დარტყმა «მზის წნულში»

დარტყმა «მზის წნულში»

 

    ე.წ. «პერესტროიკის» პერიოდში რატომღაც მიჩნეული იყო, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არსებული სტრატეგიული ანტაგონიზმი საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული სახელმწიფოებრივი წყობითაა განპირობებული და როგორც კი ეს ტოტალიტარულ-კომუნისტური სისტემა დაიშლებოდა, უმალვე შეწყდებოდა გეოპოლიტიკური პაექრობაც ორ «ზესახელმწიფოს» შორის - ისინი დაუყოვნებლივ გამონახავდნენ საერთო ენას. დედამიწაზე კი საყოველთაო მშვიდობა და ძმობა დაისადგურებდა.
    სინამდვილეში ეს, რა თქმა უნდა, გორბაჩოვისდროინდელი გაქნილი პროპაგანდისტული ხრიკია - სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ ინტერესებს პირდაპირი კავშირი არა აქვს მის სოციალ-პოლიტიკურ ბუნებასთან.
    რაოდენ «დემოკრატიულიც» არ უნდა გახდეს რუსეთი, რამდენადაც უნდა გაათავისუფლონ «პიროვნება» და დაიცვან ადამიანის უფლებები - ეს იოტისოდენ გავლენას ვერ იქონიებს რუსეთის (როგორც ზესახელმწიფოს) სტრატეგიულ საერთაშორისო ინტერესებზე და რაკი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები ამ ინტერესებს ყოველთვის არ ემთხვევა, მათ შორის დაპირისპირება (თუნდაც ფარული ფორმით) უეჭველად გაგრძელდება.

    ამ დებულების დადასტურება გახდა გეოპოლიტიკურ ინტერესთა შეტაკება, რომელიც ოქტომბერში მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის.
    მოვლენათა განვითარება კავკასიაში დაიწყო. როგორც ცნობილია, ბაქოში ხელი მოეწერა «საუკუნის კონტრაქტს» აზერბაიჯანსა და დასავლეთის ნავთობის კონსორციუმს შორის, რომელიც ითვალისწინებს კასპიის შელფში ნავთობის მოპოვებას. პრეზიდენტმა კლინტომა ჰეიდარ ალიევს გამოუგზავნა მისალოცი ბარათი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ამერიკა სავსებით უჭერს მხარს ამ კონტრაქტს.
    ეს უპრეცედენტო შემთხვევაა ე.წ. СНГ-ს ისტორიაში. დღემდე ამერიკა ესოდენ აშკარად არ ჩარეულა რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში. მაგრამ, როგორც ჩანს, ნავთობისადმი ანგლოსაქსთა ტრადიციულმა «თაყვანისცემამ» ამ შემთხვევაშიც თავისი ქნა. ჭკვიანმა და გამოცდილმა ალიევმა «მძიმე ხელი» დასავლური საზოგადოების ყველაზე მგრძნობიარე ნერვს შეახო.
    ჩვენ რატომღაც «მარქსისტულად» ვთვლიდით თეზისს, რომლის თანახმად, ამერიკას ფინანსური ოლიგარქიები მართავენ. შესაძლოა, ასეთი რამ მართლაც უთქვამს ვლადიმერ ულიანოვს ან მის წინამორბედს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ იმას არ ნიშნავს, თითქოს ამ გამონათქვამში ჭეშმარიტების საკმაოდ მოზრდილი და ნაყოფიერი მარცვალი არ მოიძებნებოდეს.
    ზემოთხსენებულ ოლიგარქიებს შორის ყველაზე ძლიერია ის ფინანსური კლანი, რომელიც მთელ მსოფლიოში ნავთობის მოპოვებასა და რეწვას აწარმოებს.
    აზერბაიჯანის შესვლა ამ კლანის ფინანსურ ინტერესთა სფეროში უეჭველად ნიშნავდა იმას, რომ ეს ქვეყანა თვით ამერიკის გეოპოლიტიკურ ინტერესთა არეალში მოხვდა. შედეგად კი, აზერბაიჯანის პოზიციები ყარაბაღის კონფლიქტში მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რადგან მან მიიღო მსოფლიოს უდიდესი და უძლიერესი ქვეყნის მხარდაჭერა.
    ყოველივე ამან რუსეთის მმართველი ელიტა აშკარად განარისხა. რუსეთს, რასაკვირველია, იმდენად ის კი არ აღელვებს, რომ მისი წილი ნავთობის ამ კონტრაქტში ძალზე მცირეა - მას საკუთარი ნავთობიც თავზე საყრელი აქვს - არამედ უფრო ის, რომ მისი გავლენის სფეროში, იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელშიც ჯერ კიდევ ელჩიბეის დროიდან ფორმალურად არც ერთი რუსი ჯარისკაცი აღარ დარჩა - მკვიდრდება დასავლური კაპიტალი, რაც აძლიერებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას და ქმნის საშიშ პრეცედენტს СНГ-ს ტერიტორიაზე გაშლილი რეინტეგრაციული პროცესისათვის.
    თავდაპირველად კრემლმა ნაცად ხერხს მიმართა - აზერბაიჯანში შინაგანი დესტაბილიზაციის პროვოცირებით სცადა კონტრაქტის ჩაშლა. მაგრამ გეგმა ვერ განხორციელდა, რადგან მოსახლეობა მეორედ აღარ წამოეგო ანკესს. ამის შემდეგ «პრემიერ-მინისტრი» სურეთ ჰუსეინოვი (განჯის ამბოხების ერთ-ერთი მოთავე) ისე გაქრა, - ცამ უყო პირი თუ მიწამ, ვერავინ გაიგო. სავარაუდოა, რომ იგი ჩრდილოეთს გადაიხვეწა. რუსეთი იმდენად იყო აღელვებული ხელმოწერილი კონტრაქტით, რომ მისი სპეცსამსახურები, ამჯერად, ერთობ «უხეშად» მუშაობდნენ - ცოტა უფრო ადრე, საქართველოსა და ტაჯიკეთში, მათი მოქმედება ბევრად «რაფინირებული» იყო.
    მას შემდეგ, რაც «მართვადი ქაოსის» მეთოდმა ვერ «იმუშავა», რუსეთმა გაცილებით უფრო ძნელ, მაგრამ, ამავე დროს, საბოლოო შედეგის თვალსაზრისით უფრო რეალურ ხერხს მიმართა - მან სცადა პირდაპირი ზემოქმედება მოეხდინა ამერიკის მმართველ ელიტაზე.
    დარტყმა განხორციელდა ამერიკის «მზის წნულში»  - ახლო აღმოსავლეთში. კიდევ უფრო ზუსტად, სპარსეთის ყურეში. ეს რეგიონი ამერიკის (და საერთოდ, დასავლეთის) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების ზონაა - რა თქმა უნდა, ისევ და ისევ იმის გამო, რომ სწორედ აქედან მოედინება დასავლური ცივილიზაციის ცხოველმყოფელობისათვის აუცილებელი ნავთობის სამოცდაათი-ოთხმოცი პროცენტი.
    როდესაც სადამ ჰუსეინმა, 1990 წელს, ამ რეგიონში ძალთა ჩამოყალიბებული ბალანსის თვითნებური დარღვევა სცადა - ამერიკა ელვისებურად განხორციელებული სამხედრო დარტყმით აღუდგა წინ, მაგრამ მაშინ იგი კრემლის სრული მხარდაჭერით სარგებლობდა.
    იმავე დროს, ბევრს გაუკვირდა, რატომ ვერ შეძლეს ამერიკელებმა საქმის ბოლომდე მიყვანა და ჰუსეინის მოშორება - მათი დივიზიები ხომ ბაღდადიდან სულ რაღაც ორმოციოდე კილომეტრში იმყოფებოდნენ?
    ოქტომბრის დასაწყისში (ბაქოში კონტრაქტის ხელმოწერიდან მცირე ხნის შემდეგ) მთელი მსოფლიო შეძრა ცნობამ ბაღდადელი დიქტატორის მოულოდნელი გააქტიურების შესახებ - ერაყის ეროვნული გვარდია კვლავ დაიძრა კუვეიტის საზღვრებისაკენ. კლინტონმა ბუშის მიერ აპრობირებული სქემის კვლავ ამოქმედება სცადა, მაგრამ ნურას უკაცრავად! რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი კოზირევი დაუყოვნებლივ ეწვია ერაყს და ჰუსეინთან «მშვიდობიანი» მოლაპარაკება გამართა. ამ ცნობამ დასავლეთი უფრო მეტად შეძრა, ვიდრე თვით ერაყის არმიის მიახლოებამ სპარსეთის ყურის ნავთობის ტერმინალებთან. მით უმეტეს, რომ კოზირევმა გააკეთა სენსაციური განცხადება ერაყთან რუსეთის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ - უახლესი სამხედრო ტექნიკის მიყიდვის ჩათვლით.

    რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვას არ ვაპირებ, მაგრამ არ შეიძლება არ ითქვას, რომ შექმნილი გლობალური კრიზისი, საბოლოო ანგარიშით, უეჭველად გამოიწვია კლინტონის ადმინისტრაციის საკმაოდ ავანტიურისტულმა მცდელობამ, დაერღვია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე უკვე ჩამოყალიბებული «ძალთა ბალანსი».
    რუსეთი იოლად არასდროს შეურიგდება აზერბაიჯანის კონტრაქტის განხორციელებას, რადგან ეს მისთვის გეოპოლიტიკური კატასტროფის ტოლფასი იქნება. მთავარი საკითხია კასპიის ზღვაში მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება.
    რაკი ირანის ტერიტორია, ამ ქვეყანაში გამეფებული ისლამური რეჟიმის მიზეზით, გამორიცხულია, ხოლო ნახიჩევანს (და თურქეთს) აზერბაიჯანისგან სომხეთის მეღრის რაიონი ჰყოფს - რჩება ერთადერთი გზა ხმელთაშუა ზღვის ნავთობის ტერმინალებისაკენ - საქართველოს გავლით.

    გუშინ საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომლის თანახმად, კოზირევმა თითქოს «უკან დაიხია» და განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს ამერიკის ძალისხმევას - სპარსეთის ყურეში ახალი კონფლიქტის თავიდან აცილების თვალსაზრისით. სინამდვილეში, კოზირევს არც არასდროს განუცხადებია პირდაპირ ამერიკა-რუსეთის შეუთანხმებლობის თაობაზე ამ რეგიონში. მან, უბრალოდ, აგრძნობინა დასავლეთს, რომ არ დაუშვებს რაიმე სერიოზულ ჩარევას СНГ-ს სივრცეში.
    დარტყმამ «მზის წნულში» უკვე გამოიღო შედეგი. როგორც ცნობილი გახდა, СНГ-ს ქვეყნების ხელმძღვანელთა თათბირზე განიხილეს ე.წ. «ეკონომიკური კომიტეტის» შექმნის პროექტი. თვით ამ კომიტეტის რაობას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რომ ეს არის პრეცედენტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ფედერაციული, «ზენაციონალური» ინსტიტუტის შექმნისა.

«ივერია-ექსპრესი», 26-28 ოქტომბერი, 1994 წელი.