Putin Forever

Putin Forever

        ჩემმა მტერმა უყურა პუტინს კიდევ 12 წელი. არადა, ეს უკვე გადაწყვეტილია – თვითონ პუტინმა გადაწყვიტა და მისმა «გოშია» მედვედევმაც წამოკნავლება ვერ გაბედა. მმართველი პარტია «ედინაია როსსიას» ყრილობაზე (ამ პარტიას «ერთიანი რუსეთი» ტყუილად არ ქვია), ბევრისთვის მოულოდნელად, «ტანდემის» წევრებმა ქვეყანასა და მსოფლიოს ამცნეს, რომ მთელი ეს წლები მსოფლიოსაც დასცინოდნენ, საკუთარ ქვეყაანსაც და უბრალოდ ტაკიმასხარაობდნენ, როცა ამბობდნენ, თითქოს «ჯერ აარფერი გარკვეულა და მომავალში მოილაპარაკებენ, რომელი მათგანი იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში». შეიძლება ორივესაც ეყარა კენჭი, რათა რუსეთის მოქალაქეებს რაღაც არჩევანი მაინც ჰქონოდათ – ასეთი თუ ისეთი: «ბრტყელთავიანი პუტინი» თუ «დიდთავიანი მედვედევი». ერთი რეაქციონერად და «კგბ» - შნიკად ითვლებოდა, მეორე კი – განათლებულ ლიბერალად და «აი-ფონების» მოყვარულად. მედევდევიც, დრო და დრო «ჩაუნამოიკებდა» ხოლმე ჟურნალსიტებს: «მე რომ თოჯინა პრეზიდენტი გგონივართ, მთლად ასე არ არის საქმე – საქართველოში შეჭრის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე და პუტინისთვის არც არაფერი მიკითხავსო».
        ერთი სიტყვით, დიმა და ვალოდია არა მხოლოდ ყველას ასულელებდნენ, არამედ დიმა, როგორც აღმოჩნდა, საკუთარ თავსაც აბრიყვებდა. ყრილობაზე გამოსვლისას პუტინმა თქვა: «როგორ უნდა მოვქცეულიყავით, რამდენიმე წლის წინ მოვილაპარაკეთო». ესე იგი, ჯერ კიდევ 2007 წელს (როდესაც «ვოვა» გამოვიდა და «დიმაზე» მიუთითა – პრეზიდენტად ამას ვნიშნავო), უკვე მაშინ იცოდა ორივემ, რომ დაახლოებით 2011 წლის ბოლოსთვის, ყველაფერი ისე დამთავრდებოდა, როგორც დამთავრდა.
        გამოდის, მთელი ეს წლები - განსაკუთრებით ბოლო 2 წელი, როცა მედვედევი ყველანაირად ცდილობდა ისეთი შთაბეჭდილების შექმნას, თითქოს ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და მომავალში მოვილაპარაკებთ კენჭს რომელი ვიყრითო – ამხელა კაცი ყმაწვილური ანცობით ყოფილა დაკავებული. საინტერესოა, არ რცხვენია ახლა იმ განცხადებებისთვის? რაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ «მომავალში» თუკი, როგორც პუტინმა განაცხადა, ყველაფერზე ჯერ კიდევ რამდენიემ წლის წინ მოულაპარაკიათ და გაურკვევიათ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში 2012 წელს პრეზიდენტი ისევ პუტინი გახდებოდა, ხოლო მედვედევი (ისევ) პრემიერ-მინისტრობას დასჯერდებოდა?

