«ახალი კავკასიური კონფიგურაცია» ძველი მეთოდებით

«ახალი კავკასიური კონფიგურაცია» ძველი მეთოდებით

       

        აზერბაიჯანში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი მართლაც მნიშვნელოვან მოვლენად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ ხელშესახები შედეგი მას თითქოს არ მოჰყოლია. სიმბოლოებს პოლიტიკაში, მათ შორის გეოპოლიტიკაში, განსაკუთრებით საკრალური შინაარსი აქვთ.
        შეუძლებელია, შემთხვევითი ყოფილიყო, რომ ახალ საუკუნესა და ათასწლეულში რუსეთის სახელმწიფოს მეთაური სწორედ კავკასიას ეწვია პირველი საზღვარგარეთული ვიზიტით. და არათუ კავკასიას, არამედ აზერბაიჯანს, რომელიც რეგიონში რუსეთის ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირის - სომხეთის მოსისხლე მტერია.
        ერევანში ეს ვიზიტი აღფრთოვანებასა და ზეიმს რომ არ გამოიწვევდა, ცხადია. მაგრამ რამდენად გულწრფელია პუტინი, როდესაც ახალ პოლიტიკურ ქარაგმას ქმნის, - თითქოს, კრემლი მზად არის, შეცვალოს პრიორიტეტები კავკასიაში?
        ზოგიერთი აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი (ოღონდ არა ალიევი) უკვე საუბრობს «მოსკოვის პოლიტიკის შეცვლაზე ყარაბაღის გარშემო კონფლიქტში». ეს, რასაკვირველია, მტკნარი სისულელეა, ოღონდ ამას ახსნა და დასაბუთება სჭირდება. სინამდვილეში, რაოდენ უცნაურად და დაუჯერებლადაც უნდა მოეჩვენოს ვინმეს, პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი და მოტივი საქართველოზე ზემოქმედება იყო.
        თავად განსაჯეთ: რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა რეალურად ვერაფერზე მოილაპარაკეს. ყარაბაღთან დაკავშირებით პუტინმა თქვა: «რუსეთი მხარს დაუჭერს კონფლიქტის მხოლოდ ისეთ გადაწყვეტას, რაც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება». მანამდე არაფერი გეტკინოთ, ვიდრე აზერბაიჯანი სომხეთს ამ უკანასკნელისთვის მისაღებ პირობებს არ შესთავაზებს, ან პირიქით.
        რაც შეეხება რეკლამირებულ «სამხედრო თანამშრომლობას», - აზერბაიჯაენელი ოფიცრების მომზადება რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში დიდი ვერაფერი კომპენსაცია და შეღავათია იმ ორი მილიარდი დოლარის ღირებულების უახლესი სამხედრო ტექნიკის სანაცვლოდ, რაც სომხეთმა მიიღო რუსეთისგან.
        კასპიის ზღვის საკითხშიც მხარეებმა მხოლოდ რეალობა დააფიქსირეს, - «ფსკერი იყოფა, ხოლო ზედაპირი საერთოა». რუსული ნავთობკომპანია «ლუკოილი» ისედაც მონაწილეობდა აზერბაიჯანული ნავთობის ათვისებაში, ვინაიდან მას აზერბაიჯანული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე ვაგიპ ალეკპეროვი ხელმძღვანელობს, რომელიც, იმავდროულად, კომპანიის უდიდესი აქციონერია.
        მხარეებმა ვერ მოილაპარაკეს ერთადერთი რუსული სამხედრო ობიექტის ბედზე, რაც კიდევ დარჩა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. საქმე ეხება გაბალინის სადისლოკაციო სადგურს. ეს ობიექტი რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ვინაიდან მისი მეშვეობით შესაძლებელია სახმრეთ ნახევარსფეროდან (ვთქვათ, ავსტრალიის ან არგენტინის სანაპიროებთან დისლოცირებული წყალქვეშა ნავიდან) გაშვებული ბალისტიკური რაკეტის შემჩნევა.
