საარჩევნო კამპანიაში კაპიტალიც ჩაერთო

        თუ მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსებს დავუჯერებთ, კაპიტალს «თავისთავადი ძალა აქვს», ანუ მოქმედებს კაპიტალი და არა მისი მფლობელი პიროვნება. რამდენად მართალია ეს დებულება – სხვა საკითხია, მაგრამ თუ ამ ლოგიკით გავადევნებთ თვალს ამჟამად საქართველოში არსებულ დაპირისპირებას, მართლაც საოცარ კანონზომიერებებს აღმოვაჩენთ
        მაგალითად, ავიღოთ გახმაურებული დავა გოგი თოფაძესა და მამუკა ხაზარაძეს შორის: «ყაზბეგი» - «კასტელის» მეპატრონე - «ბორჯომის» მფლობელს საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტის გასხვისებაში ადანაშაულებს: «კომუნისტების დროს 500 მილიონი ბოთლი «ბორჯომი» ისხმებოდა, ახლა კი მხოლოდ 50 მილიონიო». თითქოს მარაზმატული კომუნისტური რეჟიმის დამხობა-გაცამტვერება მამუკა ხაზარაძის ბრალი იყოს, ან თითქოს «ბორჯომის» უცხოელმა მეპატრონემ დაანგრია ე.წ. «სოციალისტური ბანაკი სადაც ანგარიშსწორება «პერევოდნოი რუბლით» ხორციელდებოდა და საქართველოს სსრ-ში წარმოებულ ბორჯომს დიდი გასავალი ჰქონდა.
        მაშინ ვინ გაბედავდა ბორჯომის ფალსიფიცირებას? სომხებს, მაგალითად, «სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში» აზრადაც არ მოსვლიათ «სომხური ბორჯომის» ჩამოსხმა – ამერიკის ჩრდილოეთ კაროლინის შტატში(!) გასასაღებლად.
        თუმცა, ეს ყოველივე სხვა საუბრის თემაა. ამჯერად საინტერესო ის არის, რამ აიძულა გოგი თოფაძე ესოდენ «ეგზოტიკური დემარშები» განეხორციელებინა და საკმაოდ მძლავრ ფინანსურ დაჯგუფებას დაპირისპირებოდა.
        მამუკა ხაზარაძის მიღმა ახალგაზრდა ქართველ ნუვორიშთა მრისხანე რაზმი დგას - «თბს»-ი ჯგუფი და ა.შ. ამ ამქარს დიდი ფინანსური რესურსებიც გააჩნია და ყოველმხრივ გავლენაც საკმარისი აქვს, რათა თავი აქტიურად და წარმატებით დაიცვას.
        ყოველ შემთხვევაში, გოგი თოფაძე, რამდენად მძლავრიც არ უნდა ჩანდეს, ამ დაჯგუფებას პირველ თუ არა, მეორე ლუკმად მაინც არ ეყოფა. მით უმეტეს, რომ თითქმის ყველა ახალგაზრდა ფინანსისტს კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარ ინტერესთა თანხვედრა ხელისუფლების ინტერესებთან.
        მაგალითად, «ბორჯომს» ხელს აძლევს სააქციზო მარკების შემოღება, ვინაიდან ეს საქმეს გაუიოლებს; «ყაზბეგს» კი მარკები არ ეპიტნავება, ვინაიდან პირიქით, - საქმეს ურთულებს.
        მაინც, რატომ გადადგა თოფაძემ სარისკო ნაბიჯი? პასუხი ადვილად მისაგნებია: გოგი თოფაძე ამაზე არასგზით არ წავიდოდა და ფინანსურ დაჯგუფებას (რომელმაც შესაძლოა მას კისერი მოუგრიხოს) არ დაუპირისპირდებოდა, რომ არა პოლიტიკური ბრძოლის ლოგიკა.
        თოფაძემ შექმნა პოლიტიკური პარტია («მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს»), რომელსაც მკვეთრად გამოხატული იდეოლოგია აქვს. ამ იდეოლოგიის არსი პროტექციონიზმია, რაც თავისთავად გულისხმობს «ადგილობრივი წარმოების» დაცვას იმავე ლოგიკითა და არგუმენტაციით, რომელსაც ბოლო დრომდე (თბილისში 24-საათიანი ელექტროგრაფიკის დაწესებამდე) იყენებდნენ თელასის პრივატიზების მოწინააღმდეგეები - ამერიკული «აეს»-ის წინააღმდეგ.
        გოგი თოფაძეს სწორედ პარტიული ბრძოლის ლოგიკა აიძულებს დაარღვიოს ქართულ ბიზნესში დაუწერელი კანონები - მან ხომ უნდა დაუმტკიცოს ამომრჩეველს, რომ რეალურად იბრძვის საკუთარი იდეების განსახორციელებლად? აგრეთვე იმ «ნეგატიური პროცესების» საწინააღმდეგოდ, რაც რეფორმათა შედეგად განვითარდა საქართველოში.
        არადა, ბევრი დამკვირვებელი იმთავითვე გამოთქვამდა ვარაუდს, რომ «მეწარმეთა თუ მრეწველთა პარტია» (მათ შორის, თოფაძის პარტია) ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე უცხო სხეული აღმოჩნდებოდა. თოფაძე ამით ვერც რაიმე პოლიტიკურ წარმატებას მიაღწევს (საეჭვოა 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახოს) და ბიზნესმენ-კოლეგებსაც სამუდამოდ გადაიმტერებს - თუმცა, სხვა გზაც არა აქვს.
        რაც მთავარია, თოფაძემ თვითონ მოინდომა პოლიტიკოსობა და არ დათანხმდა რომელიმე პოლიტიკური პარტიის «სპონსორობას», რომელიც შემდგომში საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მის ინტერესებს დაიცავდა.
        ეს წმინდა ქართული ფენომენია, რაც იმას გამოიწვევს, რომ გოგი თოფაძე (მას, როგორც ჩანს თავი ყოვლისშემძლე ეგონა) მისი კონკურენციით შეშინებულ პოლიტიკურ პარტიებსაც გადაიმტერებს.
        ისინი ჯერ ფარულად, შემდეგ კი აშკარად დაუჭერენ მხარს თოფაძის მოწინააღმდეგე ბიზნესმენებს, რომლებიც თავად არ ქმნიან პოლიტიკურ ორგანიზაციებს და კონკურენციას არ უწევენ უშუალოდ პოლიტიკურ ლანდშაფტზე.

        მაგალითად, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ «მემარცხენე პარტიები» (სოციალისტები, ლეიბორისტები), რომელთაც გოგი თოფაძის პოპულარული ლოზუნგი: «წარმოება გადაარჩენს საქართველოს» - ამომრჩეველს ართმევს, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდებიან «ყაზბეგის» შეფს.
        ერთი სიტყვით, მოხევე თოფაძეს გადაწყვეტილი აქვს «მთელი ჯარეგას» დასანახად «მარტოკამ იომოს».
        არადა, მისი ქმედება მარქსის ზემოთმოყვანილი დებულების სიმცდარეს ადასტურებს: ქართველი კაცის ამბიცია რაღაც უფრო მეტია, ვიდრე კაპიტალის თვითდამკვიდრებისა და განვითარების (მათ შორის თვითგადარჩენის) ლოგიკა, რაც თითქოსდა ესოდენ სიზუსტით გათვალეს ისტორიული მატერიალიზმის მამებმა.

მერიდიანი, 31 მაისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე