ქართველი მესაზღვრეები სტრატეგიულ შეცდომას უშვებენ    

ქართველი მესაზღვრეები სტრატეგიულ შეცდომას უშვებენ    

    თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა მოლაპარაკება ექსპერტთა დონეზე რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებსა და მათ ქართველ კოლეგებს შორის - სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან
    როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ და ურყევად მიიღო გადაწყვეტილება 1999 წლის ზაფხულამდე ან 2000 წლის დასაწყისამდე გაიყვანოს უცხო ქვეყნის მესაზღვრეები საკუთარი ტერიტორიიდან.
    პრინციპში, რუსები ამაზე თანახმა არიან, ვინაიდან ამგვარ მოთხოვნაზე ღიად უარის თქმა, ფაქტობრივად, ომის გამოცხადებას ნიშნავს. მაგრამ ბოლო დროს გამოჩნდა სიმპტომები, რომელიც მიუთითებს: რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა რაც შეიძლება გააჭიანუროს ეს პროცესი, - ეგებ მიაღწიოს დივერსიებით, ტერაქტებითა და პროვოკაციებით საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსული მიმართულების გაღრმავებას.
    ამ შემთხვევაში მესაზღვრეთა გაყვანა «საჭირო აღარ იქნება». მოსკოვში ელემენტარული გათვლის უნარი, რა თქმა უნდა, აქვთ: თუ მათი სასაზღვრო ჯარები საქართველოდან გავლენ, ხოლო სასაზღვრო აკვატორიას, ისევე როგორც სახმელეთო საზღვარს, საქართველო დაიცავს, მაშინ ჩვენი ქვეყნისადმი მეტად კომპრომისული პოლიტიკის დაკავება მოუწევთ, ვიდრე დღეს, ვინაიდან როცა თავად იცავდნენ საზღვარს, ოფიციალური თბილისის მოთხოვნათა იგნორირება ადვილი საქმე იყო. ახლა კი, თუ არ გაითვალისწინებენ საქართველოს ინტერესებს, მაშინ არც საქართველო გაითვალისწინებს მის ინტერესებს ჩრდილოეთ კავკასიასა და თურქეთს შორის სატრანსპორტო კორიდორის შექმნასთან დაკავშირებით.
    ამრიგად, რუსული სასაზღვრო ქვედანაყოფის გაყვანა საბოლოოდ გადაწყვეტილია, რუსული პრესა (იგი მოსკოვური ისტებლიშმენტის აზრს გამოხატავს) აშკარად წუხს: «საქართველოში ჯერ კიდევ გვაქვს ბერკეტები ჩვენი ინტერესების დასაცავად, აფხაზეთი და აჭარა ჩვენდამი კეთილგანწყობილია და გაუგებარია ამ ბერკეტებს რატომ არ ვიყენებთო».
    მათი გამოყენება რეალურად გაუჭირდებათ, მაგრამ ზემოხსენებულ მოლაპარაკებებზე მოულოდნელად კვლავ წამოიჭრა ე.წ. «ვალების» საკითხი. საქმე ის გახლავთ, რომ ამჯერად საუბარი შეეხება ახალი ხელშეკრულების გაფორმებას «სასაზღვრო საკითხებში თანამშრომლობის შესახებ», ნაცვლად 1994 წლის 3 თებერვალს ხელმოწერილი დოკუმენტისა, რომელიც არ იქნა რატიფიცირებული პარლამენტში და საბოლოოდ გადაესვა ხაზი მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო კანონი «სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესახებ».
    ეს კანონი ითვალისწინებს საზღვრების დამოუკიდებელ დაცვას. ქართული მხარე მოლაპარაკებებისას ცდილობს ახალ დოკუმენტში ჩადოს დებულება, რომ თავად არაფერს უხდის რუსეთს, ხოლო რუსეთი ვალდებულია დაფაროს ყოველგვარი დავალიანება ადგილობრივი, სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებისადმი.
    ამ საკითხზე დისკუსია რუსულ მხარეს უეჭველად ხელს აძლევს, ვინაიდან ბოლოს და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ თებერვლის ხელშეკრულება რატიფიცირებული არ ყოფილა, იგი ხელმოწერილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების მიერ და ნამდვილად შეიცავდა დებულებას: «საქართველო კისრულობს დაფაროს რუსი მოსაზღვრეების ხარჯთა ორმოცი პროცენტი». საქართველოს ერთი კაპიკიც არ გადაუხდია და სწორადაც მოიქცა, მაგრამ ამ თემაზე დისკუსიის გაშლა (თუ ვინ რამდენი უნდა გადაიხადოს) რუსეთს მისცემს შესაძლებლობას უსასრულოდ გაჭიმოს მოლაპარაკება, გააჭიანუროს საბოლოო დოკუმენტის მომზადების პროცესი, გაურკვეველი ვადით გადადოს სასაზღვრო ჯართა გაყვანა;
    საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, თუ საქართველო დაეთანხმებოდა ურთიერთჩათვლას ანუ «ნულოვან ვარიანტს» და მოითხოვდა ჯარების დაუყოვნებელ გაყვანას.

მერიდიანი, 5 აგვისტო, 1998 წ.