დააბრუნებენ თუ არა „ცოფიან ანტიქართველს“ ცხინვალში?

დააბრუნებენ თუ არა „ცოფიან ანტიქართველს“ ცხინვალში?

 

„სამხრეთ ოსეთის სახალხო პარტიის“ ლიდერმა, ტაირა გაგლოევამ (გაგლოითი) განაცხადა, რომ მათი „რესპუბლიკის“ ყოფილი პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი აპირებს მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში და კვლავ ჩაუდგეს სათავეში სეპარატისტულ „ფსევდოსახელმწიფოს“.

თვით კოკოითი ჯერჯერობით დუმს. ცხადია, გაგლოევა ამ განცხადებას არ გააკეთებდა მასთან შეთანხმების გარეშე; ანუ კოკოითი „ნიადაგს სინჯავს“.

რეაქცია მოსკოვიდან მკაცრი აღმოჩნდა: პუტინის ადმინისტრაციაში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „კურატორის“, ვლადისლავ სურკოვის ერთ-ერთმა თანაშემწემ განაცხადა, რომ თუ კოკოითი კვლავ გახდება „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი“, მაშინ მოსკოვი  ამ რესპუბლიკის დაფინანსებას შეწყვეტს, რაც ცხინვალისთვის სრული კატასტროფა იქნება, რადგან  განსხვავებით თუნდაც იმავე აფხაზეთისგან, ეს ტერიტორია მთლიანად, - 100 კი არა 1000%-ით, - რუსეთზეა დამოკიდებული.

არასდროს, არც ერთი სეპარატისტული წარმონაქმნის მიმართ კრემლს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. მაშ რაშია საქმე? კოკოითი ხომ მათი ერთგული „ქოფაკი“ იყო 2008 წელს, როდესაც სწორედ მისი მეშვეობით მოახერხეს რუსულმა სპეცსამსახურებმა და რუსულმა არმიამ შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება, რათა შემდეგ, „რუსი მშვიდობისმყოფელებისა და რუსეთის მოქალაქეთა დაცვის“ საბაბით, საქართველოს ტერიტორიათა ოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის საჯარო დასჯა განეხორციელებინათ - იმავდროულად, მათთვის საჭირო პრეცედენტის შექმნით, რაც ახლა წარმატებით გამოიყენება უკრაინაში?!

თუ ასეა, რატომაა ესოდენ მიუღებელი კოკოითი მოსკოვისთვის? შეგახსენებთ, რომ სწორედ მოსკოვმა დაბლოკა მისი მცდელობა  (2011 წელს), შეეცვალა „სამხრეთ ოსეთის“ კონსტიტუცია და მესამე ვადით დარჩენილიყო პრეზიდენტად.

მაგრამ რატომ? რაშია საქმე? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, თვალი უნდა გადავავლოთ უახლეს ისტორიას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 ედუარდ კოკოითი აქტიურად მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში „პირველი ომის“ დროს - 1991-1992 წლებში. მას ფანატიკურად სძულს საქართველო და ყოველივე ქართული. იგი არ ყოფილა უბრალოდ სეპარატიზმის იდეოლოგი. უფრო ზუსტად, არანაირი „იდეოლოგი“ არ ყოფილა, რაკი საამისოდ, ელემენტარულად, ამ პირუტყვს ინტელექტუალური შესაძლებლობები არ ეყოფოდა - რაიმეს „იდეოლოგი“ ყოფილიყო.

მაგრამ შეურიგებელი მებრძოლი და ანტიქართველი ფანატიკოსი რომ იყო - ცხადია.

ცხინვალის პოლიტიკურ ასპარეზზე იგი გამოჩნდა  2001 წელს - მას შემდეგ, არც ედუარდ შევარდნაძემ გააკეთა ცნობილი განცხადება „ნატო“-ს კარზე დაკაკუნების“ თაობაზე. ვლადიკავკაზმა (ანუ ჩრდილო ოსეთის ელიტამ, რომელსაც მუდამ ჰქონდა პრეტენზია საქართველოს ამ ტერიტორიაზე) მოსკოვი დაარწმუნა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც თბილისმა საბოლოოდ აიღო გეზი „ნატო“ - სკენ, „სამხრეთ ოსეთი“ და ქართულ-ოსური კონფლიქტი იქნებოდა ის ბერკეტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის პროდასავლურ სწრაფვას შეაფერხებდა და, შესაძლოა, საერთოდაც შეეჩერებინა.

