შალვა ნათელაშვილის ამომავალი ვარსკვლავი

შალვა ნათელაშვილის ამომავალი ვარსკვლავი


   

    15 ნოემბრის არჩევნების მთავარი სენსაცია გახდა «ლეიბორისტული პარტიის» მეორე ადგილი არა მხოლოდ თბილისში, არამედ თქვენ წარმოიდგინეთ, მთელი ქვეყნის მაშტაბით.
    ბევრისთვის ეს სრულიად მოულოდნელი იყო, მაგრამ არა მმართველი პარტიისათვის.
    ზურაბ ჟვანიას არჩევნებისშემდგომმა პრესკონფერენციამ დაადასტურა: «მოქალაქეები» წინასწარი გათვლებით მაინც ფლობდნენ გარკვეულ ინფორმაციას ნათელაშვილის მომავალი წარმატების შესახებ, მაგრამ ტაქტიკური მოსაზრებებით, ამ საკითხზე ყურადღებას არ ამახვილებდნენ, რათა «სოციალისტებს» საფრთხე არ ეგრძნოთ. ეს უკანასკნელნი აშკარად ტრაგიკომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.
    ვახტანგ რჩეულიშვილის პრეტენზია «მარცხენა ოპოზიციური ფლანგის» მონოპოლიზებასა და მით უმეტეს, კონსოლიდირებაზე - სრულიად ფუჭი აღმოჩნდა.
    ნათელაშვილმა იგი აშკარად დაჯაბნა.
    რაც მთავარია, «მემარცხენე ელექტორატისათვის» არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ თბილისშიც შალვა ნათელაშვილის ფიგურა უფრო მისაღები აღმოჩნდა;
    «მილიონერი სოციალისტის» ფენომენმა, რომელიც უფრო «ევროსოციალიზმის» არსს შეესაბამება და, კაცმა რომ თქვას, უფრო ლიბერალურიცაა, როგორც სოციალური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოში არ იმუშავა:
    მემარცხენე ელექტორატი გაცილებით უფრო რადიკალური აღმოჩნდა. ნათელაშვილის ფენომენი სწორედ ამ რადიკალიზმის გამოვლინებაა. გარდა ამისა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ შალვა ნათელაშვილი ვახტანგ რჩეულიშვილს აშკარად ჯაბნიდა არა მხოლოდ მჭერმეტყველებით, არამედ საერთო განათლებისა და ინტელექტის დონითაც.
    «ტუია» მაინც ჩვეულებრივ, არც თუ გულბოროტ «თბილისელ ბიჭად» დარჩა. ნათელაშვილი უფრო ფართო და რთული მოვლენაა საქართველოს მრავალგანზომილებიანი სოციალური სპექტრისათვის. რა თქმა უნდა, ნათელაშვილის ელექტორატის საერთო პრიმიტივიზმი ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს თვით ნათელაშვილის პრიმიტივიზმს. «სოციალური დემაგოგიაც» ხელოვნებაა, რომელსაც ათვისება და გამოყენება სჭირდება.
    სიმარტივე რთული პრობლემის გადაწყვეტისას ძალისა და უნარის გამოვლინებაა. დავაკვირდეთ, რა მარტივად, რა ადვილად მოუგო ნათელაშვილმა სხვა «მემარცხენეებს» (უპირველეს ყოვლისა «სოციალისტებს») თბილისშიც და მთელს საქართველოშიც; სერიოზული ძალისხმევა თითქოს არ დასჭირვებია.
    განსაკუთრებული ფინანსური სახსრებიც არსად ჩანს, - ნათელაშვილს ჰქონდა ერთი «გაქუცული» საარჩევნო პლაკატი და ორი სატელევიზიო კლიპი. სამაგიეროდ, ორივე კლიპი ბრწყინვალედ იყო გათვლილი სოციო-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და ორივემ შესანიშნავად იმუშავა ნათელაშვილის სასარგებლოდ.
    ერთზე კინტოები, ჭეშმარიტად «სახალხო გმირები» იხვეწებიან: «ძია მაკარ... ძია მაკარ»..., მეორეზე ლამაზი, ნიჭიერი ქართველი გოგო-ბიჭი ექსპრესიულად ასრულებს ასევე ფსიქოლოგიურად ზუსტად გათვლილ სცენას.
    ეს ყოველივე თუ შალვა ნათელაშვილმა თვითონ მოიფიქრა, - ნამდვილად არაორდინალური პიროვნება ყოფილა.
    ფაქტობრივად «ლეიბორისტულმა» პარტიამ 15 ნოემბერს სერიოზული განაცხადი გააკეთა, რათა გახდეს მემარცხენე ელექტორატის ინტერესთა გამომხატველი საქართველოში. ეს არის ჭეშმარიტად «ღარიბების პარტია» ანუ იმ სოციალური ფენისა, ვინც უკმაყოფილოა დუხჭირი ცხოვრებით და ამიერიდან ყოველთვის, ყველა არჩევნებში, უკვე მხოლოდ და მხოლოდ «ლეიბორისტებს» დაუჭერს მხარს.