        აზერბაიჯანმა რუსეთს მკაცრად მოსთხოვა ობიექტის მის საკუთრებაში გადაცემა, რის შემდეგაც იჯარით დაბრუნებას პირდება. პუტინი უარზე იყო, მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს სამხედრო სადგური აზერბაიჯანის სრულ კონტროლს ექვემდებარება - საკმარისია, ბაქომ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტოს და მთელი უნიკალური აპარატურა ჯართად იქცევა. «აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაც» ფუჭი დეკლარაციაა - ასე რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობასაც აღიარებს - დეკლარაციათა დონეზე.
        ოღონდ აქ არის ერთი მომენტი, რომელსაც პუტინი აქტიურად იყენებს თავის ეშმაკურ თამაშში: აზერბაიჯანს (საქართველოსგან განსხვავებით) საბჭოთა კავშირიდან გასვლა არ მოუთხოვია. აზერბაიჯანში არ ყოფილა არანაირი ანტირუსული მიტინგები. მით უმეტე,ს ლოზუნგი «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია». აზერბაიჯანმა თანხმობა განაცხადა, ხელი მოეწერა «სამოკავშირეო ხელშეკრულებისთვის», რომელიც მიხეილ გორბაჩოვმა შეიმუშავა ნოვო ოგარიოვოში. ბაქოში უკვე შეადგინეს იკდეც მოსკოვში წამსვლელთა სია, ვისაც ხელი უნდა მოეწერა «ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებისათვის». ამ დროს კი ერევანში სიტუაცია საპირისპიროდ ვითარდებოდა. რაკი «ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება» ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებდა, სომხეთმა მის ხელმოწერაზე უარი განაცხადა. უფრო მეტიც, - სომხეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია და დანიშნა რეფერენდუმი საბჭოთა კავშირიდან გასვლის თაობაზე.
        ორივე მოვლენას (ანუ აზერბაიჯანის მიერ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებას და სომხეთში რეფერენდუმის ჩატარებას) ხელი შეუშალა 19 აგვისტოს პუტჩმა მოსკოვში. ახლა კი გეკითხებით, პატივცემულო მკითხველო: განა არ გიკვირთ, რომ რუსებმა (რომლებიც ჩვენ, ქართველებს, დღენიადაგ გვამუნათებენ - «საბოჭთა კავშირიდან გასვლა გადაწყვიტეთო»), ყარაბაღის გარშემო ომში სომხებს დაუჭირეს მხარი და არა აზერბაიჯანელებს?
        კი, მაგრამ, თუკი რუსეთმა აფსუა სეპარატისტებს მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ ჩვენ (ქართველები) საბჭოთა კავშირიდან გასვლას ვლამობდით, მაშინ, ამ ლოგიკით ხომ აზერბაიჯანისთვის უნდა დაეჭირა მხარი და არა სომხეთისთვის?
        არადა, პირიქით მოხდა, რატომ? პუტინსა და მის გაიძვერა მრჩევლებს სურთ, ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, თითქოს ყველაფერი ელცინის ბრალია, ელცინი წავიდა და ახლა პუტინი შეცვლის პოლიტიკას.
        არადა, ეს ტყუილია! უფრო ზუსტად - ეშმაკურად გადმოგდებული სატყუარაა. სინამდვილეში, პუტინის «მრჩეველთა ჯგუფი» მის მემკვიდრეობით გადმოჰყვა ელცინისგან. ელცინმა კი იმავე ჯგუფის რჩევით (რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე) დაუჭირა მხარი სომხეთს და არა აზერბაიჯანს, ვინაიდან სომხური საზოგადოება, აზერბაიჯანული საზოგადოებისგან განსხვავებით, რუსეთისადმი სიღრმისეულად, შინაარსობრივად, თვისებრივად ლოიალურია.
