პანკისში ოპერაცია გრძელდება

პანკისში ოპერაცია გრძელდება

 

        პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებამ პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის გაგრძელების შესახებ, რომელიც ფართოდ გააშუქა ქართულმა და უცხოურმა მედიამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სექტემბერში დაწყებულ ოპერაციას «ქრონოლოგიური ფინალი» არ ექნება და არც შეიძლება ჰქონდეს.
        ეს ოპერაცია იმთავითვე გულისხმობდა იმას, რომ ღონისძიებები ხეობაში მას შემდეგაც გაგრძელდება, რაც აქედან გელაევის ბანდის გაძევება მოხერხდება. ამჟამად შეიძლება დარწმუნებით ითქვას: «შეიარაღებული ფორმირება, როგორც ასეთი, ხეობაში აღარ დარჩა. თუმცა, არ არის გამორიცხული, პანკისში მყოფი ათასობით ზრდასრული ჩეჩენი მამაკაციდან გარკვეული რაოდენობა იგივე «ბოევიკი» იყოს. ოღონდ, ისინი (გელაევის რაზმისგან ჩამოშორების შემდეგ) ჩეჩნურ სოფლებში დარჩნენ და «ლტოლვილებად», «მშვიდობიან ჩეჩნებად» ინიღბებიან. თუ მათ ქართული და რუსული სპეცსამსახურები გამოავლენენ, ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. თბილისის ულტიმატუმი გულისხმობდა, რომ ხეობაში (სამწლიანი «სანატორიუმის» შემდეგ) არც ერთი «ბოევიკი» არ უნდა დარჩენილიყო.
        პრეზიდენტის განცხადება ნიშნავს «რბილი ზაჩისტკების» განხორციელებას პანკისის ჩეჩნურ სოფლებში, ისევ და ისევ, შენიღბული «ბოევიკების» გამოსავლენად. აქვე შეიძლება ვივარაუდოთ: რუსეთის, ფსბ-ს თანამშრომლები (კიშინიოვის შეთანხმებათა შესაბამისად), ქართველ კოლეგებთან ერთად, უკვე მუშაობენ პანკისში, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, მოსკოვს მისცეს არგუმენტი თავის წინააღმდეგ.
        მაგალითად, საქართველოს «დიდმა მეგობარმა» სერგეი ივანოვმა სალდაფონური პირდაპირობით განაცხადა: «მართალია, გელაევის რაზმმა მართლაც დატოვა საქართველოს ტერიტორია, მაგრამ პანკისში ბევრი «ბოევიკი» კვლავ არის».
        იმ ვითარებაში, როცა თბილის-მოსკოვი-ვაშინგტონის გეოპოლიტიკურ სამკუთხედში ვითარება გაწონასწორდა, მიგნებულია გარკვეული «ეკვილიბრიუმი», პრეზიდენტიი შევარდნაძე ამ მყიფე ბალანსის დარღვევას არ დაუშვებს. წონასწორობა დაირღვევა და ვითარება გამწვავდება იმ შემთხვევაში, თუ პანკისში შენიღბული «ბოევიკები» დარჩებიან რუსული სპეცსამსახურების თვალწინ. ამ უკანასკნელთ მათი დაკავების უფლება (ქართული მხარის გარეშე) არა აქვთ, მაგრამ ინფორმაციას ზუსტად მიაწვდიან მოსკოვსაც და ვაშინგტონსაც. აქედან გამომდინარე, 2-3 კვირის განმავლობაში «პროფილაქტიკისთვის» ბევრ ჩეჩენ მამაკაცს დააკავებენ. შემდგომი «შემოწმება» მოხდება რუსულ მხარესთან ერთად.
        ამით საქართველო არ დაარღვევს იმ უტყვ შეთანხმებას, რაც გილაევის რაზმელებთან არსებობდა – ისინი უნდა წასულიყვნენ საშმობლოში (ჩეჩნეთში) და სამუდაომდ დაეტოვებინათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია. მაშასადამე, პანკისში დარჩენილებმა ჩეჩნეთსაც უღალატეს და საქართველოსაც. მეორე მიზეზი, რამაც პრეზიდენტის სენსაციური, განცხადება განაპირობა, უდავოდ იყო იმის საფრთხე, რომ ჩეჩენი მებრძოლების ნაწილი ჯერ კიდევ უღელტეხილების ჩაკეტვამდე შეიძლება დაბრუნდეს პანკისში.
        ამის დაშვება კატასტროფა იქნებოდა, ამიტომ შინაგანი ჯარების ქვედანაყოფები დუისსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში კვლავაც დარჩებიან _ მინიმუმ, მომავალ ზაფხულამდე. არსად წასვლას არ აპირებს პანკისის შესასვლელთან დისლოცირებული არმიის 1500-კაციანი შენაერთი, რომელიც «ყოველი შემთხვევისათვის» რჩება რეგიონში და მზად არის, გაანადგუროს ნებისმიერი დაჯგუფება, თუ იგი ძალით დააპირებს პანკისში დაბრუნებას.
        მესამე მიზეზი კი უდავოდ საცოდავ პიტერ შოუს უკავშირდება. რა თქმა უნდა, ვიდრე ბრიტანელი ბიზნესმენი არ გათავისულფდება, ოპერაცია მთლიანობაში წარმატებულად ვერ ჩაითვლება. მხოლოდ ოპერატიული ღონისძიებებით (შინაგანი ჯარების მონაწილეობის გარეშე) მძევლის გათავისუფლება ვერ მოხერხდება – მას ნამდვილად ტყეში მალავენ.
        ესე იგი, საჭირო იქნება ფართომაშტაბიანი ძებნითი სამუშაოები _ ტყის მასივების ჩხრეკა და ასე შემდეგ. შესაბამისად, პანკისში საქართველოს «სამხედრო ყოფნა» კვლავაც აუცილებელია და კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

დილის გაზეთი, 23 ოქტომბერი, 2002 წელი