კოდორის ხეობაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა

კოდორის ხეობაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა

    გასული კვირის უმთავრესი «სენსაცია», კოდორის ხეობაში მომხდარი ინციდენტი, სინამდვილეში ერთობ «გაბუქული» და გაზვიადებული აღმოჩნდა. სარწმუნო წყაროთა ცნობით, აფხაზეთის სვანეთში ელემენტარული გაუგებრობა მოხდა, - ქართველ პარტიზანთა რაზმი, რომელიც სოხუმის რაიონიდან ბრუნდებოდა, შეეჩეხა საქართველოს სასაზღვრო ჯარების ქვედანაყოფს. ამ უკანასკნელმა იგი «აფხაზურ დესანტად» მიიჩნია და ცეცხლი ორივე მხრიდან გახსნა. სროლის ხმა ხეობის ქართულ სოფლებამდეც აღწევდა; იქედან თბილისს რადიოკავშირით აცნობეს «სროლების» შესახებ. ინფორმაციის გადამოწმების არავითარი საშუალება არ იყო, ამიტომ თავდაცვის სამინისტრომ «ყოველი შემთხვევისათვის» საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა.
    ეს ამბავი მადრიდში მყოფ უმაღლეს მთავარსარდალსაც შეატყობინეს. ედუარდ შევარდნაძემ გადაწყვიტა სამიტზე სიტყვა მაინც წაეკითხა და მხოლოდ ამის შემდეგ გადმოფრენილიყო. კიდევ კარგი, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მან ნატოს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისეთი რამ არ თქვა, შემდგომ სანანებელი და უარსაყოფი გამხდარიყო. ამასობაში, კოდორის ხეობაში «მებრძოლმა» ორივე მხარემ, როგორც იქნა, გაარკვია, ვის ესროდა და ცეცხლიც შეწყდა. თუმცა ბრძოლა ექვს საათს (?!) გაგრძელდა. ერთი მესაზღვრე ფეხშიც დაიჭრა.
    მთელ ამ ისტორიაში თვით შეტაკების ფაქტი არ არის იმდენად საგულისხმო (მით უმეტეს, რომ იგი ნამდვილად გაუგებრობის შედეგი იყო), რამდენადაც ქართული საზოგადოებისა და ხელისუფლების რეაქცია. სამთავრობო კორიდორებში იმ დღეს ნამდვილი პანიკა იყო გამეფებული. ზუსტი ინფორმაციის მოპოვება კარგა ხანს ვერ მოხერხდა. ისმის კითხვა: შეძლებენ თუ არა ეს უწყებები  კოორდინირებას, თუ მართლაც განახლდება საბრძოლო მოქმედებები? ომის განახლება კი სავსებით შესაძლებელი გახდება სამშვიდობო ძალთა გაყვანის შემთხვევაში. თანაც, ზუსტად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ რუსები ენგურის აუზსა და კოდორის ხეობას დატოვებენ, ომი აფხაზ სეპარატისტებთან სწორედ აფხაზეთის სვანეთში დაიწყება და მხოლოდ შემდეგ განვითარდება გალის რაიონში. სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს გარდაუვალია: კოდორის ხეობაში, სოფელ ლათასთან, კონცენტრირებულია აფხაზთა 300-კაციანი რაზმი, - შეიარაღებული არტილერიითა და რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკით. აფხაზეთის ხელისუფლებას კოდორის ხეობა თავისი «სახელმწიფოს» განუყოფელ ნაწილად მიაჩნია, ამიტომ მისი მხრიდან ლოგიკური იქნება აქ აგრესიის გამართლება ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ. თუმცა, სათანადო დახმარებისა და საბრძოლო მოქმედებათა კოორდინაციის შემთხვევაში, სვანური სოფლების აღება აფხაზურ ფორმირებებს გაუჭირდებათ. გაბატონებულ სიმაღლეზე შეტევას ყოველთვის დიდი მსხვერპლი მოჰყვება.
    თბილისში კი, «კოდორის ხეობაში აფხაზურ შეტევასთან» დაკავშირებით, ნამდვილად სამარცხვინო კამპანია აგორდა, - «ვაიმე, აფხაზებმა ომი დაიწყესო» და შიშით აცახცახდა ყველა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული საზოგადოება ახალი ომისათვის მზად არ არის არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც. აფხაზებს კი ასეთი პრობლემა არც ჰქონიათ და არც აქვთ. მათ ომის არ ეშინიათ. ჩვენში ხშირად გაიგონებ: «ომი ხომ სისხლისღვრას და უბედურებას ნიშნავსო». აბა, სისხლისღვრის, უბედურებისა და მსხვერპლის გარეშე ომი სად გაგონილა? თუ მშვიდობა უფრო დიდ ღირებულებად მიგვაჩნია ვიდრე, ვთქვათ, «ტერიტორიული მთლიანობა», მაშინ დავანებოთ თავი აფხაზეთზე ოცნებას.
    სხვათა შორის, აფხაზებისათვის «მშვიდობა» უზენაესი ღირებულება სულაც არ არის, - ისინი დღესაც მზად არიან, ჩაებან სამკვდრო-სასიცოცხლო ომში. ამიტომ, როდესაც მოლაპარაკებისას ქართული მხარის წარმომადგენლები ვლადისლავ არძინბას ემუქრებიან: თუ ვერ შევთანხმდებით და სამშვიდობო ძალები გავლენ ომი დაიწყებაო, ეს უკანასკნელი მხოლოდ მხრებს იჩეჩს: კი, ბატონო, დაიწყოს - ჩვენ მზად ვართო.
    ასეთი ფსიქოლოგიური განწყობით ქართული საზოგადოება და სახელმწიფო ომს ვერ მოიგებს. ამიტომ ალბათ უმჯობესია, რუსეთის ეგრეთ წოდებული «მშვიდობისმყოფელნი» კიდევაც დარჩნენ იქ, სადაც ამჟამად იმყოფებიან.

