ოქტომბრის არჩევნებზე სახელმწიფოებრივი განვითარების კურსი უნდა შევინარჩუნოთ
       

        ჩინელებს აქვთ ასეთი წყევლა: «შენ გეცხოვროს საინტერესო დროში». მართლაც «საინტერესო დროში» ვცხოვრობთ ქართველები 1988 წლიდან და ჩვენ რომ ჭკუა გვქონოდა, დასანგრევად განწირული შენობის ყველა აგური მაინცდამაინც ჩვენვე არ მოგვხვდებოდა თავში - ზოგი სხვასაც მოხვედროდა, რა მოხდა?
        მიუხედავად ამისა, ზემოთ ნახსენები პოლიტიკური ტაკიმასხარების წყალობით, შეიძლება კვლავ (უკვე მეორედ) აღმოვჩნდეთ ნანგრევებში. ანუ, ის ხალხი, ვინც დღეს მოგვიწოდებს, შევცვალოთ არსებული სტრატეგიული კურსი (მთლიანობაში - საგარეო-პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში) და კვლავ «მივტრიალდეთ» ჩრდილოეთისაკენ - ისევე უაზროდ იქცევა, როგორც ისინი, ვისაც 80-იანი წლების ბოლოს არაფრის დიდებით არ სურდა ელემენტარული რეალობისა და პოლიტიკური ტექნოლოგიის გათვალისწინება.
        მოსახდენი უკვე მოხდა; დასანგრევი დაინგრია, დასაკარგი - დაიკარგა. წარსულში (ეგება ცხოვრება თავიდან დავიწყოთ და აღარაფერი დავკარგოთო) ვეღარ დავბრუნდებით, დაკარგულს ვეღარ დავიბრუნებთ; მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრი რამ, როგორც ახლა ჩანს, მაინც გარდაუვალი იყო; აქედან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალია რადიკალური რეფორმის გაგრძელება და საგარეო პოლიტიკური კურსის შენარჩუნება.
        არა იმიტომ, რომ ეს კურსი იდეალურია; უბრალოდ, სხვა გზა არ არსებობს. უინსტონ ჩერჩილის არ იყოს, «დემოკრატია და კაპიტალიზმი ყველაზე საძაგელი წყობაა - ოღონდ თუ ყველა სხვა დანარჩენს არ ვიგულისხმებთ».
        უდავოა, რომ ამჟამინდელი პოლიტიკური კურსის შენარჩუნებას მხოლოდ შევარდნაძე და «მოქალაქეთა კავშირი» შეძლებენ. ამიტომ არჩევნებისას ელექტორატი დადგება (კვლავ) ძალზე ხისტი ალტერნატივის წინაშე: ან «მოქალაქეთა კავშირი» და სახელმწფიოებრივი კურსის გაგრძელება, ან მისი საწინააღმდეგო პოლიტიკა, რომელიც რაციონალური თვალსაზრისით, რეალური არ არის და მხოლოდ კონცეფციებისა თუ პროექტების დონეზე არსებობს.
        ის, რომ ამომრჩეველი აღმოჩნდება ესოდენ ხისტი ალტერნატივის მდგომარეობაში, უპირველესად, სწორედ ოპოზიციის ბრალია და არა «მოქალაქეთა კავშირისა». ოპოზიციური ძალები (განსაკუთრებით, ეგრეთ წოდებული, «ბათუმური კოალიცია») ან ვერ ამჩნევენ, ან არად აგდებენ იმ გარემოებას, რომ მათი «იდეურ-პოლიტიკური» ეკლექტიზმი მხოლოდ აძლიერებს მმართველ პარტიას, ხოლო პოლიტიკურ იდეალთა პროსტიტუირება (ახლო წარსულისა და ადრინდელი პოზიციის გათვალისწინებით) მხოლოდ აღიზიანებს ნებისმიერი მრწამსისა და განწყობის ამომრჩეველს.
        ელექტორატი ყველაზე მეტად ისწრაფვის გარკვეულობისა და სტაბილურობისაკენ როგორც ზოგადად ქვეყანაში, ასევე კონკრეტულად, - პოლიტიკურ ლანდშაფტზე. აქედან გამომდინარე, ოპოზიციამ თავად გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ «მოქალაქეთა კავშირს» რეალური (პროგრესული) ალტერნატივა არ ჰყოლოდა. წარსულმა შეცდომებმა ამომრჩეველს ბევრი რამ ასწავლა და შეცდომა, ალბათ, აღარ მოუვა, - ყოველ შემთხვევაში, აღარ გარისკავს.
        «ოპოზიციას» კი კვლავ და კვლავ ელემენტარული პოლიტიკური კულტურა არ ეყო. არ არის აუცილებელი, გაუთავებლად ლანძღავდე მმართველ პარტიას - მით უმეტეს, როცა ამომრჩევლის უმრავლესობას სულაც არ შეადგენს «პროტესტული ელექტორატი» (როგორც მათ ჰგონიათ);
        მაგალითად, როდესაც ოპოზიციის (განსაკუთრებით, რადიკალურ ოპოზიციას) იმდენი ჭკუა არ ჰყოფნის, ქვეყნის მოსახლეობას მოულოცოს ევროპის საბჭოში გაწევრიანება, - ასეთ ოპოზიციას ძნელია რაიმე მოსთხოვო. მათ ჰგონიათ, რომ, შესაბამისი განცხადებით «მოქკავშირს» გააძლიერებდნენ (რაკი გულის სიღრმეში თვითონაც მიაჩნიათ ევროსაბჭოში შესვლა მმართველი პარტიის ძალისხმევის შედეგი); არადა, სწორედ დუმილით უფრო დაადასტურეს ეს განწყობა და «დუმილით აღიარეს» «მოქალაქეთა კავშირის» პრიორიტეტი ამ სფეროში;
        გაცილებით მიზანშეწონილი იქნებოდა, თვითონაც გამოეხატათ სიხარული და ამით «საერთო-ეროვნულ გამარჯვებად» ექციათ (ასეც იყო) ევროპაში საქართველოს შესვლა; მაგრამ ბოღმამ დასძლიათ, დაბოღმილები კი არჩევნებში ვეღარასოდეს გაიმარჯვებენ, ვინაიდან 1991 წლის შემოდგომა-ზამთრის მოვლენათა შემდეგ ამომრჩეველს მყარი იმუნიტეტი გამოუმუშავდა «ბოღმაპოლიტიკოსების» მიმართ, რომელთაც პირადი წყენა ან ამბიცია ამოძრავებთ.
        ზემოთქმულიდან გამომდინარე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა კავშირი (მით უმეტეს, თუ სიის განახლებას შეძლებს) მხოლოდ განიმტკიცებს პოზიციებს, რაც შესაძლოა, ის შემთხვევა აღმოჩნდეს, როდესაც მმართველი დაჯგუფებისა და ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.

დილის გაზეთი, 2 აგვისტო, 1999 წელი

მთელ გვერდზე