        როგორი პოლიტიკაც უნდა გაეტარებინა აზერბაიჯანს, - ეს მაინც ტაქტიკური ნაბიჯი იქნებოდა, გამომდინარე მომენტალური ინტერესებიდან. თვისებრივად, შინაარსობრივად, არსობრივად კი თურქულენოვანი და მაჰმადიანური აზერბაიჯანი, რა თქმა უნდა, არალოიალური საზოგადოება იყო რუსეთისთვის. აი, სწორედ ამიტომ დაუჭირა რუსეთმა მხარი სომხეთს და არა აზერბაიჯანს.
        ეს პოლიტიკა სტრატეგიულად არ შეიცვლება და არასდროს რუსეთი აზერბაიჯანს არ დაუჭერს მხარს - სომხეთის წინააღმდეგ ყარაბაღის საკითხში - როგორი ილუზიაც უნდა შექმნას პუტინმა და რა სატყუარაც უნდა გადმოაგდოს.
        ზუსტად ასევე «ქართულ-აფხაზურ» კონფლიქტშიც: რუსეთი სწორედ რუსულენოვან და ჩრდილო კავკასიასთან ეთნიკურად დაკავშირებულ აფსუებს აღიქვამს თვისებრივად ლოიალურ საზოგადოებად, ანუ სტრატეგიულ მოკავშირედ და არა ქართულ საზოგადოებას.
        ამიტომ, საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ), გარდაუვალ კონფლიქტში რუსეთი სწორედ თვისებრივად ლოიალურ აფსუანურ საზოგადოებას დაუჭერდა მხარს და არა საქართველოს - განურჩევლად იმისა, რა პოლიტიკას გაატარებდა საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, ან სსრკ-ის დაშლის შემდეგ. უბრალოდ, პუტინი თბილისშიც ჩამოვიდოდა და აქაც შეეცდებოდა იმავე მზაკვრული ილუზიის შექმნას: ყველაფერი ლოთი იდიოტი ელცინის ბრალია, მე ახალი პრეზიდენტი ვარ, ანუ ურთიერთობა «ცარიელი ფურცლიდან» დავიწყოთო.
        სამწუხაროდ, ამ ყოველივეს ვერაფრის დიდებით შეაგნებინებ იმ ხალხს, ვისაც დღემდე პიროვნულ «მორალურ-კომპენსაციად» მიაჩნია სულელური იდეა: «...აი, ჩვენ რომ სწორი პოლიტიკა გაგვეტარებინა...», არადა, ამ ლოგიკით, ერთადერთი «სწორი პოლიტიკა» იქნებოდა ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნება, თორემ სსრკ-ის დაშლის შემთხვევაში, რუსეთი უეჭველად სტრატეგიულ მოკავშირეებს (აფსუებსა და ოსებს) დაუჭერდა მხარს საქართველოს წინააღმდეგ. ისევე, როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის წინააღმდეგ, დნესტრისპირეთს - მოლდოვას წინააღმდეგ, ყირიმს - უკრაინის წინააღმდეგ (იქ კიდევ ყველაფერი წინაა) და ასე შემდეგ.
        თუმცა, პუტინმა (ვიმეორებ) ბაქოდან მაინც სცადა ქართული საზოგადოებისთვის (ჩვენი ეთნოფსიქოლოგიიდან გამომდინარე) საჭირო ილუზიების შექმნა და შესაბამის სატყუარათა შემოგდება. აზერბაიჯანში ვიზიტით რუსეთი ცდილობდა, შეექმნა საქართველოს იზოლირებულობის შთაბეჭდილება. მიაქციეთ ყურადღება ვახტანგ რჩეულიშვილის კომენტარს: «სომხეთს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ასევე აზერბაიჯანს (?) ჩვენ კი, ქართველები, როგორც უკანასკნელი იდიოტები, - მასთან ცივ ომს ვაწარმოებთ».
        თუნდაც ამ ერთი ფრაზა-სტერეოტიპისთვის ღირდა პუტინის ჩასვლა აზერბაიჯანში! ამ სტერეოტიპის გაძლიერებას სულ უფრო მეტად და აქტიურად შეეცდებიან. პუტინი იმასაც ითვალისწინებს, რომ აზერბაიჯანი გაცილებით ურფო კონსოლიდირებული საზოგადოებაა, ვიდრე საქართველო. იქ შიდა წინააღმდეგობებზე თამაში უპერსპექტივო საქმეა. მაშინ, როდესაც ქართულ ელიტაში (ისტებლიშმენტში) სრული დაბნეულობა სუფევს და კონფრონტაციული პროცესების პროვოცირება ამგვარი «სატყუარების» გადმოგდებით ძალიან ადვილია.
