ევროპული ფაშიზმის დღე

ევროპული ფაშიზმის დღე

    დასავლური სამყარო შეძრულია საზარელი ტრაგედიით, რომელიც კუნძულ უტოიეზე მოხდა. 32 წლის ნორვეგიელმა ანდერს ბერინგ ბრეივიკმა ჯერ ოსლოში ააფეთქა ძლიერი ბომბი მმართველი სოციალისტური პარტიის შტაბ-ბინასთან, შემდეგ კი, უტოიეს ახალგაზრდულ ბანაკში 76 მოზარდი (ფაქტიურად ბავშვები) დახოცა უმოწყალოდ.
    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო არა უბრალოდ ახალგაზრდული ბანაკი, არამედ სწორედ იმ მემარცხენე «სოციალისტური პარტიის» ბანაკი, რომელსაც ბრეივიკი ევროპული ღირებულებების ღალატსა და «ევროპისათვის ზურგში დანის ჩაცემას» აბრალებდა.
    თითქოსდა, ასეთი ტერაქტების მეტი რა მომხდარა ევროპასა და ამერიკაში?! – ვინ მოთვლის, ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენი მანიაკი შევარდნილა გიპერმარკეტში, საუნივერსიტეტო კამპუსში ან სკოლასა თუ კოლეჯში და იქ უაზრო სროლა აუტეხია?! მაგრამ ჯერ ერთი, ნორვეგიაში დახოცილთა რაოდენობა უბრალოდ გამაოგნებელია. გარდა ამისა, სხვა შემთხვევებში მკვლელები უმეტესად მოქმედებდნენ კონკრეტული წყენის, სტრესის (შეყვარებულის ღალატის ან სამუშოს დაკარგვის) შედეგად, ბრეივიკმა კი, როგორც ჩანს, გადაწყვიტა მთელი ევროპული ცივილიზაციისთვის «ესწავლებინა ჭკუა» და ახალი ერისთვის დაედო სათავე.
    ყოველ შემთხვევაში, ასეთი ამბიცია გამოსჭვივის მის მიერ წინასწარ ინტერნეტში გამოქვეყნებული 1500 გვერდიანი მანიფესტიდან. ერთი შეხედვით, «ნაგიჟარის ბოდვაა», როგორც ამერიკელი «უნიბომბერის» ნაწერები, ფოსტით რომ ბომბებს აგზავნიდა ყველა მიმართულებით, მაგრამ თუ ყურადღებით წაიკითხავთ, არც მთლად ასეა საქმე: უფრო საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ევროპელი ფაშისტის ფილოსოფიაა.
    სხვათა შორის, ბრეივიკის სათაყვანებელი მოაზროვნეები იმანუილ კანტი და ადამ სმიტი აღმოჩნდნენ. სამაგიდო წინგები კი - «წმინდა გონების კრიტიკა» და «გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ». ჩვეულებრივი მანიაკები ასეთ წიგნებს არ კითხულობენ. მით უმეტეს არ კითხულობდნენ მათ ის გონებაჩლუნგი ისლამისტი ფანატიკოსები, რომლებმაც 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ იორკის მშვენიერი ცათამბჯენები დაანგრიეს.
    ანდერს ბრეივიკის ფენომენი რაღაც უფრო სხვაა და ევროპისთვის ბევრად უფრო ორგანული. თუმცა სანამ ამაზე ვიტყოდეთ, თვით ტერაქტი აღვწეროთ.

 

