ედუარდ შევარდნაძე ბალანსირების პოლიტიკას აგრძელებს

        საქართველოს პარლამენტის წინაშე ედუარდ შევარდნაძის მოხსენებამ, «ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ», კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ერთგულია თავისი უმთავრესი პოლიტიკური მეთოდისა და აგრძელებს ბალანსირებას სხვადასხვა ინტერესებსა და გავლენიან ჯგუფებს შორის.
        ფაქტობრივად, ყველა დებულება, რომელიც შევარდნაძემ წამოაყენა პარლამენტში გამოსვლისას, შეიცავდა თითქოსდა წინააღმდეგობასა და გარკვეულ კომპრომისს ორ საპირისპირო ტენდენციასა და მოთხოვნას შორის: რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა – დასავლეთთან დაახლოება, საბაზრო ეკონომიკის განვითარება, მოსახლეობის სოციალური დაცვა და ა.შ.
        მაგრამ სინამდვილეში აქ არავითარი წინააღმდეგობა არ არის. თუ გავითვალისწინებთ რამდენად საპირისპირო ინტერესები აქვთ პარლამენტში წარმოდგენილ ჯგუფებს და რამდენად წინააღმდეგობრივ საზოგადოებრივ ინტერესებს გამოხატავენ ისინი. წინააღმდეგობრივია თვით საზოგადოების განწყობა ყველა ამ უმთავრესი პრობლემის მიმართ. ამიტომ ედუარდ შევარდნაძის ან ნებისმიერი სხვა პრეზიდენტის პოზიცია (თუ არ უნდა, რომ დაამხონ როგორც გამსახურდია), შეუძლებელია, არ იყოს წინააღმდეგობრივი, ისევე, როგორი წინააღმდეგობრივიცაა თვით ქართული საზოგადოება.
        მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს ისიც, რომ «აღორძინების» აბსოლუტურად წინააღმდეგობრივმა ბლოკმა მიიღოს ხმათა 27 პროცენტი, მაშინ, როდესაც იგი თვისებრივად შეუთავსებელი პოლიტიკური კონცეფციებისა და ორიენტაციის ძალებს აერთიანებს.
        მაგალითად, საპარლამენტო დებატებისას «აღორძინების» ერთმა წარმომადგენელმა (ჯემალ გოგიტიძემ) ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის მიმართ გატარებული პოლიტიკისათვის, რასაც შედეგად (რუსეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციის სახით) მოჰყვება სავიზო რეჟიმის შემოღება.
        მეორე წარმომადგენელმა იმავე პოლიტიკური ბლოკისა («ტრადიციონალისტმა» კაკო ასათიანმა), კი, პირიქით, ხელისუფლება იმისათვის გააკრიტიკა, რომ იგი არ ჩქარობს რუსეთის ჯარების გაყვანას საქართველოდან და რუსეთის მიმართ «შემრიგებლური» პოზიცია უკავია.
        არადა, იმთავითვე ცხადია, რომ რუსეთის ბაზების გაყვანა და სავიზო რეჟიმის შემოღება ერთმანეთთან დაკავშირებული პრობლემები, ანუ «სავიზო რეჟიმს» რუსეთი აუცილებლად შემოიღებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მოითხოვს ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო ბაზებიდან რუსული კონტინგენტის გაყვანას.
        ესე იგი, რა გამოდის? თუ ხელისუფლება (შევარდნაძე) არ მოითხოვს ბაზების გაყვანას, მას «აღორძინების ბლოკის» წარმომადგენელი გააკრიტიკებს. მაგრამ თუ მოითხოვს, გაყვანას მიაღწევს და საპასუხოდ რუსეთი საქართველოს «დასჯის» სავიზო რეჟიმის შემოღებით (ანუ ქართული პროდუქციისათვის რუსეთის ბაზრის ჩაკეტვით), «აღორძინების» ბლოკი მას მაინც გააკრიტიკებს, ოღონდ იმავე ბლოკის სხვა წარმომადგენლის მეშვეობით.