                                                       მადრიდის სამიტზე ნატო კავკასიისკენ დაიძრა

ესპანეთის დედაქალაქში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერთა შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება უეჭველად ეხება საქართველოსაც. ჩეხეთის, უნგრეთისა და პოლონეთის მიღებით ნატოს სამხედრო ორგანიზაციაში «გატყდა ნავსი»; შეიქმნა უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი და სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით ევროპის კონტინენტზე ძალთა განლაგება თვისებრივად შეიცვალა.
    ეს ბალანსი დაირღვა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, როდესაც რუსეთის (საბჭოთა კავშირის) ჯარებმა დატოვეს აღმოსავლეთ ევროპისა და გერმანიის ტერიტორია. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტია ნატოს აღმოსავლეთ საზღვრის მიახლოება რუსეთსა და პოსტსაბჭოურ სივრცესთან. რუსული ისტებლიშმენტის შეშფოთება უზუსტესად გამოხატა ცნობილმა შოვინისტ-გეოპოლიტოლოგმა კონსტანტინე ზატულინმა, რომლის თქმით, «ნატოს მოახლოება ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებთან იმას ნიშნავს, რომ რუსეთს «ხელ-ფეხი ეკვრება პოსტსაბჭოურ სივრცეზე მოქმედებისათვის». ეს მართლაც ძალზე ზუსტი განსაზღვრებაა! სწორედ ამიტომ აღელვებთ «ნატოს გაფართოება» კრემლის მესვეურთ და, მთლიანად, რუსულ ისტებლიშმენტს, მაგრამ პროცესის შეჩერება მათ უკვე აღარ ძალუძთ. მადრიდის სამიტის დასკვნით აქტში ბალტიის ქვეყნებიც კი არიან ნახსენები - ანუ ჩრდილოატლანტიკური კავშირი პოსტსაბჭოურ სივრცეში შემოჭრასაც აპირებს. ადრე თუ გვიან კავკასიის პრობლემატიკაც იქცევა «ევროატლანტიკური უშიშროების» საკითხად. თუ 1992-1995 წლებში კრემლის მიერ ბოსნიასა და, მთლიანად, ბალკანეთზე პროვოცირებული ომი «ჩრდილავდა» საომარ მოქმედებებს პოსტსაბჭოურ სივრცეზე, ამჟამად ნატომ ბალკანეთზე უკვე დაამყარა მშვიდობა და უეჭველად შეეცდება (უახლოეს მომავალში) «პოსტსაბჭოურ კონფლიქტებშიც» ჩაერიოს.
    ამ თვალსაზრისით, რაც უფრო «მომწიფდება ვითარება» - მით უფრო მიზანშეწონილი გახდება რუსეთის სამშვიდობო ძალთა გაყვანა კონფლიქტის ზონიდან და სამშვიდობო ოპერაციის ახალი სქემით განხორციელების მოთხოვნა. საკითხავიც სწორედ ეს არის, დღეს რამდენად «მომწიფებულია» საამისოდ სიტუაცია. თუ საქართველოს ხელისუფლებას განზრახული აქვს სამშვიდობო ძალები გაიყვანოს, რათა დაიწყოს ომი და ძალით სცადოს პრობლემის გადაწყვეტა, ამის გაკეთება ახლაც შესაძლებელია, მაგრამ სამშვიდობო ძალთა გაყვანა იმ იმედით, რომ მათ «ნატოს ჯარები» ჩაენაცვლებიან, უდიდესი შეცდომა იქნებოდა, ვინაიდან ამჟამად (1997 წელს) ნატო ამისათვის მზად არ არის.
    კიდევ ერთი გამოსავალი აფხაზურ მხარესთან რეალური კომპრომისის მიღწევაა, მაგრამ ამ საკითხს ქართული პოლიტიკური ელიტა სერიოზულად არც განიხილავს, რაც ძალიან დიდი შეცდომაა - პრობლემის არსი არც მოსკოვშია და არც ვაშინგტონში; გასაღები ისევ ქართულ-აფხაზურ დიალოგში უნდა ვეძიოთ. რეალური კომპრომისის გარეშე კი ამგვარი დიალოგი უაზრობაა. მას ისევ ომი სჯობს.

