პროკურატურას რეფორმა არ ასცდება

        ერთი მახვილგონივრული ქართული გამონათქვამის ანალოგიით, ჩვენი პროკურატურა სულ ტყუილად ცდილობს დროის გაყვანას და ათასგვარ მიზეზს ეძებს, რათა გარდაუვალი რეფორმა როგორმე გადაავადოს. სულ ერთია, ადრე თუ გვიან, «გარდაუვალი» არ ასცდება, ვინაიდან ასეთია ბუნების კანონი. პროკურატურასა და პოლიციაში ნიშნის მოგებით აკვირდებოდნენ სასამართლოს «რეფორმირებას» - ის კი არ იცოდნენ, რომ მათი ჯერიც უეჭველად დადგებოდა. «მტკივნეულობას» რაც შეეხება – ეს «აუცილებელი რამ» უმტკივნეულოდ არ ხდება, ესეც ბუნების კანონია, რომელსაც ვერავინ შეცვლის.
        პროკურატურაში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტმა დაადასტურა, რომ ოდესღაც მრისხანე სამართალდამცავი უწყება მაინც ცდილობს ძველი «ხიბლის» შენარჩუნებას და აპირებს გარკვეული წინააღმდეგობა გაუწიოს რეფორმატორებს.
        თუმცა, ზურაბ ჟვანიამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ განუცხადა პროკურორებს: ამ უწყების რეფორმა გარდაუვალია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას ახლა მიხვდა და რეფორმის «შემხვედრი» სქემა თვითონ წამოაყენა.
        როგორც ჩანს, საკვანძო საკითხია ურთიერთობა «რეფორმატორებსა» და პირადად გენერალურ პროკურორს შორის, ვინაიდან «რეფორმატორებმა» შესანიშნავად იციან, რომ პრეზიდენტი ჯამლეტ ბაბილაშვილს არ დათმობს.
        მიაქციეთ ყურადღება: «რეფორმისტებმა» მიაღწიეს სახელმწიფო მინისტრის გადაყენებასაც კი, მაგრამ «ძალოვანი მინისტრების» საკითხი არ დაუსვამთ. ამ კონტექსტში კიდევ უფრო დასაფასებელია შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივა, რომელმაც პრეზიდენტის პოზიციები გააძლიერა იმით, რომ თვითონ წამოაყენა წინადადება სისტემაში რეფორმის განხორციელების შესახებ.
        რაღაც მსგავსი მოხდება, ალბათ, პროკურატურასთან დაკავშირებითაც. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ურთიერთობაზე (ურთიერთშეთანხმებაზე) ზურაბ ჟვანიასა და ჯამლეთ ბაბილაშვილს შორის. ეს პროცესი კი, უეჭველად გააძლიერებს ჯამლეთ ბაბილაშვილის პოზიციებს პროკურატურაში.
        ვიმეორებ: თვით გენერალურ პროკურორს არაფერი ემუქრება, თუ საკმარისი იქნება ისეთი კანონის მიღება, რომ «გამოცდები» შეეხოს ყველას, გენერალური პროკურორის გარდა – საპარლამენტო უმრავლესობა აუცილებლად მიიღებს ასეთ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლა (და არა მოჩვენებით) გამწვავდება ურთიერთობა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის.
        ძნელი მისახვედრი არ არის, როგორ «იეშმაკებს», თავის მხრივ, ოპოზიცია და როგორ შეეცდება გაამწვავოს ურთიერთობა პრეზიდენტსა და მის გუნდს შორის. ამისათვის, საკმარისია მოითხოვოს, რომ კანონი «ერთნაირი იყოს ყველასათვის», ანუ გავრცელდეს გენერალურ პროკურორზეც. ოღონდ ამას მოითხოვენ არა პირდაპირ, არამედ ვუალირებულად. ერთი სიტყვით, «პროკურატურის რეფორმირების» შესახებ კანონზე მსჯელობისას, პარლამენტში ინტრიგების ახალი ტალღის აგორებაა მოსალოდნელი.
