ვის ეხებოდა შევარდნაძის გაფრთხილება?

ვის ეხებოდა შევარდნაძის გაფრთხილება?

        პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შემდგომი თანაშმრომლობის თაობაზე ქვეყნის მთავრობა, როგორც ჩანს, შოკში ჩააგდო. დილიდან არ წყდებოდა მინისტრთა და ჩინოსანთა «ინტერპრეტაციები», რომლითაც ისინი ცდილობენ დაადასტურონ თუ დაამტკიცონ, რომ პრეზიდენტს «სულ სხვა რამ ჰქონდა მხედველობაში» და სავალუტო ფონდს სულაც არ გულისხმობდა. არადა, უეჭველი ფაქტია, რომ ედუარდ შევარდნაძე არ განეკუთვნება იმ პოლიტიკოსთა თუ პოლიტიკანთვა რიგს, რომლებიც მოუფიქრებელ და გაუთვლელ განცხადებას აკეთებენ. პირიქით, ესოდენ მნიშვნელოვან საკითხზე შევრადნაძე არათუ მიზანშეუწონელ, არამედ დაუსაბუთებლად სარისკო განცხადებასაც კი არ გ ააკეთებდა. ეს არის წესი გამონაკლისის გარეშე 1993 წლიდან (როცა მან გადადგომის შესახებ გააკეთა ვითომდაც ემოციური, სინადმვილეში კი უაღრესად გონივრული და რაციონალური განცხადება) დღემდე.
        როგორც ცნობილია, სახელმწიფოს მეთაურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არ უნდა მიატოვოს საქართველო «შუა გზაზე» ანუ მაშინ, როდესაც ლიბერალურ რეფორმათა პროცესი შეუქცევადია და მათი შეჩერაბა უმწვავეს სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს, მით უმეტეს, საპარლამენტო არჩევნების წინ. ამით ედუარდ შევარდნაძემ უეჭველად მიანიშნა დასავლეთსცა, რომ თუ პროგრამა საბოლოოდ და სრულად შეჩერდა (აქ ვარიანტები შესაძლებელია სავალუტო ფონდის რენომეს დაუკარგავად), საქართველოს დასავლეთი დაკარგავს.
        სხვათა შორის, სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა პაოლო ნეოჰაუზმა ამ ვითარებას (და პრეზიდენტის განცხადების დედააზრს) უმალვე აუღო ალღო და არანაირი მკვეთრი საპასუხო განცხადება არ გაუკეთებია, პ ირიქით, მან საერთოდ უარი თქვა ნებისმიერ კომენტარზე, რათა უნებლიედ შეცდომა არ დაეშვა და მისი «უფლებამოსილების» ფარგლებს არ გასცდენოდა. იგი მიხვდა, რომ შევრადნაძის განცხადება უფრო მაღალი დონისაკენ იყო მიმართული, მთლიანად დასავლეთისა და ვაშინგტონის გაფრთხილებას ისახავდა მიზნად და ყველაზე ნაკლებად კონკრეტულად მას (სსფ-ის ერთი რიგით ჩინოსანს) ეხებოდა. აქვე დავაკვირდეთ იმ გარემოება,ს რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის არც ერთ წარმომადგენელს არაფერი უთქვამს საქართვლეოდან ფონდის წასვლისა და პროგრამის საბოლოო შეჩერების შესახებ. ამ გადაწყვეტილებას ფორმალურად მიიღებს ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ივლისში გამართულ სხდომაზე.
       მართლაც, ალბათობა იმისა, რომ გადაწყვეტილება ნ ეგატიური იქნება, საკმაოდ დიდია, მაგრამ წინასწრა განცხადებების კეთება ფონდის «ტექნოლოგიაში» არ შედის. ედუარდ შევარდნაძემ კი მათ ეს ტექნოლოგია წინასწარგაზრახულად დაურღვია და იმთავითვე მიანიშნა, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს საქართველოდან სავალუტო ფონდის (ანუ, მასთან ერთად, სხვა ფინანსური ორგანიზაციების) წასვლამ, ივლისში, მით უმეტეს სხდომის შემდეგ, ეს უკვე გვიან იქნებოდა.

დილის გაზეთი, 27 ივნისი, 2003 წელი