        ზემოთქმულის გათვალისწინებით, უაღრესად საყურაღდებოა მოსკოვურ ჟურნალ «კომერსანტ ვლასტ»-ში გამოქვეყნებული «გეოპოლიტოლოგიური» სტატია, რომლის ავტორი შენიშნავს, რომ რუსეთისთვის ძალზე საშიშია პოსტსაბჭოური ქვეყნების გაერთიანებანი, რომლებიც სოლიდარულობის ნიშნით იქმნებიან. მაგალითად, იგი ასახელებს «სუუამს», ანუ საქართველოს, უზბეკეთის, უკრაინის, მოლდოვასა და აზერბაიჯანის გაერთიანებას.
        როგორ გგონიათ, რა რეკომენდაციას აძლევს ავტორი რუსეთის ხელისუფლებას? მივყვეთ ციტატას: «ერთიანად სუუამთან, როგორც რეგიონალურ გაერთიანებასთან დაპირისპირება, ისევე, როგორც ყველა წევრ ქვეყანასთან - უპერსპექტივო საქმეა. გაცილებით უფრო რაციონალური იქნებოდა, რუსეთმა გადაწყვიტოს ამ გაერთიანების ყველაზე სუსტი რგოლი - საქართველო».
        ხედავთ? - «ყველაზე სუსტი რგოლი». აი, რატომ შემოაქვს რუსეთს სავიზრო რეჟიმი მაინცდამაინც საქართველოსთან, რატომ იყენებს მაინცდამაინც ჩვენს წინააღმდეგ «ენერგეტიკული ზომების ბერკეტებს» - აკი, საქართველოს პოსტსაბჭოური ანტიიმპერიული სისტემის ყველაზე სუსტი რგოლია!!!
        ოღონდ, იმიტომ კი არა, თითქოს, რესურსებით ყველაზე ღარიბია. რასაკვირველია, ესეც არის, მაგრამ ავტორი «სისუსტეში» იმას გულისხმობს, რომ ქართველების ცდუნება სხვადასხვა «სატყუარათი», მათი ურთიერთწაკიდება, პათოლოგიური დაპირისპირების პროვოცირიება გაცილებით ადვილია, ვიდრე აზერბაიჯანელების, უკრაინელების, უზბეკებისა და მოლდოველების.
        რუსულად ასე ჟღერს ეს ფრაზა: «სამოე უიაზვიმოე ზვენო!» არადა, ამ რგოლის» ამოგდება»თუ მოხერხდა, სისტემა საერთდ ვეღარ იმუშავებს, ხოლო მოსკოვი აღმოსავლეთ-დასავლეთის ძირითად საკომუნიკაციო მაგისტრალებზე სრულ კონტროლს დაამყარებს.
        რასაკვირველია, სხვაგანაც ცდილობენ. მაგალითად, უკრაინაში განვითარებული გრანდიოზული სკანდალი ქართველი (!) ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის მკვლელობასთან დაკავშირებით აგრეთვე, ადასტურებს ამ ტექნოლოგიას, მაგრამ ავტორის აზრით, საეჭვოა, უკრაინაში სამოქალაქო ომის პროვოცირება მოხერხდეს. სამაგიეროდ (მისი თქმით), «უკრაინის» პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა შემდეგი ოთხი წლის განმალვობაში ძალიან სუსტი და გაუბედავი პრეზიდენტი იქნება». წარმოგიდგენიათ? - ესე იგი, მას შემდგე, რაც საქართვლეოში მოდა, რუსეთის სპეცსამსახურებსა და მათ ანალიტიკურ ცენტრებს მაინც შესაძლებლად და რეალურად მიაჩნიათ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი სამოქალაქო ომის პროვოცირება!!!
        მოსკოვში ბრწყინვალედ იცნობენ ჩვენს ეთნოფსიქოლოგიას. ხანგრძლივი ბაქიბუქის მიუხედავად, საოცრად «ფსიქოლოგიურად არათვითკმარი» საზოგადოება ვართ, რაშიც, უპირველესად, სახელმწიფოებრივი ტრადიციის სიმყიფე ვლინდება. შეუძლებელია, საქართველოს ნებისმიერმა ხელისუფალმა ამ რეალობას ანგარიში არ გაუწიოს. ედუარდ შევარდნაძის მრავალი ნაბიჯი და გადაწყვეტილებაც სწორედ ამ გარემოებით აიხსნება. გასულ კვირას მოსკოვში იმყოფებოდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ საჯაია. იგი შეხვდა რუსეთის სპეცსამსახურთა ხელმძღვანელებს, აგრეთვე, უშიშროების საბჭოს მდივანს სერგეი ივანოვს. როგორც ჩანს, მოსკოვში პოზიციის შეცვლა არც უფიქრიათ: სავიზო რეჟიმის გაუქმებას იქ მხოლოდ და მხოლდ პანკისის ხეობაში «ერთობლივი» სამხედრო ოპერაციის გატარებას უკავშირებენ, ხოლო ენერგომატარებლების მიწოდებას - ბაზების 15 წლით დაკანონებას».
        არავითარი ცვლილება აფხაზეთთან მიმართებაში, ეტყობა, არ შეიმჩნევა - რატომ აიტკივონ აუტკივარი თავი, როდესაც «ზეწოლით» შეუძლოთ მიაღწიონ საწადელს, ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი კვლავინდებურად აქვთ.
        უეჭველია, რომ ის «ელექტროგრაფიკი», რომელიც ამჟამად მოქმედებს დედაქალაქში, უკანასკნელ დღეებს ითვლის. «იტერასთან «ხელშეკრულებას 3 თებერვალს ეწურება ვადა. რა იქნება შემდგომ, ძნელი გასათვლელი არ არის: იმის მომიზეზებით, რომ საქართველოს «იტერასი» 50 მილიონი დოლარი მართებს (განსხვავებით «აეს»-ისგან, რომელსაც «ნენფტეგაზპრომ»-ისა არც ერთი ცენტი არ მართებდა), რუსეთი გაზის ონკანს გადაკეტავს, შედმგომ ელექტროენერგიის მოწოდებასაც შეგვიწყვეტს.
        დაახლოებით თებერვლის შუა რიცხვებისთვის მოსკოვში დაგეგმილია მოლაპარაკება «სამხდერო ბაზების» თაობაზე. ამ მოლაპარაკებას მოსახლეობაც და ხელისუფლებაც გარკვეული «განწყობით» შეხვდება. გამოსავალი აქ მხოლოდ ერთია: დროულად უნდა ვიზრუნოთ, რათა თბილისრესის მე-9 და მე-10 ენერგობლოკებმა მაზუთზეც შეძლონ მუშაობა. უფრო სწორად, ამისთვის უნდაიზრუნოს მაიკლ სქოულმა.
        კიდევ ერთი საინტერესო საკითხი: რატომ გვეთამაშება რუსეთი კატა-თაგვობანას? ხომ შეუძლია, ერთი დარტყმით შეწყვიტოს ენერგიის მოწოდება ან, დააფასოს 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 300 დოლარი - როგორც ევროპულ ბაზარზე? მაგრამ საქმე ის არის, რომ თუ 1000 კუბმეტრი გაზი 61 დოლარზე მეტი ეღირება (ამჟამად 53 დოლარად ვყიდულობთ), მაშინ თბილსრესის ენერგობლოკების მუშაობისათვის მაზუთის გამოყენება უფრო მიზანშეწონილია და რაციონალური გახდება, გადაწყვეტილებაც არ დააყოვნებს და რუსეთი ზემოქმედების მძლავრ ბერკეტს დაკარგავს. ხოლო, თუ «ზღვარზე ბალანსირებას» განვაგრძობთ (განგვაგრძობინებს), მაშინ ეს გადაწყვეტილება დააყოვნებს - ენერგობლოკების გადასაკეთებლად ფულის დახარჯვა ხომ არავის უნდა? - 20-30 მილიონ დოლარი მაინც დაჯდება.