ამიტომ მოსკოვმა კოკოითს დაუჭირა მხარი 2001 წლის მოვლენების დროს, - ნაცვლად შედარებით ზომიერი ლუდვიგ ჩიბიროვისა, რომელიც მანამ ჰყავდათ ცხინვალში, სანამ ოფიციალური თბილისი ასე ღიად არ აცხადებდა „ნატოში“ გაწევრიანების სურვილს.

ჩიბიროვის მთავრობის პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ედუარდ სანაკოევმა (ახლა თბილისში ცხოვრობს) ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა: „2001 წელს, როცა კოკოითი ვლადიკავკაზიდან ჩამოვიდა, შემხვდა და მითხრა: „საქართველოსთან ომი იქნება, ხეობებს ქართველებისგან გავწმენდთ და საქართველოსგან საბოლოოდ მოვიგლიჯებითო“

ანუ, კონკრეტული პროგრამით და გეგმით გამოაგზავნეს მოსკოვიდან. ეს პროგრამა მან, საბოლოოდ, 2008 წელს გან(უ)ხორციელა რუსებს: თუმცა პარალელურად  ოსი სეპარატისტების საუკუნოვანი ოცნებებიც აღასრულა: მათ მიერ არაკონტროლირებადი ახალგორის რაიონი დაიპყრო,  ცხინვალის გარშემო ხეობები ქართველებისგან „გაწმინდა“ და ა.შ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ოღონდ, ამის შემდეგ, დაახლოებით 2009 წელს, ედუარდ კოკოითიმ გააკეთა განცხადება, რომელიც მოსკოვში (მაშინ) ძალიან არ მოეწონათ: „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ უნდა დაიბრუნოს თრუსოს ხეობა, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა საქართველოს შემადგენლობაშიო“. კიდევ უფრო მეტი:  მან მიანიშნა, რომ თვით ომის დროსაც და ომის შემდეგაც, მზად იყო ყაზბეგის რაიონიც კი, ანუ ისტორიული „ხევი“ ჩამოეშორებინა საქართველოსგან, ესე იგი  „საქართველოს სამხედრო გზაზე“ დაემყარებინა კონტროლი და სტეფანწმინდაც  წაეღო.

მოსკოვისთვის იმ პერიოდში ეს გიჟური პროექტი კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა. იმიტომ, რომ სარკოზი-მედვედევის შეთანხმებისა და 2008 წლის 26 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიათა „დამოუკიდებლობის“ აღიარების შემდეგ, ჩამოყალიბდა გარკვეული „სტატუს-ქვო“: დასავლეთმა (პირველ რიგში, საბედნიეროდ, ძალიან ამბიციურმა სარკოზიმ) მოსკოვს მიანიშნა, რომ ამ „ხაზის“ გადასვლას იგი მას უკვე არ აპატიებდა და მაშინ სანქციებს მართლა შემოიღებდა: არადა, ყველაფერზე, რასაც ეს „ცხინვალელი ცოფიანი“ საქართველოს წინააღმდეგ დამატებით მოიმოქმედებდა,  მოსკოვი აგებდა პასუხს დასავლეთის თვალში და არა თვით კოკოითი, რომელსაც ჭკუა ან პასუხისმგებლობა არავისგან მოეკითხებოდა.