უკრაინას საკუთარი წინადადებისა თავად შეეშინდა

    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ უდოვენკოს «კავკასიური ტურნე» თბილისში (უფრო ზუსტად, ქუთაისში) დასრულდა არაფრისმომცემი ზოგადი განცხადებებით «მეგობრობისა და თანამშრომლობის თაობაზე». საქართველოსათვის მტკივნეულ ორივე საკითხში (აფხაზეთისა და შავი ზღვის ფლოტის) ოფიციალური კიევის წარმომადგენელმა საკმაოდ ფრთხილი პოზიცია დაიკავა. აფხაზეთში უკრაინამ შეიძლება გაგზავნოს თავისი სამშვიდობო ჯარები, მხოლოდ ორივე მხარის (ანუ როგორც ქართული, ასევე აფხაზური ხელისუფლების) თანხმობით და მხოლოდ იმ პირობით, თუ გაეროს უშიშროების საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ორივე პირობა დღევანდელ ვითარებაში აბსოლუტურად არარეალურია: რუსეთი უეჭველად დაადებს «ვეტოს» გაეროს უშიშროების საბჭოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელშიც მისი პრიორიტეტი (აფხაზეთში) არ იქნება გათვალისწინებული. ხოლო აფხაზეთის ხელისუფლება რუსეთის «გაღიზიანებას» მოერიდება და არ განაცხადებს თანხმობას ენგურის აუზში უკრაინული «ცისფერჩაფხუტიანების» შემოყვანის თაობაზე, რაკი სამშვიდობო ოპერაციის ამგვარი ცვლილება (სოხუმის თანხმობის შემთხვევაში) უეჭველად გაართულებს ურთიერთობას რუსეთსა და აფხაზეთს შორის.
    სხვა საქმე იქნებოდა (ვიმეორებ), სამშვიდობო ოპერაციის სახეცვლილებას რომ რეალური კომპრომისი ახლდეს თან, მაგრამ ამგვარი ნიშნები ჯერჯერობით არ არის.
    რაც შეეხება შავი ზღვის ფლოტს, გენადი უდოვენკოს თქმით, «ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხია და არა სამმხრივი მოლაპარაკებისა». ანუ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა არცთუ ქარაგმულად გვითხრა, რომ საქართველოს შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს მხოლოდ იმ სამხედრო ხომალდებზე, რომლებიც 1992 წელს რუსებმა «გააპარეს» ფოთის პორტიდან - უკრაინას ამ საქმესთან არავითარი კავშირი არა აქვს, ამდენად, მოსკოვმა და თბილისმა უნდა მოილაპარაკონ, რა უყონ 1992 წლამდე ფოთში დისლოცირებულ გემებს.
    თვით შავი ზღვის ფლოტის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილია. ამ თემის ხელახალი მუსირება ამჯერად უკვე არა მხოლოდ მოსკოვს, არამედ კიევსაც აღარ აძლევს ხელს.
    სხვათა შორის, რუსეთ-უკრაინის შეთანხმება ფლოტისა და სევასტოპოლის თაობაზე. ერთი თვალსაზრისით საქართველოსათვის ძალზე ხელსაყრელია. როგორც ცნობილია, ამჟამად აფხაზეთში სურსათ-სანოვაგისა და საწვავის 90 პროცენტი შედის ზღვით, - თურქული გემების მეშვეობით. თუ საქართველო შეძლებს, გადაკეტოს ეს წყარო, აფხაზეთი ძალზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება (მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი ფსოუზე დაკეტილია, დღეს აფხაზეთი არაფრის ნაკლებობას არ განიცდის). რუსეთმა 1995 წლის ზაფხულში საქართველოსთან შეთანხმებით სცადა «ჩაეკეტა» სოხუმის პორტი თურქეთის გემებისათვის, მაგრამ აფხაზურმა კატარღებმა რუსეთის გემს ცეცხლი გაუხსნეს. ეს უკანასკნელნიც იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. ოღონდ არა იმიტომ, რომ ბრძოლის შეეშინდათ, არამედ სხვა მიზეზით: იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო გაფორმებული ხელშეკრულება «შავი ზღვის ფლოტის გაყოფის» შესახებ, ანუ ფლოტი იმყოფებოდა ორმაგ დაქვემდებარებაში. «ჩვენი მეგობარი» უკრაინა კი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა გემების გამოყენებას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში. ამჟამად ვითარება შეიცვალა: უკრაინამ ცნო რუსეთის იურისდიქცია ფლოტის მნიშვნელოვან ნაწილზე, მოსკოვი თბილისს სთავაზობს შეუერთდეს დსთ-ს ხელშეკრულებას «გარე საზღვრების ერთობლივი დაცვის შესახებ» და ამ შემთხვევაში განახორციელებს აფხაზეთის პორტების სრულ ბლოკირებას.
    ეს მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს: საქართველოს ხელისუფლებას საკმაოდ ფართო არჩევანი აქვს და თუ რატომ არ აკეთებს იგი დღემდე ამ არჩევანს, მხოლოდ ღმერთმა უწყის.
    კიდევ უფრო მეტი: თუ ლაპარაკია აფხაზური სეპარატიზმის «მოხრჩობაზე» რუსეთის მეშვეობით, მაშინ რუსეთი არა მხოლოდ აფხაზური პორტების «ჩაკეტვას» გვთავაზობს (ზემოთ ხსენებულ ხელშეკრულებაზე მიერთების პირობით), არამედ ენგურჰესიდანაც შეუწყვეტს აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდებას - თუ საქართველო დათანხმდება მის აქციონირებას და საკონტროლო პაკეტის გადაცემას მოსკოვისათვის.

