ედუარდ შევარდნაძე კონტრშეტევისთვის ემზადება

ედუარდ შევარდნაძე კონტრშეტევისთვის ემზადება

      

        სულ უფრო მატულობს აჟიოტაჟი პრეზიდენტის მომავალ საპარლამენტო გამოსვლასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ედუარდ შევარდნაძე საკანონმდებლო ორგანოში შაბათს მივა, ხოლო მისი გამოსვლა ძალზე მოცულობითი იქნება.
        პრეზიდენტის მოხსენებაზე სახელმწიფო კანცელარიის რამდენიმე განყოფილება მუშაობდა და დოკუმნეტი იმოდენა გამოვიდა, 3-4 საათი მაინც დასჭირდება მის წაკითხვას, თუმცა, როგორც ამბობენ, პრეზიდენტი «ფორმაშია» და ეს საკითხი სულაც არ აღელვებს,
        ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როგორ განვითარდება მოვლენები პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ. ჩამოყალიბებული ქართული ტრადიციისამებრ, მას შემდეგ, რაც ედუარდ შევარდნ აძე გამოსვლას დაასრულებს უნდა გაიმართოს დისკუსია საპარლამენტო ფრაქციების მონაწილეობით. მთლიანობაში ეს ტრადიცია «ამერიკულ მოდელს» კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ვინაიდან იქ პრეზიდენტი კონგრესში გამოდის სულ 40 წუთიანი სიტყვით, ძირითადი მოხსენება კი (100 გვერდამდე) დაბეჭდილი სახით ვრცელდება. არავითარი დისკუსია მიმართვის «ირგვლივ» არ იმართება, ვინაიდან, ამ მოხსენებას სულ სხვა ფუნქცია აკისრია. სინამდვილეში იგი არ არის «ანგარიში», არამედ მიზნად ისახავს პრეზიდენტისა და პარლამენტის სახელმწფიოებრივი ერთიანობის დემონსტრირებას.
        შევარდნაძემ უკვე თქვა, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში უმთავრესი ნიშანსვეტია 1995 წლის კონსტიტუცია, ხოლო მიმართვით, რომელსაც წარუდგენს პარლამენტს, ქვეყნის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება, რაც რეფორმების შედმგომ გაღრმავებას გულისხმობს.
        უპირველეს ყოვლისა, აქ, რასაკვირველია, იგულისხმება მინისტრთა კბინეტის დაფუძნება და «სამთავრობო გუნდის» შექმნა. ედუარდ შევარდნაძე ამ მართლაც ძალზე მნიშვნელოვან ნაბიჯს ზუსტი გათვლით დგამს: დადგა დრო ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისა, რაც სოციალურ უკმაყოფილებას გაზრდის, რის შედეგადაც დესტაბილიზაცია არ არის გამორიცხული: მყარი საპრეზიდენტო ვერტიკალი კი ამ ვითარებაშია უცილებელია.
        ამ ლოგიკიდან უშუალოდ გამომდინარეობს, რომ რაიმე კარდინალურად ახალი, ალბათ, აფხაზეთის ან სხვა საკითხებზე არ ითქმება. რაც შეეხება ეკონომიკურ სტრატეგიას, ეს საერთოდ გამორიცხულია. მთავრობა ხომ სწორედ იმისათვის იქმნება, რათა «ლიბერალური, მონეტარისტული რეფორმა» ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს, ხოლო რეფორმატორებმა მონაგარი შემდეგ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გადაიტანოს.
        ეს არის «პირველადი ალგორითმი», თუმცა რეალობა და ცხოვრება უფრო რთულია და ბევრ მოულოდნელობასაც შემოგვთავაზებს რასაკვირველია.
        ყველაფერთან ერთად, ამ «მინისტრთა კაბინეტის» ისტორიაში არის ერთი გონებამახვილური ფსიქოლოგიურ-პოლიტიკური ნიუანსი, რაც დღემდე ვერავინ შეამჩნია: «პრეზიდენტმა «მემარცხენე ოპოზიციას» ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნა, თითქოს ხანგრძლივი მონოტონური მოთხოვნებით შესაძლებელია იგი აიძულონ, შეცვალოს კურსი, რაც სინამდვილეში, სრული ილუზიაა. პრეზიდენტმა იმიტომ კი არ შემოიღო მთავრობის ახალი მოდელი, რომ «ზეწოლასა და მოთხოვნას» ვერ გაუძლო, უბრალოდ, მას სახელისფლებო სტრუქტურის ამგვარი რეფორმა თავად მიაჩნდა მიზანშეწონილად, ეკონომიკური კურსის შეცვლა კი - ნურას უკაცრავად, ეს სულ სხვა ხასიათის მოვლენაა, ვინაიდან ედუარდ შევარდნაძემ შესანიშნავად იცის, რომ უკანდასახევი გზა ქვეყანას აქ არა აქვს. ყველა გზა, ილუზორული სიიოლის მიუხედავად, მიდის მხოლოდ უკან - წარსულში, ყაზარმული ეკონომიკასა და დანგრეულ, გაბახებულ «სოციალისტურ ეკონომიკაში».
        ამდენად, «ზეწოლა» აქ შედეგს არ გამოიღებს.
        რაც შეეხება საპარლამენტო დისკუსიას, რასაკვირველია, იგი მძვინვარე იქნება, მაგრამ «ფუჭი» ანუ რუსულად თუ ვიტყვით, «ხალასტოი», ვინაიდან «საკონსტიტუიო ინიციატივით» ედუარდ შევარდნაძემ ერთბაშად განმუხტა დაძაბულობა და ისეთი ვითარება შექმნა, როდესაც ოპოზიციური ფრაქციები «ნაცემი ძაღლებივით» უყურებენ ერთმანეთს და სულაც არ ეპიტნავებათ ერთმანეთის გაღიზიანებით სხვისი შანსების გაძლიერება.
        არ არის გამორიცხული, პრეზიდენტმა ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას აპირებს. არადა ესეც გამორიცხულია - მით უმეტეს, რომ ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს: თუ კონსტიტუციის შეცვლა მოხერხდა 157 ხმით, მაშინ პრემიერ-მინისტრის დამტკიცებას მხოლოდ 118 ხმა, ანუ სიითი შემადგენლობის უბრალო უმრავლესობა დასჭირდება. ხმების ასეთ ოდენობას კი, «უმრავლესობის მანდატთა» რიცხვი სავსებით გასწვდება.
        ერთი სიტყვით, შაბათს, პარლამენტში დიდი ვნებათაღელვაა მოსალოდნელი, მაგრამ პარლამენტარებს დღის ბოლომდე ათი წუთი დაეთმობათ, რაც «ოპოზიციური დოქტრინის» განვრცობა-წარმოჩენისთვის საკმარისი ნამდვილად არ არის.

მერიდიანი, 9 მაისი, 2001 წელი