        «რუსეთის» (ანუ გარეშე ზემოქმედების) თემა რომ ამოიწუროს, კიდევ ერთ ასპექტს უნდა შევეხოთ. რუსეთი, საქართველოს, სხვა ქვეყნების დასანახად, სამაგალითოდ სჯის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოს სხვებს დაინდობს. ეგრეთ წოდებულ, «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოთა» ლიდერები მრავალმნიშვნელოვნად (სინამდვილეში უგონოდ) სდუმან.
        მათ ჰგონიათ, რომ, თუ რუსეთს «საქართველოსთან გაუვიდა» - თავად არ დაზარალდებიან. არადა, გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძალიან საინტერესო განცხადება გაავრცელა, რომელიც ადასტურებს, რომ რაკი საქართველოსთან «დააგემოვნეს» - ახლა სხვებსაც არ დააყრიან კარგ დღეს. საქმე ეხება შენიღბულ «სავიზრო რეჟიმს» დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის უკლებლივ ყველა ქვეყანასთან.
        თავად განსაჯეთ: რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყება მოითხოვს, რომ 2001 წლის 1 მარტიდან (ანუ, იმ დღიდან, როდესაც საქართველოსთან ამოქმედდება სრულფასოვანი სავიზრო რეჟიმი), ამ სახელმწიფოთა ყველა მოქალაქემ არა მხოლოდ რეგისტრაცია გაიაროს რუსეთის ქალაქებში, არამედ მიიღოს «ცხოვრების უფლება». ფაქტობრივად, ეს იგივე სავიზო რეჟიმია და აი, რატომ: რუსეითდან ყოველწლიურად 50 მილიარდი დოლარი გაედინება «ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში» (ანუ ბიუჯეტის ტოლფასი თანხა) იმ არარეზიდენტების მეშვეობით, რომელნიც რუსეთში ცხოვრობენ და მუშაობენ.
        ასეთია ათეულობით მილიონი უკრაინელი, სომეხი, ყაზახი, აზერბაიჯანელი, უზბეკი, ყირგიზი და სხვა. ამიერიდან მათ შეუძლიათ, თავისუფლად (უვიზოდ) შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ თუ მუშაობას (ანუ ხანგრძლივად ცხოვრებას) დააპირებენ, ვალდებულები ხდებიან, მიიღონ რასაც ამერიკელები «გრიინქარდს» - ს უწოდებენ. თანაც იგი ყოველი 90 დღის შემდეგ უნდა გააგრძელონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაძევება არ აცდებათ.
        ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ წავიდა რუსეთი ამ გზით და არა «სავიზო რეჟიმის» შემოღებით. ჯერ ერთი, მას ისევ და ისევ სჭირდება შეუქმნას ქართულ საზოგადოებას ყალბი შთაბეჭდილება, თითქოს, «რუსეთი მხოლოდ ჩვენ გვსჯის, ხოლო ჩვენ გვაქვს მასთან ცუდი ურთიერთობა, სხვა ყველამ მოახერხა საერთო ენის გამონახვა» - ამ ფსიქოლოგიური სტერეოტიპით მწიფდება მეორე სამოქალაქო ომი საქართველოში.