იგორ გიორგაძე კვლავ «ტროას ცხენად» რჩება

        საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ჯამლეთ ბიბილაშვილმა მორიგი «ღია წერილით» მიმართა თავის რუს კოლეგას, რუსეთის გენერალურ პროკურორს იური სკურატოვს და კატეგორიულად მოსთხოვა იგორ გიორგაძის გადმოცემა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის.
    როგორც ცნობილია, ეს ტრაგიკომედია უკვე თითქმის 2 წელია გრძელდება. გიორგაძე მოსკოვში «ვაზიანის» სამხედრო აეროპორტიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც ამხილეს ტერორისტული აქტის ორგანიზებაში. იმ დღიდან იგი თითქმის ყოველკვირეულად იძლევა ინტერვიუებს, მაგრამ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ «არ იცის», სად იმყოფება იგორ გიორგაძე. ეს, რა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუეა. შეიძლება კონკრეტულად ამ უწყებებმა მართლაც «არ იცოდნენ» საქართველოს უშიშროების ყოფილი შეფის სამალავი, მაგრამ მისმა რუსმა კოლეგებმა, ანუ რუსეთის სპეცსამსახურის მესვეურებმა უეჭველად იციან. რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ შეძლო დაეპატიმრებინა სურეთ ჰუსეინოვი რუსეთის ტერიტორიაზე. იგი «ბორკილებგაყრილი» ჩააბრძანეს ბაქოში - ჰეიდარ ალიევს «ნავთობის კოზირი» დაეხმარა.
    ედუარდ შევარდნაძეს ამგვარი კოზირი ჯერ არა აქვს. მეორე მხრივ, გიორგაძის ინტერვიუები სულ უფრო აგრესიული ხდება. «იგორი» პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას ხელისუფლების დამხობისაკენ. როგორც ჩანს, ხანგრძლივმა «კონსპირაციამ» მართლაც იმოქმედა მის გონებრივ შესაძლებლობებზე. იგორ გიორგაძემ, ეტყობა, თავადაც ირწმუნა, რომ პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენს დღევანდელ საქართველოში და გარკვეული პერსპექტივაც შეიძლება ჰქონდეს. არადა, სინამდვილეში, იგი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გვამია და არც ერთი სერიოზული ძალა (სანაგვეზე მოსროლილი ზოგიერთი პოლიტიკანის გარდა) მას მხარს არ დაუჭერს. სამაგიეროდ, იგორ გიორგაძე, მისდაუნებურად, დიდ დახმარებას უწევს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც ძალიან სჭირდება კონკრეტული მაგალითი «კრემლის აგრესიულობისა».
    ნებისმიერი სერიოზული «შეთქმულება» პრეზიდენტის წინააღმდეგ (განსაკუთრებით ელიტარულ ფენაში), რა თქმა უნდა, უმალვე გამოცხადდება «მოსკოვში გადახვეწილ ტერორისტთა პროვოკაციად». ესეც ძალზე ნიშანდობლივია, - რუსეთი ზვიად გამსახურდიას ებრძოდა და საქართველოს პირველი პრეზიდენტიც ამიტომ ლაპარაკობდა «მოსკოველ ქართველთა ჯგუფზე»; არანაკლებ ებრძვის იგივე რუსეთი ედუარდ შევარდნაძესაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე პრეზიდენტი არ იქნებოდა იძულებული, ფაქტობრივად, იგივე სქემა, იგივე ტექნოლოგია გამოეყენებინა იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ადრე თავად «ამომავალი მზის ქვეყნად» მიაჩნდა.

დილის გაზეთი, 14 ივლისი, 1997 წ.