დიმა და ვოვა

        თანაც, დიმიტრი მედვედევმა საპრეზიდენტო ვადა 6 წლამდე გაზარდა. ესე იგი, თვითონ 4 წელს ისიამოვნა და პუტინს 12 წლით გაუშალა. აბა ვის ეპარება ეჭვი, რომ 2018 წელს ისევ პუტინი გახდება პრეზიდენტი? პრემიერ-მინისტრი იყო და რეალურად ქვეყანას თვითონ მართავდა, მესამე ვადით პრეზიდენტობაც გაინაღდა და როცა პრეზიდენტი იქნება, მეოთხე ვადას ვინმეს დაუთმობს? მოკლედ, მინიმუმ 2024 წლამდე ეს მაჯლაჯუნა გვაქვს მოსჯილი ჩვენც და მთელს მსოფლიოსაც.
        სხვათა შორის, რუსეთში (მსოფლიოზე რომ აღარაფერი ვთქვათ) სულაც არ არის ერთმნიშვნელოვანი აზრი მედევდევის ასეთ უეცარ კაპიტულაციაზე. გავლენიანი პოლიტოლოგი გლებ პავლოვსკი, მაგალითად, პირდაპირ ამბობს, რომ მედევდევს პრეზიდენტობა ძალიან უნდოდა, მაგრამ პუტინმა უბრალოდ დააშანტაჟაო. არ აზუსტებს, რით დაემუქრა – შეიძლება შვილების ამოწყვეტით ან სხვა ამგვარით, მაგრამ ფაქტია, რომ მედვედევმა თავი გაამასხარავებინა.
        მომხდარი დასავლესთვისაც უსიამოვნოა: ამდენი წელი თავს ევლებოდნენ მედევდევს – «დემოკრატად» გამოაცხადეს, «როკ მუსიკა უყვარს და ევროპა როგორ ეძულებაო» – იძახდნენ, ოღონდ კი «გბ» - შნიკი პუტინი არ დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში. დაბრუნდა და მერე როგორ დაბრუნდა! მინიმუმ 12 წლით კიდევ.
        სინამდვილეში, უცნაური აქ მხოლოდ ის არის, თუ რატომ გამოაცხადა (გამოაცხადებინეს) მედვედევს მისი ზემდგომის გადაწყვეტილება სწორედ ახლა და არა წლის ბოლოს, როგორც ბევრი ვარაუდობდა. მრავალი მოსაზრებით, პუტინისთვის «დაბრუნების» გამოცხადება დეკემბრის დასაწყისში, ნოემბერში ან თუნდაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, მაგრამ აქ მთავარი როლი ეკონომიკურმა მიზეზებმა შეასრულეს:
        იმდენი იხალისეს რუსებმა «მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ისევ გამწვავდაო», რომ ბოლოს პირველი მსხვერპლი ამ კრიზისისა თვითონ აღმოჩნდნენ: სექტემბერში რუსული ბირჟა ბევრად მეტად ჩამოიქცა, ვიდრე ნიუ იორკისა. ინვესტორებმა პირველ რიგში სწორედ რუსული კომპანიების აქციათა მოშორება დაიწყეს. «გაზპრომის» აქციების ღირებულება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კატასტროფულად დაეცა. ინვესტორებს არასტაბილურობა აშინებდათ. მათ დასაწყნარებლად კი პუტინმა გადაწყვიტა, დროზე ადრე გამოსულიყო სცენაზე და ყველასთვის ეთქვა: სპექტაკლი დამთავრდა, კრემლში ვბრუნდები და მომავალ ათწლეულს რუსეთში ყველაფერს ისევ მე ვმართავო. ახლა კი გაირკვა, ვინ იყო პუტინი და რეალურად რას წარმოადგენდა მისი «გოშია მედევდევი».
        მეორე მიზეზი ის გახდა, რომ «პრეზიდენტი მედვედევი» ამ ტაკიმასხარაობისას ისე შევიდა როლში, ზოგიერთმა რუსმა ჩინოვნიკმა (გუბერნატორმა, მინისტრმა) ვისაც ჭკუა დიდად არ მოეკითხებოდა, იფიქრა – იქნებ არ თამაშობენ და მედვედევი მართლა რაღაცას აპირებსო. როგორც მინიმუმ, პუტინთან ერთად კენჭისყრას. ეს იმდენად აშინებდა ზოგირეთ რუს ჩინოსანს, «ერთი ადგილის» თამაში დაიწყეს და პუტინისადმი მთლად ყურმოჭრილ მონობას აღარ ამჟღავნებდნენ. ანუ, როგორც მინიმუმ, ორ სკამზე ცდილობდნენ «იმ ადგილის» მოთავსებას, რაც ვლადიმერ ვლადიმიროვიჩს ძალიან აღიზიანებდა.
        გლებ პავლოვსკის განცხადებას რომ დავუბრუნედთ (შანატჟის და მუქარის შესახებ), მედვედევი, როგორც ჩანს პუტინს სთხოვდა: მაინც ჩემზე მეტი რეიტინგი გაქვს და ეგება ორივემ ვიყაროთ ეკნჭი - ამით სახესა და ნამუსს მაინც შევინარჩუნებო. მაგრამ ნურას უკაცრავად! ბოლო წლებში პუტინს მედევდევის მიმართ იმდენი ბოღმა დაუგროვდა (როცა ეს ბიჭი მართლა შევიდა პერზიდენტობის როლში), რომ შეიძლება პრემიერ-მინისტრობის შეთავაზებაც ბლეფი აღმოჩნდეს და სულ მალე მედვედევი არა მხოლოდ კრემლიდან, არამედ მთავრობიდანაც მოისროლონ ნახმარი რეზინივით.

კომედიის დასასრული

        რაც შეეხება პუტინის პროგრამას, მას არც დაუმალავს არასდროს, რას გააკეთებს მომავალი 12 წლის განმავლობაში: ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე «ერთიანი დიდი რუსეთის» (ახალი საბჭოთა კავშირის) აღდგენა დედაქალაქით მოსკოვში! ასეთია პუტინის დოქტრინა. ეს არის მისი მთავარი მიზანი, რასაც ყველა ნაბიჯი და გადაწყვეტილება ემსახურება. Bბუნებრივია, არც საქართველოს მოაკლებს ყურადღებას, რადგან ჩვენი ქვეყანა რუსულ გეოპოლიტიკას კვლავ ძვალივით აქვს ყელში გაჩხერილი – უამრავ პრობლემას გადაწყვეტდა, საქართველო რომ არ არსებობდეს. მათ შორის ტრანსკასპიური გაზსადენის დაბლოკვას – კასპიის ზღვაში სარაკეტო სროლების და ევროკავშირთან დაპირისპირების გარეშე. ანგელა მერკელი იყოს კარგად და ისევ ჩვენ დაგვაბრალებდა ყველაფერს.
        უცნაური დამთხვევით, სწორედ მას შემდეგ, რაც პუტინის «მეორედ მოსვლა» გამოცხადდა, ევროკომისიამ «გაზპრომის» შვილობილ ევროპულ ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა. როგორც ჩანს, ევროპელებიც ხვდებიან (ჯერ ყველანი არა, მაგრამ ბევრნი), რომ პუტინთან ენის მოჩლექით ლაპარაკი არ გამოვა – ის მხოლოდ ძალას და მუქარას სცემს პატივს.
        ამიტომ, რაც უფრო მეტად დაანახებენ ძალას, მით უფრო მიაღწევენ მიზანს. მიზანი კი რუსი იმპერატორის სულ უფრო მზარდი იმპერიული მადის დაცხრომაა. პუტინი რას წარმოადგენს, - დასავლეთში ძალიან კარგად იციან. მათთვის, ვინც რუსეთს ბოლო წლებში კუდს უქიცინებდა და მეზობლების მიმართ მის აგრესიაზე თვალს ხუჭავდა, რა თქმა უნდა ბევრად კომფორტული იქნებოდა, კრემლში მედვედევი დარჩენილიყო – ამიტომაც შეუქმნეს «ლიბერალის» და «პუტინთან შედარებით დემოკრატის» იმიჯი. თავსაც იტყუებდნენ და სხვებსაც ატყუებდნენ. საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზეც, ასეთებმა სწორედ ამიტომ დახუჭეს თვალი.
        პუტინის დაბრუნების შემდეგ კი ეს თამაში მთავრდება: პუტინი - ჩეჩნეთში ათი ათასობით ბავშვის მკვლელი, ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელი და ლონდონში რადიოაქტიური შხამის დამთესავია. მის მიმართ დასაველთს ბევრად მეტი კითხვა ექნება, ვიდრე მედვედევთან, როგორც არ უნდა ეცადონ პუტინის «მეგობრები» ამ კითხვების მიჩქმალვას. აქედან გამომდინარე, რა უცნაურიც არ უნდა ჩანდეს, ჩვენთვის კარგი და სასარგებლოცაა, რომ პუტინმა ოთხწლიანი სპექტაკლი დაამთავრა და კრემლში ოფიციალურად ბრუნდება.

2011