        გარდა ამისა, საქართველოსგან განსხვავებით, ყაზახეთი და უკრაინა სრულად აკონტროლებდნენ რუსეთთან საზღვრის ყველა მონაკვეთს, ამიტომ, თუ რუსეთი სრულფასოვან სავიზრო რეჟიმს შემოიღებდა - ეს ბუმერანგად შეუტრიალდებოდათ ჩრდილოეთ ყაზახეთსა და აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებ რუსებს. ასე რომ, «შემოვლითი გზა» აირჩია - მოსკოველები ხომ არ მიდიან ყაზახეთსა და უკრაინაში სამუშაოდ? პირიქით, უკრაინელები და ყაზახები, აზერბაიჯანელები და ყირგიზები ჩადიან მოსკოვში. ანუ, 1 მარტის შემდეგ იმ აზერბაიჯანელს, ვინც მოსკოვში ლუკმაპურს შოულობს, ჰეიდარ ალიევის «გენიალურობისა» და ბაქოში პუტინის ვითომდა «ტრიუმფული ვიზიტის» მიუხედავად, - 1 მარტიდან დასჭირდება რუსეთში ცხოვრების (ანუ შრომის) უფლება.
        წინააღმდეგ შემთხვევაში, ამოჰკრავენ პანღურს და გამოაგდებენ მოსკოვიდან. ამ ბერკეტს რუსეთი აქტიურად გამოიყენებს დსთ-ს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც «შეეურჩებიან», ან რუსეთ - ბელორუსეთის კავშირში არ შევლენ 2003 წლამდე - პუტინის პირველი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე.
        არადა, რა ამაყად და მრავალმნიშვნელოვნად სდუმდნენ ისინი მინსკში, დსთ-ს სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე, როდესაც პუტინი და შევარდნაძე ზრდილობიანად, დიპლომატიურად, მაგრამ სასტიკად «შეასკდნენ» ერთმანეთს.
        სხვებს კი ეგონათ, - საქართველოს სჯიან, რა შუაში ვართ, ჩვენ ხმა რატომ უნდა ამოვიღოთო. სულ მალე აღმოჩნდა, რომ როდესაც იმპერიული მეთოდები გამოიყენება, ერთი, თუნდაც ყველაზე სუსტი ქვეყნის მიმართ, შემდეგ იმავე მეთოდებს იმპერია სხვების წინააღმდეგაც იყენებს. უბრალოდ, რუსებს სხვათა მიმართ არ აძლევდა ხელს ანალოგიური ხერხების აჟიტირება, ვინაიდან ხელთ არა აქვს შესაბამისი საბაბი (მხოლოდ საბაბი) ჩეჩნეთის პრობლემის სახით.
        ეს ლოგიკურიცაა - თბილისში ყოფნისას რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი ივანოვმა დაუფარავად განაცხადა, რომ რუსეთიდან თანხების «გადაქაჩვის» ოდენობით პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი, მეორეზე - ყაზახეთი. შემდეგ უკრაინა, სომხეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და მხოლოდ მე-7, მე-8 ადგილზეა - საქართველო.
        «სავიზო რეჟიმის» ზოგიერთი ნეგატიური შედეგი კი რუსებს უკვე აშფოთებთ. მაგალითად, რუსი სამხედროები ვიზის გარეშე 2 იანვრიდან ჩვენს ქვეყანაში უკვე ვეღარ შემოდიან. 1 მარტამდე საქართველოდან კიდევ შეუძლიათ უვიზოდ გასვლა, მაგრამ ეს პერიოდიც ამოიწურება. გარდა ამისა, «სავიზრო რეჟიმმა» ძალზე უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც (ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევით) ჰქონდა როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მოქალაქეობა. მათ შორის, ეგრეთ წოდებული, «რუასულენოვანი» მოსახლეობა.
        თავდაპირველად მათ ეგონათ, რომ იოლად გავიდოდნენ ფონს, - უბრალოდ, საზღვარზე (რუსეთთან) უჩვენებენ რუს მესაზღვრეს რუსულ პასპრორტს და - მორჩა. მაგრამ მათ ვერ გაითვალისწინეს, საზღვრის გადაკვეთისას ჯერ ხომ საქართვლეოს სასაზღვრო კონტროლი უნდა გაიარონ. მათი «რუსული პასპორტი» დაფიქსირდება კომპიუტერში, შემდეგ მოხდება შედარება «ქართული» პასპრორტის მფლობელებთან და საქართველოს მოქალაქეობა დაუყოვნებლივ ჩამოერთმევათ, ვინაიდან «ორმაგი მოქალაქეობა» აკრძალულია. ამის თავიდან ასაცილებლად, იძულებულნი გახდებიან (რუსული პასპორტის ფლობის მიუხედავად), იქონიონ ქართული პასპორტიც და რუსეთში გამგაზვრებამდე ჩვეულებრივად აიღონ ვიზა.