დაცვედნებული ვიკინგები
   

    ქართველებიც კი გაოგნდნენ: «როგორ შეიძლება პოლიციას იარაღი არ ჰქონდესო». არადა, სწორედ ასეა ნორვეგიაში - პოლიციას იარაღი სეიფებში აქვს |ჩაკეტილი და საგანგებო ნებართვის გარეშე იქედან ვერ იღებს.
    როდესაც ეს გარეწარი კუნძულზე უმწეო ბავშვებს ხოცავდა, პოლიციელებმა იქ გადაფრენაც კი ვერ მოახერხეს, რადგან, თურმე ნუ იტყვით და, მფრინავს კანონიერი შვებულება ჰქონდა.
    რა არის აქ გასაკვირი? ნორვეგია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი, წყნარი, «დალაგებული» ქვეყანაა და თითქოს ძალიან ძნელი იყო იმის წინასწარ განსაზღვრა, ამ მთვლემარე, ნისლიან სამოთხეში რა ურჩხული იზრდებოდა!
    აფსუს, რას მოესწრო სკანდინავია?! იგი ხომ ვიკინგებისა და ნორმანების სამშობლოა! სწორედ იმ ნორმანებისა, ოდესღაც რომ შიშის ზარს სცემდნენ მთელ ევროპას და უდიდესი წვლილიც შეიტანეს ევროპულ ისტორიაში იტალიიდან – ინგლისამდე.
    ბრეივიკის მაგვარ ნაძირალას მათი წინაპრები ბევრს არ ალაპარაკებდნენ: მაშინვე გასვავდნენ სარზე ტანჯვით სასიკვდილოდ ან ნელ ცეცხლზე დაწვავდნენ და, ღმერთო მაპატიე, ამით დიახაც ღვთისნიერ საქმეს ჩაიდენდნენ.
    დღეს კი ეს ურჩხული ადვოკატს ეწუწუნება, «ვაითუ მცემონ ციხეშიო». სულ ტყუილად ღელავს: მისთვის გამზადებულია კომფორტული, ერთადგილიანი კამერა პლაზმური ტელევიზიით, შხაპითა და წიგნების კარადით. ნორვეგიული კანონებით, მაქსიმუმ 21 წელი მიუსაჯონ, ანუ 53 წლისა უკვე ჩიტივით თავისუფალი იქნება და ბუზსაც ვერავინ აუფრენს - «ეს რა ჩაიდინე ახალგაზრდობაში შე ნაძირალაო». იცხოვრებს თავისუფლად და, ხნოვანების გამო, 600 ევროიან პენსიასაც მიიღებს, მემუართა ჰონორარებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
    ნორვეგიელებს ასეთი სასჯელი ცოტა უხერხულად მოეჩვენათ და ახლაღა დაიწყეს ფიქრი: ეგება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადავცეთ და «ადამიანურობის წინააღმდეგ» ჩადენილი დაანშაულებისთვის იქ მაქსიმუმ 30 წელს მიუსჯიანო. აბა სიკვდილით დასჯა რა სახსენებელია ცივილიზებულ ევროპაში, რომელმაც უდიდესი ისტორიული გზა განვლო «ველური» ვიკინგებიდან - ბრიჯით ბარდოს «ცხოველთა უფლებების საყოველთაო დეკლარაციამდე?».
    განსხვავება კი ისაა, რომ, თუ ბრეივიკს ოსლოში სამვარსკვლავიანი სასტუმრო ელოდა, ჰააგაში შეიძლება ორვარსკვლავიანში მოათავსონ. ანუ პლაზმური ტელევიზიის ნაცვლად «თხევადკრისტალური» ამყოფინონ. უკიდურეს შემთხვევაში, საშინელი სასჯელის სახით, «რიმოუთ კონტროლის», ესე იგი ტელევიზიის სამართავი პულტის გარეშე: კეთილი ინებოს, აწიოს ერთი ადგილი კომფორტული საწოლიდან გემრიელი ვახშმის შემდეგ და თვითონ გადართოს.
    მოგონებების და ფილოსოფიური ტრაქტატების წერას ვინ აუკრძალავს, როგორ გეკადრებათ, - ეს ხომ ადამიანის უფლებათა და ევროპული ნორმების საშინელი დარღვევა იქნება – კომპიუტერითაც უზრუნველყოფენ: ეგება რაიმე ისეთი დაწეროს ცხოვრების ბოლოს, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინონ. ან იქნებ გგონიათ, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა?
    დღეს არ ინანიებს რაც ჩაიდინა, მაგრამ ხომ შეიძლება 20 წლის შემდეგ «გულწრფელად მოინანიოს» და მდუღარე ცრემლიც აპკუროს მასთან ინტერვიუს ჩასაწერად მიტანილ ტელეკამერებს? ასეთი პოტენციური ტალანტის მოკვლა როგორ შეიძლება?
    თუმცა, გავბედავ ვივარაუდო, რომ ბრეივიკი, დღეს რომ თავს იგიჟიანებს, ამ საშინელებას ნამდვილად არ ჩაიდენდა და ბავშვებს არ დახოცავდა, გარანტირებულად რომ სცოდნოდა: ამისთვის სარზე გასვამდნენ ან კოცონზე (უკიდურეს შემთხვევაში ელექტრონულ სკამზე) დაწვავდნენ!
    სხვათა შორის, როგორც კი ნორვეგიის პოლიციამ რის ჯახირ-ჯახირით კუნძულამდე მიაღწია ნავებით, მაშინვე დააგდო ავტომატი და ყვირილი დაიწყო: «იცოდეთ, უიარაღო ვარ, არ მესროლოთო». ჰოდა სროლას ვინ გაუბედავდა, რას ბრძანებთ, - უიარაღო ადამიანის დაჭრისთვის პოლიციელი შეიძლება მასზე მკაცრად დაესაჯათ! თანაც ნობელის პრემიის პერსპექტივის გარეშე.
    ახლა ამაყად ყელმოღერებული ზის და აცხადებს: «ევროპის ისტორია შევცვალეო».

