დაღესტნის ომი და საქართველოს თამამი პოლიტიკა

        პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზემო ომალოს დაბომბვა იყო მცდელობა, საქართველოც ჩაეთრიათ ჩრდილოკავკასიაში მიმდინარე პროცესებში, სადაც (უკვე უეჭველია) დიდი ომი იწყება.
        ისლამისტებისთვის (მით უმეტეს, ჩეჩნებისა და ავარელებისათვის, რომელთათვისაც ომი უპირველესი სულიერი და მატერიალური სარჩოა) 20 წელი არაფერია, მაშასადამე, რუსეთს ცუდი დღე ელის.
        რა თქმა უნდა, მასზე ახია! გავიხსენოთ, როგორ ეხმარებოდნენ თუნდაც იგივე რუსი ჟურნალისტები ოს და აფხაზ სეპარატისტებს, როგორ აგულიანებდნენ და აცხადებდნენ «ქართული ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლებად» ისინი, ვინც ახლა «ყაჩაღებსა» და «ტერორისტებს» უწოდებენ ჭეშმარიტი თავისუფლებისათვის მებრძოლ ავარელებს და ჩეჩნებს.
        მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა საბოლოოდ შეთანხმდა (მადლობა ღმერთს), თუ კონკრეტულად რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოს ხელისუფლებამ ჩეჩნეთში და დაღესტანში მიმდინარე პროცესების მიმართ;
        ხელისუფლებას მიეცა შესაძლებლობა, დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით; ამის შესაძლებლობა კი მას ყოველთვის არა აქვს; აქედან გამომდინარე, ოფიციალური თბილისი თითქმის მთლიანად თავისუფალია ქმედებებში და აქვს საშუალება გაატაროს ის ხაზი, რომელიც მიზანშეწონილად მიაჩნია.
        ეს ეხება არა მხოლოდ დაღესტნის მოვლენებს, არამედ მთლიანად, საგარეო პოლიტიკურ კურსს. ქართული პოლიტოკრატია ამ სფეროში განსაკუთრებულ სიფრთხილესა და წინდახედულებას ამჟღავნებს, რათა პასუხისმგებლობა არ იკისროს; სხვა საკითხია საშინაო პოლიტიკა, სადაც პასუხისმგებლობის ხარისხი შედარებით დაბალია.
        რამდენად შეძლებს იგივე ჟვანია და «მოქალაქეთა კავშირი» ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და მაქსიმალური დივიდენდები მოუპოვონ ქვეყანას ჩრდილო კავკასიის მოვლენათა გამოყენებით? ეს, უპირველეს ყოვლისა, სახელისუფლებო და პოლიტიკურ ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული.
        აქვე უნდა ითქვას, რომ «მოქალაქეთა კავშირი», მიუხედავად შემადგენლობის სოციალური და მსოფლმხედველობრივი სიჭრელისა, მაინც ახერხებს კარდინალურ საკითხებში ერთიანი პოზიციის დაკავებას.
        პრეზიდენტი, რამდენადაც ცნობილია, ამ საკითხებში არ ერევა, ანუ პარტიის მართვა მან მთლიანად «მოქალაქეთა» ახალგაზრდულ გუნდს გადააბარა. აქედან გამომდინარე, ეს გუნდი ძალზე სერიოზულ ზეგავლენას ახდენს როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე.
        უეჭველია, რომ შევარდნაძის საგარეო და საშინაო პოლიტიკა უკვე არ არის ერთპიროვნული. იგი კოლექტიურად მუშავდება მმართველი გუნდის მიერ, რომლის შიგნით წინააღმდეგობები და აზრთა სხვადასხვაობა დასაშვებია, მაგრამ მათი «გამომზეურება» არასდროს ხდება. ამით მმართველმა გუნდმა იმას მიაღწია, რომ მოქალაქეთა კავშირში «შინაგან წინააღმდეგობებს» ოპოზიცია ვერ იყენებს ხელისუფლებასთან დასაპირისპირებლად.
        იგივე სქემა მეორდება «ომალოსა» და მთლიანად, დაღესტნის ომის შემთხვევაშიც. თუმცა, ეს სახელისუფლებო ტექნოლოგიის საკითხია; რეალურად, საქართველოს მმართველმა ჯგუფმა შეძლო, ერთი მხრივ, გამიჯვნოდა რუსეთის მოქმედებას (დაღესტანში), მეორე მხრივ, ოფიციალური თბილისის პოზიცია მოსკოვს მაინც უტოვებს შესაძლებლობას, გადმოდგას ნაბიჯი ჩვენსკენ, დაგვიმტკიცოს, რომ ცვლის პოლიტიკას აფხაზეთში და, სამაგიეროდ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული პრობლემები ამოიფხვრება, რაც კარდინალურად შეცვლის ვითარებას ჩრდილოეთ კავკასიაში.
       

მერიდიანი, 13 აგვისტო 1999 წელი

მთელ გვერდზე