        რაც შეეხება «შეღევათიან რეჟიმს» აფხაზეთთან და «სამხრეთ ოსეთთან» - «ნეზავისიმაია გაზეტა» წერს, რომ, თუ რუსეთის ხელისუფლება «სავიზო რეჟიმს» აღიქვამდა, როგორც ეკონომიკურ სანქციათა ერთგვარ ფორმას, მან საერთოდ არ გაამართლა: ქართლიდან - რუსეთში (ცხინვალის გავლით) სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ჩვეულებრივ მიმდინარეობს. მძღოლები იღებენ საბჭოთა პასპრორტს (ცხინვალში ჩაწერით), ხოლო რუსი მესაზღვრეები როკასთან მათ უკან ვეღარ აბრუნებენ.
        თუ მანქანებს არ გაატარებენ, ეს «სამხრეთ ოსეთის» ბლოკადაც იქნება, ანუ «ზოგი ჭირი მარგებელიაო» - როკის გვირაბმა და «ოსური პრობლემის» არსებობამ საშუალება მისცა საქართველოს, თაივდან აეცილებინა «სავიზო რეჟიმის» ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი: უარყოფითი სავაჭრო სლადოს ზრდა კვლავინდებურად გრძელდება.
        მაშასადამე, პუტინის «დერჟიმორდობამ» საქართველო დიდად არ დააზარალა - რუსეთში მუდმივად მცხოვრებმა ქართველებმა დიდი ხანია, მიიღეს რუსული პასპორტები.
        ძალიან საინტერესოა «ნეზავისიმაია გაზეტას» ავტორის რეკომენდაცია: რუსეთმა უჩუმრად საზღვარი გაამაგროსო «სახმრეთ ოსეთსა» და საქართველოს შორის». მაგრამ ეს შეუძლებელია, ვინაიდან, ჯერ ერთი, ამ ტერიტორიების ხელოვნურ გაყოფას (მით უმეტეს, «უჩუმრად») რუსები ვერ მოახერხებენ. გარდა ამისა, თვით ცხინვალის ხელისუფლებაც არ არის დაინტერესებული «ნამდვილი საზღვრის» არსებობით, ვინაიდან «სატრანზიტო შემოსავლები» შეუმცირდება.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, ჯერჯერობით, «პუტინის დოქტრინას» რუსეთისთვის განსაკუთრებით ხელშესახები შედეგი არ მოაქვს. ჯორჯ ბუშის პირველივე განცხადება ნათლად მეტყველებს, რომ ამერიკა იოლად არ შეეგუება ყოფილ «საბჭოთა» ტერიტორიაზე რუსეთის ჰეგემონიის აღდგენას. ბუში უმცროსი ამ თვალსაზრისით, უფრო რადიკალურ პოზიციას დაიკავებს, ვიდრე ბილ კლინტონი. რუსეთის თავსლაფის დასხმა (ეგრეთ წოდებული, «რუსეთ-ბელორუსეთის კაშვირის მექრთამე აღმასრულებელი მდივნის, პაველ ბოროდინის დაპატიმრება) ამას კვლავ ადასტურებს. უფრო მეტიც- თუ ბოროდინმა «პირი დააღო» და ლაპარაკი დაიწყო, ელცინის «ოჯახი» (მაფიოზური გაგებით), რომლის სრულუფლებიანი წევრიც იყო ვლადიმირ პუტინი - საშინელ დღეში აღმოჩნდება და პუტინმა თავისი «დოქტრინის» საქართველოში ასამოქმედებლად შეიძლება, ვეღარც მოიცალოს.

დილის გაზეთი, 22 იანვარი, 2001 წ.