«შევრონის» და პრიმაკოვის სანავთობო თამაშები შევარდნაძემ არია

    რიჩარდ მაცკეს ამჟამინდელი ვიზიტი საქართველოში უკვე შეიძლება სენსაციად ჩაითვალოს. «შევრონის» პრეზიდენტი პირველად არ ჩამოდის თბილისში, მაგრამ ამჟამინდელი სტუმრობა მაინც განსაკუთრებულია, ვინაიდან პირველად გაიმართა დაინტერესებული საუბარი იმ გლობალური ნავთობპროექტების თაობაზე, რომელთა განხორციელებაში «შევრონი» ადრე არ მონაწილეობდა.
    ყოველ შემთხვევაში, მისი პოზიცია ისე მკვეთრად და გამოკვეთილად არ ჩანდა, როგორც ამ გიგანტს ეკადრება.
    მაცკე ედუარდ შევარდნაძესთან, აგრეთვე მინისტრებთან შეხვედრისას ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს არაფერი აინტერესებდა ყაზახეთის «თენგიზის» ნავთობსაბადოდან აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიათა გავლით ნავთობის ტრანსპორტირების გარდა.
    არადა, იმთავითვე ისეთ მცირე ოდენობაზე იყო საუბარი (2-3 მილიონი ტონა), რომ უმალვე იბადებოდა ეჭვი «შევრონის» ჭეშმარიტი მოტივაციის თაობაზე.
    ეს ეჭვი მთლიანად დადასტურდა ამ ვიზიტის დროს. როგორც აღმოჩნდა, რიჩარდ მაცკეს შესანიშნავად ესმის იმ დიდი გეოპოლიტიკური ჭიდილის არსი, რომელიც გაიმართა რეგიონის დიდ თუ პატარა სახელმწიფოებს შორის კომუნიკაციებზე კონტროლისათვის.
    იგი თავად ცდილობს მედიატორის როლი შეასრულოს და საკუთარი კომპანიის ინტერესებიც დაიცვას.
    მაცკემ საქართველოს ხელისუფლებას აცნობა, რომ ოფიციალური მოსკოვი მზად არის კომპრომისისათვის «დიდი ნავთობსადენის» საკითხში, მაგრამ იმ პირობით, თუ გათვალისწინებული იქნება რუსეთის ინტერესებიც.
    საქმე ეხება ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტს. დღემდე მოსკოვი ყოველთვის უარყოფით პოზიციას გამოხატავდა ამ მარშრუტის მიმართ და ფარულად იმუქრებოდა კიდეც, მაგრამ ბოლო დროს იძულებულია შეცვალოს პოზიცია.
    საქმე ის გახლავთ, რომ «შევრონი» რუსეთის ტერიტორიაზე ახორციელებს გრანდიოზულ ნავთობპროექტს: ყაზახეთის «თენგიზის» საბადოდან მილსადენით ნავთობი გადაიტვირთება ნოვოროსიისკში, შემდეგ კი ბოსფორის სრუტით – ევროპაში.
    მაგრამ უდიდესი რუსული კომპანიები, რომლებიც ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ, აგრეთვე რუსეთის მთავრობა და თვით «შევრონი» სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ანკარამ შეიძლება «ჩაკეტოს» ბოსფორი დიდი მოცულობის ნავთობტანკერებისთვის _ ეკოლოგიური არგუმენტებით ეს სავსებით შესაძლებელია.
    ბუნებრივია, ათიოდე წლის წინ თურქეთს ამგვარი რამ აზრადაც არ მოუვიდოდა, ვინაიდან მაშინ საბჭოთა კავშირი ერთს «დაუცაცხანებდა» და ანკარაც უმალვე აღასრულებდა «მონტრეს კონვენციას» - შავი ზღვის სრუტეების თავისუფალი სტატუსის შესახებ, მაგრამ მას შემდეგ იმ სრუტეებში ბევრმა წყალმა ჩაიარა. დღეს საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე დასუსტებული რუსეთია, რომელსაც არაფრის თავი აღარ აქვს, ხოლო პრეზიდენტი (უმაღლესი ხელმძღვანელი) ფაქტობრივად, საერთოდ აღარ ჰყავს.
    თუ ანკარა მაინც გაბედავს ბოსფორის სრუტის ჩაკეტვას ნავთობტანკერებისთვის, რუსეთს გეოპოლიტიკური და ეკონომიკური კატასტროფა ელის. თავად განსაჯეთ: წყალში ჩაიყრება მილიარდობით დოლარი, რაც ნავთობსადენის აშენებაზე დაიხარჯა, - მნიშვნელოვანწილად შეირყევა ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟი, ნავთობკომპანიები ეჭვის თვალის გააანალიზებენ რუსეთთან შემდგომში თანამშრომლობის პერსპექტივებს.
    ერთადერთი გზა ნოვოროსიისკიდან ნავთობის ექსპორტისათვის შავი ზღვის ევროპული მდინარეები იქნება, მაგრამ მოსკოვს ხომ არც ბულგარეთთან, არც რუმინეთთან აღარ აქვს ძველებურად «შესანიშნავი» ურთიერთობა, რათა მისი ინტერესები უსიტყვოდ გაითვალისწინონ?
    რა თქმა უნდა, აქაც სერიოზული პრობლემები შეექმნება და საეჭვოა ისინი ადვილად გადაწყვიტოს. ყოფილი «მოკავშირეები» აღმოსავლეთ ევროპაში უეჭველად მოიპოვებენ ბერკეტს რუსეთის პოლიტიკაზე ზემოქმედებისათვის, რაც კრემლში სულაც არ ეპიტნავებათ.
    ამიტომ, რიჩარდ მაცკეს შუამავლობით, რუსეთი _ თურქეთს (აგრეთვე საქართველოსა და აზერბაიჯანს) ისტორიულ კომპრომისს სთავაზობს. ამ კომპრომისის არსი შემდეგში მდგომარეობს: რუსეთი აღარ შეზღუდავს ნავთობტანკერთა მოძრაობას ნოვოროსიისკიდან - ბოსფორის გავლით. სწორედ ამაში მდგომარეობს მაცკეს მისია -– მან შესანიშნავად უწყის, რომ უახლოეს მომავალში ედუარდ შევარდნაძე თურქეთს ეწვევა ოფიციალური ვიზიტით და გამართავს მოლაპარაკებას სულეიმან დემირელთან.
    იმავდროულად (ჯერ კიდევ შევარდნაძის ანკარაში ჩასვლამდე), თვით «შევრონის» პრეზიდენტი და რუსული კომპანია «ლუკოილის» ხელმძღვანელი ვაგიპ ალეკპეროვი თურქეთში მიემგზავრებიან, სადაც გეგმავენ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან.
    ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საკვანძო ფუნქცია ამ შემთხვევაში სწორედ თურქეთს ეკუთვნის. ამ ქვეყანას შეუძლია რეალური ზეგავლენა მოახდინოს პროცესების განვითარებაზე; მაშინ როდესაც რუსეთს ლეგალურად ბერკეტები თითქმის აღარ შერჩა.
    დავაკვირდეთ, რა ხდება: მოსკოვი სთავაზობს «საუკუნის პროექტის» მონაწილე ქვეყნებს ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტის ოფიციალურ მხარდაჭერას, მაგრამ თითქოსდა რა ხელი აქვს მოსკოვს ამ პროექტთან? ბაქოდან _ ჯეიჰანამდე ნავთობსადენი არ გაივლის რუსეთის ტერიტორიაზე, რუსული კაპიტალი საერთოდ არ მონაწილეობს პროექტის არც ერთ ნაწილში, მაშასადამე, რუსეთის პირობა აშკარა მუქარაა!
    რუსეთი გვემუქრება (ჩვენც და თურქეთსაც), რომ თუ ნოვოროსიისკიდან ბოსფორში ტანკერები თავისუფლად არ გაივლის, იგი ხელს შეუშლის ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის აგებას.
    როგორ შეუძლია ხელი შეუშალოს? რა თქმა უნდა, ჩვეული მეთოდებით _ პროვოკაციებით, დივერსიებით, ტერაქტებით და ა.შ. თურქეთის ტერიტორიაზე ამას ვერ შეძლებენ. აზერბაიჯანში რუსული საჯარისო ნაწილები აღარ დგას, მაშასადამე, რჩება საქართველო! მდგომარეობა აშკარად შემაშფოთებელია. თუ მის პირობებს არ დააკმაყოფილებენ, რუსეთი უეჭველად სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე შეეცდება ნავთობსადენის «გადაჭრას».
    შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზემოთაღწერილი გეგმა ევგენი პრიმაკოვის მოფიქრებულია. მაცკეს თქმით, იგი დავოსის ფორუმზე შეხვდა რუსეთის პრემიერ-მინისტრს და ესაუბრა ამ საკითხზე. პრიმაკოვი თითქოს ორჭოფული პოზიციით დაკმაყოფილდა, თუმცა ცხადია, ამ გეგმის განხორციელებაში იგი უშუალო მონაწილეობას მიიღებს.
    ახლა საკითხავი მხოლოდ ის არის, დააკმაყოფილებს თუ არა ამგვარი კომპრომისი თურქეთს და თვით ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლის ინტერესები აგრეთვე მჭიდროდ გადაენასკვა საუკუნის პროექტს?
    ერთი შეხედვით, თითქოს ამერიკელთათვის ეს მისაღებია, ვინაიდან რუსეთთან უდროო დროს დაძაბულობის მოხსნას ისინი ყოველთვის მიესალმებიან, მაგრამ თურქეთი ასეთ კომპრომისზე არ წავა.
    ანკარაში კარგად იციან, რომ უშუალო აგრესიის გარეშე რუსეთი ბაქო-ჯეიჰანის პროექტს საბოლოო ჯამში ვერ ჩაშლის, ხოლო ნოვოროსიისკის «გადაკეტვა» ყაზახებს აიძულებს, საერთოდ უარი თქვან რუსეთის ტერიტორიის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებაზე და შეუერთდენ «ტრანსკავკასიურ» პროექტს, რომელიც ითვალისწინებს არა 500 მილიონი (აზერბაიჯანის ნავთობის მოცულობა), არამედ 2 მილიარდი (!) ბარელის ტრანსორტირებას კასპიის ზღვის ფსკერზე აგებული ნავთობსადენით.
    რასაკვირველია, ეს გეგმა უაღრესად ხელსაყრელია საქართველოსთვისაც; ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ შევარდნაძემ მაცკეს ფაქტობრივად არ უპასუხა კითხვაზე _ მხარს დაუჭერს თუ არა პრიმაკოვის გეგმას.
    «შევრონის» პრეზიდენტი ამ თვალსაზრისით გაწბილებული დარჩებოდა, თუმცა საქართველოს რკინიგზასთან მაინც მიაღწია კომპრომისს _ მსოფლიოში ნავთობზე ფასების დაცემასთან დაკავშირებით «თენგიზის» საბადოდან ნედლეულის ტრანსპორტირებისათვის რკინიგზის დეპარტამენტმა ტარიფი 6-დან 5 დოლარამდე შეამცირა.

7 დღე, 18 თებერვალი, 1999 წელი

მთელ გვერდზე