პუტინის მონატრება

    მაინც რას ერჩოდა უბედურ ბავშვებს ან იმ ადამიანებს, ოსლოში აფეთქებისას რომ დახოცა? «ევროპული ცივილიზაციის გადარჩენა მინდოდა აზიურ-არაბული შემოტევისგანო». მერედა ბავშვებმა რა დაუშავეს – მათი უმრავლესობა ხომ თეთრკანიანი, წმინდა სისხლის ევროპელი იყო?
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბრეივიკი დღევანდელი ევროპის პირმშო, მისი სისხლი-სისხლთაგანი და ხორცი-ხორცთაგანია. მკითხველთა უმრავლესობას ალბათ აქვს ნანახი სემ მენდესის ხუთგზის ოსკაროსანი ფილმი «ამერიკული სილამაზე» (American Beuty) შესანიშნავი კევინ სპეისის მონაწილეობით. ერთი შეხედვით, თითქოსდა ჩვეულებრივი «შავი კომედიაა». უბრალოდ, ძალიან კარგად გადაღებული და ძალზე ნიჭიერი მსახიობების მონაწილეობით. მაგრამ თუ ყურადღებით დააკვირდებით, ეს არის . . . . . ნამდვილი ფაშიტური მანიფესტი!
    არ ვიცი, თვით სემ მენდესი ფაშისტია თუ არა, მაგრამ ამ ფილმში უდიდესი მხატვრული ძალით იწინასწარმეტყველა: თანამედროვე ევრო-ამერიკელი «ობივატელი», ბოლოს და ბოლოს, ან ისევე სამარცხვინოდ მოკვდება, როგორც  კევინ სპეისის გმირი, ან ავტომატს აიღებს ხელში და ბავშვების ხოცვას მიჰყოფს ხელს!
    ფილმის მთავარმა გმირმა 16 წლის გოგონა არ გაჟიმა, რაკი ცივილიზებული და ჰუმანური ადამიანია, სამაგიეროდ, ბრეივიკმა კუნძულზე 76 მოზარდი დახოცა «საკონტროლო გასროლით!». იმ «ჭაობში» (როგორც მას მენდესი აღიქვამს) რასაც თანამედროვე დასავლური ცივილიზაცია წამოადგენს, ავტორის აზრით, მხოლოდ ეს ორი ალტერნატივა შეიძლება არსებობდეს.
    და სწორედ ეს ჭაობი შობს ბრეივიკის მაგვარ პირსისხლიან ურჩულებს საზოგადოებაში, რომელიც მეტისმეტად დაშორდა საკუთარ ფესვებს. მაგალითად, მოწყდა ბიბლიურ ღირებულებას: «სისხლი-სისხლისა წილ, თვალი-თვალისა წილ!»
    საზოგადოება, რომელშიც ბავშვების მკვლელს სამვარსკვლავიან სასტუმროში ათავსებენ, ცივილიზებული კი არა, ღრმად ავადმყოფი საზოგადოებაა, - მართლა ჭაობია, რომელსაც, თუ ასე გაგრძელდა, მომავალი არა აქვს!
    ანდერს ბრეივიკი სხვა მხატვრულ ასოციაციებსაც აღძრავს. გავიხსენოთ 70-იანი წლების ევროპული ბესტსელერი, ფრედერიკ ფორსაიტის «ტურის  დღე» (The day of the jakal): მისი პერსონაჟი, ცივსისხლიანი მკვლელი, უკვე გაერთიანებულ და მშვიდობიან ევროპაში რომ დასეირნობს თავისუფლად, იმავე სიკეთეებით სარგებლობს დანაშაულის მოსამზადებლად, რითაც ნორვეგიელმა ტერორისტმა ისარგებლა.
    მაშინ ასეთ საშინელებას ვინ წარმოიდგენდა, რაც ნორვეგიაში მოხდა, მაგრამ ფორსაიტის ნიჭი სწოერდ ამაში გამოვლინდა: ასე ღრმად და შორს რომ დაინახა იმ საზოგადოების მზარდი ავადმყოფობა, რომელშიც ცხოვრობდა.
    ბევრად უფრო ნიჭიერად თქვა სათქმელი მარტინ სკორსეზემ გენიალურ ფილმში «ტაქსის მძღოლი» (Taxi driver) – დიდი რობერტ დე ნიროს მონაწილეობით: «თუ როგორ თვლემენ ურჩხულები ნიუ-იორკის «ჭაობში».
    ერთი სიტყვით, ხვდებიან, ხედავენ, გრძნობენ, საით მიექანება მათი საზოგადოება (კიდევ ერთი მაგალითია დევიდ ფინჩერის შემაძრწუნებელი თრილერი «შვიდი» Se7en იმავე  კევინ სპეისით მკვლელის როლში) მაგრამ არაფრის გაკეთება არ ძალუძთ.
    იქნებ, ქვეცნობიერად, სწორედ ამ ფენომენის გამოხატულებაა ევროპელთა აშკარად ავადმყოფური სიმპატია ვლადიმერ პუტინის მიმართ? ვაცლავ ჰაველს რომ არ ჩაეშალა, გერმანელები ევროპის უპრესტიჟულეს «კვადრიგას» პრემიასაც კი აძლევდნენ. ხოლო თანამედროვე ევროპის აღიარებული ლიდერი, ანგელა მერკელი, მასთან ყოველი შეხვედრისას ლამის «დას ეს ფანტასტიქ» კვნესის - გერმანული კინემატოგრაფის ცნობილი «ჟანრული ფილმების» დარად.
    თითქოს სასაცილოა, მაგრამ «მემარჯვენე რადიკალი» ბრეივიკიც რომ პუტინის ფანი აღმოჩნდა?! ორი პოლიტიკოსი ფიგურირებს მის ნაწერებში: უინსტონ ჩერჩილი და ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ პუტინი! ალბათ იმიტომ, რომ ჩერჩილის მერე კონტინენტმა ისეთი გზა განვლო, დღეს ევროპელებს პუტინი მოენატრათ, როგორც «ძლიერი ხელი» და ტრადიციული ღირებულებების მატარებელი! ყოველ შემთხვევაში, ბრეივიკს, რომელიც «ევროპული ცივილიზაციის სიწმინდეს» იცავდა, პუტინი სულაც არ მიაჩნია «უცხოდ». უფრო პირიქით.
    და, კაცმა რომ თქვას, თუ ეს ცივილიზაცია ყალბად გაგებული ლიბერალიზმის ჭაობში დარჩება, - ვითარცა როჰანის მოხუცი მეფე თეოდენი ტოლკიენის უკვდავ რომანში The Lord of the Rings, - მას სხვა გზაც აღარც ექნება.
    არც ისეთი გმირი ჩანს სადმე, როგორიც უინსტონ ჩერჩილი ან რონალდ რეიგანი იყვნენ, რომელიც იუდა-ქრისტიანულ ცივილიზაციას საკუთარ ფესვებს დაუბრუნებდა და ანდრეს ბრეივიკის მაგვარ ურჩხულებს საზრდოს შეუწყვეტდა.

2011