ნადირობა არაქართულ საარჩევნო ხმებზე         ნინოწმინდის ექო

ნადირობა არაქართულ საარჩევნო ხმებზე         ნინოწმინდის ექო

        ტრადიციულად, არჩევნების წინ ვითარება შესამჩნევად იძაბება ე.წ. «არაქართულ რაიონებში»; თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია (ძირითადად, მთავარი პრეტენდენტები) ხვდება, რომ მართლაც ძალზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული «არაქართულ ხმებზე» – გარდა იმისა, რომ არაქართველები საქართველოში მილიონზე მეტნი არიან, მათ კიდევ ერთი თვისება ახასიათებთ: ისინი «პასიონარულად» იღებენ გადაწყვეტილებას, ანუ ეროვნული უმცირესობა, რაოდენ «მრავალრიცხოვანიც» არ უნდა იყოს, ხმას სოლიდარულად და კონსოლიდირებულად აძლევს რომელიმე ერთ «ქართულ» პარტიას, თუ მიიჩნევს, რომ ეს პარტია მისი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს.
        საქართველოს სომხური და აზერბაიჯანული ელექტორატის «დაშლა» ვერ მოხერხდება – იგი მთლიანად ამა თუ იმ ძალას მისცემს ხმას, ვინაიდან ჩვენზე (ქართველებზე) უკეთ აცნობიერებს საკუთარ ინტერესებს. სწორედ ამით არის, უპირველეს ყოვლისა, საინტერესო ქვემო ქართლი და ჯავახეთი საქართველოს პოლიტიკური პარტიებისათვის.
        თუმცა, ქვემო ქართლში მდგომარეობა, ასე თუ ისე, გარკვეულია, - შევარდნაძე-ალიევის მეგობრობამ და აზერბაიჯანული მოსახლეობისათვის ლევან მამალაძის მისაღებობამ თავისი სიტყვა თქვა, რაც არჩევნებზეც გამოჩნდება და რაც აქაური ელექტორატის ხელისუფლებისადმი ლოიალური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას გულისხმობს.
        გაცილებით რთული ვითარებაა ჯავახეთში. სომხები, უფრო კონკრეტულად - ჯავახეთში მცხოვრები სომხები უკმაყოფილონი არიან საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკით, ოღონდ არა სოციალურ-ეკონომიკურით (გარწმუნებთ, შრომისმოყვარე ჯავახელ სომხებს არასდროს შიოდათ და არც ახლა შიათ), არამედ, უპირველესად საგარეო პოლიტიკით; მათ სრულებით არ ეპიტნავებათ საქართველოს ჩართვა «ევრაზიულ საკომუნიკაციო დერეფნის» სისტემაში, ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა ნავთობის პროექტში და ა.შ.
        მართალია, ყველა ეს პროექტი საქართველოსათვის მრავალი თვალსაზრისით მომგებიანია, მაგრამ ისინი, იმავდროულად, აძლიერებენ აზერბაიჯანს, ანუ საფრთხეს უქმნიან სომხეთის სასიცოცხლო ინტერესებს.
        დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, საქართველოში მცხოვრებ სომხებს თავიანთ სამშობლოდ სწორედ სომხეთი მიაჩნიათ; ამიტომ, უპირველესად, მის ინტერესებზე ზრუნავენ, ხოლო თუ სომხეთისა და საქართველოს ინტერესები წინააღმდეგობაში მოვა (რაც, სხვათა შორის, სრულებითაც არ არის შეუძლებელი)- ისინი სომხეთის ინტერესებს დაიცავენ.
        ამრიგად, შესაბამისი ელექტორალური ფონი ჯავახეთში უკვე არსებობს, - არსებობს გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ქვემო ქართლში. აქედან გამომდინარე, ოპოზიციური პარტიებიც გააქტიურდნენ და «ხმების გამოდნობას» ცდილობენ.
        მკითხველი ყურადღებას მიაქცევდა, რომ უკანასკნელი 3-4 თვის განმავლობაში, თითქმის ყველა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ სცადა ჯავახეთში ფეხის მოკიდება, - მაშინ, როდესაც ქვემო ქართლს ახლოს არ გაკარებიან. მიზეზი გასაგებია: აზერბაიჯანულ მოსახლეობაში რომ «ვერაფერი გამოდნება» - ამას მიხვდნენ, ამიტომ ქვემო ქართლზე ხელი ჩაქნეული აქვთ, ჯავახეთიდან კი «შემწვრის სუნი იკრეს».
        ახლა, რა თქმა უნდა, აზრი არა აქვს იმაზე მსჯელობას, რამდენად ზნეობრივია საერთოდ, პოლიტიკური მოსაზრებებით ცეცხლთან, გნებავთ, ფერფლწაყრილ სეპარატიზმთან თამაში; ქართველი პოლიტიკოსებისათვის ისეთი ცნება, როგორიცაა «პასუხისმგებლობა» - ყოველთვის ჩინური იყო. სულ ერთია, თუ რამე მოხდა, ყველაფერს მაინც არსებულ ხელისუფლებას დააბრალებენ, ხოლო თუ ქვეყანა დაზარალდა... აი, დარდი! «რა დროს ესაა», როცა პოლიტიკურ ლანდშაფტზე მათი ყოფნა-არყოფნის ბედი წყდება და ისტორიის კანალიზაციაში ჩარეცხვა ემუქრებათ 31 ოქტომბრის აერჩევნების შემდეგ.
        იმავდროულად, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ერევანში გაფაციცებით ადევნებენ თვალს (ჩუმ-ჩუმად ზემოქმედებენ კიდეც) ჯავახეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს.
        სათავისოდ მათ არაფერი შეეშლებათ და «დაყურსულები» ელიან – ყველა ამ შეტაკების, აფეთქების, პოლიციელთა ცემის, მოსახლეობის ვითომდაც «სოციალური» უკმაყოფილების შედეგად როდის მომწიფდება ვითარება მათი ჩარევისათვის.
        შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ტექნოლოგიაც მზად აქვთ – ჯერ «შეშფოთებას გამოთქვამენ», შემდეგ «პროტესტს». პროტესტიდან კი, ერთი ნაბიჯიღა «მოხალისეებამდე».
        ამიტომ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად მიზანშეწონილი იქნებოდა, ჯავახეთი საერთოდ გამოთიშვოდა პოლიტიკურ ორომტრიალს, რაც, მართალია, «მოქალაქეთა კავშირის» წისქვილზე დაასხამდა წყალს, მაგრამ იმავდროულად, ქვეყნის წისქვილსაც წაეშველებოდა. ეს ხშირად ხდება პოლიტიკაში (თუმცა, არა ყოველთვის), ანუ ხშირად ხდება, რომ ხელისუფლების ინტერესები ემთხვევა ქვეყნის ინტერესებს.
        რაც შეეხება «მოქალაქეთა კავშირს», იგი, ალბათ, მაინც მოახერხებს, ჯავახეთის მოსახლეობა აიძულოს პასიონარულად და სოლიდარულად სწორედ მას მისცეს ხმა – საამისოდ საკმარისი იქნებოდა შევარდნაძის ვიზიტი სომხეთში (სექტემბრის ბოლოს) და ისეთი ვითარების შექმნა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში აზერბაიჯანული და სომხური მოსახლეობა ერთმანეთს გაეჯიბრება (ერთმანეთის შიშით) საქართველოს ერთგულებაში.

მერიდიანი, 6 სექტემბერი, 1999 წელი