვე მოხსნისო, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის. თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც გუბერნატორი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იქნება, ვთქვათ, იმერეთში - საქართველო ხომ «ორღობის პატრიოტიზმის» ქვეყანაა!
    გორელთა ამგვარი «პატრიოტიზმის» შიშით, საქართველოს ავტონომიების (შეყოვნებული მოქმედების ნაღმების) მთავარი შემოქმედის, - სოსო ჯუღაშვილის ძეგლი ვერ აგვიღია და ათ «ლომს» მოვერევით ერთდროულად? მეტი არ არის თქვენი მტერი! თანაც, ეს «ლომები» ისეთი გაიძვერები არიან, ჭკუით და ეშმაკობით უეჭველად გვაჯობებენ და კვლავაც დაიმსახურებენ «ხალხთა მეგობრობის» ორდენს, რომელსაც ელცინი იმერელი, კახელი, აჭარელი, სვანი, გურული, მეგრელი, თუში, მესხი და საქართველოს «სხვა ხალხების» მეგობრობის აღსანიშნავად არ დაიშურებს.
    ერთი კი მინდა ვკითხო ყველა ამ «ლომს»: ასე რამ შეგაძულათ საკუთარი სამშობლო თქვე ოჯახქორებო - როდის რა დაუშავებია თქვენთვის, რომ მუდამ მისი დაგლეჯისა და დანაწევრების ცდაში ხართ?

«მსგეფსი», 26 ნოემბერი, 1995 წელი.