მოსკოვში - სიყვარულის გარეშე

მოსკოვში - სიყვარულის გარეშე

      

        ხუთშაბათს საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად მოსკოვში მიემგზავრება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტში მონაწილეობის მისაღებად. ეს «საიუბილეო სამიტია» - დსთ 10 წლის წინ შეიქმნა: 1991 წლის დეკემბრის დამდეგს, როცა ბელორუსიის «ბელოვეჟსკაია პუშჩაში». სამმა ლოთმა საბჭოთა კავშირის დაშლა გამოაცხადა. მაშინ საქართველოში ამისთვის არავის ეცალა, ვინაიდან ქვეყანა სამოქალაქო ომის წკიპზე იდგა და პირველ გასროლას ელოდა.
        ჩვენი ქვეყანა დსთ-ს წევრი 1994 წლის 1 მარტს გახდა. მაშინ ეს ერთმნიშვნელოვნად განიხილებოდა «იმპერიაში დაბრუნებად», რაც იმთავითვე მტკნარი სისულელე იყო. ორი დღის შემდეგ, 3 მარტს, ედუარდ შევარდნაძე ამერიკაში გაემგზავრა ოფიციალური ვიზიტით, რომლის დროსაც შემუშავდა კიდეც «დიდი აბრეშუმის გზის» კონცეფცია.
        და, საერთოდ, СНГ-ში შესვლა იძულებითი ნაბიჯი იყო, ვინაიდან მაშინდელ ქართულ ისტებლიშმენტში ჩამოყალიბდა სულელური რწმენა - შევიდეთ თანამეგობრობაში და რუსეთი დაგვიბრუნებს აფხაზეთს. რასაკვივრელია, შევარდნაძეს არ შეეძლო «ელიტის» ეს განწყობა არ გაეთვალისწინებინა. მაგრამ დღეს სნგ-ისტური ილუზიებისგან, საერთოდ, აღარაფერი დარჩა. ის ხალხიც კი, ვინც მაშინ ტანისამოსს იხევდა თანამეგობრობაში შესვლის მოთხოვნით და ამას პანაცეად მიიჩნევდა, დღეს საკმოად გულგრილად ეკიდება პოსტსაბჭოურ ინტეგრაციას.
        საქართველოს პრეზიდენტის ამჟამინდელი ვიზიტი მოსკოვში საკმაოდ მძიმე ფონზე მიმდინარეობს. ჯერჯერობით გაურკვეველია, შედგება თუ არა ედუარდ შევარდნაძის შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან. ეს უკანასკნელი კვლავინდებურად დაბოღმილია საქართველოს პრეზიდენტზე, რაკი საქართველო მას არათუ ეხმარება ჩეჩენი ხალხის ამოწყვეტაში, არამედ ხელსაც კი უშლის.
        სწორედ ამის მანიშნებელი იყო უკანასკნელი განცხადება რუსლან გილაევის შესახებ, რომელმაც მოსკოვში ნამდვილი სენსაცია გამოიწვია. არადა, მისი ჭეშმარიტი აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ რუსლან გილაევს საქართველოს წინააღმდეგ არანაირი დანაშაული (დღევანდელ პერიოდში) არ ჩაუდენია, ამიტომ მას საქართველო მტრად არ მიიჩნევს. მართლაც, მოსკოვში ათეულობით აფსუა «საველე მეთაური» ცხოვრობს, ვინც პირდაპირი მნიშვნელობით, ქართულ სისხლს სვამდა აფხაზეთში ომის დროს. ისინი არათუ ცხოვრობენ, არამედ საღამოებს მართავენ «სათვისტომოებში» და ამაყად ყვებიან «საქმეთა საგმიროთა» შესახებ, თუ როგორ ხოცავდნენ ქართველებს. მიუხედავად ამისა, მათ იქ არავინ ერჩის და პრობლემებს არ უქმნის.
        გარდა ამისა, რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძის ამ გახმაურებულ განცხადებას, საზოგადოების რეაქცია საკვირველია: ყველანი ერთად უკიჟინებდნენ პრეზიდენტს, რატომ მალავ საქართველოში გილაევის ყოფნასო. ჰოდა, აღარ მალავს! რაც ყველაზე უცნაურია, იმავდროულად, იგივე ხალხი, რუსლან გილაევის გადაცემას რუსეთისათვის სულაც არ მოითხოვს, პირიქით, ხელისუფლებამ ეს რომ «ჩაიდინოს», საშინელ საპროტესტო ისტერიკას ატეხენ. თუ ასეა, რატომ გაუკვირდათ პრეზიდენტის განცხადება?თუ არ უნდა დამალოს, მაშინ ტყუილიც არ უნდა თქვას, ხოლო, თუ «აწვები», რატომ გვიმალავო, მაშინ რატომღა გვიკვირს, როცა სიმართლეს ამბობს?
        ედუარდ შევარდნაძის, როგორც პოლიტიკოსის თვისება იმაში მდგომარეობს, რომ იგი ბრწყინვალედ იცნობს საკუთარი ერისა და საზოგადოების ფსიქოლოგიას, რასაც შესანიშნავად იყენებს ხელისუფლების განსამტიკცებლად და პოლიტიკის განსახორციელებლად.
        სხვაგვარად საქართველოში არ შეიძლება. მიაქციეთ ყურადღება: განცხადებამ რუსლან გილაევთან დაკავშირებით მოსკოვში რომ «ბომბის აფეთქება» გამოიწვია, საქართველოში ამ დროს (რაოდენ საოცარიც უნდა იყოს) სწორედ ის ხალხი გაისუსა, ვინც პრეზიდენტს ამხელდა ჩეჩნების კოდორში გადასროლისთვის. მათი არგუმენტები მხოლოდ მანამდე ჭრიდა, ვიდრე ხელისუფლება ამას მალავდა, ხოლო, როდესაც ამის შესახებ ხმამაღლა ითქვა (ისევ და ისევ რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ) ყველამ ხმა ჩაიკმინდა, ვინაიდან აუცილებლად წარმოიშობა კითხვა: კარგით, დავუშვათ, ხელისუფლებამ მართლა გადაიყვანა რაზმი აფხაზეთში. მერე რა? აი, ამ «მერე რაზე» რეაგირება უჭირთ, რაკი ვერაფრით მოიტანენ ისეთ არგუმენტს, რაც საზოგადოების იმ ნაწილს არ გააღიზიანებს, ვინც მოწიწებით შეხვდება ერთობლივ ქართულ-ჩეჩნურ აქციებს სეპარატისტთა წინააღმდეგ.
        ბუნებრივია, ვლადიმერ პუტინი თუ უარს იტყვის ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრაზე, ამას ადგილობრივი ძალები (თბილისში) აქტიურად გამოიყენებენ პრეზიდენტის წინააღმდეგ, მაგრამ ძალზე საეჭვოა, ამან რამე ფატალური და შეუქცევადი შედეგი გამოიღოს ქვეყანაში სტაბილურობის თვალსაზრისით. სტაბილურობა (მით უმეტეს, ოქტომბრის მოვლენათა შემდეგ) ხელისუფლებისთვის უმთავრესი პრიორიტეტია.
        თუმცა, მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, ედუარდ შევარდნაძემ ეს რაუნდი მოიგო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პერსპექტივის თვალსაზრისით: ნურავინ დაივიწყებს, რომ 2005 წლის აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებამდე კიდევ სამნახევარი წელია - ეს ძალიან დიდი ვადაა. მით უმეტეს, საქართველოს პირობებში.
        უმთავრესი საკითხი, რაც მოსკოვის სამიტზე განიხილება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში რა თქმა უნდა, აფხაზეთიდან საშმვიდობო ძალთა გაყვანა იქნება. როგორც მოსლაოდნელი იყო, ხელისუფლება არ აპირებს რუსეთის საშმვიდობო ძალთა გაყვანას, ვინაიდან ამას აუცილებლად მოჰყვება ხანგრძლივი, სისხლისმღვრელი ომი იდენტური შედეგით.
        საქართველო არც ერთი თვალსაზრისით ომისთვის მზად არ არის. უპირველეს ყოვლისა, არ არის მზად ფსიქოლოგიურად. გარწმუნებთ, პრეზიდენტის თანხმობას (მოსკოვში) სამშვიდობო ძალთა მანდატის ვადის გაგრძელების თაობაზე, მიუხედავად პარლამენტის ფორმალური დადგენილებისა, არავითარი სერიოზული მღელვარება (არც აღშფოთება) საქართველოში არ მოჰყვება, ვინაიდან «ყველაფრით დაღლილ» ქართველს ახალი ომის ცეცხლივით ეშინია. მან შესანიშნავად იცის, რომ ეს ომი უკვე აღარ იქნება პირველი ომის მსგავსი, როდესაც რამდენიმე ასეული კაცი იბრძოდა, სხვები კი «ნაღდ შოუს» თამაშობდნენ და დუბაიდან საქონელს ეზიდებოდნენ.
        ახალი ომი აფხაზეშთი უკვე თითოეულ ოჯახს, ყოველ ადამიანს შეეხება.

მერიდიანი, 28 ნოემბერი, 2001 წელი