    შალვა ნათელაშვილმა ყბადაღებული, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანური სოციალური დემაგოგიით და კარგად გათვლილი პოლიტიკური აქტებით (მაგალითად წარმატებული სარჩელებით საკონსტიტუციო სასამართლოში) შეძლო ქართული «პლებსის» ლიდერად, სახალხო ტრიბუნად ქცეულიყო. მაშინ როცა ვახტანგ რჩეულიშვილი რამდენსაც არ ეცადა, რამდენი არ ლანძღა «მოქალაქეთა კავშირი», ამ პლებსის ნდობა ვერა და ვერ მოიპოვა.
    ღარიბთა მამისათვის იგი მაინც «არისტოკრატად» დარჩა, ანუ საძულველ «მდიდრად», რომლის ქადაგება «სოციალიზმზე», მხოლოდ გაღიზიანებას იწვევდა.
    ქართველ პლებსს არ გამოეპარა მთავარი განსხვავება რჩეულიშვილსა და ნათელაშვილს შორის. «სოციალისტები» ძირითადად «ქართველ მეწარმეთა» ინტერესებზე საუბრობდნენ; მათ მხარდაჭერას მოითხოვდნენ. შალვა ნათელაშვილი კი ამაზე ყურადღების აქცენტირებას არ აკეთებდა და «მშრომელი ხალხის» სახელით ლაპარაკობდა.
    აღსანიშნავია კიდევ ერთი ნიუანსი:. ვახტანგ რჩეულიშვილი თავის პროპაგანდას ძირითადად «სოციალური ჰუმანიზმის» პოსტულატებზე აგებს, მოუწოდებს სოციალურად გაჭირვებული ფენებისადმი სიბრალულისა და ჰუმანურობისაკენ. ამან მემარცხენე ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი აშკარა გააღიზიანა: შენი შესაბრალებელი რა მჭირს? ამ ელექტორატმა მხარი უფრო იმ განწყობას დაუჭირა, რომელიც საწყალობელ თხოვნას კი არ გულისხმობდა, არამედ მკაცრად და კატეგორიულად მოითხოვდა: მომეცი! რატომ? იმიტომ - თუ არ მომცემ, ძალით ავიღებ!!!
    რა თქმა უნდა, პოსტკომუნისტური საქართველოს სოციუმისათვის ასეთი განწყობა უფრო თვისებრივი და შინაგანად მახლობელი აღმოჩნდა, ვიდრე ვახტანგ რჩეულიშვილის რთული პოსტულატი: დავეხმაროთ მეწარმეებს (ანუ არისტოკრატიას), რომელიც მომძლავრდება, შექმნის სამუშაო ადგილებს და შედეგად საბრალო ღატაკებიც ამოისუნთქავენ!
    ვახტანგ რჩეულიშვილის უმთავრესი შეცდომაც ეს იყო. მან ვერ გაითვალისწინა, რომ «ევროსოციალიზმს» - ევროპული ცივილიზებულობა და შესაბამისი მენტალიტეტი ესაჭიროება.
    შეუძლებელია «ევროსოციალიზმის» იდეამ წარმატებას მიაღწიოს მენტალურად კომუნისტურ საზოგადოებაში, რომელიც არ სცნობს კერძო საკუთრების უზენაესობას. ევროპელი სოციალისტები კი მას არასდროს ეჭვქვეშ არ აყენებენ.
    ამრიგად, ნათელაშვილის ელექტორატი მაინც უფრო კომუნისტურია (გარკვეული აზრით, ეროვნულ-სოციალისტურიც), ვიდრე ევროსოციალისტური.
    ვახტანგ რჩეულიშვილს კი მხარს ის სოციალური ფენა უჭერდა, ვინც მშვენივრად ცხოვრობდა «კომუნისტების დროს» და ახლაც «არა უშავს», მაგრამ მაინც სძულს «ახალი წყობა» და ისევ ძველი ენატრება, ვინაიდან მეტი სოციალური პრივილეგია ჰქონდა.
    ლეიბორისტთა ამომრჩეველი გაცილებით უფრო აგრესიულია - უეჭველია, მაგალითად, რომ «კომუნისტური პარტიის» ელექტორატი მთლიანად ლეიბორისტებს აითვისებს.
    მიუხედავად იმისა, რომ შალვა ნათელაშვილმა მმართველი პარტია ვერ დაამარცხა («მოქალაქეთა კავშირს» სულ სხვა კატეგორიის, მოტივაციისა და ფსიქოლოგიის ამომრჩეველი ჰყავს), მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ მომავალი საპარლამენტო მარათონის ოპოზიციური ფავორიტი. თვით შალვა ნათელაშვილს კი (პიროვნულად) უეჭველად გაუჩნდება მომავალში უფრო მეტის პრეტენზია, ვიდრე მარტოოდენ პარტიის ლიდერობაა.

მერიდიანი, 18 ნოემბერი, 1998 წელი