აფხაზური კურდღლის მადევარ ქართულ მწევარს ოსურიც გაურბის

აფხაზური კურდღლის მადევარ ქართულ მწევარს ოსურიც გაურბის

 

    ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აფხაზეთში და ამ მოვლენებზე ქართული საზოგადოების რეაქციამ ნათელყო, რომ ყურადღების კონცენტრაცია სწორედ «აფხაზური სეპარატიზმის» გარშემო ხდება. არადა, ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც ქვეყნის მთლიანობასა და სტაბილურობას ემუქრება:
    ოსური სეპარატიზმი არანაკლებ აგრესიულია შინაარსობრივად, ვიდრე აფხაზური. ოღონდ, ობიექტური გარემოებების გამო იმდენად მძლავრი «გამაღიზიანებელი» არ არის ქართული ცნობიერებისთვის. ხოლო ვინაიდან სეპარატიზმის მოვლენები მოსკოვში უპირველეს ყოვლისა სწორედ ამ კუთხით (საქართველოს მიერ მათი სირთულის აღქმის ხარისხით) განიხილება, «სამხრეთ ოსეთი», რუსეთის ანალიტიკურ ცენტრებში აღარ ითვლება მთავარ «მადესტაბილიზებელ» ფაქტორად.
    მიუხედავად ამისა, მოვლენათა განვითარება ცხადყოფს, რომ პერსპექტიული, სტრატეგიული თვალსაზრისით, პრობლემა საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის არანაკლებ ან კიდევ უფრო მეტად საშიშია, ვიდრე აფხაზეთის საკითხი.
    ე.წ. «სამხრეთ ოსეთის» თვითმარქვია რესპუბლიკა არა უბრალოდ საქართველოს ტერიტორიის ფრაგმენტია - იგი მოიცავს ქვეყნის ტერიტორიის უმნიშვნელოვანეს გეოსტრატეგიულ მონაკვეთს. ამ მონაკვეთზე მტკიცე კონტროლის გარეშე საქართველო (სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით) ვერ შეძლებს უმნიშვნელოვანესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პრობლემის გადაწყვეტას და ელემენტარულად მდგრადობის შენარჩუნებასაც კი; დღევანდელი მდგომარეობით, ცხინვალის ზონას მთლიანად აკონტროლებს რუსეთი. მშვიდობა და სტაბილურობა ამ რეგიონში იმაზეა დამოუკიდებული, თუ რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლიან მყიფე ბალანსის შენარჩუნებას რუსი პოლიტიკოსები; საჭიროების შემთხვევაში საკმარისია მხოლოდ მცირე ინციდენტის პროვოცირება, რომ კონფლიქტი ხელახლა იფეთქებს და კვლავ იქცევა საქართველოზე ზემოქმედების როგორც «ფიზიკურ» ასევე «იდეოლოგიურ» და «პროპაგანდისტულ» იარაღად.
    აკონტროლებს რა ცხინვალის რეგიონს, რუსეთი ამით ძალზე უახლოვდება საქართველოს სატრანზიტო ღერძს. ცხინვალიდან სულ რამდენიმე კილომეტრია გორამდე, რომელშიც ყველა სატრანზიტო კვანძი იკვრება; ამ კვანძის გადაჭრით ან შესუსტებით რუსეთს შეეძლება საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციის შესუსტებაც.
    სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით აფხაზეთის «შესაძლებლობანი» უფრო მოკრძალებულია, ვიდრე «სამხრეთ ოსეთისა» რადგან ენგურიდან ძირითად სატრანზიტო მაგისტრალებამდე გაცილებით უფრო დიდი მანძილია.
   ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ერთი შეხედვით უცნაურია, რომ სამაჩაბლოს პრობლემას საზოგადოებრივი ცნობიერება (აქედან გამომდინარე პოლიტიკური ელიტაც) ისე მწვავედ არ აღიქვამს, როგორც პრობლემის სირთულეს შეეფერება. ამის მიზეზი ისაა, რომ «დაკონსერვებულ» მდგომარეობაში ეს კონფლიქტი ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც გაცილებით ნაკლებ «მიმდინარე პრობლემას» უქმნის, ვიდრე აფხაზეთის კონფლიქტი ანალოგიურად «დაკონსერვებული» სახით.
    განსხვავებით აფხაზეთისაგან, ცხინვალის რეგიონი ლტოლვილთა შედარებით მცირე ნაწილმა დატოვა; რეგიონში «სამშვიდობო ძალების» შეყვანის შემდეგ, ქალაქ ცხინვალის გარდა, ქართული მოსახლეობა, ფაქტობრივად, ყველა დასახლებულ პუნქტში დაბრუნდა.
    გარდა ამისა, თვით ზემოთხსენებული «სამშვიდობო ძალები» თვისობრივად განსხვავებულ პრინციპზეა აგებული. მათში გაერთიანებულია «ქართული ბატალიონიც» რაც შესაძლოა, შინაარსობრივად ვერ ცვლის ვითარებას, მაგრამ ერთგვარად «დამამშვიდებლად მოქმედებს» საზოგადოებრივ ცნობიერებაზე. «სამხრეთ ოსეთი» არ არსებობს მკაცრად გამოკვეთილი «გამყოფი ზოლი» ქართველები ცხოვრობენ ლიახვის ხეობებშიც და თამარაშენშიც. ამდენად, ტერიტორია დაკარგულად არ აღიქმება.
    ყოველივე ეს ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ყურადღების კონცენტრაცია ძირითადად აფხაზეთზე მოახდინოს, მაგრამ მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ თუ აფხაზეთი უკვე მოქმედებაში მოყვანილი ნაღმია «სამხრეთ ოსეთის» ნაღმი რუსეთს ჯერ არ მოუყვანია მოქმედებაში. არადა, ნამდვილად ემზადება ამისთვის: 10 ნოემბერს დანიშნულია საპრეზიდენტო არჩევნები და ოს სეპარატისტთა ლიდერების თავხედური, გამომწვევი ტონი სწორედ ამ საფრთხის მაჩვენებელია.

«მერიდიანი 44», 18 ოქტომბერი, 1996 წელი.