        ასეთი აბსურდი შესაძლებელია მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, რომელსაც დღემდე ვერ გაუგია, ბოლოს და ბოლოს, რა უნდა!
        ამგვარი აბსურდული ოპოზიცია კი საშუალებას მისცემს «მოქკავშირს», უსასრულოდ შეინარჩუნოს ხელისუფლება, ვინაიდან ტყუილად ჰგონია «აღორძინებას», რომ ზემოაღწერილ წინააღმდეგობას ელექტორატის (არა საზოგადოების, არამედ სწორედ ამომრჩევლის) დიდი ნაწილი ვერ ამჩნევს და არ ღიზიანდება. ამიტომ იგი «ჯინაზე» ერთმნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს.
        ასეთ პირობებში (ასეთი ოპოზიციის პირობებში) «მოქკავშირი» ასი არჩევნებიდან – ასივეს მოიგებს. რაც შეეხება «მესამე საპარლამენტო ძალას», როგორც ჩანს, «მრეწველები» თავიანთი უმთავრესი პრინციპის და ფილოსოფიის ერთგულნი რჩებიან: მთელი ეს ფილოსოფია იქითკენაა მიმართული, თუ როგორ აიძულონ მყიდველი შეიძინოს მათი – უხარისხო და ძვირი – პროდუქცია, ნაცვლად უცხოურის, - იაფისა და ხარისხიანისა. არსებობს ორი გზა: ან ყოველდღიური, ჯოჯოხეთური შრომით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, რისკიანი კაპიტალდაბანდებით გააიაფონ საკუთარი პროდუქცია, გაზარდონ მისი ხარისხი, ან აიძულონ ხელისუფლება გაატაროს ისეთი საბაჟო-სატარიფო პოლიტიკა, რაც გააძვირებს უცხოურ (კონკურენტ) საქონელს და აიძულებს მყიდველს იყიდოს მათი პროდუქცია.
        ოღონდ ისინი თავად საკუთარ პროდუქციას როდი მოიხმარენ – უეჭველად, «კონკურენტ» უცხოურს ამჯობინებენ თავისთვის. ასე აღდგება საბჭოური ეპოქის მარაზმატული ვითარება, თუმცა «მრეწველებს» საამისოდ ძალა არ ჰყოფნით ამჟამინდელ პარლამენტში, რომლის 2/3-ს «მოქალაქეები» აკონტროლებენ.
        ზემოთთქმული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ «ამგვარ» საზოგადოებას და «ამგვარ» პოლიტიკურ ისტებლიშმენტს (პოლიტიკურ პარტიათა ერთობას, ანუ პოლიტოკრატიას) «სხვაგვარი» პრეზიდენტი ვერ ეყოლება, ანუ ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც ამ თვალსაზრისით განსაცვიფრებელი ალღო აქვს, კვლავაც განაგრძობს «ბალანსირებას» საპირისპირო ინტერესებზე, რათა ქვეყანაში შეინარჩუნოს სტაბილურობა და ამით თავადაც შეინარჩუნოს ხელისუფლება.
        აქედან გამომდინარე, არავის უნდა გაუკვირდეს, თუ შევარდნაძის გუშინწინდელ სიტყვებში იყო საპირისპირო მოსაზრებები და თითქოსდა ურთიერთგამომრიცხავი, ურთიერთსაპირისპირო პოლიტიკური ვექტორები.
        ქართული საზოგადოების უცნაური თავისებურებებიდან გამომდინარე, მხოლოდ ასეთ «ბალანსირების» პოლიტიკას შეუძლია შეინარჩუნოს საქართველოში სტაბილურობა. ყველა სხვა პოლიტიკა კი, უეჭველად, მიიყვანს «ასეთ» ქვეყანას ახალ სამოქალაქო ომამდე.
        და ასე დაუსრულებლად..

მერიდიანი, 11 თებერვალი, 2000 წელი

მთელ გვერდზე