მოლაპარაკება სამხედრო ბაზების თაობაზე დაძაბულად წარიმართა

        გუშინ მოსკოვში დაიწყო მოლაპარაკება რუსეთსა და საქართველოს შორის ორი სამხედრო ბაზის (ვაზიანისა და გუდაუთის) ლიკვიდაციის შესახებ. მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი და თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე. რუსეთის მხრიდან – პრემიერ-მინისტრის მოადგილე (ვიცე-პრემიერი) ილია კლებანოვი და საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი.
        რუსეთი ყველანაირად ცდილობდა ამ მოლაპარაკებათა გაჭიანურებას – როგორც ჩანს, ელოდებოდა არჩევნების შედეგებს საქართველოში, მაგრამ რაკი ამ არჩევნებიდან «არაფერი გამოდნა», ახლა იძულებულია დაიწყოს კონკრეტული მოლაპარაკება, ვინაიდან საქმე ეხება საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის იგნორირებაც (მით უმეტეს დღევანდელ ვითარებაში) რუსეთს არ შეუძლია:
        1999 წლის 19 ნოემბერს, სტამბულში «ათასწლეულის სამიტის» დროს ხელი მოეწერა ერთობლივ (ქართულ-რუსულ) განცხადებას ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო ბაზების ლიკვიდაციის თაობაზე. ეს ერთობლივი განცხადება ოფიციალური დოკუმენტის სახით თან დაერთო «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების» ადაპტირებულ ხელშეკრულებას, თუმცა რუსეთის დიპლომატიამ ხსენებული ერთობლივი განცხადების ერთ-ერთი დებულებით მაინც დაიტოვა იმის შესაძლებლობა, რომ ვაზიანიდან და გუდაუთიდან გაიყვანოს მხოლოდ მძიმე ტექნიკა, მაგრამ შეინარჩუნოს კონტროლი ორივე ბაზის სამხედრო აეროდრომებზე, რომელთაც უდიდესი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მთელი კავკასიისათვის.
        გუშინ, მოსკოვიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკება ძალზე მძიმედ და დაძაბულად დაიწყო – რუსეთს, რა თქმა უნდა, არ შეუძლია უარი თქვას ვაზიანიდან და გუდაუთიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანაზე, ვინაიდან ეს საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევს, მაგრამ იგი ყოველნაირად ცდილობს შეინარჩუნოს კონტროლი ხსენებულ აეროდრომებზე (სამხედრო ტექნიკის გარეშეც) და, რაც მთავარია, აიძულოს ქართული მხარე (საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები), დათანხმდეს ახალქალაქსა და ბათუმში რუსულ დივიზიათა მრავალწლიან განლაგებაზე.
        დისკუსია «ხელშეკრულების ინტერპრეტაციის» თაობაზე შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს – რუსეთი არ დაარღვევს საერთაშორისო ხელშეკრულებას, ვინაიდან გაიყვანს სამხედრო ტექნიკას ვაზიანიდან, გააფორმებს გუდაუთაში არსებულ სამხედრო ტექნიკასა და (თუნდაც) თვითმფრინავებს, როგორც «სამშვიდობო ძალთა» კუთვნილს და გადაიყვანს პრობლემას რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში.
        სულ ერთია, საქართველო ამას ვერ გაექცევა – მაინც მოგვიწევს ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილების მიღება, თუ გვსურს ამ ბაზების ლიკვიდაცია: საქართველოს დელეგაციამ უნდა განაცხადოს, რომ საერთოდ არ რთავს ნებას რუსეთს თუნდაც «დროებითი რეჟიმით» განალაგოს სამხედრო ბაზები ქვეყნის ტერიტორიაზე, არც ვაზიანსა და გუდაუთაში და არც ახალქალაქსა თუ ბათუმში.
        პარლამენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი კანონი, რის შემდეგაც პრობლემა კვლავ დაბრუნდება საერთაშორისო-სამართლებრივ ჭრილში (რაც ძალიან არ სურს რუსეთს) და ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობა აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს მოთხოვნებს რუსული ბაზების ლიკვიდაციის თაობაზე.
        ასეთ შემთხვევაში, რუსეთი იძულებული გახდება დაიწყოს ოთხივე სამხედრო ბაზის დემონტაჟი საქართველოში.
        რაც მთავარია, რუსეთს არ სურს «დაინახოს» ერთადერთი რეალური და შესაძლო გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან მისი ინტერესების შეულახავად: საკმარისია მან თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას აფხაზეთის პრობლემის გადასაწყვეტად (საქმით და არა მხოლოდ სიტყვით), რომ საქართველოში მისდამი დამოკიდებულება კარდინალურად შეიცვლება. თანაც, შეიცვლება არა მხოლოდ ხელისუფლებაში, არამედ მოსახლეობაშიც.
        ამის შემდეგ ბაზებთან დაკავშირებული კომპრომისიც შესაძლებელი გახდება. მაგრამ რუსეთს ამის გაკეთება არ სურს, ვინაიდან აფსუებისა და მათი მონათესავე (ყაბარდოელების, ჩერქეზების, ადიღელების) ხალხების განაწყენება ერიდება.
        აქედან გამომდინარე, საქართველომ ძალიან მტკიცე მოქმედებით უნდა დაუმტკიცოს რუსეთს, რომ მისი (საქართველოს) განაწყენება და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ფაქტობრივი მხარდაჭერა (ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებით - ბლოკადის მოხსნის შესახებ) რუსეთს გეოპოლიტიკურად ბევრად უფრო რთულ პრობლემებს შეუქმნის, ვიდრე აფსუა-ადიღელთა განაწყენება.
        სანამ რუსეთი ამ საშიშროებას რეალურად არ იგრძნობს, იგი აფხაზეთში ჩვენთვის სასარგებლო ნაბიჯებს არ გადადგამს. ამრიგად, მოსკოვში მიმდინარე «სამხედრო» მოლაპარაკებებზე, ფაქტობრივად, აფხაზეთის ბედი წყდება.

მერიდიანი, 21 აპრილი, 2000 წელი

მთელ გვერდზე