სწორედ ამიტომ უარყო მაშინ მოსკოვმა კოკოითი: მისი „კურატორები“ მიხვდნენ, რომ იგი მეტისმეტად არაპროგნოზირებადია და შეუძლია დააყენოს მოსკოვი ფაქტის წინაშე, როდესაც რუსეთი იძულებული გახდება ან აჰყვეს კოკოითს მის  ავანტიურაში საქართველოს ახალ-ახალ ტერიტორიათა დაპყრობის პროცესში („ოსურ თრიალეთზეც“ იყო ლაპარაკი), ან პირდაპირ, ღიად დაუპირისპირდეს „სამხრეთ ოსეთს“, რაც აგრეთვე არასასურველი იყო კრემლისთვის. მით უმეტეს იმ პირობებში, თუ თრუსოს ხეობისა და ყაზბეგის (საქართველოს სამხედრო გზის) გარშემო საბრძოლო მოქმედებები განახლდებოდა. ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, ეს ხომ, როგორც მინიმუმ, სომხეთის სრულ და სამუდამო ბლოკირებას გამოიწვევდა?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დღეს „ცოფიანი ანტიქართველი“ ამ მინიშნებებს იმისთვის აკეთებს ხელახლა, რათა მოსკოვს ჰკითხოს: რადგან საქართველო აგრძელებს „ნატო“-სკენ და ამერიკისკენ სვლას, ხოლო ამერიკაში პრეზიდენტად ტრამპი აირჩიეს, რომელიც პოსტსაბჭოურ სივრცეზე ხელის ჩაქნევას აპირებს (ვითომ, - თუმცა ამგვარი შთაბეჭდილება მისი განცხადებებით ნამდვილად რჩება) ხომ არ დადგა  დრო,  კიდევ სხვა „საუკუნოვანი ოცნებებიც“ აუსრულოთ ოს ხალხს და ხელახლა დასაჯოთ საქართველო?

მაგრამ რაკი ტრამპის მომავალი პოლიტიკა ჯერ კიდევ გაურკვეველია, ხოლო მისი წინასაარჩევნო რიტორიკა, შესაძლოა (ვიმედოვნოთ), განსხვავებულიც აღმოჩნდეს იმისგან, რასაც არჩევამდე აჟღერებდა; სანამ პუტინ-ტრამპის შეხვედრა არ გამართულა, მოსკოვში, როგორც ჩანს,  მიიჩნიეს, რომ კოკოითის ისტორიული „სკივრიდან“ ამოთრევა მაინც ნაადრევია. ბოლოს და ბოლოს, იგი მეტისმეტად „ცოფიანი“ და უკონტროლოა, ხოლო შესაბამის ფიგურას, ვინც „ახალი გეგმის“ მიხედვით იმოქმედებს, ისედაც მრავლად იპოვიან ქართველოფობიით გაჟღენთილ ოსურ ელიტაში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ კოკოითი ხსენებული ელიტის იმ ნაწილსაც უპირისპირდება, ვისაც ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანება სურს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში  სახელწოდებით „რესპუბლიკა ალანია“. კოკოითის ალტერნატიული წინადადება კი შემდეგია:  „ჯერ  „დამოუკიდებელი რესპუბლიკის“ სტატუსით „თრუსოს ხეობა“, აგრეთვე ყაზბეგი წაგვგლიჯოთ საქართველოს რუსეთის ფარული მხარდაჭერით და შემდეგ ჩავატაროთ რეფერენდუმი, - „ერთიანი და განუყოფელი ალანიის“ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებო.

ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი იქნება, დართავს თუ არა მოსკოვი  სეპარატისტთა ამჟამინდელ ლიდერს, ლეონიდ თიბილოვს ნებას, ჩაატაროს, მომავალ ზაფხულს, რეფერენდუმი „სამხრეთ“  და „ჩრდილოეთ“ ოსეთის დაუყოვნებელი გაერთიანების შესახებ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. თუ ამგვარი რეფერენდუმი რეალურად ჩატარდა (თიბილოვი ბევრად მართული ფიგურაა ვიდრე კოკოითი), ხოლო მოსკოვმა „ერთიანი ალანიის“ ინკორპორირების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ყირიმის ანალოგიით,  მაშინ ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ მოსკოვმა თრუსოს ხეობაზე და ყაზბეგზე ოსთა პრეტენზია საბოლოოდ უარყო. სამაგიეროდ, მზადაა, ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“ უშუალოდ მიიერთოს იმ საზღვრებში, რომელიც სსრკ დროს იყო დადგენილი.

ნებისმიერ შემთხვევაში, კოკოითის განცხადება ბევრად საყურადღებო, საშიში და ნიშანდობლივია, ვიდრე საქართველოს „ექსპერტულ თანამეგობრობას“ და პოლიტიკოსებს ეჩვენებათ როგორც ჩანს -  თუ ამ პროვოკაციის  სრული „იგნორითა“ და გულგრილობა-შეუმჩნევლობით ვიმსჯელებთ.

2016