მოძრაობა აფხაზეთისათვის ანუ ზეპარტიული პოლიტიკის იშვიათი რეციდივი საქართველოში

მოძრაობა აფხაზეთისათვის ანუ ზეპარტიული პოლიტიკის იშვიათი რეციდივი საქართველოში

 

    ფრაქცია «სახალხოს» ლიდერმა, მამუკა გიორგაძემ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირაკლი ბათიაშვილთან და თორნიკე ფიფიასთან ერთად აპირებს შექმნას ახალი პოლიტიკური მოძრაობა «აფხაზეთისათვის», რომლის მიზანი იქნება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა გაერთიანება აფხაზეთის პრობლემის გადასაწყვეტად.
    თვით ეს სამეული დიდი ხანია ერთმანეთს იცნობს. მეტიც, ისინი ძველი მეგობრები არიან, რადგან თავის დროზე «ეროვნული მოძრაობის» სათავეებთან იდგნენ, - თორნიკე ფიფია და მამუკა გიორგაძე «ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიისა» და «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» ლიდერები იყვნენ ირაკლი წერეთელთან და გია ჭანტურიასთან ერთად, ხოლო ირაკლი ბათიაშვილმა განვლილი წლების განმავლობაში ყველასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება შეძლო.
    შეიძლება ითქვას, რომ «მოძრაობა აფხაზეთისათვის» ეროვნული მოძრაობის კონსოლიდირების ცდაა ახალ საფუძველზე. მართლაც, დღეს საქართველოს არა აქვს აფხაზეთზე უფრო მწვავე სახელმწიფოებრივი პრობლემა. ისევე, როგორც ოთხმოციანი წლების ბოლოს არ ჰქონდა, როცა დღის წესრიგში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პრობლემა დადგა.
    მაგრამ დღევანდელ პირობებში «ზეპარტიული» მოძრაობის შექმნის მცდელობა ალბათ წარუმატებელი იქნება - ჯერ ერთი, ვითარება შეიცვალა და «ეროვნული მოძრაობის ყოფილ ლიდერებს ძველებურად აღარ ძალუძთ საზოგადოებრივი აზრის დომინანტების შექმნა. გარდა ამისა, აფხაზეთის პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელია თვით აფხაზეთის მოსახლეობის (ლტოლვილების) ნდობის მოპოვება და აფხაზეთის ქართული ელიტის თანადგომა. ეს უკანასკნელი, თამაზ ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით, ამჟამად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოშია გაერთიანებული. წარმოუდგენელია, მასზე «მოძრაობის» ლიდერებმა უფრო მეტი გავლენა მოიპოვონ, ვიდრე ხელისუფლებამ. დევნილთა უმრავლესობა კი «სამეულს» არ ენდობა, რადგან კარგად ახსოვს მისი როლი დეკემბერ-იანვრის მოვლენებში.
    «მოძრაობა აფხაზეთისათვის» არც საპარლამენტო ძალთა კონსოლიდირებისა და ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შესაქმნელად გამოდგება, რადგან აფხაზეთის პრობლემის გადაჭრა სხვადასხვა ძალებს განსხვავებული მეთოდებით ესახებათ. ამრიგად, «მოძრაობა აფხაზეთისათვის» შეიძლება იმ ძალთა გაერთიანების მცდელობად ჩაითვალოს, რომელთაც «აფხაზური საკითხის» გადაწყვეტა ანტირუსული პოლიტიკის კონტექსტში აქვთ გააზრებული. «მოძრაობაში» იმთავითვე არ მიიღებენ მონაწილეობას «მემარცხენეები» და «ზომიერები». მასში არ გაერთიანდება არც ირინა სარიშვილი-ჭანტურიას «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია» და არც ფრაქცია «აფხაზეთი». თუ გავიხსენებთ თორნიკე ფიფიას განცხადებებს ამ ფრაქციისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი წევრის მიმართ, მოძრაობაში ფრაქციის შესვლამ შეიძლება ვითარება გაამწვავოს და შიდა დაპირისპირებებიც გამოიწვიოს.
    არ არის გამორიცხული, რომ ახალი მოძრაობის ინიციატორები ამ გზით ცდილობდნენ «გარესაპარლამენტო ოპოზიციის» გაერთიანებას საკუთარი ეგიდით. ბუნებრივია, «აფხაზეთის პრობლემა» ამ თვალსაზრისითაც უფრო ხელსაყრელი და პერსპექტიულია, ვიდრე «თვითმმართველობის საკითხი». ჯერ ერთი, თვითმმართველობა მაინც «დროებითი ხასიათის» პრობლემაა, მეორეც, «თვითმმართველობის თემით» ფართო მასების დაინტერესება ისეთი დონისა არ არის, რომ ხელისუფლებისადმი მწვავე ოპოზიციაში გადაიზარდოს.

მერიდიანი. 12 სექტემბერი, 1997 წ.