არის დიდი გაზსადენი!

არის დიდი გაზსადენი!

     

        პრეზიდენტ შევარდნაძის ხანმოკლე ვიზიტი ბაქოში, თუ საზეიმო ღონისძიებებს არ გავითვალისწინებთ, ერთი, ფრიად მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტას მიეძღვნა: საქართველოს სჭირდება ენერგეტიკული დამოუკიდებლობა - უპირველეს ყოვლისა, ბუნებრივი აირის სფრეოში, რაც, სხვათა შორის, ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე .....ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი.
        «შაჰდენიზის» პროექტი, შესაძლოა, კიდევ უფრო სწრაფად განხორციელდეს და სერიოზული მოგებაც მოიტანოს. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკული თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ «ფულად გამოხატულებას» (კონკრეტულად, სატრანზიტო ტარიფის სავალუტო ეკვივალენტს) თბილისშიც და ბაქოშიც უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ენიჭება. გაცილებით მეტი, ვიდრე ამას თვით პრობლემა იმსახურებს.
        თბილისში ბევრი მიიჩნევს (სრულიად უსაფუძვლოდ და არაკომპეტენტურად), თითქოს საქართველომ მეტისმეტი დაუთმო აზერბაიჯანს. იმავდროულად, აზერბაიჯანული პრესა სავსეა ინსინუაციებით, ვითომდაც, აზერბაიჯანს საქართველომ «უზარმაზარი» ტარიფები გამოჰგლიჯა და ასე შემდეგ.
        არც ერთი და არც მეორე შეფასება სინამდვილეს არ შეესაბამება. ობიექტური ანალიზი ცხადყოფს, რომ საბოლოოდ მოგებული დარჩა ორივე მხარე: აზერბაიჯანი ტრანზიტის საფასურს გადაიხდის ნატურით (მთელი ბუნებრივი აირის 5 პროცენტი, რაც საკმოად დიდი მოცულობაა - გაიხსენეთ, რა ამბავი ატყდა, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო «ჯეიჰანის» პროექტიდან მთელი ნავთობის 3 პროცენტს ითხოვდა, ანუ იმ ნედლეულით, რაც მისთვის გაცილებით მომგებიანია, ვიდრე სატრანზიტო ტარიფის ვალუტით ანაზღაურება.
        საქართველო კი მიიღებს ყველაზე მნიშვნელოვან ბუნებრივ აირს იმ მოცულობით (და სრულიად გარანტირებულად), რამდენიც სჭირდება ქვეყანაში ელექტროენერგიის პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადასაჭრელად. პროექტი ითვალისწინებს, რომ საქართველო შეიძენს (ამ ხუთი პროცენტის გარდა) აზერბაიჯანისაგან ყოველწლიურად 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს «სპეციალური ფასებით», ანუ იმაზე იაფად, ვიდრე ამჟამად ვყიდულობთ გაზს რუსული «იტერასგან».
        ახლა კი დავთვალოთ: თუნდაც 2 მილიარდი კუბური მეტრის ყოველწლიურად გატარების შემთხვევაში (არადა, ეს მინიმუმია) საქართველო უფასოდ მიიღებს 100 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს. უფრო სავარაუდოა, რომ მოცულობა 200-300 მილიონს მიაღწევს. ამას დავუმატოთ 500 მილიონი კუბური მეტრი, რისი შეძენის გარანტირებული უფლება (და არა ვალდებულება - ეს მნიშვნელოვანი დეტალია) გვაქვს «სპეციალური ფასებით». მთლიანობაში მოცულობა გამოდის იმაზე მეტი, რაც სავსებით საკმარისია მთელი ზამთრის განმავლობაში «თბილსრესის» ხუთივე ენერგობლოკის სრული დატვირთვით სამუშაოდ. ეს უკვე არა მხოლოდ თბილისის, არამედ (გადახდის მოწესრიგების შემთხვევაში) მთელი საქართველოს ელექტროენერგეტიკული პრობლემის გადაწყვეტის წინაპირობაა.
        თანაც, საქართველო აღარ იქნება დამოკიდებული კრემლის ბინადარ რომელიღაც «დერჟიმორდაზე», ვისაც უეცრად შეიძლება მოეპრიანოს და «ბაზების» საკითხის გამო შეგვიწყვიტოს გაზის მოწოდება.
        გარდა ამისა, «იტერა» დაინტერესებული ხდება რაც შეიძლება იაფად მოგვაწოდოს ბუნებრივი აირი, რათა საერთოდ არ დაკარგოს სამხრეთ კავკასიის ბაზარი. შეიძლება ეს იყოს უფრო იაფიც, ვიდრე «შაჰდენიზ-ბაქო-თბილისი-ერზრუმის» ხელშეკრულებით გათვალისწინებული «სპეციალური ფასი».
        შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქვს «უფლება» იყიდოს ეს გაზი ამ «სპეციალურ ფასად», მაგრამ არა აქვს ვალდებულება - ანუ შეეძლება უფრო იაფად იყიდოს იმავე რუსეთისგან.
        სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ქვეყანას არც ერთი ცენტი რომ არ მიეღო ტრანზიტის საფასურად, ეს პროექტი მაინც ხელსაყრელი და მომგებიანი იქნებოდა. საქართველო ხომ არც ერთ დოლარს არ ხარჯავს ამ გაზსადენის აგებაზე. პირიქით, ხორციელდება ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია (უკვე მომავალი წლიდან), იქმნება სამუშაო ადგილები, ვითარდება ინფრასტრუქტურა, ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება მოსახლეობას მოსავალი კომპენსაციის სახით და ასე შემდეგ.
        ჭეშმარიტად, ჩვენში არსებობს საოცარი ვნება ყველაზე ნათელი საკითხის გაბუნდოვანებისა.
       

დილის გაზეთი, 1 ოქტომბერი, 2001 წელი