        საპარლამენტო ოპოზიცია უეჭველად უერთგულებს ამავე ტაქტიკას (ამ ტაქტიკის ავტორია მამუკა გიორგაძე) და შეეცდება თვითონ არ გაიფუჭოს ურთიერთობა ძალისმიერ სტრუქტურებთან, «მმართველ პარტიას» კი გააფუჭებინოს. დღემდე ამ ტაქტიკამ რამდენჯერმე გაამართლა, რაც მისი ავტორის (აწ უკვე აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორებულის) გონებამახვილობაზე მეტყველებს.
        «საკვანძო საკითხი» აქ გამოცდილების პრობლემაა. სწორედ ამ პრობლემამ გამოიწვია სასამართლო სისტემის «აფეთქება». საკონსტიტუციო სასამართლოს სკანდალური გადაწყვეტილებითა და მიხეილ სააკაშვილის სენსაციური პრესკონფერენციის (სტრასბურგიდან) მეშვეობით. რაღაც მსგავსი, უეჭველად, მოხდება ამ შემთხვევაშიც, ვინაიდან პროკურატურა, რა თქმა უნდა, შეეცდება გამოცდები (ატესტაცია) ჩატარდეს ისე, იმ ფორმით, რომ პროკურატურის პირად შემადგენლობაში არაფერი შეიცვალოს და ისევ ამ ხალხმა ზიდოს «რეფორმირებული პროკურატურის» ჭაპანი.
        აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი: პროკურორებს საკუთრივ რეფორმის სულაც არ ეშინიათ. როგორი «რეფორმაც» არ უნდა გატარდეს, ისინი ისეთი «გამოცდილი მგლები» არიან, ნებისმიერ რეფორმას აუღებენ ალღოს, მიუსადაგებენ რეალობას და იმუშავებენ (წარმატებით) თუნდაც ახალი სისტემის, სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ახალი მიმართების პირობებშიც. მთავარი, რაც მათ აწუხებთ, არის «ადგილის დაკარგვა», ანუ (ატესტაციის შედეგად) პროკურატურიდან წასვლა.
        პროკურატურა, საბჭოთა პერიოდიდან დაწყებული, ელიტურ უწყებად ითვლებოდა. პროკურორები მაშინაც კი (როცა «რაიკომის მდივნები» მართავდნენ ქვეყანას) უდიდესი გავლენითა და ავტორიტეტით სარგებლობდნენ. არა მხოლოდ შიშის ზარს სცემდნენ ყველას და ყველაფერს (მით უმეტეს, იმდროინდელი აბსოლუტური უფლებამოსილების გათვალისწინებით), არამედ ავტორიტეტითაც სარგებლობდნენ იმჟამინდელ მმართველ ისტებლიშმენტში.
        ჯამში ეს იძლეოდა გაცილებით მეტ «რიდს» (მათ მიმართ), ვიდრე მოიპოვეს მილიციელებმა ან მოსამართლეებმა. ამიტომ პროკურორებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული იქნება, თუ რეფორმებისა და ატესტაციის შედეგად პროკურატურაში მივლენ ვინმე უცნობი იურისტები – გუშინ რომ გამარჯობის ღირსად არ თვლიდნენ და ხელს არ ჩამოართმევდნენ, ხოლო თვითონ იძულებულნი გახდებიან პროკურატურიდან წავიდნენ «მხოლოდ» იმიტომ, რომ გამოცდა ვერ ჩააბარეს ან ატესტაცია ვერ გაიარეს.
        ამიტომ, პროკურატურის ტესტირებაც ძალზე მტკივნეულად განვითარდება. შესაძლოა საბოლოოდ ისე მტკივნეულად მაინც არა, როგორც სასამართლო უწყებისა (რადგან სასამართლო, საერთოდ, დამოუკიდებელი ხელისუფლებაა მაშინ, როდესაც პროკურატურა, ასე თუ ისე, სახელისუფლებო შტოს ნაწილია), მაგრამ პოლიტიკური შეფერილობის ექსცესები ან ემოციური აფეთქებები გამორიცხული არ არის.
        ერთია მხოლოდ: პროკურორები ისე არ გაიმასხარავებენ თავს, რომ «გაფიცვები» მოაწყონ, ანუ «რეფორმა» მაინც ჩატარდება. გააჩნია, რამდენად რადიკალური იქნება იგი და რამდენად სახიფათო (სარისკო) მთლიანად ხელისუფლებისათვის.

მერიდიანი, 12 ივნისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე